დუმბაძე ნოდარ
გაზიარება

დედა ექსკლიუზივი

- თბილისის კეთილშობილო მოქალაქენო! გთხოვთ, გაიღოთ მოწყალება და შეუგროვოთ ფული ლოთს, ზნედაცემულ ნაძირალასა და სალახანას, კაცს, რომელმაც ერთ ჭიქა არაყში გაცვალა კაცობა და ახლა თქვენს წინაშე დგას ხელგაწვდილი. ეს კაცი მე ვარ, მე მენატრება ჩემი დედა. დედა, რომელსაც თავსლაფი დავასხი, მე მენატრება იგი, მენატრება, როგორც სიკვდილი და მე მჭირდება ფული, ბილეთის ფული, რომ წავიდე და ვნახო ჩემი საყვარელი დედა. თბილისის კეთილშობილო მოქალაქენო, გაიღეთ მოწყალება... გემუდარებით...
ხმა ოდნავ მთრთოლვარე, პათეტიკური, მაგრამ ყალბი იყო.
ჩექმის, არყის, მდოგვის, მჟავე ღვინის, მყრალი თამბაქოს, ნესტის, ოფლისა და აქოთებული ქაშაყის სუნით გაჟღენთილი სარდაფი გუგუნებდა. მიუხედავად ყალბი პათეტიკურობისა, ეს შემზარავი მონოლოგი-აღსარება ამ ჯოჯოხეთურ სალხინობელში მეხივით გავარდა და რამდენიმე წამით, ვიმეორებ, მხოლოდ რამდენიმე წამით, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. სარდაფი გაქვავებულ ზღაპრულ ქალაქს დაემსგავსა, ქალაქს, რომელსაც ღვთის რისხვამ სწორედ იმ დროს მოუსწრო, როდესაც არავინ არ ელოდა და ყველა თავისი საქმით იყო გართული.
...და როდესაც მთელი ეს მასა კვლავ ამოძრავდა, ხელგაწვდილი ლოთი უკვე პირველ მაგიდასთან იდგა და ხელის კანკალით იღებდა მაგიდის კუთხეში დაწყობილ სამ მანეთიანსა და შავ ხურდას. სუფრის არც ერთ წევრს სიტყვა არ დაუძრავს, არც კი გაუხედავს ლოთისკენ, არც მაშინ, როდესაც ლოთმა ათრთოლებული ხმით მადლობა გადაიხადა, მხოლოდ ერთმა, იმ ოთხთაგან უფრო ახალგაზრდამ, თქვა თავაუღებლად:
- გაიარე!
ლოთი მეორე მაგიდასთან მივიდა და ხელი გაიშვირა:
- თბილისის კეთილშობილო მოქალაქენო!..
- არ გინდა ტლიკინი! - შეაწყვეტინა ერთ-ერთმა და არყით სავსე ჭიქა მიაწოდა: - დალიე!
ლოთმა არყიანი ჭიქა ჩამოართვა და პირთან მიიტანა, ხელთან ერთად ქვედა ტუჩიც უკანკალებდა.
- თქვი რამე! - უთხრა მეორემ. სუფრას სამნი უსხდნენ.
- „რამე“! - თქვა ლოთმა და სახე რაღაც ღიმილის მაგვარმა მოუბრუცა.
- ნაგლობ კიდევაც?! - გაუკვირდა მესამეს. ლოთმა არაფერი უპასუხა, არაყი გადახუხა და ცხვირ-პირი მოხრილ იდაყვში ჩამალა. თავი რომ ისევ აიღო, სახე ოდნავ დამშვიდებული ჰქონდა, ხოლო თვალებში არყით გამოწვეული სისველე ედგა.
- გაამოს! - დალოცა პირველმა. ლოთმა ჭიქა დადგა, მაგრამ მაგიდას არ მოსცილებია.
- ეხლა ფულიც არ მოგვთხოვო! - უთხრა მეორემ და წარბი შეჰკრა.
- ბილეთის ფული... დედა მენატრება...
- ვიცი მე შენი დედა, შენი მონატრება და შენი ბილეთი...
- სამი მანეთი!
- ხურდას მიირთმევ თუ ქაღალდის ფულად გნებავს? - გააჯავრა პირველმა.
- მანეთი! - უცებ დაუკლო ლოთმა.
- მიეცი, მაგის ოხერი დედაც ვატირე! ხომ ხედავ, არ მიდის. - უთხრა მესამემ პირველს. 
