ლეონიძე გიორგი
გაზიარება

სამგორი 

პროლოგი
”...ციდან ჩამოესმა რეკა...”
ხალხური

1
ირეკება ციდან ზარი,
საოცარი,
ვერცხლის ზარი...
ეფინება ქვეყნის კიდურს,
და არა აქვს ხმას საზღვარი!
თქვენ გგონიათ ციდან არი?
ჰრეკს ლაჟვარდის ბინადარი?
ან გგონიათ ვარსკვლავთ რეკა
ცისარტყელის მინანქარის?
აქროლება ნიავქარის?!
- არა!
- რეკავს ხალხის გული,
ხალხის გულის ღია კარი!
არც ოცნება, არც სიზმარი!
ირეკება დღე ცისმარი,
გმირთა ხელით ხალხის გულში
საოცნებო წმინდა ზარი!..
უკვდავების ძახილია
მუდამ ხალხის მაღვიძარი!
მას სამშობლო იმეორებს
დღე ცისმარი,
დღე ცისმარი...
მისთვის მიყვარს მისი ხმები,
მიტომ ამ ზარს არა აქვს ბზარი,
ისმოდა და ახლაც გვესმის
ყველა ხმაზე საოცარი -
ხალხის ზარი!..
არა ციდან,
ლაჟვარდიდან, -
არც ტაძრიდან ნასმინარი,
დარხეული ხალხის გულში,
გმირთა ხელით ხალხის გულში,
რეკავს,
რეკავს დღესაც ზარი...
უკვდავების რეკვა არი!..

2
სადაც ნანგრევში ქარი უბერავს,
მე იქ ვეძებდი ქართლის ბუმბერაზს:
მითხარი, ხავსო,
მითხარ, ფათალო,
სად იყო გმირი
აქ უბადალო...
როგორ იბრძოდა აქ გორგასალი,
ან მისი მტერი როგორ განივლტო?
მიამბე, სურო,
წარსულის სულო,
რომ ოქროს ძაფზე მივმარგალიტო!
პასუხად მესმის ჩხერა აბჯრისა,
ხელში ხმლით ვხედავ დაჭრილ გოლიათს,
მოჟონავს სისხლი გორგასალისა,
რკინის პერანგის ნამსხვრევ რგოლიდან...

3
აიმართება უჯარმის ციხე,
ბრწყინვალებს კოშკის ერთი სარკმელი,
სარკმელში მოსჩანს ქალი მდუმარე
ჩემი ოცნების გადამსარკველი.
რას ფიქრობს ახლა ქალი კოშკელი,
რად ყრია ირგვლივ აბჯრის ნალეწი?
რად მეჩვენება იორის ზვირთში
მისი სასახლე ოქროთ ნალესი?
მართლაა იგი?
ნათილისმარი
ნისლის ნაცრეცი,
ქარი, სიზმარი?..
―ალი ხარ, გულზე შეკიდებული,
მარგალიტი ხარ ზღვის ქვეშეთისა!..
ვიღაც შეჰკვნესის მაისის ღამით,
ვინც განშორებას ვერ შეეთვისა.
მე ვეკითხები ჩაწნულ უსურვაზს:
ბედმა კეთილი ქალს არ უსურვა?
სიყვარულის დღე მას არ ეღირსა? -
პასუხად მესმის თრთოლა ვერხვისა,
ჟრიალი ოქროს სამაჯურისა
და ნატირალი ხმა მიჯნურისა...
კარი პირველი
წინათქმა
ჩემი ნათქვამი იქნება შორი,
ძველად მომხდარი, სულ ძველისძველად...
ამ ველს არ ერქვა მაშინ სამგორი,
იწოდებოდა უჯარმის ველად...
ჰხარობდა მიწა დამადლებული,
ოქროს მინდორი, - პურის მადანი...
ოქროს სიჩუმე იდგა ყანებში,
ლალს აშუქებდა ვაზის ბარდანი...
ხასხასებდნენ ივრისპირად,
ვენახები პირმზვარენი...
შრიალებდნენ ნიგვზნარები...
ვერხვნარები
ვერცხლნარევი...
თავი პირველი
”დაჯდა ვახტანგ უჯარმას და აღაშენა
იგი ნაშენებითა უზომოთა”...
”ქართლის ცხოვრება”

1
სამგორს ზევით,
ივრის პირად,
ჰხედავ ნანგრევთ
შავი ჩრდილით?
- ნაქალაქარს, -
ძველს უჯარმას,
ხავსი რომ აქვს წამოზრდილი...
ნაცარწაყრილ სვეტებს ჰხედავ
და სუროთი ბურვილ თაღებს?
თავმორღვეულ ნაკოშკარებს,
ნაშავდღევარ-ნაპარტახებს!
ჰხედავ, დიდ ლოდს ჩაღრმავებულს?
- ფეხი სდგმია აქ ამირანს?
- არა, ტორი ზედ დაურტყავს
გორგასალის ფიცხელ მერანს!..
აქ უჯარმა ბრწყინვალებდა
მარმარით და ოქროს ზოდით
მოგრაგნილი გალავნებით,
სამ ბჭე-კარი დიდრონ ლოდით...
აქ იორი ციმციმებდა
ლაჟვარდით და მარგალიტით.
ეხვეოდა სვეტებს ვაზი,
ხევარდული, მტევანდიდი...
ელვარებდენ პალატები,
სტავრითა და ოქრომკედით...
აქ მეფობდა გორგასალი,
გამგებელი ქართლის ბედის...

2
ჩაფხუტს ეხატა ლომი და მგელი
და ხმალიც მათი ღონით ალესა.
მკლავით მოზღუდა ქართლი, ეგრისი,
კარი შეაბა დარიალისა.
ვკითხოთ, მოგვითხრონ მისი ამბები
დამდნარ ლოდებმა, ძველ ნაბურჯალმა...
ვით განაშვენა მცხეთა, არმაზი,
დიდნაშენობით აგო უჯარმა.
ახლა სატახტოდ თბილისს აშენებს,
რომ აქ ჰფეთქავდეს გული ქართლისა,
შუბით გახაზა გეგმა მიწაზე,
სდგამს ფუძედ დიდრონ ლოდებს დათლილსა.
უკვე დრო არი, ვარდით აყვავდეს
ნაამაგარი მისი ხმალისა...
და იჩეხება შავი მუხნარი,
ტევრი იფნარის, ნეკერჩხალისა...
თავი მეორე

1
სამგორის ველზე გუთნის გუგუნში
გაჰქონდათ ხარებს ლარი ხნულისა;
პირველ კვალს მეფე თვით დალოცავდა,
პირველ სახნაურს გაზაფხულისას.
მანდილში გაკრულ სათესლე ხორბალს
უმანკო ხელით, უმანკო სულით,
მეფეს ამ დღისით, ძველისძველ წესით,
მიაწოდებდა ტურფა ასული...
თვით მეფე მჯიღით გადააბნევდა:
- ბარაქა, ხვავი, პური მრავალი!
არ დაეშრიტოს მადლი ჩვენს მიწას,
გამრავლდეს ქართლის შთამომავალი!
და გუთნისდედა ღვინია მეფეს
მიაგებებდა საღვინე სურას:
- ჩვენს მიწას მადლი,
მართალ კაცს მადლის!
თვის ოქროს ვინც სხვის
ოფლში არ სწურავს!
იდიდოს შენი ხმალის ნაქნევი,
ქართლს არ მოაკლდეს გმირთა კრებული!
დაულეველიმც გვქონოდეს მუდამ
ოქრო, ნამგალით მონაგრებული...
ჯამებს ასწევენ ღვინიას ძმებიც, -
ორთავ არწივის თვალით მჭვრეტელი.
ერთი მედროშე არის მეფისა,
მეორე მისი კარის მჭედელი.
ერთს თვალსაცერა ერქვა პირნახმლევს
და ღვთისავარი კიდევ მეორეს...
მკერდზე ირმისტყავაფარებული,
ხმალს უწრთობს მეფეს და მის მეომრებს...
- ქართლის მშვიდობა! საზღ ართ სიწყნარე!
სიტკბო ერისა, მტრების დამხობა!
მოგვილოცნია თბილის-ქალაქი
შენი და შენი ხალხის სამყოფლად!
მეფევ, ყადიმი თიხა გატეხე,
წერე წერაქვით შენი სახელი!
ახალი ბინა ქართლს გაუჩინე,
იხსენ, რაც იყო მტრისგან სახსნელი!
შენს ხელთქმნილს, ნაღვაწს და ნამუშაკევს,
სულ დღე ელოდეს გასხივებული!
ჩვენც შევეწირნეთ და ჩვენი ყრმებიც,
აკვანში თვალებ-ახილებული! -
დადგეს ჯამები, ავსებს ღვინია,
მის ნაამაგარს რა გაათავებს?
ხარის მოღრუბლულ თვალებს შეჰხარის,
მზერს ოცნებაში საძრავ თავთავებს,
და ღვთისავარის ვაჟი ცისკარა,
ვით ავაზა დგას თვალგაფეთებით.
ჩახედავს ხნულში, ო, რა შავია
მშობელი მიწის შრე და ბელტები!..

2
კვლავ ილოცება მეფე: გამჩენო,
შენ აგვაცილე ყველა სარჯელი!
ღმერთო ძალთაო! მოხედე ვენახს
და ნაყოფს, დასხმულს შენის მარჯვენით!
ჩემს პირმშო თბილისს, ჩემგან ნაშენებს
შენის წყალობის თვალით მოხედე!
შენ გამიმაგრე, რომ ვერ შემუსროს
მიწისძვრამ, მტერმა ოხერმოხეტემ!
თქვენცა გსმენიათ, ოდეს თბილისი,
ხვალიდან ჩვენი დიდსამყოფელი, -
გამომწყვდეული ხეობის ტყეში,
იყო მარტოდენ მცირე სოფელი!
დაუკვლევია ჩვენს მამა-პაპას
ქართლის სიმაგრის მარჯვე ადგილად.
დიდ გზების ჩამკეტს, მტკვრიანს და კლდიანს,
ვერ მიატანდა მტერი ადვილად.
მტკვრის პირს მდებარე მთა შემოზღუდეს,
ციხე-სიმაგრედ გაითვალწინეს,
შიგ ჩადგნენ, მაგრამ მტრის ურდოებმა
მრავალჯერ სისხლის ღვარი აწვიმეს.
ბოლოს სპარსებმა გაიბუნაგეს
კლდეციხე, მტკვარის ზვირთით ნაშხეფი,
გახდა საყრდენი მათის ძალისა
საჯდომი სპარსთა პიტიახშების...
ქართლი აქედან იხარკებოდა,
იზვერებოდა ფარულ, მზაკვრულად...
მცხეთას აქედან ემტერებოდნენ,
აქ მრავალ ქართვლის მკლავი გაკრულა...
მე გამოვტაცე სპარსებს თბილისი
და მე გავხადე ტახტად თავისად;
მწამს, გამეტდება ვიდრე ქალაქი, -
მტკვრის და არაგვის შესართავისა!
მაგრამ სპარსეთი არ გვაპატიებს
და არ შეგვარჩენს ამ გამარჯვებას,
ქართლი თბილისში უნდა გამაგრდეს,
თუ თავისუფლად გვინდა დარჩენა!
მიბრძანებია: ახლო-მახლოდან
გამოერჩიოს ერი მშრომელი...
ხუთ ძმიდან ერთი დასახლდეს თბილისს,
გულით და მკლავით დაუდგრომელი!
- ჩადი, ღვთისავარ, დასახლდი თბილისს,
იქ აწრთე ხმალი, იქ ჭედე რკინა!
დე, გუგუნებდეს შუა ქალაქში
შენი გრდემლის ხმა, სოფლად რომ გრგვინავს!
- ჩადი, ღვინია, დამკვიდრდი თბილისს,
იქ მოიყვანე აყრილი ყანა!
შემოგვაშველე შენი ხარები,
ღგვიშენებდე იქ ნარიყალას!
მარნის ბაქანზე სუფრა აკურთხეთ,
მე დაგილოცავთ ფუძის ანგელოზს!
მტერსაც იქ დახვდით, სიკვდილის ცხენი
თუ მტერმა ქართლზე შემოაგელოს!
შენ, თვალსაცერავ, დარჩი ლაშქარში,
გმირ ამირანის ჩამომავალო!
კვლავ დროშის თავზედ ორბი დაისვი,
რომ ძველებურად მტერი გალალო!
და შენ, ცისკარა, ცხელსისხლიანო,
თუ მასახელე მე პაჭანიგეთს,
გაძლევ თბილისის ციხისთაობას,
თბილისის მცველის პატივს განიჭებ!
მუხლთ მოეხვივნენ ჭაღარა მეფეს,
ვით ქარში მუხას მცირე მუხები...
- ჩვენის ოფლით და სისხლით ჩვენითა
თბილისის მიწას შევედუღებით!..
ადგნენ, გაჰხედეს თბილისის მხარეს,
შეისაყვარლეს მისი უბნები...
იკუმშებოდნენ თბილისის თავზე
ვეფხვის ტყავივით ჭრელი ღრუბლები...

3
ცხენზე მოფრინდა გაგა მეაბჯრე,
სპარსთ შავი დროშის ხელში მპყრობელი...
გადმოხტა: - მეფევ, მოგვილოცნია,
ვარ გამარჯვების წინამთხრობელი!
თბილისთან სპარსთა რაზმი დაგვეცა,
სულ დარჩეული და რიცხვმრავალი.
ჩვენ გაგვამხნევა შენმა ასულმა,
ვძლიეთ, ვიშოვნეთ ნაიავარი!
შორით მოისმა ხმა ყიჟინისა,
გამოჩნდა რაზმი წითლად ჩაცმული,
რაზმს გამარჯვებულ დროშების შუქში
წინ მიუძღოდა ღიმით ქალწული!
იყო პირიმზე პირანთებული
და მთვარის კდემით განაზებული:
- მამავ, გილოცავ კვლავ გამარჯვებას,
მტერი დავძლიეთ ანაზდეული!..
მამავ, უმხნესად იბრძოდა გაგა,
თუმც გადუხდია მრავლად ომები!
და მისი ვაჟის, ქუჯა-ჭაბუკის,
გამომკლავება იყო ლომებრი!
მეფევ, გთხოვ ჯილდოს მამა-შვილისთვის,
ორნივ არიან გულით რვალები!..-
შვილდგადაცმული ქუჯა შეტოკდა,
მოუწყლიანდა ჯიღა თვალები.
სთქვა მეფემ: - გაგა, ჩემი მეაბჯრე,
ყველა ბრძოლებში ჩემი მხლებელი,
თავდადებისთვის ამიერიდან
გახდეს ბეგარით შეუხებელი!
მოუალერსა მეფემ ქუჯასაც:
- ვაშად გცოდნია მტერთან ჭიდება!
თუ დამიმრავლდნენ შენისთანები,
მაშინ ქართლს აღარ გაუჭირდება!
შეჩერდა მეფე. ქუჯას შესძახა:
- შენ დაჭრილი ხარ, ვერ ატყობ განა?
უხმეთ ჩემს მკურნალს წყლული შეუკრას,
მკლავზე დაურტყავთ ბრჭყალი მანგანა!
აიბნა გაგა გულშერყეული:
- ჩქარა მიჩვენე, შვილო, ჭრილობა!.. -
გაგა იმღვრევა. შვილს ერცხვინება
ირგვლივ ლაშქარის შემოჯრილობა...
წყლული შეუკრეს... - რომ დაზიანდე?..-
ატირდა გაგა: - ცეცხლი მედება!
- მეფემ რაღა ქნას! ხუთი წყლული სჭირს, -
თქვა ქუჯამ, - ჩვენთვის სხვაც ემეტება!
- ის მეფე არი, ქვეყნის მპყრობელი,
მე მხოლოდ ერთის შემხედვარე ვარ! -
წარმოსთქვა გაგამ, შერცხვა თვითონვე,
უკბინა გულში შვილის ჩარევამ...
განა შეჰფერის სიტყვა ასეთი?
მეფე ხომ მისთვის წმინდა კერპია?!
სახლი, სახელი, ცხოვრება გაგას
მეფის წყალობით შეუკრეფია...
ერთგული არი გაგა მეფისა,
მისთვის ნაჩეხი მრავალს ბრძოლაში,
ბევრჯერ მეფის მკერდს გადაჰფარვია
ჟამს განწირვისას, მტრის მოწოლაში!
აფასებს მეფე მის ერთგულებას.
ბევრჯერ ოქროთი აუვსო ფარი!
დაიახლოვა... და ახლა გაგა
მეფის მისანდო მეაბჯრე არი...
აქვს შავფერ გაგას ტოტი ვეფხვისა
და გამჭრიახი თვალი ორბისა,
მეფესთან არი გამოუკლებლად
ომში, საბჭოში, ნადირობისას...
თავი მესამე

1
შუაღამეა. მეფის პალატის
კოშკში დანათდა სეფე-სანთელი...
შუქზე სჩანს მეფის ქალი პირიმზე,
წინ ოქროს მატყლი ედვა სართველი.
გვერდთ შაოსანი გამზრდელი ახლავს,
ბერდედა, გვარად სამძივარია...
შვილ-ქმარმოკლული და მიწის ძიძა,
სიკვდილის სუსხით ნამცივარია...
- სიზმრად ხმელეთის დედოფლად გნახე,-
ეტყვის ბერდედა და იღიმება.
- უკან წაიღე შენი სიზმარი! -
პირიმზე გამზრდელს დაეღირება.
- შენ დაგშვენდება სპარსთა გვირგვინი,
რომის გვირგვინი, ვიდრე შამირეს!∗
- ჩემო მფარველო, წმინდა მარინე!
ორთავე გვირგვინს შენ განმარინე!
- მაშ, პიტიახში შარაველ თუ გსურს?
რა ვქნა, რა ფიქრი გადავიკიდე!
მან თეთრი ქორი მიჰგვარა მეფეს
და შენი ხელი ითხოვა კიდეც!
ოქროს სამკლავე აჩუქა მეფემ
და მოჭედილი ოქროთი ფარი! -
წარბი შენასკვა მეფის ასულმა:
- ეგეც ხომ შენი სიზმარი არი!
დაეხსენ ყველას, გვედრი, ბერდედავ,
არც შაჰანშა მსურს, არც პიტიახში!
სად არი გურამ ბივრიტიანი,
რად იგვიანებს ბიზანტიაში?!
ცხრამეტი თვეა, რაც წასულია,
რაც სადესპანოდ წარგზავნა მეფემ.
არა ისმის რა... ენამცდარები
ათას ცილსა და ჭორ-ამბავს ჰყეფენ!
ვითომც დარჩაო იქ სამუდამოდ,
ვითომც გამოდგა უნდო, ცბიერი
და თითქოს რომში შეჰყვარებოდეს
კეისრის ქალი ზინობიერი!
კიდევ იტყვიან, გუთებს ებრძოდა,
თავი შეაკლა მტერს სატიალეს!
და შეჭურვილი მისი ტაიჭი
თითქოს ენახოთ მოხეტიალე!...

2
შეკრთა გამზრდელი... მის გაზრდილს
გულზე რომ ნისლი ებურა...
და მოწიწებით შებედა
ალერსი დედისებურად:
- მას შეეწიოს უფალი,
ქერაბინთ ბეჭზე მჯდომელი!
ქართლში მისებრი ვინა გვყავს,
სეფესწულთ შორის მდგომელი?
ხელმწიფის თანამოლაშქრე,
მკლავით და აბჯრით ძლიერი...
დამდაბლებული ღიმილით,
წმინდა გიორგის იერით...
ჯერეთ ჭაბუკი, - დესპანი,
თავისი ქვეყნის მძევალი!..
ფილოსოფოსი, რიტორი,
ასომთავრულის მწერალი...
- მან ჩემთვის წიგნი დაწერა,
სიტყვა სთქვა გულის მნაცვრელი...
ცით ჩამოსული წიგნია,
ღვთის კალმით არის ნაწერი...
მან ჩემთვის ვეფხვი გაფატრა,
შამბნარიანი ბარდისა;
მან ჩემთვის ციხე აიღო,
სიმაგრე შარუბადისა!..
- მაშ, დედოფალო, რადა ხარ
უწამებელი, ურწმუნო?
გულო, დამშვიდდი, შავსევდის
ეკლებით ამოლურსმულო!
გუშინ სთქვა ეზოსმოძღვარმა,
გურამ ბრუნდება გზამსვლელი.
- მაშ, რად არ შემატყობინა,
გზას რად გავცქერი თვალსველი?

