ცვაიგი შტეფან
გაზიარება

”გველის პერანგის” წინასიტყვაობა 

ჩვენი ევროპული და საერთოდ მთელი ცივილიზებული სამყარო შეუფერხებლად ემორჩილება უნიფიკაციისა და გათანაბრების კანონს. ზნე – ჩვეულებანი და ეროვნული სამოსელი, ადათ – წესები და ხალხური ცეკვები თანდათანობით ქრებიან ან, სამუზეუმო ნიმუშის მსგავსად, ხელოვნურად არსებობენ, როგორც ისტორიული კურიოზები. ევროპა ერთ ნაციონალურ იერს იღებს და თანამედროვე ქუჩაზე იქნებ ვეღარც კი ვიგრძნოთ, თუ რომელ განედზეა იგი. ასე ძლიერ იქნა უნიფორმიზებული საგნობრივი ფორმები და მასთან ერთად, ფარულად, სულიერიც, ოდესღაც ძლიერად რომ გამოსახავდნენ ეროვნულ ხასიათს.
ცვლილებებისა და მრავალგვაროვნებისადმი ცნობისმოყვარეობით გამსჭვალული გონიერი ადამიანის წადილი მსოფლიოს ამ გარეგანი ერთფეროვნების წინააღმდეგ ილაშქ2რებს, და რაც უფრო ფეხს იკიდებს ერთიანი ცივილიზაცია, მით უფრო ფართოდ შლის ფრთებს ეს წადილი. მას იზიდავს არა მეზობელი ქვეყნების კულტურა, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს, არამედ ეგზოტიკური. ჩვენს წინაშე
იბადება ლიტერატურა, რომლის გმირები და სიუჟეტები უცხო მხარეებიდან, ტროპიკული და ანტარქტიკული ქვეყნებიდანაა ნასესხები. ეს სამყაროები, ცხადია, უმთავრესად დანახულია მსოფლიოს ქვეყნებში მოგზაურობისას: გემთსადგომიდან, ანდა სწრაფი მატარებლის ფანჯრებიდან. აქ მარტოოდენ შეფერადებული, გარეგნული სახე მოჩანს ამ ქვეყნებისა. ასეთ ლიტერატურულ რეპორტაჟებს იშვიათად შემოაქვთ უცხო ერების ჭეშმარიტი ესენცია, მათი პირვანდელი სურნელება. კიდევ უფრო იშვიათად კი –
მათი სულიერი განწყობილება. ამის შესაგრძნობად და გამოსახატავად საჭიროა ღრმა კავშირი, სისხლით მონათესაობა და შეუკავებელი აღფრთოვანება, რომელიც სამშობლოს სიყვარულის ელემენტარული გრძნობითაა გამოწვეული. მხატვრულ ლიტერატურაში ჭეშმარიტი ეგზოტიკის გადმოცემა მხოლოდ იქაურ, თავის ხალხთან სულიერად შეზრდილ მწერალს ძალუძს.
ამ ბოლო დროს, ერების ერთმანეთისადმი დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობის გაზრდის წყალობით, რასაც პირველმა მსოფლიო ომმა უფრო ხელი შეუწყო, ვიდრე დააბრკოლა. ამ მხრივ ბევრი რამ შეგვემატა. ესკიმოსები, იაპონელები და ჩინელები თავიანთ კულტურაზე გვიამბობენ. თაგორისა და განდის მეშვეობით თანამედროვე, ძალზე ცოცხალი ინდოეთი დავინახეთ. ახლა კი გრიგოლ რობაქიძის ამ რომანით, ვფიქრობ, პირველად, ჩვენს წინაშე წარმოდგა უცნობი ერი – ქართველები. ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში. თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული თუ სპარსული გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხალხი ნაყოფიერად შერეულა მასში. ეს ერი დედამიწის ერთ – ერთ ყველაზე შესანიშნავ გარემოშია ჩარგული, სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ წიგნიდან შევიტყვე, თუ რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რა სავსეა ჰეროიზმით, და ამავე დროს რაოდენ გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ამ წიგნით ახალგაზრდა ავტორმა ჩვენცა და თავის სამშობლოსაც დიდი სარგებლობა მოუტანა.
ახლა, მისი აღწერის მეშვეობით, ჩვენი ცნობისმოყვარეობისსულიერ სფეროში სრულიად ახალი და საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოსდგა, რამეთუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა, რომელიმე ერი მხოლოდ მაშინ არსებობს ნამდვილად, როდესაც თავის აღწერას და თავისი თავის შესახებ მოყოლას იწყებს.
ამ წიგნის შესავალშიც, ისევე, როგორც ყველა იმ ნაწარმოებში, სადაც ლიტერატურა ახალ სახეს ღებულობს, არის რაღაც ქაოტური. ძველისძველი ბალადებიდან და დაკარგული ლეგენდებიდან ამოკრეფილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში.
ისინი ხანდახან გვაფრთხილებენ, რომ სპარსული საგმირო სიმღერები და აღმოსავლეთის აღვირახსნილი რომანტიკა გაზვიადებულია. შემდეგ ისევ თანამედროვეობის შუქი გამოანათებს. ჩვენ ხან ალექსანდრეს ქუჩაზე სწრაფად მიმავალ საბჭოების მანქანებს ვხედავთ, ხანაც ბოდლერის ციტატებს ვხვდებით. ძველი და ახალი სამყარო, მაგიური და რეალური სფეროები, უჩვეულოდ, ჩვენთვის არაბუნებრივად ირევიან ერთმანეთში. და მხოლოდ მათ ასეთ შერწყმას ძალუძს ამ ეპიკური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი,
ხშირად არაბუნებრივი პოეტურობის გამართლება. მაგრამ რაოდენ მხურვალე ცეცხლი იფრქვევა ამ აღწერებიდან! ხანდახან გწადია რომელიმე გვერდი ამოჭრა და ლექსად დაწერო, თუმცა ისინი უკვე ლექსებია. ზოგიერთი თავი კი გინდა იმ მეზღაპრემ წაგიკითხოს, უკვე ცივილიზებული აღმოსავლეთის ბაზარზე (თუმცა ახლა იშვიათად) მაინც კიდევ რომ გვხვდება. ყოველ ფურცელზე სრულიად უცხო მშვენიერებით აღწერილ ცეცხლოვან, ბალადურ მომენტებს ვხვდებით. და მართალია, გრძნობა ზუსტად ვერ ასხვავებს. თუ ვის უნდა უმადლოდეს ამ ეგზოტიკურ, ვარდის ზეთივით და ჰაშიშივით დამათრობელ სურნელებას, – მწერალ რობაქიძესა თუ თვით ქართველებს, – ის მაინც სიამოვნებით ექცევა ამ ახლებური სტილის გავლენის ქვეშ. მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა, ბედნიერად გამინათა ჰორიზონტი ეგზოტიკისაკენ და შემაგრძნობინა კიდევ ერთი უცხო სახეობა ეპიკური პოეზიისა.
მას შემდეგ, რაც ეს არაჩვეულებრივი, ყოველგვარ კატეგორიას დაუქვემდებარებელი წიგნი წავიკითხე, ფანტაზიას უფრო და უფრო მეტად იზიდავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებულიტაშკენტი და თბილისი, – ქარავნებისა და ბაზრების სამყარო. ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს, რომ ჩვენს მატერიალიზებულ, სულ უფრო და უფრო განსწავლულ და მეცნიერულ სამყაროში მითოსის შემოქმედებითი არსებობა ისევ და ისევ გრძელდება.

გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძემ

??????