აშინ პირველმა ჯიბიდან აბაზი ამოიღო, მარჯვენა ხელის ცერზე დაიდო, ჰაერში ააბზრიალა, მერე მარცხენა ხელისგული შეუშვირა ჩამოვარდნილ ფულს, სწრაფად დააფარა მარჯვენა და ლოთს კითხვით სავსე თვალებით მიაჩერდა.
- არიოლი! - დაუფიქრებლად თქვა ლოთმა და ნაღდი მოგების ხელი გაუწოდა. 
პირველმა მარჯვენა აიღო, აბაზიანი „არიოლზე“ იჯდა.
- იღბალი არ გინდა? - მიუბრუნდა იგი ამხანაგებს და ფული ლოთს გადასცა. ლოთი მესამე მაგიდას მიადგა.
- ბიჭებო, ჩვენი მომავალი მოვიდა! - გაუხარდა ერთს. ამ მაგიდას ხუთნი უსხდნენ.
- ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - მიესალმნენ არეულად.
- დალიე! - მიაწოდა კუთხეში მჯდომმა თავისი ჭიქა.
- უკვე დავლიე! - თქვა ლოთმა, მაგრამ არყიანი ჭიქა მაინც ჩამოართვა.
- ბებიაშენისამ, პირველადა სვამ აი ორ ჭიქას ზედიზედ! - უთხრა ერთმა, რომელიც ძალიან ჰგავდა მეორეს, ის მეორე - მესამეს და ყველანი ერთად კი - მეოთხესა და მეხუთეს. ძმებივით ისხდნენ და არაყს სვამდნენ.
- კარგად იყავით! - თქვა ლოთმა და ისევ სულმოუთქმენლად გადაჰკრა, ოღონდ ამჟამად არ დამანჭულა, მხოლოდ ჭუჭყიანი სახელო მიიტანა ცხვირთანნ და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
- მონოლოგი არ გინდა, პირდაპირ თქვი, რა ღირს დედაშენის სახლამდე ბილეთი, - გააფრთხილა ერთ-ერთმა, მერე გულის ჯიბეში ორი თითი ჩაიყო და ხუთმანეთიანების შუაზე გაკეცილი დასტა ამოაცურა.
- ერთი ცალი მომეცი! - ნერწყვი გადაყლაპა ლოთმა.
- ვირისთავო, ჩვენთან რომ მოგინდა გამდიდრება, ამ კომბინატორებთან ვერ მიხვალ, მახორკას რომ სამთუმნიანებში ახვევენ?! - გაუბრაზდა ხუთმანეთიანების პატრონი და მიუთითა დიქტით გადაღობილ ერთ-ერთ კაბინეტზე, რომლიდანაც თუთუნის ბოლი ქულებად ამოდიოდა და მთვრალი ქალების თავშეუკავებელი კისკისი ისმოდა.
- მიეცი, ნუ აწვალებ, ხომ იცი, ჩვენი ბოლოც ეგ არის! - თქვა რომელიღაცამ.
- აჰა ორი ცალი და მეჟდუნაროდნით წადი, ჟოსტკში კოზლა არ გეტკინოს! - უთხრა ფულის პატრონმა და უკბილო პირი დააფჩინა, დანარჩენ ოთხსაც გაეცინა.
- კაცი ხარ! - უთხრა ლოთმა და ფული ჯიბეში ჩაიკუჭა, - ჩემ ქუჩაზეც მოვა პრაზდნიკი და გადაგიხდი.
- დროშის წამოღება არ დაგავიწყდეს! - გააფრთხილა იმ ფულის პატრონმა. ამაზე ექვსივეს გაეცინა.
მეოთხე მაგიდასთან ლოთი არ მისულა, მეოთხე მაგიდას ორნი უსხდნენ. ერთი მათგანი იცნო ლოთმა, ვერელი ჯიბგირი იყო, ზარზანა, იცოდა ლოთმა, რომ ჯიბგირებს ლოთი და მათხოვარი ერთნაირად არ უყვართ, ის კი ორივე ერთად იყო და ამიტომ მეოთხე მაგიდას გვერდი აუარა და პირდაპირ ფარდაჩამოფარებულ კაბინეტში შევიდა. მალე უზომოდ გონებადაბინდებული გამოვიდა. იგი ახლა ვაკელი ბიჭების სუფრასთან ირწეოდა. ვაკელები ბლომად იყვნენ, წითელი ღვინით ქეიფობდნენ.