3
- დაგნატრდები... დაგნატრდები...
და თუ ახლა რომში ჰხარობ,
არც მე ვღვარო ცრემლის წყარო!
გამოაღო მან სარკმელი:
- მთვარემ დამჭრა მთვარის ფრთებით!..-
შორს წალურჯო ბურში ჩანდა
მოსპეტილი თეთრად მთები...
- ბაზიერნო, სანადიროდ
შემიკაზმეთ შავრა რაში!
ავყვეთ იორს, იქით კვირას
გადავიდეთ კვეტერაში!
მერე დავყვეთ ძირს ალაზანს,
ხორანთიდან ჩავალთ ბარდას!
შემომხვიეთ მხრებზე ქარი,
სიყვარული გამომბარდა!..
თავი მეოთხე

1
თიბვის დრო. პირველი ზვინი
და ნაცელარი ბალახი...
თაფლა, ბურღალი ბალახი...
- მიმინომ ჯაჭვი აწყვიტა,
ხომ არავის გყავთ ნანახი?
- მიმინომ ჯაჭვი აწყვიტა,
მეფის ასულის მიმინომ...
ახლა რაღა ვქნათ, მშვიდობით,
პირიმზე ქალის ღიმილო!
- პირიმზე ქალი სად არი?
- მოინადირა მთა-ბარი!
ელვარე ცხენი აჭენა
ასხივებული ფაფარით!
ბრწყინვალებს რახტი ოქროსი,
თოქალთო ოქროქსოილი.
რაშს იღლიაში ფრთები აქვს,
მთელ ქართლს ერთ დღეში მოივლის...
მინდორობს და მონადირობს
და წინ უსწრებს ყველას ჯირითს,
საჯერნე ტბა ინადირა,
გარეჯა და ივრის პირი.
კანჯრის ჯოგში დაქროლავდა,
შვილდს სჭიმავდა ამორძალი,
ახლა გლოვობს თეთრ მიმინოს:
- სად იპოვოს მისი ცალი!..
- ხელუღირსო ბაზიერო,
არასოდეს გერტყას ხმალი!
- გაგიტანდეს ისრის ქარი!
რათ აუშვი? ქალაუში, -
წყრომით იტყვის სეფექალი.
- წარბი გახსენ, დედოფალო,
დაგვიწყნარდი, წყალი მოსვი! -
ეხვეწება გურანდუხტი,
მედარბაზე ანგელოზი!
- შენ, მიმინო ხომლიანო,
სად დაფრინავ, გარის-გარად?
მომიძებნეთ და მომთხოვეთ,
ვის რა გინდათ საჩუქარად?!
- საპოვნელა რა იქნება,
თუ ვიპოვეთ კვალი მისი? -
ღამით ამბობს განძა-ქალი,
მშვენიერი, ვით მაისი.
- სათმეულის მარგალიტი?
ბადახშანი, დიდი ლალი?
- ყველა ერთად! და ზედ სართად, -
გსურს ცისკარა ციხისთავი?!
გათხოვების დასტურს მოგცემ,
შეიერთო შენი ცალი!
მინდორთქალო, გინდა გახდე
ხვალ თბილისის პატარძალი?!
დაირცხვინა სეფექალმა,
გამჟღავნება განზრახულის...
და თვალებში აუელვდა
გაზაფხული ზამბახური!

2
- ვინ მიჩვენებს ჩემს მიმინოს,
მე თავი ვინ შემაყვარა?
- დედოფალო, მე მახარა
მისი პოვნა ხემაყვალამ! -
გახარებით დაიძახებს,
ვაშლაქალი, ყელმაღალა...
- დედოფალო, გზას გაჰხედე,
ფრთების ქარი დამეხალა!.. -
გზას გაჰხედეს, შავი მტვერი
ტრიალებდა, როგორც ბორა,
წამს მხედარმა მოაქროლა
კავშა ცხენი კოჭიბროლა.
ერთი ისრის მოსაწევზე
მან მოსწურა ბედაური...
ქალი შეკრთა... ქალთან იდგა
სიხარულის მეთაური...
კალთას კოცნა მოახსენა,
მარგალიტით ნაკერ სარტყელს.
- მშვიდობა შენს დაბრუნებას,
გიგონებდით ჩვენ ცისმარ დღეს! -
ლურჯი მზერა იფრქვეოდა,
როგორც ზვირთი იორისა,
და ესმოდათ ქალსაც, ვაჟსაც
სუნთქვა ერთიმეორისა...
ვაჟი იყო ახოვანი,
ხუჭუჭა, თვალბუდეშური...
ტანს ემოსა პალეკარტი∗,
ქვეშ წითელი აბრეშუმი...
ქალს ლეჩაქი ამშვენებდა,
რიჟრაჟული ტბური ბური...
ვარდისფერი ეცვა სტავრა,
ბრტყელ ფოთლებით მოშამბნური.

3
- ამდენ ხანს რისთვის დაიგვიანე? -
ჭაბუკს ჰკითხავდნენ ქალის გიშრები...
- მომეცი გული, ვარ მოციქული!
თორემ ზღვა ვიყო, ამოგიშრები!
- მე შენთან დამრჩა სულის ნაწილი!
- მე გული ჩამრჩა! - ღელავს ქალწული.
- მე შენთვის ვლახე ზღვები მღელვარი,
მთები, ნისლებით გადაკვანძული...
დიდხანს ვიბრძოლე კეისრის კარზე,
რომ დამეთრგუნა ჩვენი ამკლები... -
ქალმა ჯერ თვალი ჩაუციმციმა,
მერე გაიწყო შუბლზე ნამგლები...

4
- ბივრიტიანო, გურამ ჭაბუკო,
გულის საწყური სიტყვა გვითხარი!
რა გაგვირიგე, გვითხარი, რომში,
ვისი რა მოგაქვს მოსაკითხარი?!
- მეფის ასულო, გადარჩა ქართლი,
გადიმტვრა წვერი სპარსთა ისრისა!
მომყავს ლონგინოზ ანთიპატრიკი,
თან მოაქვს ქარტა დიდ კეისრისა.
- აღთქმა და ფიცი! რომ ქართლი სპარსეთს
ამიერიდან არ დაანებოს!
კლარჯეთიც, ზღვიდან არსიანამდის,
კვლავ უბრუნდება ქართლის სამეფოს!
გვიკავშირდება შიდა-ეგრისი,
ჩვენია სპერი, დიოსკურია;
დღეიდან ყველა გარექართველი
სამშობლო კერას მონაშურია!
გასწი შავ ზღვაზე, ქართლის ხომალდო,
დაჭიმე ღონით შენი აფრები,
ბედმა ახალი ფრთები მოგანდო,
ნოეს კიდობანს ეთანაბრები!
- სამარგალიტო ამბავი არი,
ღირსი ხარ, შეგხვდეთ ვარდის შტოებით!
- მზის თვალის მადლმა, სახელმზიანო,
შენის მზერით ვარ ნაჯილდოები!
- გავხსნათ ზედაშე... დავკლათ ბერზვარა,
თავზე ყვავილი გადავიყაროთ,
ვინც ეცვითება შაჰანშას კალთას,
იგი სტიროდეს, - ჩვენ გავიხაროთ!..

5
ჯვარი, გვირგვინი, ტახტი სამეფო,
ოქროს სკიპტრა და ძვირფასი ცხენი,
მოართვეს ვახტანგს კეისრის ძღვენი,
თან ეპისტოლე, - ოქრობეჭედით,
ამოკითხული ოქროს სიტყვებად:
- რას ბრძანებს დიდი იმპერატორი? -
ხელმწიფე გურამს შეეკითხება...
- რომ იყოს ქართლი, და იყოს რომი,
ვით ძმა ერთსახლი ამიერიდან, -
წინაშე მტრისა, სპარსთა წინაშე,
ერთპირ, ერთსიმხნით, ჯვრის მიერითა!
- კიდევ?
- რომ შევკრათ კავკასიონი,
ჰონნი, ძურძუკნი, სარაგურები,
არ გადმოვუშვათ დასავლეთისკენ,
გავხადოთ ცეცხლით დადაგულები!
- კიდევ რას ბრძანებს იმპერატორი,
ან მე რას მეტყვის, ანუ ჩემს ლაშქარს?
- თქვენს ქალს, პირიმზეს დედოფლად ითხოვს!..-
და შეუთრთოლდა ყელში ხმა ვაჟკაცს...
შეხედა მეფემ, არაფერი სთქვა, -
და უეცარი ფიქრი მიახშო,
ხელით ანიშნა, მუხლს ითაყვანა,
უბოძა კვერთხი საპიტიახშო.
- გაძლევ გარდაბანს და გაძლევ თბილისს.
მოველი შენგან მეტს ერთგულებას!
ხოლო შარაველ გარდაბანელი
მე საიმედოდ არ მეგულება...
რკინის ხარშვა სჯობს შარაველის წვრთნას...
ჩემგან აღზრდილი, სპარსთა მკმევარი,
ცხენის ნალის ქვეშ ჩაჭედილ წერილს
თურმე სწერს კავადს, ღმერთნაწყევარი!
ქვეგამხედვარი, თავგაზიდული,
აწ იგი რაღა დასამხრისია?
ვაი მას, მწარეს ვინც იტყვის ტკბილად.
ვიტყვი, შარაველ ჯვარცმის ღირსია!
თუმც, აშკარა მტრად რომ არ გამიხდეს,
ჯერ მხოლოდ გული ერთგან ვატკინე...
კვერთხი წავართვი საპიტიახშო,
გარდაბანიდან გარდავადგინე!
მის შეთქმულების ფესვებს გამოვჩხრეკ...
თვალქვეშ მყავს.. სწვავდეს ქენჯნის სახმილი...
სანამ შევიტყობ მის თანაშეთქმულთ,
მანამდის დარჩეს თავდასასხმელი!
შენ კი იყავი თანამოქმედი
ჩემის აზრის და ჩემის მარჯვენის!
მე ვარ სამშობლოს ნების მყოფელი
და შემწირველი ქართლის გამჩენის!
ქვეყნის სეფენი, მოთაულები,
გადიდებული აზნაურები,
თავს არ მიდებენ... გამცხადებელი
შენ გახდი ჩემი ნამცნაურების...
წარსთქვა ჭაბუკმა: - ხმალს ძირს არ დავდებ
შენთვის, მეფეო, თავშეწირული!
- მაშ, - უთხრა მეფემ, - შვილდი მოზიდე,
ბუკში ჩაბერე სული გმირული!..
მღელვარებს გულში ბივრიტიანი:
”არ მინდა კვერთხი, არ მსურს დიდება!
მეფევ, მაჩუქე, რაც გულს ჭაბუკურს,
შუქურ-შუქისკენ მიეზიდება...”

6
სიტყვას იტყვის შარაველი:
მე მორჩილი არ ვარ მეფის!
ნებას გავალ ნებეულად,
ხელმწიფე ვარ ჩემის ნების!
- დე, გარდაბანი ჩამომაშოროს,
მას დამიბრუნებს ისევ კავადი...
სპარსეთის ძალით, შაჰანშას ძალით,
კვლავად გავხდები თავისთავადი...
თრთოდე, თბილისო! ახლოა წუთი,
შენზედ ავმართავ დროშას საკუთარს!
ჩემი გახდება მეფის ასულიც,
მით ქართლის ტახტი ბედმა მაკუთვნა...
- აზნაურებო, თანაშეთქმულნო,
ტეხვას ვერ ატყობთ თქვენსა გულებსა?
შემოკრბით, ხმალი ვისაც ულესავს,
გიხმობთ ვახტანგის მეორგულესა!
თუ და, შენა თბილისს ვახტანგი,
მეტად გახდება ჩვენი მძლევარი!
დავცეთ თბილისის ბჭე, ბალავარი,
შევიქნეთ მისი დამაქცევარი!
დავღვაროთ სისხლი გორგასალისა,
მით მოვიპოვოთ მხარგაშლილობა!
ხელმწიფებას და უფლების ძალას
ჩვენ შეგვძენს მხოლოდ მეფის ჭრილობა!
და აზნაურთა ისმის ყრიალი:
- თბილისში ჩვენი ბედი იწვება!
დავცეთ, დავამხოთ, თორემ თბილისი
შენდება მეფის განსამტკიცებლად!
- წვრილ ერში ჰკაზმავს მეფე მეომრებს,
მან ერთუფლებით ჩვენ დაგვაჩოქა!
- მან აღამაღლა ჩემი მსახური!
- ბუბა ბუმბერაზს დაბა აჩუქა!
- ბივრიტიანი თავზე დაგვასვა,
გარდაბანს აძლევს, მისცა ჰერეთი!
- ამ ხანს მომყარე, ღმერთო, რისათვის,
თუკი სიმწარით დამაბერებდი!
- დღეს თბილისს მართმევს სპარსთ
მოყვრობისთვის,
დროშა გამტაცა, ძმებო, მიშველეთ!
მალე წამართმევს მე თრიალეთსაც,
რაკი მეზობლად ქალაქს მიშენებს! -
იტყვის შარაველ და იგლოვს მცხეთას:
- ვაი შენ, ჩვენო დიდო ქალაქო!
მამათა სახლო, ვით დაგადაბლა...
რატომ არ სტირით, მტკვარო, არაგვო!
ვფიცავ ბაგინეთს! ვის ველოდებით
მკლავდაძალული, ხელგაძარცული!
შევთხოვოთ კავადს, ქართლი დალაშქროს,
ან მეტი გზავნოს ოქრო სპარსული -
დასამხობელად ვახტანგის ტახტის! -
თორემ სპარსეთიც მალე ინანებს...
შემოჰყავს მეფეს რომაელები,
ქართლის მიწაზე დააბინავებს!
გადავიშოროთ ღალატით ვახტანგ
და მოვსპოთ მასთან ბივრიტიანი!
მონა-სპის მძღოლი, მეფის მისანდო
და მეერთგულე ბიზანტიონის!
მკვლელს მე ვიშოვნი, მეფისვე ერთგულს,
დაზეწრულ ზრახვას ბარემღა გკადრებთ...
ძღვენი უზიდეთ გაგას მდიდრული,
მე მოვდრეკ ჩვენსკენ ყველაზე ადრე!
- გაგა მეაბჯრე, მეფის მისანდო?
არ დაგვიჯერებს, კმარა, შეჩერდი!
- ის მე ვაჩუქე მეფეს, როდესაც
თითზე შემაცვა მთავრის ბეჭედი,
როს პიტიახშის დროშა მიბოძა,
როცა გამხადა მან პიტიახში...
ტყვე იყო გაგა... ჰონებს წავართვი
სასტიკს ბრძოლაში, შუა ლიახვში!
უთვისტომოა, გადმოხვეწილი,
- დიახ, გაგაა მისი სახელი!..
მეფის მეაბჯრე-მეხვაშიადემ,
დე, იხსნას ჩვენი გამოსახსნელი!
თავი მეხუთე

1
განძა-ცისკარას ქორწილი,
მეფის დალოცვა მამური...
ლხინი, მაყრული, ქალწულის
ცრემლები გადამალული...
მეფე-პატარძლის წინაშე
ეჯიბი სამდღე მჩოქარი...
ტრიალ მინდორზე ჯირითი,
ბურთი, ჩალიჩი, ჩოგანი...
მიზანში ამოღებული,
ჭაბუკთა გულში დათქმული,
პირიმზის თასი ელავდა
ოქროს ფიცარზე დადგმული.
- ესროლეთ! ვისაც მკლავი გაქვთ
და გული ადუღებული!
ჯილდოდ გულს თუ ვერ მიიღებთ,
მარჯვენა დარჩეს ქებული!
დამკვლევი თვალით უმზერდა
პირიმზე მინაზებული,
შავფხა წამწამით ჰგმირავდა
ნაძგერ გულს პირადმზეული.
ესვრიან აზნაურები, -
თერგაული და მთვარელი...
უმზერენ სეფე-ქალები
გავარვარებულ თვალებით.
ესვრიან ერისთავები
ნისლაურა და დავალი,
კვლავ გარდაბნელი შარაველ,
პიტიახშთ ჩამომავალი...
ისმის ზუზუნი ისართა...
ყიჟინა... ცხენთა დგრიალი...
ესროლა ბივრიტიანმა,
თასი დაეცა წკრიალით.
მაშინ პირიმზის სახეზე
ავარდა ვარდის ალმური...
ასჭიმა წარბი წალმური,
გიშრის ფრთით გადაკალმული...
- შენს მკლავს როგორ არ ვერწმუნო,
ჭაბუკო გადალერწმულო!

...................................
2
გაახსენდა, სულ პირველად,
გურამს შეხვდა ივრის პირად;
დილა იყო ოქროს ფრთებით,
მზე წითელი იდგა მზირად.
ნინოწმინდის გზით მიმავალს
ახლდნენ: რუშა, ნეშხა, განძა.
საუზანგე თასმა გაწყდა,
ვინმე ვაჟმა გაუკვანძა.
თავს ჩაფხუტი ედგა ვერცხლის,
ხელთ ეჭირა შუბისტარი...
ვაჟს კი ახსოვს ქერუბიმი,
ექვსივე ფრთით გადმომდგარი.
თითქოს თვისი ნათლის ფერი
დაუთმია განთიადსა...
იქვე იდგა დიდხანს გურამ,
თუმც ქალწული იორს გასცდა.
თეთრი ქორი, თეთრი ქორი,
რომელ მთისკენ გაუფრინდა?
გაუფითრდა სახე ჭაბუკს
გულთან ფარულ საუბრითა...
შორს მოსჩანდა ნაფრენალი...
მერანს ეკრა ვერცხლის ნალი...

3
ვინა ჰყავდა მოწმე დილით?
მხოლოდ ზეცა მოწმენდილი;
მხოლოდ ყანა თავანკარა,
დაზვინებულ ზვირთის ცემა,
სილურჯით რომ დაიცრემლა, -
ჰგავდა ქალის თვალთა ფირუზს,
რომ შეხედა პირდაპირულ...
და მას მერე ქალის შუქი
ვაჟმა თვალში შეიყენა...
და მის მერე ქვეყანამაც
ვარდის შუქით იწყო ბრწყენა...
ის უჯარმის სასახლეში
გახდა ხშირი სანახავი,
სამჯერ ჯიხვი ჩაუტანა,
და მეოთხედ ვეფხვის ტყავი...

4
აქვს დავლილი საცალკეოდ
მთის კვანძები, შავკლდის ეხი,
გზაბაწარა ბილიკები,
ღრე გაჭრილი ცხენის ფეხით...
ჯიხვის ჯოგის დაჯახება
ვაჟს უყვარდა გულით მჩქროლავს.
მამაც ჰყავდა მონადირე,
დაეხლიჩა ირმის ხროვას...
იტაცებდა შურთხის სტვენა,
ლურჯ ნაპრალზე ჩანჩქრის დენა,
ბევრჯერ ქალის სიყვარულით
დაედევნა ირმის რემას...
ჯიხვს გაქცეულს დაიჭერდა,
მოჰკოცნიდა ჯიხვის სახეს
და ზედ რქაზე დაშნის წვერით
დააჭდევდა ქალის სახელს...
ღამე, როცა კოშკის სარკმელს
აწყდებოდა ქარაშოტი,
არყის ქერქის ჭრაქზე სწერდა,
უნათებდა არყის ტოტი:
- ვარსკვლავები და ელვანი,
მზე, მთვარე, ზღვები მღელვარი
და ღაწველვარი
მწვერვალი,-
შენი ნაშუქი მგონია
და შენი პირის ნათელი...
მე შენს ნათელში ვტრიალებ,
მისთვის ხარ დასანატრელი!

