ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

ჰეი, გამაქანეთ! ექსკლიუზივი

ჰეი, გამაქანეთ ზეცის ტიტანებო!
ჰეი, მომიტანეთ დიდების სადავე!
ზეცის ქვეშ მომიხდა ფიქრის დატანება
და ჩემი დიდება გამხდარა სადაო.

ზოგჯერ სურვილები ფიქრით დათალხულან,
ზოგჯერ კი ფიქრები სურვილმა გადაკლა,
ვეღარ ავიტანე ბოღმა ოთახური,
ბოღმა გაქანების მომკივის კვალდაკვალ.

და მინდა წავიდე, ო! თუნდაც დავიწვა,
დავიწვა მე ცეცხლით და არა სიცივით,
თითონაც არ ვიცი, რატომ და რა მინდა,
სიცილით მომყვება ფიქრი და სირცხვილი,
აღარ შემიბრალებს და აღარ დამინდობს,
ყინვა იქნება თუ იქნება მზის სხივი.

ჰეი, გამაქანეთ ზეცის ტიტანებო!
ჰეი, მომიტანეთ დიდების სადავე!
თორემ... თორემ მეტირება
და ლექსი მიღიმის ცრემლიან სათაურს.

როს გულში ანთებულ მახვილს მიტარებენ,
და მე მიწიერნი მდევნიან სადაურს.

მდევნიან, მდევნიან, დატოვე რატომო,
სიამე ამ სოფლის ბოლოს რომ გვეღირსა,
სიამე ამ სოფლის რატომ მიატოვე,
რატომ გაქვს იერი მძლიე თემურლენგისა.
მე, ქონდრის კაცებო, ო, თქვენმა გაზრდამა,
სიტყვა მაქვს სათქმელი და ალბათ მომისმენთ.

განა არ ჯობია, ერთმანეთს არ ვგავდეთ,
ტკბილად უღიმოდეთ მაინც კი ერთმანეთს?!
რომ არ მოეყვანეთ ჩემგვარებს აქამდე,
ოთხზე იფორთხებდით, ძაღლივით, ღმერთმანი,
ეხლა სირცხვილია თქვენ რომ მე მძრახავდეთ,
უფრო სირცხვილია მე რომ ეს ვითმინო.

თქვენ, ქონდრის კაცებო, ეხლაც დამცინით და
სადაოდ გაგიხდათ გენიის ტალანტი,
ეს არაფერია, უკვე დაცდილი მაქვს,
თქვენი დაცინვები იელვებს სანამდი,
იელვებს მანამდი, სანამ გაცივდება
გენიის შუბლი და გენიის ტალანტი.
ჰეი, გამაქანეთ ზეცის...

1952

??????