- თბილისის კეთილშობილო მოქალაქენო... - დაიწყო ლოთმა, თან ცალი ხელი რატომღაც თვალებზე აიფარა.
- გთხოვ, გაიღოთ მოწყალება და შეუგროვოთ ფული ლოთს, სალახანას... - გააგრძელა ლოთის მონოლოგი ერთმა. ლოთმა თვალებზე აფარებული ხელი ფრთხილად ჩამოაცურა და ამღვრეული თვალები იმას მიაშტერა, ვინც მისი მონოლოგი ზეპირად იცოდა.
- რას მიყურებ? - ჰკითხა იმან.
- დედა მენატრება მე... სიკვდილივით მენატრება...
- მერე ვინ გიშლის, აჰა, ან თავი მოიკალი, ან წადი! - გაუწოდა დანა.
- დედა მინდა... - გაიმეორა უაზროდ ლოთმა.
- ძუძუ არ გინდა?..
- დედა...
- მტყუანის, რომ დედა საერთოდ არა გყავს, წამოუხტა თხელი ბიჭი, თან თავი ძლივს შეიკავა, რომ ლოთისთვის სახეში ღვინო არ შეესხა, ვიღაცამ დასვა. - ეგრეა რა, სწორედ მაშინ მოვა ეგ ჩათლახი, გახურებულ ქეიფში რომ ვარ და სულს ამიტირებს ხოლმე გეყო რა, შე დამპალო, გეყო რა, კაცი არა ხარ?! - სახე აარიდა თხელმა.
- მოდი, სიმონ, წაიღე, ოღონდ წადი და ნუღარ მოხვალ! - დაუგდო მაგიდაზე თუმნიანები საფეთქლიდან ნიკაპამდე ნაჭრილობევმა ვაჟმა.
- შენ ჩემი სახელი საიდან იცი? - ჰკითხა ლოთმა.
- ვიცი, სიმონ, ვიცი, რაც მე შენთვის დედასთან წასასვლელი მაყუთი დამიდებია, იმ მაყუთით კაცი დედამიწას სამჯერ შემოუვლიდა მაგელანივით.
- დედა მენატრება მე... - ატირდა ლოთი და ორივე ხელი აიფარა სახეზე. იმ ვაჟმა ის ფული აიღო, ლოთს ჯიბეში ჩაუკუჭა და მსუბუქად უბიძგა.
- ჰო, მორჩი, გეყოფა, ჩვენც ხალხნი ვართ, ჩვენცა გვაქვა გული... - მერე სუფრის წევრებს მიუბრუნდა: - ბიჭებო, ამის ოხერი თავიც რა ვთქვი, მოდი, ჩვენი დედები ვადღეგრძელოთ, თორემ ტირილი მომინდა. - თქვა, თან ჭიქა შეავსო.
ლოთი ახლა სხვა მაგიდასთან იდგა, ხმას ვეღარ იღებდა, უბრალო იდგა ხელგაწვდილი, თვალებს ნაბავდა და ქანაობდა. 
- რა უნდა? - ჰკითხა ერთმა მეორეს, ეგ ერთადერთი კაცი იყო ალბათ სარდაფში, რომელმაც არ იცოდა, ლოთს რა უნდოდა.
- ვიცი რო? რა გინდა? - მიუბრუნდა ლოთს კითხული, თუმცა მშვენივრად იცოდა, რაც უნდოდა.
- მეე... - დაიწყო ლოთმა და რომ ვეღარ გააგრძელა, ის გაშვერილი ხელი ჩაიქნია.
- „მეე“ თხას ჰქვია, - გაეხუმრა ოფლში გახვითქული მსუქანი მოქეიფე.
- ფრონტზე რატომ არა ხარ? - ჰკითხა მაგიდის ბოლოში მჯდომმა აფერისტმა, რომელიც თავად რომ წასულიყო ფრონტზე ტანკად გამოდგებოდა.
- ფრონტზე ნამყოფია! - უპასუხა მეზობელმა.
- მერე დაჭრილი რატომ არ არის?
- არის!
- გვაჩვენოს! - დაინტერესდა აფერისტი.
- მე ვიცი, ეგ სადაც არის დაჭრილი, ჰკითხე ერთი, ქალი ხომ არ ენატრება? - თქვა აფერისტის მარცხენა მხარეს, სკამით მეორე მეზობელმა, რომელიც ქოსა იყო და ძალიან ჰგავდა ცვედანს. 