5
ღამე ხშირად ქალის კოშკის
ლოდს მკლავს მოჰხვევს, თავს ზედ აკლავს,
თან აჰხედავს გომბორისკენ
გადაწურულ ჭოტა ვარსკვლავს.
- შენ მაისის მზევ, პირიმზევ! -
ოხვრას აღარ დააყოვნებს.
- ჰეი, ვინ ხარ, ჰეი, ვინ ხარ? -
დაიძახებს მეციხოვნე...
ვაჟი იორს შეერევა,
სარკმელში სჩანს ქალის ჩრდილი.
ქალს თავს ადგას თმის დამწნავი,
კავს უყოფდა ოქროს ჩხირით...
კარი მეორე
თავი პირველი

1
მიდის ღვინია თბილისისაკენ,
იქ უნდა დადგას სახლის კედელი;
ქალამნით მიაქვს მიწა კერისა,
ურმით ღირღიტა და საკვეთელი.
მიდის ღვთისავარ გრდემლით, უროთი,
ქვაბ-საკიდელით მიეშურება;
ხვალიდან ოფლი მისი მარჯვენის
თბილისის მიწას დაეჟურება...
კლდეზედ აშენებს მეფე სიმაგრეს,
საუკუნენი რომ ვერ დასძრავენ,
გახსნილ კირს ზეთით და ძეწნის წვენით,
ქერის ნახარშის ქაფით აზავებს.
ოც მტკავლის სისქე მისცა საძირკველს,
რკინის სალტით და ბრპენით მდუღარით,
დამაგრებული შეჭედა ქვები...
ფიცრად გახარჯა შავი მუხნარი...
დიდი ხელკვერი უჭირავს ღვთისოს,
მიერეკება ღვინია ხარებს;
ლოდს ეზიდება ნარიყალისთვის,
დახვითქულ მკერდზე ოფლი სდის ცხარე...
სიმღერით, კვნესით, შრომით და ღვაწლით,
ერი მდაბიო, გლეხი და მონა, -
აშენებს თბილისს... ბეგარით, ხარკით...
ისმის კვნესაში ოროველ... ჭონა...

2
თბილისის ტყეში დაჩნდა კრამიტი,
და გუმბათები, როგორც მტრედები...
სვეტები თეთრი მარმარილოსი,
დაჩუქურთმული კამარედები...
ხარობდა მეფე ხანმოთეული:
თბილისის არე მტერს გამოვტაცეთ!
ის უჯარმიდან ხშირად ჩამოდის
და თავზე ადგას ურიცხვ ოსტატებს...

3
შენდება სატახტო შავს ტყეში, სად ნადირს

ათასი წლობით ღამე ეთია...

ხვალ კარს გაუღებს დიდ ქარავანებს

დასავლეთიდან, ინდოეთიდან.

რომი, ათენი და ბაბილონი

ხვალიდან თბილისის ძმები არიან...

იჭრება მორებად სახერხე ხეები,

საჩრდილოდ სტოვებენ ხეებს ჯავარიანს.

შენდება თბილისი შავს ხეობაში,

ხორცს ისხამს ვახტანგის მონაფიქრალი...

ქვისყორე, ძელყორე, კვერი და მარწუხი,

წერაქვი, საკვეთი, ლორფინი, ფიქალი...

ურმებში შებმული აზავერები

და კამეჩები - დევის თავებით...

საკირის ქვას ჰგლეჯენ და ცრიან ქვიშას...

მექვიშეები... ქვის მზიდავები...

გაჰყავთ გზები და სჭრიან საძირკველს,

სთლიან ქვა ლოდებს, სწვავენ საკირეს...

ამაღლდა ფუძე, თაღი, სარტყელი,

გუმბათის ყელი ყველას აკვირვებს.

შენდება ჯარგვალი - სახლები ძელური...

ურთხელის კოჭებით გაყრილი კედელი...

სტოა და ჩარდახი, ერდო და ზღუდენი,

რკინით და სპილენძით გადაჭედილი...

შენდება თბილისი, - ქართლის საყუდელი,

მცხეთის და არმაზის დიდება გაფრინდა...

შენდება თბილისი და შუბლი ვახტანგის

დღეს იმოსება ახალი დაფნითა...

4

..."ტფილისს კაცნი დასხდებოდეს“

"ქართლის ცხოვრება"

აქ ჩალის ფასად ოქროს აგდებენ

და მარილის კვნიწს - ოქროზე მეტად...

არც ერთ ხატს საყმოდ თავს არ უდებენ,

ჰკოცნიან მხოლოდ ხმლის, დროშის ხეტარს...

ბავშვის მოჭრილ ჭიპს კერის ძირს ჰფლავენ:

- მათ ეყვარება მამულზე დგომა!

მით იგი ვეღარ გაგარეულდეს

და მტკიცედ დარჩეს ქართველის ტომად!

5

აქ მებადურ ტყლაპაურას

უყვარს მტკვარზე ბადის მოსმა.

ორაგულის ნახირს დაჰკრავს,

მოურეკა ანგელოსმა!

აქ ციბალი მეშუშპარე

ითამაშებს მთელ დღეს ბარე.

ოსტატია ქალთა როკვის:

- „აგდი-გოგდი,

შენთვის მოვკვდი!"


6

აზნაური სავატელი

მართლაც არის ღვინის მგელი!

ყველგან ეძებს ღვინის წყაროს,

რომ დედ-მამა შეიწყალოს!

ჭრელ ჩარექას დაუტკბება,

მაჭრის ჯამი უყვარს ხელში,

უყვარს ყველა ჭაშნიკები,

"არანანო" საწნახელში...


7

საწნახლის ხეს სთლის ღვინია,

სახლთან ერთად მარანს აგებს,

თავს შესწირავს ახალ კერას,

ზედ სიცოცხლეს გარდააგებს!

8

აქ ხახარე ტატანელი, -

ჯადოქარი სტვირის მკვრელი,

ხმავერცხლურად მოწკრიალე,

ოქროსათვის არა მღერის!

ხალხს,

აყვანილ კედლებს უმღერს

მტკვარზე მოჭრილ ლერწმის ღერით:

- აშენდი, აშენდი, ოქროს ქალაქო,

შენ საქართველოს მიწის გული ხარ!

ქართლის მომავლის დიდო სამჭედლოვ,

დიდების სახლო გაზაფხულისა!

9

საძირკვლის საღვთო...

ხორაგი...

ცეცხლმოჩუხჩუხე ქვაბები...

გართხმული მუხის ცხედრები,

ათასწლოვანი ამბებით...

სუფრის გამშლელი ქალები...

პირველ თბილისის ქალები...

ფერთოვლი დილავარდისა,

რიჟრაჟის ნაშუქალები...

მე სიყვარული დამწამდა...

მერცხლის თვალების წამწამთა...

სიცოცხლე მაშინ დამმწარდა,

თუ მათ არ მივეთვალები...

თქვენი ყაყაჩოს ტუჩები...

ბუდეშურული თვალები...


10

ღაწვ-ელვარე პატარძლებო,

ბევრის გული მიათვერით.

ნუთუ მართლა აღარა ხართ,

ნუთუ გახდით ნიავ-მტვერი?

- არა, დღესაც ჰყვავით ბაღში,

ვერ დაგაჭკნობთ ვერაფერი,

ზოგს კვერკვერა ჩითი გმოსავთ,

ზოგს ხავერდი მაჭრისფერი...

მე თბილისის ცის ღიმილში

დაგინახეთ დაუთვალი.

ვარსკვლავებად ღამე თბილისს

დაენთება თქვენი თვალი...

- იათამზე, იათამზე,

შუქით დამზერ ღამე თბილისს.

არ ჩამიქრე, არ ჩამიქრე,

მარწყვის ყვავილს გიგავს პირი!

- ბუდეშურა, ბუდეშურა,

ასი ტბაა შენი თვალი!

- ნინორე და გარიელა,

სულ იქნებით სატურფალი,

სანამდის არ წაიშლება,

ციზედ ირმის ნატერფალი!

თავს ლეჩაქი თქვენ გებურათ,

წმინდა, როგორც ტბების ვერცხლი,

თქვენ თბილისში სულ პირველად

დაგინთიათ კერის ცეცხლი.

აქ, პირველად გიმღერიათ,

რა სჯობს იმ ხმის გაგონებას! -

თქვენ მიეცით პირველ გმირებს

და ოსტატებს შთაგონება!

თქვენს ხელთსაქმარს მე ვემთხვევი,

თქვენს მარჯვენას ქსელის მქსოველს,

მტრედის გუნდო, სად გაფრინდი,

თბილისი ვერ დაიხსომე?

ნუთუ მართლა აღარა ხართ?

ნუთუ გახდით ნიავ-მტვერი?

არა, თქვენი იავნანა

ჩვენს აკვნებზე დღესაც მღერის!

თავი მეორე

1

ხვალ ზეიმია. ქართლის სატახტოდ

ვახტანგი თბილისს გამოაცხადებს.

დე, გაიხერხოს შურით მტრის გული,

დე, მოღალატის გული გაცხარდეს!

ნახეთ თბილისის გვირგვინოსნობა,

დროშას აღმართავს მეფე თბილისზე!

ოქროქსოვილი ხავერდის დროშა

მოუქსოვია თვითონ პირიმზეს.

ერი დალოცავს ხვალ ახალ კერას,

ნაამაგარი მარჯვენა მეფის.

მცხეთა, ფაზისი, ცხუმი, არმაზი -

დალოცვენ თბილისს - უფროსი ძმები...

2

ახლა ხმალს მაღლა ირტყამს ცისკარა

და ყოველ დილით თავის არწივებს

შუბით და ფარით,

მაგარი მშვილდით,

გალავნის პირას ჩამოამწკრივებს.

ფერად ნაქსოვით და ყვავილებით

სახლებს და ქუჩებს ამკობს ცისკარა,

ხვალ იგი მეფეს შეეგებება,

განძაც დახვდება ქალაქის კარად...

ღამით მოივლის ქუჩებს, ფოლორცებს,

მეფის ერთგული მოსამსახურე...

რა ლამაზია ჩვენი თბილისი,

ელავს, ვით განძის ლალის საყურე...

უმთვარო ბნელში შრიალებს ვერხვი...

ნაწვიმარ ღამის სითბო, ალერსი...

შეკრთა ცისკარა... აბანოს ხიდზე

ყურე ხიდისა ყრია ნალეწი...

იტაცა ხელი. გულში გაფიფქა -

”ვინ უნდა იყოს ჩვენში მკრეხელი?

ახალნაშენი კედლის მჩეხელი!”

წინ ბიჯი წასდგა... ეუცნაურა

და არ იჯერებს გული კეთილი...

ხახარეს თქმული სასახლის ქება,

სასახლის ბჭეზედ ამოკვეთილი,

ამომტვრეული დახვდა ნახევრად,

ნუკრის და ხოხბის ჩუქურთმიანად.

- იქნებ ქაჯია, ტყის ან წყლის კაცი? -

უეცრივ ყრუ ხმა შეეხმიანა...

ნაბიჯს უმატა და თვალმიგდებით

ხმას მიჰყვა ფიცხლად, მკლავის ამარა.

ჰხედავს, გაკრული კედელზე ლანდი,

ამსხვრევს წალკატით სახლის კამარას...

ყელს შეაფრინდა:

- მითხარ ვინა ხარ? -

მაჯით გათანგა მკლავი მშლელისა.

მუხლს მოეხვია ტირილით ლანდი,

მიუგო: - მონა შარაველისა!

ხელმწიფის გულის ასაკვამლებლად

საქმობს შარაველ, გეცოდინება...

სხვებიც დაგზავნა ქალაქის სავნოდ,

მეფის ზიანი ასე ინება...

თავი მესამე


1

ეგებებოდნენ თბილისელები

მეფეს, - სამშობლოს ჭაღარა მამას.

ქალაქის ბერნი ცხენს უკოცნიდნენ,

საფენს უფენდნენ, აყრიდნენ დრამას.

თან ახლდა მეფეს რომის დესპანი,

ტოგამოსილი იდგა ზვიადად;

მზერით, გიცქერით და დაკვირვებით,

ვეჭვობ, თვალები დაუზიანდა!

უჩვენეს დესპანს თბილის-ქალაქი,

გამოუმშრალი, სველი კედლებით.

- აჰა, სიმტკიცე ჩვენი ნაგები

სახლად სამეფოდ, ქართლის ბეთლემი!

- კლდიანი კარი აბია თბილისს,

მაგრობს კლდეციხეც, - დასძენს დესპანი,-

მაგრამ გირჩევდით, მეტ სიმტკიცისთვის,

შიგ ჩააყენოთ რომაელთ სპანი!

მჯიღი დაიკრა გულში ცისკარამ:

- სხვისი იმედის ნურმც ვართ ზიარი! -

ერს გადმოხედა წარბშეკრულ მეფემ,

ერთხმად გაისმა ერის ზრიალი:

- ციხე რად გინდა, ციხე თვითონ ხარ,

მაღალი ზღუდე საქართველოსი!

შველა რად გინდა, თვით ხარ იმედი!

არც ეშმაკი გვსურს, არც ანგელოსი!

ჩვენივე მკლავით ცხოვრებას გავწევთ,

მტერსაც ჩვენ თვითონ გავუმკლავდებით!

ტერფებს ურტყამდნენ მიწას ღონივრად:

- წინაპართ ფერფლი იყოს თავმდები! -

ჯვარზე დაიდვა ხელი დესპანმა,

აჩინა ღიმი ნაბოროტალი,

და ყინულივით სიტყვა გამოსჭრა:

- თქვენ ლომები ხართ, მაგრამ ცოტანი! -

უვლიდა გულში ზრახვა მზაკვრული,

აჩნდა სახეზე მანკიერება:

- თუ არ დასუსტდა ჩვენს სათამაშოდ,

რას გვარგებს ქართლის გაძლიერება?

2

უცბად გაისმა ბუკის ტკრციალი,

თითქოს ხრიალში გადიხარა მზე...

და თვალსაცერამ ღონიერ მკლავით

დროშა დაარჭო ნარიყალაზე...

3


პურდიდი ტაბლა მტკვარზე გაშლილი,

ირემი, ტახი ნანადირევი...

ღაღადებს აღთქმას ანთიპატრიკი,

ცბიერულ ცრემლით ანატირები:

- ორთავ ერთი გვყავს მტერი, სპარსეთი -

სატანაელი, ჯვარის მსხვრეველი!

მხარი მოგვაბით, იბერიელნო,

დავიცვათ ქრისტეს საკურთხეველი!

ჩაკეტეთ ჰონნი, არ გადმოუშვათ,

სპარსთა ბანაკის მისაშველებლად,

ხოლო თვით კავადს, აწყვეტილ აფთარს,

შეერთებულის ძალით შევებათ!

უკან გიბრუნებთ ქართლის ძველ საზღვრებს,

ლაშქარს შეგაწევთ ქვიშაზე მრავალს!

თუ ატყდა სპარსი საქართველოზე,

სისხლით შევღებავთ სპარსთა გასავალს!

ხელს აწერს მეფე რომის პირობას

და ჯვარზე ჰფიცავს თვისს ერთგულებას,

ისევ ბრუნდება უკან დესპანი,

თან მიაქვს მტკიცე ხელშეკრულება.

კარი მესამე


თავი პირველი

1

მეფე თბილისში სინჯავს ნაშენებს:

ციხეს, გოდოლებს, სახლებს, პალატებს,

ვიდრე ბოლომდი თავს არ მოაბამს,

დაწყებულ საქმეს არ უღალატებს!

ახარებს თლილი ქვაკუთხედები,

ჩაქუჩის დარტყმა, ცემა კვერისა,

კლდეზედ კედელი შედუღებული,

მტკიცე დუღაბი საძირკველისა!

შეხედავს კედელს და იტყვის ვახტანგ:

- ამის ამგები ნეტა მაჩვენა!

ვინ შეაზავა კირით დუღაბი,

ზედ ვინ აჭდია თვისი მარჯვენა?

შეხედავს პალატს, ამბობს ღიმილით:

- ვადიდოთ მისი ხუროთმოძღვარი!

ზრუნვა მეფური მე არ მოვაკლო,

ზედ მივაქციო თვალი მოწყალი!

და წარუდგენენ მეფეს ხელოვანს,

მეფემ ღიმილი რამდენს აკუთვნა...

და რამდენ ოსტატს, მადლის შემოქმედს,

შეფრფინავს მეფე, ვით შვილს საკუთარს:

- თქვენ ქართლის ზღუდეს აგებთ ურყეველს,

თქვენ საქართველოს კერას აშენებთ!

თავს ნუ დაზოგავთ, მკლავს ნუ დაზოგავთ,

შრომა და ნიჭი შემომაშველეთ!

2

ბევრმა გაითქვა ნიჭით სახელი,

მაგრამ დღეს ერთმა ყველა დაფარნა,

მეფის ასულის პალატის ირგვლივ,

გაისმის ერთი სახელი: ფარნა!

მართლაც, ნაგები მისგან პალატი,

რვაკონქიანი, უხვად შუქადი,

ფარნას მეფის ქალ პირიმზისაგან

ქებას, საჩუქარს მრავალს უქადის...


(მთაწმინდის მკერდზე, სადაც თეშუბის

ტაძარი იდგა, ძველად ნახელი,

პირიმზის პალატს აშენებს ფარნა,

მარმაშენია მისი სახელია!).


3

ვინ არის ფარნა ხუროთმოძღვარი,

გამარჯვებას და სახელს ჩვეული? -

ის ეგრისელი ჭაბუკი არი,

თვით ვახტანგისგან გამორჩეული.

ფარნას, ხომალდის წინამძღვარის შვილს,

უყვარდა მთები ნისლის პირბადით,

შავი ზღვის უბე აქაფებული,

ზედ მიმქროლავი თეთრი ფირფატით.

ზღვის პირს ფაზისი, - ტურფა ქალაქი

წარიგებული თეთრი სვეტებით...

მაგრამ თბილისი ჭაბუკ ეგრისელს

შეჰყვარებია თავგამეტებით...

იგია მისი აზრის სატახტო

და მისი სულის ტურფა ბაღიცა...

თუ მარმარილოს ეძინა ქართულს,

ხელახლა ფარნამ გამოაღვიძა.

ჯერეთ ყრმობაში აზრს გოლიათურს

შთაუნერგავდნენ სამშობლოს მთები...

ხშირად ორბის ფრთებს უალერსებდა,

რომ გაექროლა იმავე ფრთებით.

სწავლობდა ფარნა ფაზისს და მცხეთას,

იცნობდნენ რომს და ანტიოქიას,

ხუროთმოძღვრული მისი სახელი

რომაელთათვის დღეს მეტოქეა...

როცა ვახტანგმა სპარსნი გარეკა,

ახლად დაიხსნა ქართლი ხმლის პირით,

ფარნა თბილისში ჩამოიწვია

და ფარნა ახლა უშენებს თბილისს, -


ბაკურთან ერთად, ჯავახთან ერთდ,

ხუროთმოძღვარი დაუშრომელი...

ამ ორ ოსტატის გარეშე, ქართლში,

აღემატება ფარნას რომელი?

აკი, თვით მეფემ უთხრა საქვეყნოდ:

- გქონია თვალი ღვთის და არწივის! -

საკუთარ ხელით ნადიმზე ფარნას

გადააწოდა ოქროს ბარძიმი.

ახლაც, უმეტეს გაოცებული,

შეჰყურებს მეფე ფარნას ქმნილებას,

ჰაეროვან და სუბუქ შენობას,

პირიმზის ტანს რომ ეაჩრდილება.

ადიდეს ფარნა ხუროთმოძღვრებმაც,

კიდევ რამდენი სხვისაგან ითქვა...

