ათონელი (მთაწმინდელი) გიორგი
გაზიარება

ბიოგრაფია (ა.მ.გ.) 

გიორგი ათონელი (მთაწმინდელი) (1009 – 1065). ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი ათონელი დაიბადა თრიალეთში, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის - იაკობის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი ხახულის მონასტერში, კარგად ფლობდა ბერძნულ ენას. იგი მტკიცედ იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას უცხოელთა შემოსევებისაგან და მტკიცედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალობა; ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. ”გიორგისეული” რედაქცია. გიორგი მთაწმინდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. ცნობილია მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება ”ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღისრისა მის მოქალაქობისა მათისაჲ”, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. მისი ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა დიდი პოეტური კულტურის დადასტურებაა. ბერძნულიდან თარგმნა ბასილი დიდის, იოანე დამასკელისა და სხვათა თხზულებები. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით ”ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა”. გიორგი მთაწმინდელის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში. თხზ.: ცხოვრებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი, გამოსაცემად მოამზადა ივ. ჯავახიშვილმა, რედ. ა. შანიძე, თბ., 1946; ცხოვრებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი, წგნ. -ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წიგნ. 2, თბ., 1967.

??????