 - შე ჩემის გადანგრეულო, ეგ მსოფლიოში ყველაზე ძნელი პროფესია - მათხოვრობა რომ აგირჩევია, წადი რა, ან კაცი მოკალი, ან ბანკი გატეხე, ან იჯიბგირე... - ასწავლა სულ პირველმა, რომელსაც ჰკითხეს, რა უნდაო?
- ნახე, ანდრო, რა თომარი გაუშვა ბარიგამ: წადი, იჯიბგირეო, მაგ ნაბიჭვარს ჯიბგირობა ადვილი ჰგონია. ეხლა მივალ და ენას ამოვაჭრი! - თქვა ჯიბგირების მაგიდაზე ზარზანამ და წამოდგა.
- დაჯე, შენც ნახე რა „პრავაკაჩატის“ ადგილი, - დასვა ანდრომ.
„დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ წუთისოფელი
სულ ასე გვაცოდვილებსა“, - მღეროდნენ ვაკელები.
ლოთმა იმ მაგიდაზე მოხეკილი ხურდა დაუთვლელად ჩაიყარა ჯიბეში, გულითაც რომ ნდომოდა, ვერ დაითვლიდა, ისე იყო გატიალებული. იგი იდგა და ელოდა, როის გაჩერებოდა კარუსელივით დატრიალებული. იგი იდგა და ელოდა, როდის გაჩერდებოდა კარუსელივით დატრიალებული სარდაფი, რომ კარისათვის მიეგნო და როგორმე გამძვრალიყო სუფთა ჰაერზე. სარდაფის ჰაერი უკვე აღარ ჰყოფნიდა, თავად კი რაღაც უფორმო სხეულივით დონდლო გამხდარიყო და მისდა უნებურად სარდაფის ჭერსა და იატაკს შორის ფართო სარტყელივით გაწოლილ აშმორებულ ნისლში დაცურავადა შეუჩერებლად...
აი, გასწორდა სარდაფი, კარუსელმაც უკლო სვლას, აგერ კარმაც ჩამოიარა... ლოთი კარისკენ დაიძრა... ვახ, გაასწრო!.. ლოთი ისევ შედგა და კარის ხელმეორედ ჩამოსვლას დაელოდა. ყველაფერმა ჩამოიარა: იმ პირველმა მაგიდამ, პირქუში მუშები რომ უსხდნენ, ოღონდ ახლა ის მაგიდა ცარიელი იყო, იმ მეორე მაგიდამაც ჩამოიარა, მესამემაც, მეოთხემაც, მეხუთემაც, ყველამ ჩაამოიარა, კარი კი არ ჩანდა, ნეტა რა მოუვიდა?.. მადლობა ღმერთს, გამოჩნდა, მაგრამ ეს რა არის? ოფიციანტ სეითას კარი თავის ჩარჩოიანად მოუხსნია, მხარზე გაუდგამს და ისე მოდის, თითქოს ის კარი თვითონ იყო. ეს რა უქნია სეითას? ახლა რა ქნას ლოთმა, გარეთ როგორ გავიდეს? არადა, ახლა თუ არ მოასწრო ამ კარში გაძრომა, მორჩა, ან ამ სარდაფში ამოიხრჩვება უჰაეროდ, ან გული გაუსკდება, უნდა გაძვრეს, როგორმე უნდა მოასწროს... სეითას კი გაუდვია კარი მხარზე და მოდის... ჰა, მოვიდა, სულ ახლოს მოვიდა, ცოტაც და... ლოთი გაქანდა და დაძრული კარის სახელურს ჩამოეკიდა განწირეული...