ტკბილია მეტად, თბილია მეტად

სიყვარულის და იმედის სიტყვა.


4

მაგრამ უფრო მეფის ქალი

თვალს ვერ აცლის ღვთიურ ნაკეთს,

ქალმა ჰღიმნა. რა უნდოდა

ცხადად ეთქვა ოქრობაგეთს?

ქალმა ჰღიმნა. გადაჰხედა

თავდადრეკილ ფარნას მორცხვად,

და გუჯარი წყალობისა

გადულოცა ხუროთმოძღვარს.

ფარნა დაკრთა, ჩამოართვა.

თითქოს თვალი გაუფეთდა.

და ემთხვია მხოლოდ უზანგს,

უზანგს კოცნა გაუბედა.

5

ცხენი დაიძრა... წავიდა ქალი...

ფარნას თვალი კი მის გზას მიკრულა.

- ახლა ვიგრძენი, რომ უკვდავებამ

თავისი ფრთებით გადამიქროლა!

სახე შემკრთალი ანგელოსისა,

შემთხვევით ხალხში გამორეული...

ღმერთს გარდა შენ ხარ და სხვა არავინ... -

და დიდხანს იდგა გონარეული...


6

ისევ უჯარმას ბრუნდება

მეფე გორგასალ ამალით.

ოქროში მჯდარი მიქროლავს

პირიმზის ცხენი ფრთამალი.

და მეფის ასულს მდუმარეს,

უელავს პირი თოვლური,

წამოსწევია სამგორზე

ნიავი სამინდორული.

ქალს ნიავი მისძახოდა:

- რად გასტეხე სხვისი გული?

გული რისთვის შეულეწე,

რად გაუხდი სარაგური?!∗


გარს ისმოდა ავჟანდების,

უზანგების ძგარაძგური...

შორს ფარნა იდგა მდუმარე,

ტკბილ ხსოვნას ახანგრძლივებდა...

ჰგონებდა მზის შუქს ჩამავალს

პირიმზის სახის სხივებად...

თავი მეორე


1

მეფე რას ჰფიქრობს ამხედრებული,

შუბლი რა ფიქრებს დაუთოვია?

ქართლის გზას ჰზომავს,

ქართლის გზა-სავალს,

გამოსავალი ვერ უპოვია!

ბევრი უხარჯავს სამშობლოსათვის

აზრი ძლიერი, ღონე მდევური,

ისევ იმედით მდიდარ მომავალს

შეჰყურებს მეფე ხანმოთეული.

- დავაცხრე შფოთი, შუღლი, ამბოხი,

და კვალად ვებრძვი მრავალ-მთავრობას!

მკვიდრი სახლი და პური უკვდავი,

მივეც ქართლს, მივეც შთამომავლობას!..

თვითარსებობა გაუძლიერე

მე ჩემ სამშობლოს მკვიდრი ძალებით,

არ ვათელვინე რომსა და სპარსეთს

და მისს არც ერთ მტერს არ ვეკრძალები!


................................

ძმობას, შეწევნას ვთხოვ მეერთრჯულე,

თვით კონსტანტინეს დიდი ქალაქი!..

მაგრამ რამდენჯერ დაგვიცავს სისხლით,

ახსოვს დასავლეთს ჩვენი ამაგი?!


რამდენ ნიაღვარს გადავარჩინეთ

და ახლაც, ჩვენი მკლავით და მკერდით,

დარაჯად ვდგევართ კავკასაონზე,

რამდენ ველური ტომების გვერდით!


რა ვქნათ, არა გვაქვს გზა მის გარეშე,

მასაც ჩვენებრ სწამს იესოს ჯვარი!

თუმც სპარსეთივით მგლის ტყავი მოსავს,

ორივეს ჩვენი ჩანთქმა სურთ ჩქარი!

ჩვენ კი სხვა ქვეყნად არ ვეძებთ ოქროს,

არ გაგვიშლია მისთვის აფრები,

თავისუფლების ვართ მაძებარი,

ზედ მშობელ მიწას დავეკაფებით!

2

წარბებშეჭმუხვნილ მეფეს უცებ

შემოესმა ნამგალური,

”ჰერიოგა“, დიდ მინდორზე

ბაგა-ბუგი, ჟრიამული.

ას ნამგლის ხმა ჟღერდა ერთად,

მოძახილი ენაჭრელი...

ჯარა-ჯარა მოდის ყანა

ნამგლის ფხაზე შენაჭერი...

მეფეს მღერით მოაგებეს

ხელეურის ბღუჯეული;

დარჩეული თავთავები,

მტკავლის ტოლა, უჩვეული...

მღერალ გლეხებს გახარებით

ჩამოართვა მეფემ ძღვენი,

ემთხვია და მკლავს გადიწყო...

და ის იყო, დასძრა ცხენი...

ჩამოეზიდნენ მეფის ავჟანდას

მეძნეურები ხვეწნით, მუდარით:

- გვიხსენ, ხელმწიფევ, აზნაურთაგან,

გადაგვაშორე სულთამხუთავი!

ოფლით ნაწურვალ ყანის მადლს ვფიცავთ,

აღარ გვაქვს, მეფევ, სულდგმა და ძალი!

ერთი პერანგი სამ ძმას გვაცვია...

ლუკმა გვაქვს მწარი!..

წყლად გვიდგას ძმარი!..


”მძიმეა უღელი თქვენს ქედზე დადგმული! -

გულში სთქვა მეფემ, - მაგრამ თუ ასრულდა,

თუ გამიმართლდა აზრი დათქმული,

იმედი გქონდეთ ჩემი შველისა...”

ჰკითხა: - ვინა ხართ, ვის ხელქვეშეთი?!.

მიუგეს: - კაცნი შარაველისა!..

3

წინ იშლებოდა შარა სოფლისა,

იყო სოფელი რის ამსარკველი?

წნური ქოხები... ქალამნის კოპი...

ფრატი... ძონძები... და ნაცარკვერი.

ცხენს აუჩქარა მეფემ... გადაღმა

მთაზე ირმები იდგნენ ნებივრად...

ირმებს უმზერდა მეფე ვახტანგი,

მზე ჩამავალი რქებზედ ეფინათ...

4

შედის მეფე სასახლეში

ფიქრში სევდაშერეული,

და ბარაქის ნიშნად, დიდ სვეტს,

ზედ მიაკრა ხელეური.

- დე, კერაზე შრიალებდეს,

თვალს უტკბობდეს ქართლის მზრუნველს

დე, ყნოსავდეს ყოველდღიურ

მშობლურ მიწის ღალის სურნელს!

მაგრამ მეფეს უჯარმაში

მძიმე ზრუნვით დახვდა კარი...

- დესპანია სპარსეთიდან,-

თვით შაჰან-შას ბიძა არი!

უცბად იგრძნო მეფემ, თითქოს

შეურხია ქარმა ფარი,

მკლავს დაჰხედა, თითქოს მკლავზე

სჩქეფდა სისხლის ნაშხეფარი...

თითქოს გუგუნს ყური მოჰკრა,

ქვეშკნეთიდან ყრუ მოძახილს,

- შემოიყვათ! - ბრძანა მეფემ

და მოსწია წამით მახვილს...

თავი მასამე

1

აბორგდა კავად შაჰან-შა,

უქრის თბილისის სურვილი...

ვერმაძღრისობა სისხლისა,

ახრჩობს დაპყრობის წყურვილით...

- თბილისის ციხე წამართვეს,

ჩვენი სიმტკიცის ალაგი!

სადაც ლაშქარი მეყენა,

შენდება ქართლის ქალაქი!..

თვალებს მწვავს ქართლი... კოლხეთი...

პონტოს ზღვა... კასპის კარები...

რძისა და თაფლის ქვეყანა...

ღვინო და ელვაქალები...

იქ, მთებში, ვერცხლის მადნები

ცისკრული შუქით ინთება,

კვერნის ტყავს წყალში ჩაუშვებ,

ოქროთი გაიჟღინთება!

რკინის დედაა ის მიწა,

იქ იჭედება ფოლადი;

მძიმე ტვირთისგან ძლივს იძვრის

ნავთსადგურებში ხომალდი.

იქ კეისარმა დაგვასწრო,

ჯვარით შევიდა ვერაგი!

წავართვათ! ავდგეთ საომრად,

ჩავიცვათ რკინის პერანგი!

დროშა აუშვით, ლაშქარნო,

აიღეთ, სპარსნო, ფარები!

რომ ჩვენი გახდეს ხვალიდან

თბილისი - ქართლის კარები!

გადმოიბირეთ ოქროთი

ვახტანგის აზნაურები!

ტახტი შარაველ პიტიახშს!

გაგვიხსნას ნაგზაურები!

2

კავადის მიერ გამოგზავნილი,

დესპანს ეჭირა ხმალი, სუდარა:

- ძლევით ვინ დასძლევს კავადის ბანაკს?

მის მტერს მოელის ეგ საჩუქარად!

- ჩვენს გულს ვინ დასძლევს? -ეტყოდა მეფე,-

ქართლში რად ეძებთ თქვენ საცხოვარსა?

არა ტყუილად მაბიეს ხმალი,

მგელს ვერ დავაჭმევ ჩემსა ცხოვარსა!

- მეტნი არიან სპანი სპარსთანი

და რომის იმედს ამაოდ მისდევ!

- კაცის ნებას სძლევს ნებაი ღვთისა,

თუ ძირს დამცემენ, აღმადგენს ქრისტე!

- ისმინე სიტყვა შაჰინ-შაჰისა:

”ჩვენ დავივიწყოთ წყენა წარსული...

„მიგვიძეხ მკლავით რომაელებზე

„და ცოლად მომე შენი ასული!..

”მე შვილი ვიყო, შენ იყო მამა,

„ძმანი ვართ, კაცნი ნებროთისანი!

„თუ არა, - სისხლის ქაფი სდის ხმალსა,

„ლოდნიც ვამტვრიო თქვენის მთისანი!”


- არ გვინდა ომი, - იტყოდა ვახტანგ, -

გვინდა კეთილი ყოველთა ერთა!

მზად ვარ ქართლისთვის ყოველდღიურად

ჯვარზე გავეკრა ქრისტესთან ერთად!

მე ფიცს არ გავტეხ, რაც რომ მივეცი,

ერთი გვაქვს ჭირის და ლხინის გზები!

ჯერ ჩვენი მოძმე გინდა დაამხო,

მერე ჩვენ მოგვდგე, ეს ვიცი ზეპირ!

ამოიწვადა ხმალი ვახტანგმა

და ჯვარს შეეხო: - ამის მადლს ვფიცავ!

ჯერ ჩემზე მოდით და მერე რომზე,

ვნახოთ, ვინ დალეწს ვის გულის ფიცარს?!

სირცხვილს სიკვდილი ჩვენ გვირჩევნია,

ჩემს ხალხს სახელი უყვარს სვიანი!

მოდით, დაგხვდებით ერთი დროშის ქვეშ,

ქართლი, სომხეთი, კავკასიანნი!

3

იხმო ვახტანგმა თვისთან პირიმზე,

ამცნო კავადის ზრახვა ფარული.

ამაყად იდგა ქალი პირიმზე,

ერტყა ქამარზე დაშნა ქალური.

- დიდია კავად, სპარსთა შაჰან-შა,

მაგრამ არა მსურს ბედი მხევლობის! -

თან დაშნის ტარზე ხელი ეჭირა

ნიშნად სიმტკიცის, შეურყევლობის...

- არ გაძლევ წარმართს, მიგცემ კეისარს, -

სთქვა მეფემ, - ვითარ ჩვენი წესია!

- არც სპარსეთი მსურს, არც საბერძნეთი,

ჩემი სამშობლო უმეტესია! -

გულზე მიიკრა მეფემ ასული,

უკოცნის ქოჩორს მომარგალიტულს:

- შენებრ თუ ბევრი ქართლს ეყოლება,

ყოველი მტერი მისი განივლტოს!..

4

მოციქულს უვლენს ვახტანგ კეისარს:

- ჩვენ შეგისრულეთ აღთქმა ყოველი!

არ ვრიდეთ სპარსეთს და ვეურჩენით,

ახლა შეწევნას თქვენსას მოველით!

ვიბრძვით ჩვენ არა მხოლოდ ქართლისთვის,

და თუ სპარსთაგან შევიმუსრებით,

თქვენც, თვითონ წმინდა ელურსამეთიც,

მტრის ბილწი ფეხით დაიქუსლებით!

გვწამს პირობა და ფიცის სიმტკიცე,

და გვწამს შეწევნა ქრისტესმიერი!

ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ, გწყალობდეთ ღმერთი

და ღვთიშობელი პირმშვენიერი!


კარი მეოთხე


თავი პირველი

1

მოდის კავად სამესისხლოდ,

თავის მკლავის ძალას ჰფიცავს,

სურს ხმლის დაკვრით რომ აჰხადოს

მან სარქველი დედამიწას!

ფიქრობს ვახტანგ სამშობლოს ბედს:

- ვით გაუძლოს ათასს ასმა?

შვიდწყრთა შუბებს ლესვა უნდა,

ხმლებს წრთობა და ცხენებს კაზმვა!


ხვალინდელ დღეს სწონავს ფრთხილად,

მომავალ დღეს განუჭვრეტელს...

და კლდის ნარღვევ ლოდებისგან

თან ამაგრებს ციხის კედელს...

2


მწვერვალებზე ცეცხლს ანთებენ

მტრის მოსევის ცნობის ნიშნად...

იხიზნება ხალხი მთებში,

ჩიტიც კი ნარს შეეხიზნა...


მთლად გაივსო სახიზრები,

ტყე, კლდე, ქვაბი, მღვიმე, ხვრელი,

ზღუდეთგარე დარჩა მხოლოდ -

ხმლის მქნეველი, სანგრის მთხრელი...

და როდესაც სპარსთ ლაშქარი,

არეზს აქეთ გადმოეშვა,

თითქოს მთებიც შეიკუმშნენ

და იორიც თითქოს შეშრა...

3

ყველა აღდგა, როცა ნახა

მტერი მამულს შესეული, -

მოლაშქრე და მონადირე,

მეზვრე, ყანის მესვეური.

აბჯრიანი გოლიათი,

მოხრილ ხმალით, შავი ფარით,

უცდომელი მშვილდოსანი,

მეშურდულე, მეშუბარი...

გვერდფიქალა, დევისთვალა,

ბრგე, მკერდელა, გაშლილ ბეჭით,

ქედუხრელი, უტეხარი, -

ნაპრალების ანაგლეჯი!

მუზარადზე ცხენის ძუით

იყურება ბუმბერაზი,

ნაშუბარი შუბლზე უჩანს,

პირს ნახმლევის გრძელი ხაზი...

აი, გმირი მარტომბრძოლი,

ხმა მიუგავს ჩანჩქრის შხივილს;

ფეხთ მამალმა რომ უყივლოს,

ვერ გაიგებს ყურთან ყივილს!

ზოგი არის მთა ცეცხლმქშენი,

ზოგი ლერწმად ამოსული;

ზოგში ვეფხვის სული ცხოვრობს,

ზოგში ქვის და რკინის სული!

4

ეგრისელია ათასი კაცი

და ათასივე შეფიცულია...

წინამძღვრობს ჯაგუ სამანღირის-ძე,

იგი ეგრისის სეფეწულია.

ათასი დაშნა ასწიეს მაღლა

და ერთი სიტყვა წარმოსთქვეს მხოლოდ -

”გაგვმარჯვებოდეს!”

დაშნა დაუშვეს.

ეს იყო სიტყვის თავი და ბოლო...

ყველას თვალებში ცეცხლი უნთია,

ყველას მკლავები აუკუნთია...

5

ბრწყინავდა ზოგის ტანისამოსი,

ზედ ოქრო-ვერცხლით დახვავებული...

უფრო ლამაზი იყო სამგორი,

მათი მშვენებით აყვავებული...

მათ შორის იყო ბივრიტიანიც,

ეჭირა ფარი მოოქროვილი...

და შორს მოსჩანდა ცხენზე ცისკარა,

თბილისისაკენ გამოქროლილი...

- ცისკარ, ჩაფრინდი, ჩაჰხედე თბილისს,

შენ გამიმაგრე თბილის-ქალაქი!

არ მიაკარო მტრის ბილწი ხელი

მისს წმინდა კედლებს!

კლდეზე გამაგრდით!

ეტყოდა მეფე: - თუ გაგიჭირდათ,

თქვენდა საშველად ჩვენც ავიყრებით!

- სისხლის წვეთი ვართ, ჩემო ხელმწიფევ,

სადაც გაჭირდეს, იქ დავიღვრებით!

ემშვიდობება ცისკარა განძას:

- მე შენს სიყვარულს დავეშმაგები!

ახლა კი ჩემი ხმალი მეძახის,

რომ ვჭრა ქაჯები და ეშმაკები!

- სიზმარში სამჯერ გამიტყდა ხმალი,

ნეტავ რას ნიშნავს, ნეტავ, რა არის?! -

თრთოდა, ღელავდა ბივრიტიანი

და გულს უთხრიდა ფიქრი ტიალი...

უგზავნის სპეტაკ მანდილს პირიმზეს:

- თუ ჩემი სისხლი მიწამ ისხურა, -

შენის თითებით ჩამიწე წყლულში,

შენ შემიღებე იგი სისხლურად!..

პასუხად ქალი უგზავნის ნაწნავს:

- ატარე ომში, როგორც თილისმა...

არ ჩამოვარდე ციდან, არწივო,

მწყურის სითეთრე მაგ მანდილისა!

7

კრთომით ეტყვის ქალი გამზრდელს:

- ვეღარ ვითმენ ღელვას ამდენს!

შენ, ბერდედავ, სამძივარო,

სიზმარს გეტყვი მე წუხანდელს:

შეტბორებულ შავ ღრუბლებში

ოდნავ კრთოდა იისფერი

და ვარსკვლავი ბნელწითელი

წამოვიდა ცაზე ფრენით.

მე მისს შხუილს ყურს ვუგდებდი,

დაეცა და ვეღარ ადგა...

დაეცა და ვეღარ ადგა...

ფრთაში ძალას ეღალატნა...

8

- რაღა ვქნა, გავნიავდები,

დამნესტრა მწარე ლახვარმა!

- მზით აგხდენოდეს ნასიზმრი,

შენი გვირგვინის ნახვამა!..


9

კლდის ნაგლეჯი შავის ლოდით

ანაგები, ძველის წესით,

დგას უჯარმის წინა ციხე,

რკინის კლდეზე უმტკიცესი...

არ ყოფილა არასოდეს

იგი მტრისგან დაძლეული...

შიგ შევიდა მეფე ვახტანგ,

საგანძურით, ტაძრეულით...

შეიტანეს პური, ღვინო,

და სახორცე ჯოგი ზედაც,

რკინაც ბევრი შეიტანეს

ციხის კარის მოსაჭედად.

დარჩეული ბუმბერაზნი

შეიყვანა მეფემ თანა,

გაამაყდა წინა-ციხე,

წვერი ცამდის აიტანა!

- ვინ გაბედავს, განაქარვოს

გორგასალის დიდი ღვაწლი?

ქართლის ყველა მემუქარეს

თავს მახვილით გადავაცლით!

10

ნამსუქნ მიწას, ყანების მზრდელს,

მობნელმწვანო, მსუყე ფერით, -

გაუზრდია თვალსაცქერა,

კლდის გამდრეკი მუხლის კვერით.

ნადირის რძენაწოვარი,

მუდამ თითქოს მყოფი რულში,

დადის, როგორც დიდი კოშკი,

ღონე უშლის სიარულში...

თმადაგრუზულს, სახელმწიფურს,

ხელთ შუბი აქვს სისხო სარის...

ძირს არასდროს დაუხრია

სეფე-დროშა გორგასალის...

ის ტყვედ იყო აბაშეთში,

ცხრა წელს უდრეკ ჯაჭვით კრული,

გამოივლტო! ვერ გასტეხეს

ტყვეობაში მისი გული!

