ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * ხანდახან უმიზნოდ ექსკლიუზივი

ხანდახან უმიზნოდ გამოხვალ სახლიდან,
გადაჭრი ქუჩას იქ, სადაც ჯერ არს,
მიესალმები ნაცნობ დახლიდარს,
ვისთანაც ნისიად მოილხენ ჯერაც.
ცოტასაც გაივლი, დაგხვდება კიოსკი,
სადაც რომ პრიმას ყიდიან ალისფერს,
პრიმის გამყიდველი კარო თუ იოსკა,
პრიმას მოგაწვდის და ღიმილსაც განიფენს.
მერე გააბოლებ პრიმას გემრიელად,
ნაცნობის საცნობლად თვალებსაც აცეცებ,
შეხვდები უეცრად თინას, გენრიეტას
და გადმოალაგებთ ახალი რაც იცით.
თანდათან შეამჩნევ მკლავთა მშვენიერთა,
იწყება თითების მკლავებზე ლაციცი.
ცოტასაც გაივლი, შეგხვდება მერაბი,
კაზბეკს მოგაზოდებს და პრიმას მოგიწევს,
მილიციელი გეწვევათ ვერაგი
და დაშლა მოგიწევთ.
მერე აღმოჩნდები უცებ ლაღიძესთან,
ლაღიძეს კარგი წყალი აქვს პიტნისა
და პიტნის სურნელი გამოგაღვიძებს და
ცოტასაც გაივლი, იხილავ მოედანს
და მერე დაღლილი უკან დაბრუნდები,
ფიქრებში იტყვ, ვერარა ვპოვე და
ნეტავი ხეტიალს უქმად რად უნდები.
რუსთველის ძეგლთან მიხვალ დაქანცული,
გიკვირს, აქეთობას რომ ერ შეამჩნიე
და შენში იღვიძებს გრძნობა ძმაკაცური,
შეაჩერდები და ფეხებს შეაჩერებ.
და გაგახსენდება, შენც რომ პოეტი ხარ
და გაგეცინება შენ პოეტობაზე
და წახვალ იქითკენ, საიდანაც მოდიხარ
და შეგეფეთება მაისე ტობასძე.
სალამი მაისეს.
დაღამდა... ღამით კი რამდენი გახდილა,
ეხლა საშიშია ღამე გაათიო
და თავს საკუთარს ეტყვი გულახდილად:
„შე გაჭირვებულო, გირჩევნია სახლში წაეთრიო“.

1957

??????