სარდაფში ჯერ ჭურჭლის მსხვრევა და ლანგრის ზრიალი გაისმა, მერე გაშლილი სილის საშინელი ლაწანი და სარდაფი რამდენიმე წამით კვლავ იმ გაქვავებულ ზღაპრულ ქალაქს დაემსგავსა. და როდესაც მთელი ეს მასა კვლავ ამოძრავდა, ოფიციანტმა სეითამ ლოთს კეჩოში წაავლო ხელი, კართან მიათრია და კინწისკვრით გააგდო ქუჩაში. ქუჩაში კიდევ ერთხელ წაიქცა ლოთი, მაგრამ აღარ ჩიოდა, რაკი სუფთა ჰაერი გადაყლაპა, პირიქით, გახურებული ლოყა ცივ ქვაფენილს შეახო და გაიტრუნა, უცებ რაღაც ძალიან დიდი ხნის წინ განცდილმა, გაურკვეველმა გრძნობამ შეაწუხა და წამით გული ატკინა, მაგრამ ეს გრძნობა იმდენად ბუნდოვანი იყო, სახელიც კი ვერ მოენახა, და როდესაც ვიღაც გამვლელმა ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ამ გრძნობას ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ გაგონილი სიტყვა „თავმოყვარეობა“ ერქვა, და წამშველებელს მისდა უნებურად ხელი აუქნია და დედა შეაგინა კიდევაც, ოღონდ ძალიან უგულოდ. უგულოდ და უბოროტოდ, შეაგინა მხოლოდ იმიტომ, რომ გამვლელებს გაეგონათ და პირუტყვი არ ჰგონებოდათ. იმ კაცს არაფერი უთქვამს, სინანულით გაიღიმა და წავიდა.
ლოთმა ხელისგულით მოიხოცა ცხვირიდან გამონაჟონი სისხლი და ლასლასით გაჰყვა მელიქიშვილის ვიწრო ქუჩას. გამვლელები გვერდს უვლიდნენ, ან საერთოდ ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ. ის კი მიდიოდა თავისთვის, ზიგზაგებით, არც ხმაურობდა, არც იგინებოდა, არც ვინმეს ერჩოდა, მიდიოდა თავისთვის. უდელთან მარცხნივ შეუხვია და პეტრიაშვილის აღმართს შეუდგა...

***
ხის ტახტზე იწვა გულაღმა, გაუხდელად, ეძინა უსიზმროდ, მკვდარივით, მაშინ გაეღვიძა, როდესაც მეზობლის ოთახში კედლის საათმა ზარი დარეკა. მხოლოდ ერთხელ დარეკა საათმა, ეს რაღაცის ნახევარს ნიშნავდა, რადგან ღამის პირველი საათი არაფრით არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა იგი კიდევ ნახევარ საათს უნდა დალოდებოდა, რათა გაეგო, ღამის რომელი საათი იყო. ელოდა თვალდახუჭული, მაგრამ მალე გაახილა, რადგან თვალდახუჭულს გამუდმებით ელანდებოდა ხის კიბეებიანი ორსართულიანი და საერთოაივნიანი სახლი. პატარა ონკანთან, ეზოში ძაღლი, თეთრი, უზარმაზარი, კავკასიური ნაგაზი და ზედ ამხედრებული თეთრპერანგა და შავი ხავერდის შარვლიანი პატარა ბიჭი, მერე იმ სახლის ბირკვილებიან აივანზე გადმომდგარი ძალიან ლამაზი, შავთმიანი ახალგაზრდა ქალი ცისფერი სადა კაბით. ეს ქალი ხან ჭაღარავდებოდა და დამწუხრებული სახე ნაოჭებით ევსებოდა, ხან კვლავ ახალგაზრდავდებოდა, და ასე განუწყვეტლივ, უსაშველოდ და გაუთავებლად. ყველაფერი ეს ძალინ ჰგავდა მის ბავშვობას და აივანზე გადმომდგარი ლამაზი ქალი კი - დედას. ჰგავდა და მეტი არაფერი, მაგრამ შეშინებული მაინც სწრაფად გაახილა თვალი, რათა ყოველივე გამქრალიყო და მართლაც, თვალის გახელისთანავე ყოველივე გაქრა, ცოტა ხნის მერე ლოთმა ფრთხილად, თითქოს სიბნელეს ეპარებაო, კვლავ მოხუჭა თვალები და როდესაც ქუთუთოები ერთმანეთს შეეხო, სიბნელიდან კვლავ ამოცურდნენ ნაცნობი ფიგურები, წყვდიადი უკუღმა დადგმული სპექტაკლის სცენას დაემსგავსა, სადაც ფარდის დაშვებისასჩ ნდებოდნენ, ხოლო ახდისას ქრებოდნენ სხეულები. ეს უკუღმა თამაში იმდენად შემზარავი და აუტანელი გახდა, ლოთმა გადაწყვიტა, გათენებამდე თვალები აღარ დაეხუჭა.