მუხის ქერქი ეცვა ფეხზე,

გზას უკვლევდა შუქი მთვარის;

ახლა დროშას აბარებენ,

არ გახაროს დროშის ტარი!


თავი მეორე

1

მთვარემ ბნელი გალამპრა

და ფურცელი ვერხვისა.

ცხენმხედარის დგრიალი...

”ქორბეღელას” ფერხისა...

- პასუხს გასცემს უჯარმა,

მცხეთა - თბილის - არმაზი!

არ დალბება ფოლადი,

ვინ მოღუნა ალმასი?!

შელანძღული კოშკები...

ხავსიანი ყორენი...

მთვარე ფერხულს ანათებს...

შორს, სადღაც ჰყეფს ყორანი...

2


ცალმუხლზე ყრმები უკრავდნენ ჩონგურს,

ისმოდა დიდება ვახტანგ მეფისა...

მოიჯრებოდნენ ჩონგურის ირგვლივ,

ჩუმად აჩრდილნი აკლდამებისა...

3

სუროიანი საყდრები ბრწყინავს,

სადღაც ხარები დაკლეს ზვარაკად,

ჩაჩქნის ჯამებით დალეულ ღვინომ,

წმინდა გიორგიც ალაპარაკა!

პურით, ზედაშით, ზვარით, სანთლებით,

ეხვეწებიან ფუძის ანგელოსს;

შველას შესთხოვენ მხედარ კოპალეს, -

ბრძოლაში შუბი მარჯვედ აგელოს.

ადგილის დედას ეკითხებიან

და აბარებენ კერის ნაღვერდალს...

დროშის ჭდეები შეაჟღარუნეს

და ერთი ცეცხლით ხალხი აღელდა...

ქაჯი მჭედელის ნაჭედი ხმლები

აალაპლაპეს მტერზე მიმსვლელი,

ორბის ფრთით სავსე ქარქაშიანნი,

მეშურდულენი, მეშვილდისრენი. -

ფეხაბორგებით მთებს გადმოეშვნენ, -

ხელთ მაშხალებით

და ლამპარებით...

ცეცხლის შუბებით...

ნათლის ფარებით, -

ლაშქარს უძღვიან ...

წინაპარები...

4


გაახსნევინა მეფემ საჭურჭლე,

შიგ შეიყვანა ღვთისო მჭედელი,

დიდხანს არჩიეს ხმალი ფხიანი,

კაცის და ცხენის ერთად მკვეთელი.

სამი გატეხა ხმალი ვახტანგმა:

- ვერ გამომადგეს ომში იმედად! -

ორი მოღუნა მუხლზე ვახტანგმა,

მხოლოდ მეექვსე ვერ გაიმეტა!

და მეექვსე ხმალს ემთხვია მეფე:

- ამ ხმლის ფოლადში მეხის ცეცხლს სძინავს!

მოდის ვახტანგი, ღმერთს ჰგავს ვახტანგი,

გადაუდგება თვით ღმერთსაც წინა!

გადუწყო მჭედელს ოქრო კაპარჭით,

სამი სოფელი სიგლით უბოძა,

დალოცა მეფემ ღვთისოს აკვანი,

აკურთხა მისი მშობლის კუბოცა.

დაუმყუდროვდა მეფეს გუნება:

- ვნახოთ, ვინ შეხსნის უჯარმას კარებს?!

- შეიბ მახვილი! - უგალობს ხალხი

და სასახლესთან, ვით ზღვა, დგანდგარებს.

5

ყველა მზადება ათავა მეფემ,

ყველა ზვარაკი უფალს უზვარა,

წმინდა რაჟდენის ეკლესიაში

ახლა ჯაჭვს იცვამს, იდგამს მუზარადს.

თორნი მოართვეს და საბარკული,

ჩააცვეს ჯაჭვი საარაკოცა.

უკვე შეუკრა ჯაჭვის ხელნავი

და მაჯის სალტეს გაგამ აკოცა...

ბარძიმ-ფეშხუმის მადლით დალოცეს

გმირის აბჯარი სისხლნასხურები...

წითლად ელვარებს მარჯნის კანკელი,

აკმევენ ოქროს საცეცხლურები...

- ჯვარის მტვირთველო, აზრი მიკურთხე!

- აბჯრის მტვირთველო, მომეცი ხმალი!

- ერო, დადექი ჩემთან სიმაგრით!

- ჯვარო, მომეცი იმედი ხვალის!

6

- ლომნი იყავით! - მიჰმართავს ლაშქარს, -

ნუ შეგაშინებთ სპარსთა მრავლობა,

რომ ჩვენი ძვლები არ ამობერტყოს

მიწიდან ჩვენმა შთამომავლობამ!

- ლომზე ძლიერო, არწივთ უმაღლევ,

ჩვენ გულს შენი ხმა ხმლისკენ ეწევა,

ხმალს ძირს დავუშვებთ, -

ყივის ლაშქარი, -

როდესაც მტერი დაილეწება!

7

არ ჩანს შავს ზღვაზედ არც ერთი აფრა

წაგებულ საქმეს რითი ვუშველით?! -

ვრცელ ფოლორცებზე რომს აგინებდენ,

ფიცხად ისმოდა სიტყვა უშვერი.

- ბიზანტიონის ლაშქარი არ სჩანს,

არც გამოჩნდება, ძმებო, იცოდეთ!

გადავიკიდეთ მის გამო მტერი

და ახლა ხელს ვინ გამოგვიწოდებს?

- არ სჩანან რომის ლეგიონები, -

ბორგავდა ვახტანგ, - რა ფიქრს ვღალავდი.

უკვე სომხეთიც დასცა სპარსეთმა,

ნახარარების ურცხვი ღალატით!

შეიგვიანეს კავკასიანთაც,

სპარსულმა ოქრომ თუ უქადაგა!

სპარსეთისაკენ უქნიათ პირი,

რანს, მოვაკანს და ადარბადაგანს!

ცისა და მიწის შუა მარტო ვართ

და მიგვატოვა ალბათ უფალმაც!

არ შევუკრთები, მთელ აღმოსავლეთს,

დე, მარტოდმარტო დაჰხვდეს უჯარმა!..

- სჯობია კავადს ვთხოვოთ შენდობა,

ხარკი ვიკისროთ მოხრილი ჩოქით! -

ერს აჯანყებდნენ აზნაურები,

მტრისკენ ფარულად გარბოდა ზოგიც...

- ტახტი ირყევა ვახტანგეთისა,

ჟამი დამიდგა, ჩავიგდეთ ტახტი! -

ხარობს შარაველ ერისმთავარი,

თან გაურჭვია სარტყელში ლახტი.

არშუშა, ღვირღვა, ხორნაბუჯელი,

დააჭენებენ ცხენებს ფარულად,

მტერი აშკარად მოდის...

და ქართლის

გულში ღალატი შემოპარულა...

თავი მესამე

1


- რამდენი განდგა აზნაურთაგან,

შემოეცალნენ მეფეს ბურჯები!

სპარსებს მიემხრნენ ღვირღვა, ფარეჯან,

არტვაზ, არშუშა, ხორნაბუჯელი!..


- არ მოტყუვდება თვალი მეფისა,

დროზე დააჭრა ფრთები შარაველს!

თორემ ისიც მტერს მიუვიდოდა

ძველებურადვე, უშიშარადვე!

2

ოქროკაზმულ ცხენს იჯდა შარაველ,

ერტყა კალდიმი ოქროჭედილი;

მას გულს უთხრიდა იჭვი და ფიქრი,

ბედი ხვალისა განუჭვრეტელი.


პალატის ბჭის წინ, ერში, შარაველ

გაგას ეძებდა გახელებული,

და თვალი შეჰკრა, - იდგა ლაშქარი,

დიდ სანახავით აღელვებული...

ჰხედავს, დამდგარა გზისპირზე

ხელთ ოქროს ჯამით პირიმზე,

ბრძოლის წინ აბჯრიან მხედრებს

ღვინოს აწოდებს ღიმილით.

დგას მთელი ლაშქრის დობილი,

ელვარე, ჩამომწყაზრული...

რამდენი გული გაათბო,

ყინულის სუსხით დაზრული.

ალმასურ შუქს ისვრის სახე,

ცეცხლის ბუქს ჰყრის ქალის თვალი.

თითქოს ზღვიდან ამოსხივდა

მზე მარჯნულად გამომკრთალი...

გულს რა გაჰკვეთს, განა ხმალი?!

3

ვით უღელვო ზღვა, დგას ჯარი,

პირიმზესთან დანაჯარი...

და ტრიალებს ოქროს ჯამი,

სიკვდილის წინ საჩუქარი.

წარსდგა თვითონ შარაველიც,

სასოებით, მუხლზე ჩოქით...

ჩამოართვა ღვინის ჯამი

შეკრთომილმა გულის ტოკვით.

ხმა მოუტკბა მეფის ასულს

და გაუხდა თვალი ფართო:

- შენ გაბარებ ბივრიტიანს,

არ დასტოვო ომში მარტო! -

შეტორტმანდა პიტიახში:

რა გასტეხდა ამის მეტი?

გამქრალ იმედსღა ჰხედავდა,

პირიმზის პირს შენამჭვრეტი.

4

და ბივრიტიანს მუზარად დადგმულს,

ასე მიმართავს ქალი ხმანაზი:

- ლომი ხარ, მაგრამ შენს სუფთა სახეს

ხომ არ აკლია ჭრილობის ხაზი?

დამილოცნიხარ! დაცალე ჯამი,

მშობელი მიწის ტკბილი წვენია!

წადი, გახსოვდეს, - მიწაც, ეს წვენიც,

მამათა სისხლით შენაძენია...

ხოლო მოლაშქრეს ეტყვის თვითეულს:

- მაშ მკლავის ღონე სადღა დატიო,

თუ დედას, დას და თქვენი მეფის ქალს

მტერს მისცემ ხელში საუპატიოდ!

5

ელავს, ბრწყინვალებს ჯამი ოქროსი,

ღიმილს აშუქებს ლაშქრის დობილი,

ბევრის გული ძგერს, მაგრამ ქალისთვის

მხოლოდ ერთია ნიშანდობლივი.

უცბად გაისმა ბუკის განგაში,

იგი სეტყვის როხს მიემგვანება...

ხევისთავები, ხევისბერები,

ერს უკითხავენ მეფის ბრძანებას:

- ვინც ხვალის ომში დარჩეს ცოცხალი

და ომიდან არ გამოიტანოს

ანუ მტრის ხელი, ანუ მტრის თავი...

მოკვდეს ჩემს მიერ, დარჩეს ლიტაო!

- მოკვდეს! - იძახის მთელი ლაშქარი, -

ამოებზაროს ორივ თვალები...

- მოკვდეს! - ხმაგზნებით გაიძახიან

ციხის ჩარდახზე მდგარი ქალები...

ხმამ შარაველი შეაჟრიალა,

აზრზენით იდგა სახეყვითელი...

ჩადგა სიჩუმე... მეფე გამოჩნდა,

წინ მოუძღოდა ჯვარისმტვირთველი...

6

ილოცა პირიმზემ შველის ეკლესია

და ვაზის ხიდით განვლო იორი...

ქალწულის გული დღეს ეკლებშია,

არ არის ეს დღე მისთვის იოლი.

ჩუმად ჰკოცნიდა პირიმზის ტუჩი

ოქროთ მოცვარულ სახარების ყდას.

ღამით ვერ მილულა ბინდული წამწამი,

ვერ მიერულა... ძილი გაუტყდა.

ღვთიშობლის ხატთან ჩუმი ვედრება...

ფიქრებში ღამის ჩამოთეთრება...

საკინძი, ყელზე გადახეული...

პერანგზე მთვარის ზამბახეული...

გულმა რამდენი ცრემლი აკმია...

ისევ მას ჰხედავს ოქროლაგმიანს...

მისს ამაყ სახეს ზარად აწეულს...

და ისევ კრთომა, ფიქრში ტრიალი:

სამშობლო...

მამა...

ბივრიტიანი...

თავი მეოთხე

...“და მოვიდა (კავად) მეფე და შემუსრნა

ქალაქნი კამბეჩისანი, და ჭერამისა ციხე და

ველისა ციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად,

დაიბანაკეს იორსა ზედა, გარემოს ციხესა ქალაქსა”...


”ქართლის ცხოვრება”


1

არსად არ დახვდა მტრის ლაშქარს მეფე,

სხვა აქვს განზრახვა და იმედები.

დაე თბილისთან იბრძოლოს ერმა,

თავის კერაზე თავგამეტებით.

ფარულ სანგრებით და ორმოებით,

მტრის გზა ჩახერგა ივრის ნაპირად,

წყალთან მოიყვანს, ფონებს აღრმავებს,

დაყაროს მტერმა, რაც ინადირა!..

მემკვიდრე დარჩილ წარგზავნა კახეთს:

- შენ დარჩი, ჩვენ თუ გავიჟლიტენით! -

რუსთავს აბარებს ერისთავს ვარჯანს,

დემეტრეს მისცნა მცხეთის კლიტენი...

შემოიფიცა ფიცით შარაველ,

აღთქმით, მძევალით და თავდებობით:

- თუ ჩემს დროშაზე, ჩემთან იბრძოლებ,

თუ მიერთგულებ, ისევ გენდობი!..


და ნაცარს იყრის თავზე შარაველ,

სთხოვს მეოხებას თავდადრეკილი...

მუხლს ითაყვანა მეფემ კეთილმა,

გული გაუხსნა გადაკეტილი.

ფიქრობდა მეფე: ცოტა მყავს ერი,

მტერი ზედმეტი დღეს რას მარგია!

ისევ დათმობას, შემორიგებას,

მტერი მრავალჯერ დაუმარხია!...

2


წინამავალი, მეუკანოე,

მოკინკლავე და მიმტევებელი

არიან: ფარსმან, ქართლის სპასპეტი,

გურამ, შარაველ მიტევებული...

თვით შუაგულში მეფე დარჩება

და ორივ ფრთასაც თავად განაგებს...

ვნახოთ, ხვალ ძლევა და გამარჯვება

თუ ვის ბინაზე დაიბანაკებს?..


3

მოდის თბილისზე მტერი ლაღურად,

არსად არ შეხვდა გზის დამბორკველი;

მოჰყვა შუბის ტყე, ტყვეთ შესაპყრობად

სპარსებს ეკიდათ წელზე თოკები...

ნადირის ტყავის შავი ჩაფხუტი...

კარების მსგავსი გრძელი ფარები...

მსხვილბარკლიანი ბუმბერაზები...

ბრბო მოლაშქრეთა არევ - დარევით...

უჯარმის ველზე სამგორის ველზე,

ხვალ გადაწყდება თბილისის ბედი!..

სადღაც იხსნება საფლავთ კარები...

სისხლის ნაწვიმარს აწყურებს ბელტი...

სპარსთა ბანაკში დასაშინებლად

ლომის და ძაღლის ხმაზე ჰყვირიან...

ბუკს აყვირებენ, სპილენძის საყვირს...

და ცა ჯანღებით შემოყრილია...

ხვალე ლომსახე ქართლის დროშები

დაიბურთება ქარში ლომებად;

სიკვდილის ყეფით შეჰყეფენ ცაში,

თავისუფლებას ვინც ეომება!..

4

შუაღამეა, მოსჩქერს იორი,

შიგ მოწითალო გამოჩნდა მთვარე...

თემ-თემ დაეწყო ქართლის ლაშქარი,

უჯარმის ზღუდე - კოშკების გარე.

დგანან მემარჯვნედ არმაზელები

და მემარცხენედ კახთა დროშანი,

მეწინაურედ, მიმსვლელ-მცემელად,

შავშნი და ეგრნი ცხენთოროსანნი.

შიდა ლაშქარში იდგა ვახტანგი,

მტერთან შეხვედრის წუთის დამთვლელი,

წმინდა მეუფე კათალიკოზი

და საყდრეული ახლდა სანთლებით.

პიტიახშები, ერისთავები,

ხევისთავები, სპასალარები,

ზიარებაზე ფიცს ღაღადებენ,

მტრის უმოწყალო დაზარალების!

მეფის მეაბჯრის ჯერიც დამდგარა:

- გაგავ, გულწმინდად ბარძიმს ემთხვევი!

- ფიცი რად მინდა მე, გულშეწირულს

ჰნახავთ, როდესაც მტერს შევემთხვევი!

5

ძირს მტრის ცეცხლის ზღვა იდგა უძრავად,

ჭრელი კარვები ფარშევანგული.

სეფე - კარავში იჯდა კავადი,

ჭრაქზე მოსჩანდა სახე ჟანგური...

თვალით სცელავდა აქეთ და იქით,

ქვას გაადნობდა თვალის ბრიალით...

მის წინ თავხრილი იდგა შარაველ,

ხმალშემოხსნილი, ყელსაბლიანი.

თან ახლდა სამიც სხვა დიდებული,

სამივ კისერზე ხმალკიდებული.

მუხლს ეხვეოდნენ:

- მზის მზევ, მოგვხედე,

სპარსეთის გარე ქართლს არ აქვს შველა!

ჩვენივე თავნი მძევლად მოგვისხამს,

თუ დაგიმარცხდეს, გაგვწირე ყველა!

ჩვენ გავცემთ თბილისს და გაგიმარჯვებთ,

ვახტანგის თავსაც მოგართმევთ ხვალე!

ოღონდ, წყალობად მოგვეცი ქართლი,

გვიპყარ, გვიმონე და შეგვიწყალე!

- მოგცემთ მეფობას, თუ თბილისს მომცემთ,

ეტყვის კავადი თვალით მჩხრეკალი,

და თუ მიმტყუნეთ, ყველას ტყავს დაგხდით,

და თქვენ ტყავს გავტენ ბზით და ეკალით!..


ყველას ჩაჰხედა სულის ძირამდი,

ერთგულებად სცნო თავგანწირვამდი...

თავი მეხუთე

1

მეფის მეაბჯრე გაგა გულკრთომით

მთვარის დალევის ჟამს ელოდება

ივრის ჭალაში, დიდ მურყანის ქვეშ,

ჩახავსებული ყორის ლოდებთან.

მორევის ძროში მთვარე ჩაქრება

და ღამე შავად აიჯაგრება...

უცბად გაჩნდება ბნელში შარაველ,

გაგას დაადებს მხარზე მარჯვენას:

- ხვალ უნდა ტახტი დააცლევინო

მეფეს, თუ გინდა ქვეყნად დარჩენა!

მეფის იღლიის ჯაჭვის ნახევი,

ნიშნეულ იცი, რომ დაახელო...

მეფედ გავხდები... შენ მე მახლდები,

ერისთავობის მოგცემ სახელოს!

რასაც დაგპირდი, დღესაც გპირდები, -

მოგცემ ჯავახეთს, საჯდომად წუნდას!

მოგცემ დროშას და მოგცემ სასთაულს,

მაგრამ თუ გული ხვალ შეგიძრწუნდა, -


თუ არ ჰქმენ ნება ჩემი გულისა, -

და თუ დადექი, მონავ, უარზე,

ან გადმოგჩეხავ კლდეზე კოშკიდან,

ან გამოგაბამ ცხენის ძუაზე!

- ნუმც იკადრება გმირის მკვლელობა!

გაგონებაზე ვთრთი, ვით ფურცელი...

დღესაც შევხედე მეფეს პირისპირ,

მის თვალთ შუქ ელვას ვერ გავუძელი!

ნურავისამც ნუ გაუგონია

საშინელი და მძიმე ამბავი!..

მე ვერ გავწირავ გმირსა და მეფეს,

გინდ გავხდე ველად დასაშამბავი!

შენს ხელმწიფობას მე ვეხვეწები,

ღალატისათვის ნუ მინახულებ...-

ფეხქვეშ მოექნა...

- დიდ სისხლს ნუ მადებ

მეფისთვის დაჭრილს, ნაჭირნახულევს!

