ნადირაძე ნინია
გაზიარება

თავის გასულელების რეცეპტი ექსკლიუზივი

მოვახერხე!
როგორც იქნა ვისწავლე, როგორ ვიცხოვრო.
როგორც იქნა გამოვიტენე თავი სისულელეებით.
ვფიქრობ, ასე გაცილებით მარტივია.
აი, ჩემი რეცეპტიც:
პირველ რიგში, 
(განსაკუთრებით, ხანგრძლივ დეპრესიაში მყოფთათვის)
რაც შეიძლება მეტი ძილი,
რომ დრო ძალიან სწრაფად გავიდეს.
აქვე, ერთი პარადოქსიც:
როცა გაგეღვიძებათ,
მაშინვე მოგინდებათ, დრო თითებში მოიქციოთ.
შემდეგ უკვე ასე გრძელდება:
დაივიწყეთ მეგობრები,
ჩათვალეთ, სანამ თქვენ დაივიწყებდით,
მათ დაგივიწყეს - საქმეს უფრო გაიიოლებთ,
(თუმცა, ეს მათი დავიწყების საბაბს არ გაძლევთ)
ყოველ საღამოს მოუსმინეთ საინფორმაციო გადაცემას,
დაიმახსოვრეთ ჟურნალისტის ყოველი სიტყვა,
აღელდით და თქვენი ბოღმა ამოაფრქვიეთ,
არსად გახვიდეთ, 
აბა, რაღა დროს სულიერი საზრდოა,
მთავარია გქონდეთ საკვები,
სასურველია ნოყიერი,
არ მოინახულოთ მშობლები,
მითუმეტეს, მათი მშობლები - 
ისინი თქვენზე მოქმედებენ.
ეს კი, მუდამ სახიფათოა.
არ წაიკითხოთ საყვარელი ადამიანის წერილები,
ის მხოლოდ შესავალი სიყვარულისთვის იბრძვის,
და მაშინ, როცა სიყვარულს დაკარგავთ,
მათ საძებნელადაც კი არ გამოგყვებათ 
მუსიკასა და ხელოვნებაში,
საყვარელ სიმღერაში, საყვარელ ფილმში, კაფეში,
მოკლედ, ყველა იმ ადგილას, სადაც ერთმანეთს პოულობდით,
მოძებნეთ ისეთი სამსახური, სადაც იმას გააკეთებთ,
რაც გეზიზღებათ, 
სულ ცოტა, არ მოგწონთ მაინც,
რადგან ასეთ დროს თქვენი ნერვული უჯრედები
უფრო აქტიურდებიან და თქვენ ბრძოლისუნარიანი ხდებით.
და ბოლოს,
რეცეპტის ერთ-ერთი მთავარი პირობა:
ეს ყველაფერი მოკუჭეთ ხელში,
აიხადეთ თავის ქალა და ტვინი კარგად გამოიტენეთ.
თვითონვე ნახავთ,
რა მარტივია, როცა ვერაფერს ხვდები და გრძნობ,
რაც ნიშნავს - 
ცოცხლობდე და შენს საკუთარ ცხოვრებას 
შენს მაგივრად ვიღაც ცხოვრობდეს.

??????