- ბომ, ბომ, ბომ, ბომ, ბომ!.. - დარეკა მეზობლის კედლის საათმა. ლოთმა შვებით ამოისუნთქა: საათის ზარმა თითქოს წარსული თან წაიღო, დილა მოდიოდა თბილისში და მოჩვენები გაქრნენ. ლოთი ადგა და ონკანთან მივიდა, რათა ერთი ყლუპი წყალი შეესვა და დაგვალულ მიწასავით გამშრალი სასა და ტუჩები გაესველებინა, მაგრამ ონკანში წყალი არ მოდიოდა. ლოთი საწოლს დაუბრუნდა, მოჩვენებები გაქრნენ, მაგრამ მათ ადგილზე ფიქრები მოვიდნენ. მოჩვენება რაა, მოჩვენებას სხეული არა აქვს წონა არაა აქვს, სიმძიმე არ გააჩნია. ფიქრი კი მძიმეა, ტყვიასავით მძიმე. ახლა ეს ტყვიასავით მძიმე ტვირთი მოვიდა, დააწვა, წელში მოდრიკა და მუხლებზე დაამხო ლოთი.
...ახლა რომ რამე არ დალიოს, მოკვდება ლოთი, სისხლი შეუდედდება და მოკვდება... უნდა წავიდეს სადმე და დალიოს... დალიოს, დალიოს. მაგრამ საად? სადგურის რესტორანში - იქ დილამდეა ღია, ფული აქვს, წუხელ რომ მოიმათხოვრა რაღაც კაპიკები, ეყოფა... უნდა დალიოს, არაყი, სულ ერთი ჭიქა, ერთი ყლუპი, ერთი წვეთი, ოღონდ უნდა დალიოს, თორემ მოკვდება, მოკვდება, მოკვდება... აი გაეყინა ხელი, ფეხი, სხეული, გაუჩერდა მაჯა, შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა, ლოთი წამოდგა, სწრაფად მივარდა კარს, სახელური გიჟივით მოზიდა თავისკენ და გაშრა...
ზღურბლს იქით ლურჯკაბიანი, სადად თმადავარცხნილი ჭაღარა ქალი იდგა.
  
***
ლოთს არ გაუგონია, ზურგს უკან როგორ დარეკა მეზობლის კედლის საათმა ექვსჯერ და როგორ აწანწკარდა ონკანში წყალი. ლოთმა თვალები დახუჭა და დიდი ხნის შემდეგ კვლავ რომ გაახილა, ჭაღარა ქალი ზღურბლს იქით იდგა შემცბარი, მაგრამ რაღაც შემაზრზენად სახეღვთიური.
- ვინა ხართ თქვენ, ქალბატონო? - ჩურჩულით ჰკითხა ლოთმა.
- ერთი საათია აქ ვდგავარ და დაკაკუნებას ვერ ვბედავ... - უპასუხა ქალბატონმა.
- ვინა ხართ თქვენ, ქალბატონო? - გაუმეორა კითხვა ლოთმა.
- თქვენი კარი მესამე კარია, ვერც ერთზე ვერ გავბედე დაკაკუნება, ალბათ ვერც აქ გავბედავდი, თქვენ თვითონ რომ არ გაგეღოთ...
- რა გნებავთ ჩემგან, ქალბატონო?
- მათხოვარი არ გეგონო, შვილო, - ქალს ხმა აუთრთოლდა. - დედა ვარ!
- ვისი დედა?!  შეეშინდა ლოთს.
- ჯარისკაცის დედა ვარ, - ქალი გაჩერდა, რადგან ვეღარ ლაპარაკობდა... მერე, როგორც იქნა, განაგრძო: - ცნობა მივიღე, შვილი მიწევს ჰოსპიტალში მომაკვდავი და უნდა ჩამოვიყვანო... რადაც არ უნდა დამიჯდეს, სირცხვილად, ნამუსად, სიკვდილად, ზურგით ფორთხვით, მაგრამ უნდა ცამოვიყვანო...
„ჩემგან რა გნებავთ, ქალბატონო?!“ - ლოთმა ეს თვალებით ჰკითხა. 
- მათხოვარი არ გეგონო, შვილო დედა ვარ, ფული მინდა, გზის ფული.
„თბილისის კეთილშობილო მოქალაქენო!..“  - ჩაესმა ლოთს ყურში საკუთარი ხმა.
„მერე ჩემთან რამ მოგიყვანათ, ქალბატონო?“ - ლოთმა ესეც თვალებით ჰკითხა.