- გონს მოდი, სხვები მოჰკლავენ მაინც,

შესყიდული ჰყავს კავადს მრავალი...

შენ კი დაკარგულ დიდებისათვის...

დაგწყევლის შენი შთამომავალი...

დე, ჩემზე იყოს ვახტანგის სისხლი,

განკითხვის დღესაც მე ვუპასუხებ...

მე დავუხვდები შენს მაგიერად

ჯოჯოხეთის ცეცხლს და ცხელ მარწუხებს!..

მოჰკალ! თუ არა შენს ერთადერთ ვაჟს

ქუჯას მოგიკლავ მწარ სატანჯველით...

ძელზე დავკიდებ, შანთით მკლავს მოვკვეთ,

ფეხით გავსრისო, ვით ჭიანჭველი!

ო, იცნობს გაგა ეშმაკის სახნისს,

ო, პიტიახში სულთამხუთავი!

მან ბიძა სპილოს გაასრესინა,

ორად გაკაფა ძმა საკუთარი!

- ხმალი დაგემსხვრას, ტახტი დაგექცეს,

თვალზე სიკვდილი გადაგებუროს!..

ხნარცვში ჩავარდი, ლომის ყიაში,

ვაიმე, გვარო, გათავებულო!..

ჯერ ჩუმად იდგა, ვით ტყე უფრინვლო,

მიწას გაეკრა მერე ქვითინით...

ღრუბელს, შევარდნის მკერდივით შეკრულს,

ცაზე ჩაექრო ქართლის გვირგვინი...

კარი მეხუთე


თავი პირველი

”...და სამ-დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს და

დაეცემოდა, ორთავე სპათაგან ურიცხვი”.

”ქართლის ცხოვრება”


არ იყო კარგად შეთენებული,

ჯერ კიდევ დღეს არ გაეცისმარა,

როცა პირველად სამგორის ველზე

გაიზუზუნა სპარსთა ისარმა!

წინ წადგა ცხენით მეფე ვახტანგი,

მისმა გამზერამ აანთო ლაშქარი...

ასწია შუბი,

დაიძრნენ რაზმები,

მოჰქრიან რაზმები აწყვეტილ ავშარით.

ორპირი ნაჯახი, შუბი და ხმალი,

უცბად აინთნენ სიკვდილის ალით.

არმაზის, ჰერეთის, ეგრისის დროშები

ამაღლდნენ ორბივით...

დროგამოშვებით,

ისმოდა ჩეხის ხმა, ჯავშანზე ჯახანი,

ვით უზარმაზარ სამჭედლოს ძგრიალი...

საომარ ეტლების ისმოდა გრიალი...

ცხენთა ჭიხვინი, ისრის სრიალი..

სპილოთ ღრიალი არყევდა სამგორს,

აქლემის ზმუილი... სიკვდილის ყეფა...

სიკვდილი თავიდან ჰხდიდა ჩაბალახებს,

უხილავ ლახტით უმსხვრევდა კეფას...

გამხდარა სიცოცხლე ყმად სიკვდილისა,

ქრთამი სიკვდილისა გამხდარა ძვირი...

სისხლით შეწითლდა სამგორის მიწა,

როგორც რთვლობაში საწნახლის ძირი...


თავი მეორე

ბრძოლის ველს თავზე ბორცვი დაჰყურებს,

აყვავებული წითლად და მწვანად...

ფრიალებს ლეჩაქი, ელვარებს ატლასი,

დღეობა არი ბრძოლის დროს განა?

ქართველი დედები, ქართველი ქალები,

საომარ დროშის ქვეშ დგანან!

ქართველი ქალები რომ იდგნენ დროშის ქვეშ,

წესია ძველი, მეფემაც ბრძანა!

თვით კერის დროშები - თვით აკვნის დროშები,

თვით სულის დროშები - დროშის ქვეშ დგანან!

ჭაღარა დედები და ქალწულები

ქალებს კი არა, ქვის ქანდაკს ჰგვანან!

რამდენი მზეთვალა და ანგელოსი...

აქ სინდისი დგას საქართველოსი!

აქ არი საზღვარი!

ვინ გადალახავს?

უფრო ადვილად დახვდება ლახვარს!..

თრთის ძუძუ დედისა, თრთის გული ქალწულის...

რას ეძებს სამგორზე ქალების თვალი?

რამდენი იმედი დღეს უნდა გამართლდეს

და რამდენ ძუძუსი განაღდდეს ვალი!

ვინ არ შემოჰხედავს ამ ბორცვის სიწმინდეს,

სხივნაყარ სახეებს, ღმერთებს რომ ჰგვანან!

ქართველი დედები, ქართველი ქალები,

საომარ დროშის ქვეშ დგანან!

მათ შორის პირიმზეც მოჩანს შველივით,

თავს ჯიღა ადგა ფრთააშვერილი,

ლაჟვარდისფერი აცვია კაბა...

ყურყუმის მანტია წამოგდებული...

ამაყად უმზერის ბრძოლის ველს, სადაც

იბრძვის მხედრობა თავდადებული...

ხან დამკრთალია, შეშინებული,

სასტიკს გრიგალში ლერწამს ედრება.

ლამის გაგლიჯოს გულმა საბმური,

ცრემლით მაცხოვრის ხატს ევედრება:

- ძეო ღვთისაო, ადიდე ვახტანგ,

ნათლით გაგვიხსენ გზა დახურული!

დიდო ლომისო, შენ გაგვიმარჯვე,

დღე არ ჩაგვიქრო გაზაფხულური!

თავი მესამე

1

- როგორ გახშირდა ბუკის ხმა,

უმხედრო ცხენთა ჭიხვინი...

ხელში ხმლით ბივრიტიანი

ლაშქრის წინ დადგა ჯიხვივით...

- სპარს ცხენოსანთა სპასპეტი

ცხენიდან გადაიხარა,

დახარჯა მთელი კაპარჭი,

ჯავრი ვერ ამოიყარა!..

ვიდრე თასს მიაწოდებდა,

კავადს მოუკლეს მეღვინე!

გახარებულმა ქალებმა

ბორცვზედ ერთმანეთს შეღიმეს!

- ვისია რაში გამოქროლილი,

ფარჯანიანი წეღან ვიცანი!

ეჭირა ხმალი მოოქროვილი,

გორგასლიანთა შესაფიცარი...

გაუნგრევიათ გულის ფიცარი!

იტირე, ცოლო, ვეფხვი ფრთიანი!..

იგლოვე კაბა ფერადიანი!..

- ჰხედავ ჯუანშერ ჯუანშერიანს -

მეფის ბუმბერაზს? ზავთი დაიდო...

მან ოთხი სპარსი მოკლა კალდიმით,

მეხუთეს თავი შეაკლა თვითონ!

- ჯიქურის ცხენს გაგიჟებულს,

ჩაუვარდა ხვრელში ფეხი!

ხიხა თავზე დააჩეხეს,

დაადინეს სისხლის შხეფი!

- აბულახტარს ლახტი დაჰკრეს,

თითქოს მეხი მოხვდა ციდან!

და პერანე შავლალიანს

ხელი ხმალზე შეაცივდა!

- დაიტირეთ დედისერთა,

გორგასალის ლომი გორდა!

მოჰკლეს ბორტვა ალასტნელი,

თავი ცხენქვეშ გაუგორდა!

- ცხენის ტახტას დაეკიდა

ტოხაიძე, მეფის მცველი!

სხეულში სად დაეტია

ნისლაურას ისრის წვერი...

- შუა ომში დაემწყვდია

თერგაული მარტო მდგარი...

მტერს ხმალი ზედ მიანაყა,

მიამტვრია თავზე ფარი.

- რკინის ლახტი ექვსფრთიანი

სპარს ასისთავს მეტის ძალით

საბეჭურზე დაჰკრა ქუჯამ,

დაუმსხვრია ზურგის ძვალი!

- ვაშა იშხნელს! მოხერხებით

სპარს ბუმბერაზს შეეტყუა,

ყელს ქამანდი გადააცვა,

გამოაბა ცხენის ძუას...

- კავადის ცხენს დაეხალნენ

ლომშერი და ჯუანშერი...

მაგრამ შუბი დაუშინეს,

ფარგახეთქილთ ვინ უშველის?

- თითქოს გული შემოეხრწნა

კავადს... ადევს ფერი მკვდარის...

ცხენის ჯლეხამ გაუბზარა

კვირისტავი, მუხლის ტარი...

2

სჩქეფს წითელი წარღვნის წყალი,

სისხლში ლბება ქართლის ხმალი...

შუღლით ჩხუბობს შუბის ენა,

გრგვინავს მიწა ნაოხრალი.

სისხლშესვრილი კაცი...ცხენი...

ძაღლივით ჰყეფს რქა-ისარი.

და სიკვდილთან ბუღრაობენ

შაჰან-შა და კეისარი:

ბრწყინავს ოქროს ჩაბალახით

გორგასალი - ომის ღმერთი!

ყველა განთქმულ შვილდოსანზე

ისარი აქვს მტკავლით მეტი.

კაცის მკლავის სისხო შუბით

გადაანგრევს რაზმთა ზღუდეს,

იძახის და ხმით მტერს ბზარავს

და გულსრულად კავადს უტევს.


3

იცნეს მეფე სპარსთ ბანაკში

დგრიალით და დიდი ზარით, -

ელდასავით წამოვიდა

ასი ოქროს - შუბოსანი...

მათ გურამი მიეგება,

შუბს აუკრა ფიცხად ფარი...

მთლად მოფშვნიტა მისმა რაზმმა,

მეშუბართა დასტიდარი...

4

ჰყრია ჯაჭვის ნაგლეჯები

და ნამტვრევი შუბის ტარი...

მუზარადის ნალეწები,

ჩაჩქნის რგოლი ნალახტარი...

ბევრი მტვერში გაერია

ბუმბერაზი უებარი,

მაგრამ ვერვინ ვერ გასდრიკა

მეფის ხელში ვიგრის ფარი...


5

და უეცრივ, ხეებიდან

წამოვიდა ისრის წვიმა...

სიკვდილი ვინ გადმოწვიმა?

ვერას ხედავს მტერი წინა,

საკუთარი სისხლით მთვრალი,

ხედავს მხოლოდ ყორნის თვალი...

სწვავს ტყეს მტერი, ჰკაფავს, ჰლეწავს

შემმუსვრელი და მოძალე.

და ხეებზე ჰხედავს ქალებს -

ისრის მტყორცნელ ამორძალებს.


ვერ იჭერენ ვერც ერთს ტყვედა,

ვერ ჰხედავენ ვერც ერთს მხვეწარს!

მაგრამ ქალთა ძუძუს სისხლი

შეესხურა ივრის ძეწნარს.

მათ ბერდედა წინამძღვრობდა,

შეჰკივლებდა ხიდან ხშირად...

ხალხო, რისთვის დაივიწყე,

ვინც სახელი დაგასხივა!

6

ცა დიდ ვარსკვლავმა გასერა,

მოირღვა მწარე ტკივილით.

უჯარმის კოშკში გაისმა

შუაღამისას კივილი:

- თმა რაღად გამაწეწინე,

თუ სიხარულად გინდოდი?! -

მთვარემ ნათელით მობლარდნა

დანაბინდარი მინდორი...

თავი მეოთხე

1

ვინ გაიგებს მეფის ცნაურს,

მისი აზრი რა ფრთას ისხამს?

ფიქრობს მეფე: მე ხვალ სისხამ

კავადს გულმკერდს მოვუსისხლავ!..

სხვა ფიქრებში არის გაგა,

შხამში ავლებს თავის ისარს;

ხვალ გულმტკიცედ შეასრულებს

შარაველის დანაკისრალს.

2


ჯანღ-ალანდულ ცის კუთხეში

ნათელი ჩნდა ერთი ციდა,

ნაცისკრევზე ჩუმი ჟინჟღლით

შავი ნისლი ნამცვრევს სცრიდა, -


როცა მთიდან გორგასალის

სპა-ლაშქარი, როგორც ღვარი,

ჩამოეშვა სპარსთ ბანაკზე...

ხმალამართულ წინამძღვარით!

იჯდა მეფე ზერდაგ ცხენზე,

ერთ კარვისკენ გამზირალი...

სისხლს ძარღვებში უჟღერებდა

ნაღარის ხმა და ზრიალი...

ცეცხლი დუღდა ცხენის ტანში,

და ისროდა ალმურს თვალი...

მეფის ხმალი ვის ეძებდა,

უხსოვარჯერ სისხლით მთვრალი?!

3

წინ გამოესწრო ლაშქრისთვის ვახტანგს,

ჩამორჩენოდა ყველა მხლებელი.

თან ახლდა მხოლოდ გაგა მეაბჯრე,

შუბის და ისრის მიმწოდებელი.

ცხენი მიაგდო შაჰან-შას კარავს,

რომ აეჩეხა შიგვე კავადი!

კავადს გაესწრო. მემკიდრე მისი

მეფეს შემოხვდა ჯაჭვმუზარადში.

ელდურის დარტყმით ჩასჭრა ბეჭამდის

მეფემ კავადის ვაჟი ბარტამი!

უცბად მეფის წინ ხმლით აღიმართა

შაჰის მეჯავშნე იაზატამი.

მეფემ სისწრაფით აუკრა მახვილს...

შეთრთოლდა სპარსი გულბორგნეული...

რა დაინახა ხმალი მეფისა,

მეჯავშნის თავზე შემოქნეული.

ზურგთუკან შვილდი მოზიდა გაგამ,

მკლავი გაშალა დასამიწარი

და ხმალამართულ ვახტანგს შესტყორცნა

ჯაჭვის ნახევში ბასრი ისარი...

წამს მოიხედა მეფემ შმაგურად,

რომ დაენახა ისრის მსროლელი,

თვალი ვერ შეჰკრა...

საიღლიედან

ჯაჭვს ჩაყვებოდა სისხლის ზოლები...


წაბარბაცა, მკლავი დაუშვა,

არ დაცემულა ფერნამკრთალევი,

მხოლოდ დაძაბულ, არწივულ მზერით

შემოაფეთა გაგას თვალები.

აყვირდა გაგა, იშენდა თავში:

- მეფე დაგვიჭრეს, გაგვიწყრა ჯვარი! -

ყბა გადუკეტა მეფემ ხელებით:

- მონავ, დაჩუმდი, შედრკება ჯარი!

ჯერ ვერ შეეტყო მტერს მეფის დაჭრა,

გამხარებელი მისი ამბავი.

არც ერთი სპარსი მეფის მახლობლად

არ დარჩენილა დაუკაფავი...


ფარებისაგან შეკრულ საკაცით

ძლივს გაიყვანეს მეფე დაჭრილი...

რკინისფერ სახით ახლდნენ მხლებლები,

თითქოს გულს ჰქონდათ შუბი გაჩრილი.

5


მყისვე მოჰქუსლა ბივრიტიანმა

და მეფეს ხელზე მთხვევით შეჰფიცა,

შურისძიების ცეცხლით მდუღარე

ისევ გაქანდა მტერზე ცხენფიცხად.

4


მტრის ორივე ფრთას გამოეწია,

რომ ვახტანგისთვის გზა გადეკეტა;

მაშინ ქარივით წინამავალი

ეგრისელებით ჯაგუ ეკვეთა!

შუა გააპო მტრის ცხენოსანი,

ძირს დაანარცხა მან უტყუარად;

მაგრამ მის უკან სპარსთა ქვეითმა

თავზე ზღვასავით გადაუარა,

შავზღვის არწივებს, შავი ღვართქაფით,

და მთელი რაზმი იქვე დამარხა...

გალაღებული, სასტიკ ზახილით

მტერი ვახტანგზე მოდის ამაყად.

მიუვლენს მეფე შიკრიკს შარაველს,

წამს შეუერთდეს გურამის დროშას!

მაგრამ ადგილზე დგას შეუძვრელად

და უგვან სიტყვას შარაველ როშავს.

აახლა კაცი ბივრიტიანმაც:

- გვიშველე წაგვლეკს მტერი დახლილი -

ისევ არ იცვლის ბიჯსაც შარაველ, -

ჯორჯი, ჯიუტი და თავაყრილი...

დრო აღარ იყო... მტერი ტყესავით

წინ მოდიოდა შუბის ტრიალით...

მაშინ დაიძრა მეფის მონა-სპით

გამწარებული ბივრიტიანი

და მტრის ორივ ფრთა შეერთებული

შუა გაგლიჯა გულარწივულად...

აინგრა მტერი, შეირყა ურდო,

და მაინც იბრძვის თავგანწირულად...

აქ მოჰკლეს ფარსმან ქართლის სპასპეტი,

ვარაზ, ჯუანშერ, ჯაგუ, თვარელი...

ღვინიას ვაჟი ორბელ... მათარსი, -

გადალეწილი შუბის ტარებით...

... გასკდა მტრის ძალი, როგორც ნაპრალი

მისი დროშები მიწას ეკვრება,

იხევს კავადის შავი ბანაკი,

სიკვდილის ქარი მიერეკება...


6

მტრის ხმალგამტვრეულ ლაშქრის თქარუნში,

ყური დაადო მიწას ვახტანგმა,

სთქვა: გამარჯვება ახლა ჩვენია,

თუმცა სიცოცხლე ჩემი გადახმა!

წამოიწია მეფემ დაჭრილმა:

- სისხლი იზღვიეთ აქ დათხეული,

გამოიტანეთ სპარსთა მკლავები,

სპარსთა დროშები გადახეული!

თავი ანებეთ მოთქმა - ტირილსა,

ხმას ნუ დამიყრით მე სიკვდილისას!

ბრძოლას ნუ მოშლით,

მოდით ანდერძზე!

მამულზე დგომას მე გიანდერძებთ!


7

ტანზე რკინით შელესილი,

თვალსაცერა სულ წინ ჩანდა,

ის შეჯავშნულ ცხენზე მჯდომი

მთაზე დამდგარს ჰგავდა ჭანდარს...

უცვეთელა; ცეცხლუწველა,

დროშა ეპყრა შეუძვრელად;

წილოსანი მორაზმენი

შემორტყმოდნენ დროშას მცველად.

ბევრმა ცხენი შეაძგერა

და ხელშუბიც ბევრმა სტყორცნა;

ვერ წაგლიჯეს დროშის ტარი,

ზედ მრავალი შეეხოცა.

და როს ბრძოლა მიიწურა,

მყუდროების დადგა წამი,

ტანზე ერთიც ვერ შეეტყო,

თუმც ჭრილობა ჰქონდა სამი...


მაგრამ გაიგო რა მეფის დაჭრა,

სიკვდილის ცელის შემოტივილი,

მეფის წინაშე იგი დაემხო

ასი ჭრილობის მწარე ტკივილით.

თავი მეხუთე


1


- ვაი სირცხვილო, კიდევ ახალი

სისხლი გაგვიხდა საზღაურები!

მტერს უერთდება რაზმით შარაველ,

თანამოლაშქრე აზნაურებით!

- ეგეც შარაველ პირნამრუშევი!

ღმერთგადამდგარი, პირგახეული.

- ორმოც სიკვდილით დავსჯით განდგომილს,

სამარხს ვერ ჰნახავს მისი სხეული!

- მას დაედევნა ბივრიტიანი,

მწარედ ანანოს დანაშაული!

- ახლავან: შარვაჟ, თარხუნ, არჯევან,

შაბადინი და არიშაული!

- ბივრიტიანი მას დაეწია,

შენ მოუმართე, უფალო, ხელი!

- ეკვეთა! დასჭრა!

- განზე რად გარბის

ბივრიტიანის უმხედრო ცხენი!

- ხელიმც შეგახმეს შენ, პიტიახშო,

ახა ვაითას! მოგვთხარე თვალი!

- როგორ გაფითრდა ქალი პირიმზე!

- მუხლთ ჩაიკეცა! ასხურეთ წყალი...

2


მიჰქრის შარაველ მტრისაკენ,

უკან მისდევენ ჭენებით

დაოთხებული ცხენები,

დაგიჟებული ცხენები...

- შესდექ, ლაჩარო, შენს მკერდში

რომ ჩემი შუბი გავჩარო! -

მას მიჰყიოდა არჯევან,

ცხენის ფაფარზე გაკრული:

- ვიდრე მიწაში არ გაგრევ,

გული მექნება დაკლული! -

ცხენს ხელი დაჰკრა თარხუნმა:

- მიმწიე, ჩემო ტაიჭო! -

ცხენს ისე სწრაფად მოახტა,

უჰაერობით დაიხრჩო.

მიჰქრის შარაველ შმაგურად,

ვერ დაეწია ვერავინ...

შევარდა სპარსთა ბანაკში,

ჭენებით გასკდა მერანი...

ყოველი მისი მდევარი

გახდა მტრის გასამტვერავი...

3

მოწვიმა... მეფეს ცვარი დაეცა...

- რამდენი დედა იტირებს ხვალე!

ვერ ავაცდინე, - გაივლო გულში, -

და ამ სიმწარეს რა ჟამი გალევს!

- მშვიდობით, ჩემგან აღშენებულო,

ქალაქებო და ციხე, ტაძრებო!

მშვიდობით, ქართლო, მშვიდობით, მზეო,

სიცოცხლის დღეო, დასანაცრებო!

მშვიდობით, ჩემო ყრმაო თბილისო,

შენთვის ტკივილი მიყვება საფლავს!

თქვენ ამიშენეთ, ვინც ჩემს შემდგომად

მკლავით დასჭიმავს სამშობლოს აფრას...

გომბორის მთიდან დაეშვა ნისლი,

სამგორზე ზლაზვნით ჩამოდიოდა;

მწუხრში ყვიროდნენ სევდით ირმები,

ირმებს რაღაზე გული სტკიოდათ?


4

მიწაზედ ეგდო ბივრიტიანი,

თავს დასტიროდა მისი ამალა,

იცნო ქალწული ბივრიტიანმა

და მორეული ცრემლი დამალა.

და ვიდრე მიწა დაეყრებოდა,

მკერდს დაეყარა ქალის ნაწნავი...

- ახლა სიკვდილის არ მეშინიან, -

ამბობს ჭაბუკი ღიმით, ხმაწყნარი.

დახუჭა თვალი. ქალი გაფითრდა...

მკვდარი ბაგენი რაღას ეტყვიან...

და ჭაბუკის ცხენს გულმდუღარებით

უცბად ფაფარზე შემოეხვია...


5

პირს ფარები დაიფარეს

მეომრებმა ქალის ცოდვით,

თითქოს გულში გუგუნებდნენ:

- რა ვიცოდით.. რა ვიცოდით!..

- მზეს მე უშენოდ ვეღარ შევხედავ,

მარტოდენ შენ მზეს ელოდა თვალი!

შურის საძებრად ვიცოცხლებ მხოლოდ,

რომ ვაზღვევინო მკვლელს შენი ვალი!

ნაზად შეახო ვაჟის ჭრილობას

ქალმა პირიმზემ თეთრი მანდილი...

- მამა მიჩვენთ. მამა სად არი?

რომელ ჩეხვაში გადავარდნილი?!


6

შვილის ნახვაზე გაღიმდა მეფე:

- შენ ხარ ცხოვრების სამადლობელი!

აწ რაღას მიზამს ბედისმწერალი,

ჩემი სიცოცხლის დამადნობელი?

მკერდს მომეყრდენი!.. ყველა იმედზე

მე ბედმა ხელი დამაბანინა...

ნეტამც შემეძლოს კვლავ მოვისმინო

შენს აკვნის თავზე ტკბილი ნანინა...

მე დასტურს გაძლევ ბივრიტიანზე,

გაჰყევი ცოლად... ვიცი, გიყვარდა!

მხოლოდ უბრძანე, აჩქარდეს ლაშქრით,

დაჰხვდეს სპარსელებს თბილისის კართან!..


ემთხვია მამას უცრემლო კოცნით,

შორს გადგა განზე რაღაც ქადილით.

ხელი ასწია, ხელში უთრთოდა

სისხლით შესვრილი თეთრი მანდილი...

- ვისაც ფოლადის ჩაფხუტი გხურავთ,

ვისაც გაცვიათ რკინის ბეგთარი,

ვისაც ფოლადის, რკინის გული გაქვთ,

მომყეთ, ამოსწით ხმალი მკვეთარი!

დღეს ბივრიტიანს მიანდო მეფემ

მტრის გზების შეკვრა, დაცვა თბილისის;

ის აღარ არი, მე გაგიძღვებით,

გატარებთ მამის გამოვლილი გზით!

არა მამის ხმლით, არა გონებით,

არამედ სიმხნით და თავდადებით!

გაფიცებთ მამის წმინდა ჭრილობას,

დე, იყოს იგი ძლევის თავმდები!..

ძმანო, ლაშქარნო, წინამძღომელნო,

გაფიცებთ სახელს ქართლის პირიმზის,

გზა გადუჭერით კავადის ლაშქარს,

რომ არ აიკლოს მტერმა თბილისი!

აღელდა ყველა ქალის სიტყვაზე

და გორგასალის წყლულის ხსენებით...

ყალყზე დგებოდნენ, აღვირებს ჰგლეჯდნენ,

მკერდში დამდგარი მსხვილად ცხენები...


თავი მეექვსე

1


თითქოს ცხენებზე დაძრულა

სამგორის ვრცელი ტაშირი...

მერანზე სჩანდა პირიმზე,

შავთმა-ნაწნავებჩაშლილი...

კაშკაშა ქალი, სახეზე,

უცისკროვნესი ქალწული...

ხელთ რგვალი ფარი ეჭირა,

ლომის ძარღვებით გაწნული.

მისი სახე ალ-აკრული,

ღვთაებრივი, არაკული,

ქარიშხალის მქროლ ფრთებს ასხამს

გააფთრებულ ქართლის რაზმებს, -

მხედრებს, გმირებს, ბუმბერაზებს.

- მტერი თბილისს ემუქრება,

არ ჩაგვისწროს მტერმა დილით! -

თან ცალ ხელში უფრიალებს

სისხლიანი ხელმანდილი.

2


მოქრის რაზმი ცხენთა ფრენით,

ამტყდარ ბუქში ნიავქარულ,

და ვერ უძლებს კაცის ყური

გაგიჟებულ ცხენთა თქარუნს...

სადაც დღეს დგას სამი გორა

თბილისისკენ გამზირალი,

დაეწივნენ სპარსთა ლაშქარს,

იქ ეკვეთნენ მკლავის ძალით...

ზოგს მაჯაში დაჰკრეს ხმალი,

ხმალს აჯახა ზოგმა ფარი,

და ზოგს შუბი წაჰკრეს შუბლში,

მოსჩქეფს სისხლის ნაშხეფარი.

ზოგს უხეთქეს მუზარადსა,

დაცემული შეჰკრეს ღვედით...

წაებჯინა ზოგი მიწას:

- სად დაიწვა ჩემი ბედი!

შეერია სისხლი ქვიშას...

ზოგ ბუმბერაზს გული მისდის;

კვდება ვეფხვი თავის ტოტზე:

ასე უნდა დაჰხვდე სიკვდილს!

თავმოსხლილი... თავდაფქული..

ლახტის ცემა, ძგარაძგური...

მტერს მოტეულს უმკლავდება

მეომარი ქართლის გული!..

შეარყია შუბმა მიწა,

არვინ რჩება ომში მთელი,

ზოგი მუხის კეტით იბრძვის,

ზოგი გუთნის საკვეთელით.

- არ დაგითმობთ მიწის მტკაველს,

ჩაგილეწავთ ყველა ბოგირს!

- ასეთ ლამაზ სამშობლოში

ვერ ვატარებთ მონის ბორკილს!

წყდება ბრძოლა და ჭრილობას,

აღარ ჰყოფნის ქვეყნად ჩვარი,

ბინდდება და სამგორ-ველზე

ჩამომჯდარა ყორნის ჯარი...

გაყინულა გმირთ ყივილი

და სად ენთო ბრძოლის ალი,

უცბად ადგა სამი გორა,

თბილისისკენ გამზირალი!

მათ წიაღში მხოლოდ ის წევს,

ვინც მონობა არ ისურვა!

წვიმის ბაწრით ეგზავნებათ

უკვდავებით სავსე სურა...

3


მტრის მარჯვენა ფრთა, ლაშქრის ნაწყვეტი,

ქართველთ ხმლის საზრდო გახდა უკლებლივ...

- გაგვმარჯვებია! - იტყვის პირიმზე, -

ვგონებ დავრჩებით თავისუფლები!

- მტერს მოსვენებას ნუ მისცემთ გზა-გზა,

ღამით ფეხდაფეხ აედევნებით,

თბილისს ჩავხედავ მე რაზმეულად;

თქვენ კი მტრის მძორით ავსეთ ხევნები!

ქალს ეთანხმება მისი ლაშქარი:

- ვიქნეთ ღამითაც სპარსთა გამთელი! -

აღჯდა პირიმზე, თან ახლავს განძა

და სამძივარი - თვისი გამზრდელი...

თბილისისაკენ მიჰქროდა რაზმი,

თან მიჰყვებოდა გზას ნიავმტვერი...


4

მტკვრისკენ, ლოჭინზე წავიდა მტერი,

თან დამარცხების მიაქვს უსტარი...

შეჰქროლა რუსთავს ელდაქარივით

და იმავე დღეს დასცა რუსთავი!

და აქ შეიტყო მტერმა ნუგეშად,

როგორ დამძიმდა ვახტანგის წყლული...

გააფთრებული მიდის თბილისზე

და მიწა გმინავს სისხლის ზღვით რწყული.


კარი მეექვსე


თავი პირველი


1


ემცნო ცისკარას შავი ამბავი,

რომ ახლა დადგა თბილისის ჯერი!

ათასი კაცით მტერს მიეგება, -

მეტი არ იყო ქალაქში ერი...


ისიც ხურონი, კალატოზები,

ციხისმცველები და მსახურები...

თბილისისათვის, მის დახსნისათვის

ერთპირი ფიცით განზრახულები...

რაზმის წინ იდგა სტვირით ხახარე,

სიტყვა საგმირო მის თქმას მიანდეს,

განა მღერალი სულ მისთვის მღერის,

რომ თვალი ცრემლით დანამიანდეს?

- არ მოგვკვდომია ლოგინში არავინ,

არც პაპა, მამა, არც წინაპარი!

ომის კარს ვხოცილვართ, ჩვენც იქ დავდგებით,

სიკვდილისათვის დღეს წილნაყარი!

ლოგინს სჯობია ველი ბრძოლისა!

ძმებო, არ არის დრო ჯერ წოლისა!

მტერზე მივიდეთ!

წინ!

ვის გულშიაც

საქვეყნო სისხლი გადაწყულია.

მტერი მოსულა! სისხლი სწყურია,

მიწა სწყურია, ოქრო სწყურია!

ჯერედ ყრმა არი ჩვენი თბილისი,

მტერს ახლავ უნდა სიკვდილი მისი!..

ასე მღეროდა სტვირზე ხახარე,

უპასუხებდნენ დროშის ჟღარუნით...

წამით ემთხვივნენ ჩოქით ნიადაგს

და ეზიარნენ მიწას მამულის!..

2

უკვირს ღვინიას, რისთვის მოსულა,

ვინ მოიყვანა აქ მტრის ლაშქარი?

განა მამული არა აქვთ თვითონ,

ყანა, ვენახი, კერა, სახლ-კარი?

მას რა სჯობია, პური მოგყავდეს,

აშენო ვაზი, ჩააგდო ჭური?

ოფლი იწურო, შეხვდე მეზობელს

მარილის კვნიწით, ვაზის ნაჟურით!

განა ქვეყანას რას ჰმატებს ომი,

სისხლის ნაშხეფი, ხანძრების ბოლი!

ასე ფიქრობდა კარის ვენახში,

რა დაინახა შიკრიკი მსრბოლი.

ვენახს უმზერდა, გული ეწვოდა,

უბედურების მიზეზს ეძებდა.

თან გადმოფენილ ვაზის რტოს ხელით

უკანასკნელად უალერსებდა.

3


შეკრთა ციბალი საომარ ხმაზე:

- ვაჰ, თუ დაბნელდა დილა კრიალა?

სიცილში წასულ ჩემმა სიცოცხლემ,

როგორც ისარმა გაისრიალა...


4


ახლად ანაგებ სასახლის ბჭესთან,

გაფითრებული ფარნა დგას ქასრით,

და ღელავს, როგორც ზღვა ნაწვიმარი,

ხუროთმოძღვარის ფიქრი და აზრი.

- ნუთუ ძირს დასცეს, რაც მან აშენა,

რაც მან ჩამოქნა ერთს დიდ ოცნებად?

ვერ დასადგურდეს შიგ ვერც პირიმზე,

ვაჲ, ვეღარც მოდგმა დაილოცება!

თვალმტკივნეულად უმზერს შენობას:

- გვედრი, არ ჩაჰქრე, ჩემო ლამპარო!

მე მაღვიძებდა უკდავი სხივი,

წყვდიადის ბნელმა ნუთუ დამფაროს?!

თავი მეორე


1

დახვდნენ სპარსელებს თბილისის პირში,

გრიგალქარულად მტერზე მიმსვლელი...

ფოცხ-მაკრატელა ისრებს სტყორცნიდნენ

გაშფოთებული მეშვილდისრენი.

იდგა ყიჟინა და ხმლის ბრიალი,

ჰქროდნენ ზუზუნით შურდულის ქვები...

ბევრი დაეცა შვილდსისხლიანი

და მრავლის სიკვდილს იტყოდნენ ქებით.

მაგრამ მტრის ურდომ ცხენ-თოროსანმა

გზა გაანგრია თბილისის მხარეს,

გზა ვეღარ შეკრეს თბილისელებმა

და თურმე სისხლი ამაოდ ღვარეს...

ამაო იყო ხახარეს მღერაც,

მოქნეულ ხმალმა შელეწა სტვირი;

ხელში ჩაიგდეს ხახარე ტყვედა

და აპეურით აუკრეს პირი.

2


იტყვის ცისკარა: - სხვა რამ ვიფიქროთ,

აქ რას გავხდებით ჩვენის ღონეთი?

რომ არა მქონდეს შველის იმედი,

აქვე სიკვდილს არ დავაყოვნებდი!

და შეიხვეწა ნარიყალაში

სამასიოდე მეციხოვნეთი...

3


მთელი სპარსეთი ჩადგა ალყაში,

ლაშქრით გაივსო ირგვლივ ბორცვები,

ციხის სამტვრევი მანქანა დადგეს,

ფილაკავანი, ლოდის მტყორცნელი.

შემოჰყიოდნენ თბილისს: დაგვნებდი!

შემოვერტყენით ციხეს ათკეცად!

- დედამ არ მითხრა, ტყვედ ჩაბარდიო,

არც მამა-პაპამ დამიანდერძა! -

სთქვა ცისკარამ და ციხესთან მომდგარ

სპარსელს ჩაასვა მკერდში ისარი:

- აღთქმა მაქვს ჩემი წინაპრებისა,

არა მქონია მე ნასხვისარი! -

და ციხეს მტერი, როგორც ღვარცოფი,

დაჭრილი მხეცის ბრაზით ეკვეთა,

კიბით, საბლებით და ქამანდებით

შემოეზღვავა, შემოემკერდა!

მოიწეოდა წინ კბილთა ღრჭენით,

რომ დაელეწნა თბილისის ბჭენი...

ქვებს აგორებდნენ მეციხოვნენი,

ხერგი და ლოდი მტრის თავს ცვიოდა,

ფისით, მდუღარით ფუფქავდნენ ურდოს,

ძირს მაშხალები გადასწიოდა.

ისარს სტყორცნიდნენ, შუბაკს, ნაკვერცხალს,

იდგა ყივილი, ზარი, ზრიალი,

არა ტყდებოდა თბილისის რაზმი,

სამშობლოს ნების თანაზიარი...

ისრებს აწვდიდნენ მღერით ქალები

და ამხნევებდნენ მკაცრი ღიმილით,

კოშკის ქონგურთან იდგა პირიმზე

წყნარი კაეშნით და სიმძიმილით.

მას გვერდით ედგა განძა შემკრთალი,

გაკვირვებული თავისი ბედით.

უთვალთვალებდა ჩუმად ცისკარას,

თვალს ზედ ადნობდა ქოჩორა მტრედი.

მტერი კი ციხის ფიქალს ამსხვრევდა,

უკვე მოგლიჯა კუთხის ლოდები...

მაინც მხნედ იყვნენ თბილისელები,

ღირსნი ქართველის სახელწოდების.

ერთხელ გაფითრდნენ, მხოლოდ ერთწამით,

რა დაინახეს მოღალატენი, -

შარაველ, ღვირღვა, ფარეჯან, არტვაზ,

მტერს მოუძღოდნენ ხმლით და სატევრით.

წამით შეირხა თვითონ პირიმზეც,

თვალზე დააჩნდა კურცხალი ცხელი...

მაღლა შეიკრა თმა და უეცრად,

კოშკზე გადმოდგა, ასწია ხელი:

- გავწყდით, გავთავდით, გნებდებით, კმარა,

რაც სისხლისაგან დავიწრიტენით!

მხოლოდ მობრძანდეს თვით პიტიახში,

რომ ჩაიბაროს ციხის კლიტენი!


4


შედის შარაველ ციხეში მარტო,

ბედნიერი და ლაღი სტუმარი...

ალმასის ხელშუბი ეჭირა პირიმზეს,

წარბშენასკული იდგა მდუმარი...

ეტყვის შარაველ: - მეფის ასულო,

რაღას გააწყობ აწ გულის ტკენით?

ქართლი ჩემია, შენ გიდედოფლებ,

კვლავად შეგრჩება სამეფო თქვენი!


ხელშუბი ასწია ქალმა პირიმზემ:

- პატივი პიტიახშს, რისიც კი ღირსია! -

ეცნენ ცისკარა და ციხოველები,

შეთოკეს. სიცოცხლე ხანჯლის პირზე აქვს!

- მე, მეფის ასული, ვბრძანებ შენს სიკვდილს,

რადგან სამშობლო გააშარავე!

.................................

და მტრის დიდ ზეიმის წუთებში იქვე,

მშვილდის საბელით დაახრჩვეს შარაველ...

წამით მოჭვრიტა ქალმა სამგორი

და თბილისს თვალი შემოატარა...

შეხედა გამზრდელს... და მას ბერდედამ

გადააწოდა დაშნა შავტარა.

- რაღა ვარ მამულამოწყვეტილი,

ნუმც ვიყვე ტყვე და მტრის სამოწყალო!


...................................

ბეჭდის თვალიდან შხამი მოწოვა

და გაიყინა, ვით ბროლის წყარო...


5


სად ხარ, პირიმზევ, ივრის ასულო,

ველის ყვავილად სად ამოხველი?

ნარგიზად ჰყვავი? იად მოხველი?

რა ჰქვიან ყვავილს? და რა ფერია?

- მე ერთი ვიცი, შენი ლეჩაქი,

იორზე დილის ნისლად ჰფენია!


6


- ჩვენივე სისხლით მოვიხდით სირცხვილს,

მაშ რად ვატარებთ ქართულ ტალავარს?

კლდეში ჩაკაფულ, ჩახვრეტილ გვირაბს

არვინ ჩაჰყვება დასამალავად...

- მტრის შესაბილწად რომ არ შევიქნეთ,

თქვენვე გაგვწირეთ თქვენივე ხელით! -

იხვეწებოდნენ მანდილოსნები,

თან შეეშვირათ ქმრებისთვის ყელი...

- ჩვენს დამდაბლებას, ჩვენს დამცირებას,

ნუ დაგვანახებთ ჩვენივე თვალით! -

ძმებს დაჩოქილი შესთხოვდნენ დები,

რომ გადეხადათ და-ძმობის ვალი.