- არ გამაწბილი, შვილო, არ დამღუპო, სხვა კარს მე ვეღარ მივადგები, ეს კარი უკანასკნელი იყო... - ქალმა თვალი დახარა, ლოთმა დაინახა, ქალის შავი, გაცვეთილი ფეხსაცმლის წვერს როგორ დაეცა ცრემლის რამდენიმე წვეთი, მან აცახცახებული ხელებით სწრაფად ამოიღო ჯიბიდან დაკუჭული, დაფლეთილი, ნაწვალები ფული და ქალს გაუწოდა. ქალს ხელი არ გამოუშვერია, მაშინ ლოთმა ძალიან ფრთხილად ქალს ფული უბეში ჩაუკუჭა, მერე ჯიბეები ამოიტრიალა და ისე დადგა ქალის წინაშე. ქალი კი იდგა და ტირილს განაგრძობდა, ლოთი მიხვდა, რომ ქალს მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მაშინ იგი ნელ-ნელა დაეშვა ორთავე მუხლზე, ფეხზე ემთხვია ქალბატონს და თავად უთხრა მადლობა:
- გმადლობთ, დედა!
და როდესაც კვლავ ასწია თავი, რათა ქალისთვის სახეში შეეხედა, ქალი აღარ იყო, ხოლო ზღურბლთან, იმ ადგილას, სადაც ქალი იდგა, დაფლეთილი, დაკუჭული და ნაწვალები ფული ეყარა.
- ღმერთო ნუთუ ესეც მოჩვენება იყო...
ოთახში მოშვებული ონკანიდან წყალი მოწანწკარებდა, ლოთს აღარ სწყუროდა, მის გამშრალ სასას და ყელს საიდანღაც გასჩენოდა სისველე, მაგრამ იგი წყალს არ ჰგავდა, თბილი იყო მლაშე.
ქუჩაში თენდებოდა.


***
მგზავრებით გაჭედილ, დახუთულ და ბნელ ვაგონში კონტროლიორი მოაბიჯებდა გვერდულად, იგი ბილეთებს ამოწმებდა. უკან გამცილებელი მოჰყვებოდა დამნაშავესავით და სანთლით მბჟუტავ ფარანს უნათებდა გასახვრეტად ჩამორთმეულ ბილეთებზე. რევიზორი ისეთი გულმოდგინებით ათვალიერებდა მგზავრებს, მათ ნივთებს და ბარგი-ბარხანას, თითქოს დიდად საშიშ სახელმწიფო დამნაშავეს ეძებდა.
- თქვენი ბილეთი! - მონოტონური ხმით ნახევრად უბრძანებდა, ნახევრად ეკითხებოდა იგი მგზავრებს და თითქოს მთელი მატარებელი ემდურისო, ხმას არავინ არ სცემდა, ისე უხმოდ უწვდიდნენ ბილეთებს.
- თქვენი ბილეთი?! - მიმართა მან მეხუთე კუპეში ფანჯარასთან მჯდომ გამხდარ და წვერგაუპარსავ მგზავრს, პასუხმა დაიგვიანა.
- თქვენი ბილეთი! - გაუმეორა კითხვა-ბრძანება კონტროლიორმა.
- არ მაქვს ბილეთი! - თქვა მგზავრმა.
- რაო? - გაუკვირდა კონტროლიორს.
- არ მაქვს ბილეთი! - გაიმეორა მგზავრმა.
- მერედა სად მიბრძანდებით, ბატონო, ასე უბილეთოდ? - ჰკითხა ირონიული ღიმილით კონტროლიორმა.
- დედასთან! - თქვა მგზავრმა.
- ვისთან?!! - ...და ახლა ისე განცვიფრდა კონტროლიორი, რომ მასზე უფრო განცვიფრებულ გამცილებელს ფარანი ჩამოართვა და მგზავრს სახეში მიანათა.
- დედასთან! - გაიმეორა მგზავრმა.
- რომელ დადასთან? - უნდოდა ეკითხა ლაზღანდარობის ხასიათზე მოსულ კონტროლიორს, მაგრამ მგზავრის მიტკალივით თეთრ სახეს და ჭაღარაგარეულ წვერზე თვალთაგან ღვარად ჩამოდენილ წვერს რომ შეხედა, ტანში შიშის ჟრუანტელმა დაუარა. მერე ცივად შეტრიალდა და ტამბურისაკენ გაემართა.
მატარებელი კივილით შევარდა გვირაბში.

??????