მკერდსისხლიანი ეცემა განძაც,

სიყვარულის ფხით დანა ესობა,

გადმოჩეხილი ნარიყალიდან

ცვივა უფსკრულში უმრავლესობა...

ზოგიც დაეგო თავისს დაშნაზე...

საწადს ეწია მაინც იუდა.

დამიზნულ ისრით, ხმალამოწვდილი,

მტერი ციხეში შემოდიოდა...


7


ხმლით მოსჭრა ნაწნავი ცისკარამ განძას

და ჩაიფინა აბჯრის უბეში.

უმუზარადოდ მტერს მიეტია,

როგორც არწივი ქორს თვის ბუდეში.

ხმალი გადუტყდა, გული კი არა,

შეიპყრეს, შეჰკრეს შვიდკეცი ღვედით,

და წარუდგინეს შვილმოკლულ კავადს,

ხელთ ხმლის ნატეხით, ამაყად მხედი...

ვერ დააჩოქეს, ვერ შეიხვეწეს,

ვერ დააკვნესეს იგი ვერას გზით, -

როცა კისერზე ჯაჭვი დაადეს,

როცა მოაბეს ფეხზე გელაზი,


როცა მოჰკვეთეს მკლავი და ენა,

ჩაუსხეს ცხვირში ძმარი და კირი...

ხეზედ მიკრული ისრით დახვრიტეს,

თბილის-ქალაქის პირველი გმირი...

თავი მასამე


1


”ხოლო შემდგომად ვახტანგისა, მოიწივნეს

სპარსთაგან ქართველთა ზედა დიდნი ჭირნი და

ფრიადნი სულნი მოსწყდეს და ქვეყანანი დაიპყრნეს”...

”ქართლის ცხოვრება”


სიკვდილის ცხენმა მოჰქროლა თბილისს,

ახლაც იმ სისხლის მოსჩანს ნალაქი...

ვერ დაიფარა სერაფიმის ფრთამ

მტრის მახვილასგან თბილის-ქალაქი...

ჩამოამტვერა მტერმა იავარ,

მისცა ნიაღვარს, გაანიავა!

თავისმკვეთელნი... თვალისმთხრელები...

ჯვარისმცემლები... ბავშვების კალო...

ცოცხლივ ჩაკირვა... ნაჯახით ცემა...

მოწამეთ გუნდი ხანძარში გალობს..

მიწას ჩაასვა შუბი შაჰანშამ,

ჩაყრილ გვამებით ამძორდა მტკვარი...

უღვთო წარსულის საშინელებავ,

რატომ არა ხარ სიზმარი მტკნარი?...

2

რამდენი ღვაწლი, და რას ჰხედავდა

მეფე ვახტანგი აწ სიკვდილის წინ?

თბილისს არმაზი შემოჰბოლავდა,

ეკვამლებოდა რუსთავს თბილისი!

მყის თითქოს ფარი დაისაბღუჯა,

მაგრამ შეირხა სიკვდილით მთვრალი

და აღებეჭდა თვალის გუგაზე

მომაკვდავ მეფეს ხანძრების ალი...

მისდევდა ვახტანგს შურისძიება,

ჰზარავდა განა სამარის ბნელი?

არა! - წყვდიადი ქართლის მომავალს,

სამშობლოს ქედზე მონობის წნელი!..

- ნუთუ არ ეყო ქართლის სამსხვერპლოს

ურიცხვი მსხვერპლი, წმინდა ტარიგი?

ნუთუ ამაოდ ჩაგვივლის მართლა

ამდენი სისხლი, ცდა, თადარიგი?!

ვინ იცის, იქნებ, როსმე, ოდესმე,

ის დაიბადოს, ვინც თვისი აზრით,

ხვალ ქართლს გაიყვანს დიდ სავალ გზაზე,

მკლავით ძლიერი, გონებაბასრი!

მოვა...

ის მოვა!

ქართლის სისხლ-ხორცის

და ქართლის აზრის დიდი ნაყოფი!

სამშობლოს ვენახს ის ააყვავებს,

ის

საქართველოს შეჰკრეფს დაყოფილს!

3

უჯარმის ციხეს იწვა ვახტანგი,

მკერდს უფორთხავდა თითქოს არწივი...

თავს დასდიოდა შარავანდედი

და ცრემლის დელგმა, ერის ნაწვიმი.

ამაო იყო მკურნალთ წამალი,

ნიშნების ჩხრეკვა მთვარის ლუმბაში...

ამაო იყო ლაშქრის ვედრება,

ტირილი ატყდა დევისუბანში...


აინთო საკელაპტრენი,

ხომლი, ლამპრები, კანდლები...

ლოცვა უჯარმის ტაძარში,

ხელთანთებული სანთლებით...

- ვის მკლავს მოელის ვახტანგის ხმალი? -

შემყურებელნი იტყოდნენ ხვალის...

- არ გასცვეთია გმირს მუზარადი, -

ის ხალხს აცვია დღეცისმარადი!..

ვახტანგის ხმლის ნარეცხს

ჭაბუკებს ასმევდნენ,

მის საფლავიდან მიჰქონდათ მიწა,

ის მტერს ჰრეკავდა,

ის მთებს დრეკავდა

და სამარეში არასდროს იწვა...

ის ყურს უგდებდა ყოველწამიერ

მამულის კვნესას, ომის ბორგვასა, -

მისთვის ვერ შესძრეს საუკუნეთა

მშვილდისრიანი გმირი გორგასალ!

4


დაბეგრა მტერმა ვაზი, ხეხილი,

ქართლი, ვით ქორმა, გადინადირა,

შეთოკა იგი შეუბრალებლად

და ფრჩხილებიდან სისხლი ადინა...

... და ზეიმობდნენ აზნაურები

ვახტანგის სიკვდილს, ტახტის დამხობას...

სპარსულ ოქროთი წვერს იღებავდნენ...

კტეზიფონს∗ ჰრაცხდნენ უფლის სამყოფლად...

მაგრამ გულისთქმა საქართველოში

ყველასი ერთი იყო უკლებლად:

- ნემსში გავძვრებით, ცეცხლში დავდნებით

და მოვიპოვებთ თავისუფლებას!

ისმოდა ქართველ ქალთა ღაღადიც,

ფიცი ნათქვამი მრავალ პირიმზის:

- აღარ ვატარებთ ოქრო-სამკაულს,

ვიდრე არ აღსდგეს ისევ თბილისი!

წაიძრეს ბეჭდები, სამაჯურები,

საყურე, ყელოქრო... ჩაიცვეს შავები...

აკვნებს მიუსხდნენ, არტახის ნაცვლად

გადაუჭირეს არტაშანები.

აკვნებს მიუჯდნენ... ნანა უმღერეს,

რომ გაზრდილიყო ქვეყნის დამხსნელი:

- ბრძოლა მრავალი წინ ელის თბილისს,

ეს არ იქნება უკანასკნელი!

5


სპარსეთისაკენ, სპარსეთისაკენ,

ტყვენი მიჰყავდათ გაბაწრულები...

სპარსეთის ძალის განსამტკიცებლად,

მიჰყავდათ ქალნი და ქალწულები...

სპარსეთის ძალის განსამტკიცებლად, -

ვაჟები ღონით დაგანძულები, -

ხელოსნები და მიწის მუშაკნი

და ოქროცმული უფლისწულები...

ჩანდა ღვინიაც ტყვეების მწკრივში,

ვაზის ნასხლევი მიეკრა გულთან;

იხედებოდა თბილისისაკენ

თითქოს დაკარგულ ცის პოვნა სურდა.

ვინ იცის, ძვლები ჩაყარე სადა,

რომელ უდაბნოს ხორშაკს ქვიშაში?

ვაზი რა უყავ? იქ ხომ არ ხარობს

შენი სამშობლოს ფურჩვნის ნიშანი!

6


მტკვრის პირს აშენე ხეივნის ვაზი,

ვენახი იყო შენი ქონება,

მოხუცების ჟამს ჭური ჩაყარე,

შვილიშვილთაგან მოსაგონებლად.

და შიგ ჩაწურე წმინდა ზედაშე,

მოსხმული მტევნის კამკამა წვენი,

მთელი სცოცხლის შრომის სასყიდლად

შენ თავს შესწირე მცირედი ძღვენი!

წინასწარ სჭვრეტდი, შენს მოსაგონრად

ჯამებს ასწევდა შთამომავლობა,

შემოგითვლიდა შესანდობარსა,

შემოგაწევდა ხმა-ტკბილ გალობას...

მაგრამ დალეწეს შენი სამშობლო,

ომში მოგიკლეს ვაჟი ორბელი,

ქვითა და მიწით, აგივსეს ქვევრი.

ვინღა სთქვას შენი შესანდობელი?!

სად ხარ, ხახარე, ტკბილოხმიანო,

თბილისი ლექსით ვერ გაახარე?..

შენ გადაგჩეხეს მტკვარში, მეტეხთან,

და ხელფეხშეკრულს ქვა დაგაყარეს...

მტკვარი რომ ოქროს ხმებით წკრიალებს,

მტკვრის ზვირთში სტვირით შენ ხომ არ მღერი?

იცი, რომ შენი სტვირის ტკბილ ჟღერით

სჩქეფს ყოველ დილით მტკვრის ლურჯი ჩქერი.


7


ვერ დამალა, ჟამმა გრძელმა,

ვერ დაჟანგა მიწამ ბნელამა,

შენი ტკბილი სალამური!

ათასწლობით მწვანე ობით

შავს წყვდიადში დამალული.

- მე ვნახე და მე ვიპოვე

შენი ჭრელი სალამური!

ჩემი გულის მისატოლი,

შენის ცრემლით დანამული...

თავი მეოთხე


1


არ ინახვებოდა ცოდვით ის ალაგი

სადაც დღეს სამი გორაა მდგარი,

მუხლები ჩაუწყდათ საკაცით მზიდავებს,

იმდენი მოზიდეს სამგორზე მკვდარი...

- ვეღარ დაიჭირონ მაჭრის ჯამები,

ვეღარც იგემონ მკლავის მონაგარი...

- ვიღამ მოგთაბოს, სამგორო, მოგმკოს,

ცაშიღა დარჩა მთვარის ნამგალი...


2


სამ წელს, თურმე, სამგორ-ველზე

არ ამშრალა სისხლის ღვარი,

დიდიხნობით, თურმე, სამგორს

არ წასძოვდა ცოდვით ცხვარი, -

რომ აქ ხალხი დაიხოცა,

აქ დაეცა წინამძღვარი!..


3


პირველ გორაში ჰერ-კახნი წვანან,

მათთან ერთად წევს ბივრიტიანი.

შუა გორს - ფარსმან, არმაზის ლაშქრით,

ზემო გორს - ჯაგუ, ვაჟი ფრთიანი...

მათთანვე წვანან შეჯავშნულები

ომში მოკლული მათი ცხენები...

ცხენიდან მგზავრი გადმოხდებოდა,

გზას გაივლიდა გმირთა ხსენებით....


4


- ფარსმან, ქართლის სპასალარო,

არ იჯერებ სიკვდილს განა?

ცათასწორი შენ იყავი,

მიწაში ვინ ჩაგიყვანა!


5

- ჯაგუ, ეგრისელ გუნდით რომ გძინავს,

ომში მიჰქროდი, როგორც ენგური!

იორს ენგური ეშველებოდა,

ერთის ძმობით და ფიცით შეკრული!

ჯაგუ, სამგორზე, ჭიანურის კვრით,

შენს სულს ეძებდნენ ეგრისელები...

რისთვის გეძებდნენ? ქართლი, ეგრისი,

დღესაც სავსეა შენი ხსენებით.


6


- სამგორში წევხარ, ბივრიტიანო,

ვერ დაიხსენი საქრისტიანო...

ვერ გამოგიხსნა შენ დასავლეთმა...

გახსოვს, ომის წინ, ჯამი შესმული?

ისევ ისე გყავს, იმავ სიშმაგით,

ოცნება ჯიხვის რქაზე შესმული?!


7


- კლდის მონაკვეთი იყავი, არჯევან,

გულწმინდა, ვით შხაპი მთის ჩანჩქერისა,

შენ არ იყავი არც პიტიახში,

არც ბუმბერაზი მეფის კარისა...

მუხის ქვეშ სცხოვრობდი იორის თავზე,

დიდი ზვავები სადაც დნებოდა,

გწამდა, ამ მუხის შავი ტოტისგან

რომ შენი კუბოც გაითლებოდა!

გაფოთლილ ხის ქვეშ გსურდა სიკვდილი,

აქ რა გინდოდა ადრეულ დილით!

წევხარ სამგორში... ზვავის ნაჟური

გწყურია?

სად არის ბერმუხას ჩრდილი?


8


მიასვენებდნენ მცხეთისკენ ვახტანგს,

უჯარმის ველზე ელოდა ხალხი.

მდუმარედ იდგა ერი ქართლისა,

თითქოს შავი ზღვა ჩაცმული თალხით...

შავი დროშები. კერეონები...

მიდამო, სევდით გარემოცული...

ოქროს ცხედარზე, ხალხს რომ მოჰქონდა,

წყნარად ესვენა გმირი მოწყლული.

მოუახლოვდა ცხედარი სამ გორს,

სად გმირთა სისხლმა დაიყვავილა,

შეინძრა ერი, დაემხო ერი,

და გარდაიქცა კვნესა ბღავილად.

ქალნი ქალწულნი იჭრიდნენ ნაწნავს,

ამოეყარათ დედებს ძუძუნი.

მათრახს იკრავდნენ პირზე მხედრები

და იდგა ზრინვა, შავი ზუზუნი...

- დიდება შენდა, ვახტანგ მეფეო,

ვინ ამოგართვა სიცოცხლის ძალი?!

ვინ დაგიბნელა, ვინ ამოგშრიტა

ჩაუქრობელი არწივის თვალი!


9


სამშობლოს მთებზე შუქი გადადგა...

სამგორს და თბილისს ემახსოვრებათ, -

როცა დაემხო დიდი მთასავით,

დაშრა ზღვასავით დიდი ცხოვრება!

ვახტანგის სისხლით სველო სამგორო,

ხარ შენც იმ დღიდან ამტვერებული...

გახსოვს პირველად ერი ქართლისა

თბილისისათვის ატირებული?!

თავი მეხუთე


1


ყოველ კუთხიდან გლოვობენ ვახტანგს,

ყველა იგონებს მის თავდადებას...

ჯერით ტირიან... უჯარმის კარზე

წლამდის ტირილი არ გათავდება...

გამოიტანენ ვახტანგის აბჯარს,

ნიშანს გაშლიან, - მეფის ნასისხლარს, -

ჯაჭვს და მუზარადს, თორს და სამკერდულს,

შემოუწყობენ შვილდს, ხმალს და ისარს.

- შენამც იხმარე გაუცვეთელად

ხმალი, ჯავშანი და საცერული, -

ხმალს აიღებენ ხელში ტირილით,

გულის ძარღვს მოფქვავს სიტყვა ცრემლური, -

თითქოს წვიმაში ხმალი სველდება,

ხელიდან ხელში გადაცემული.

- ხმალო, გვითხარი, ხმალო, გვიამბე

მეფის გმირობა, მეფის ომები!

სად რა ლამპარი გასტეხა შენით,

სად გამოგვიხსნა მეთვისტომენი!


- ხმალო, გვიამბე, ვინ მოჰკლა მეფე,

ხელშესახმობი, ვინ იყო მკვლელი?

შენ ხომ იქ ახლდი, როგორ მიუშვი,

რად ვერ აჰკაფე ასპიტი გველი?!

ხმალი აიღო ხელში ბერდედამ,

გაგას შეჰხედა: - შენ ხომ იქ იყავ?

როგორ მიუშვი მკვლელი მეფეზე? -

თვალ-შემსჭვალულმა ცრემლით იკითხა.

- შენ მარტომ იცოდი მეფის იღლიის ქვეშ

ჯაჭვის განახევი, მტერმა რა იცოდა?

ვინ იყო, გვითხარი, მეფის დამჭრელი? -

და ვახტანგის ხმალი მისკენ გაიწოდა.

გაგა გაშტერდა. ყბა უძაგძაგებს...

ვეღარ გაუძლო ძუ ვეფხვის მზერას,

შეიტორტმანა, თითქოს გულ-ღვიძლი

ათასმა შუბმა ერთად უსერა!

თავხრილმა მიწას დიდხანს ჩაჰყურა:

”რა დღე მქონია დაბედებული!”

- იქ ვიყავ... - წარსთქვა გაგამ ჯანყურად

და გამოვიდა გაფეთებული.


2


ვის შეეხვეწოს, სად გადიხვეწოს,

სად მოისვენოს ვერაგმა მკვლელმა?

სახლის ერდოზე ჩხავის ყორანი

და საძირკვლიდან იწივლა გველმა...

გაჰქრა თვალიდან მეაბჯრე გაგა,

ჩავლილ წყალივით კვალ-უნიშვნელი.

გახეტებული იარებოდა,

თმაგაწეწილი და ფეხშიშველი.

- შენ მოჰკალ! - მთები შემოსძახიან,

- მკვლელო! - ბიბინებს ჩუმად ბალახი.

- ძუძუნაწყვეტო! - შეჰკივლებს ქარი,

თითქოს ღალატი ქარს აქვს ნანახი.

- თავს ჩამოვიხრჩობ! ამ ჭირს მოვრჩები! -

ხესთან დადგება, - თოკი მზად არი!

მაგრამ ხე ტოტებს ჩასთხრის მიწაში, -

თოკის ადგილი აღარსად არი!

წყალს მიადგება: - თავი დავიხრჩო! -

ათასი კაცის ცოფურ ღრიალით,

ათასი ზვირთის წყევა-გუგუნით

შეხვდება წყალი ნიაღვრიანი...


კლდეს ეხვეწება, შავს გამოქვაბულს:

- მიჯობს წყვდიადი ნათლის ყურებას! -

უნდა შიგ შეძვრეს და მოისვენოს...

უცბად კლდეკარი დაიხურება.

მთების ფესვები, კლდის ძირის ფოსო,

მდინარის ბუდე, შავ ტყის ტევრები,

თავდასასხმელად ჩასაქოლავად

გაგას მოსდევენ, როგორც მდევრები.

მთა წამოიქცეს, გაგა დაფაროს,

ზეცა ჩამოტყდეს, ქვეშ მოიტანოს, -

იქნება გაგას ბედნიერება...

ცა უარს ამბობს და კლდე პიტალო...


3


კრთომით გადმოდგა უჯარმის თავზე,

ქალაქს დაჰხედა ერთ კვირადილით...

პალატის ბჭის წინ, ტრიალ ფოლორცზე,

ისმოდა მოთქმა, ზარი, ტირილი...

კლარჯნი მოსულნი ტიროდნენ მეფეს:

- ვინ დაიჯერებს, გმირო, შენს სიკვდილს?! -

სახე-ყომრალი აიმღვრა გაგა,

ტანი ერყევა და ფერი მისდის...

მყისვე დაეშვა, ქალაქს ჩარუყდა,

გასჭრა ქუჩები, გამოიარა.

და აძაგრული მივიდა, დადგა,

სად დასტიროდნენ მეფის იარაღს...

ვერვინ შენიშნა... მაშინ მდუმარემ

აჰგლიჯა დაშნა გვერდით მდგარ მხედარს,

დაიკრა მკერდში და ახრიალდა:

- მე მოვკალ მეფე!

გაგა ვარ,

მხედავთ?!

არა მქონია სპილენძის გული...

ვეღარ გავუძელ ამდენ ფარფატსა! -

მაგრამ ვერ მისცა იარაღს ძალი,

იქვე უღონოდ წაიბარბაცა...

- ღვთის გარეგანი, ქართლის მესისხლე!

- შეჩვენებული, ამოსაფხვნელი!..

- რა წარეცხს ამ სისხლს ჩვენი მიწიდან?

- მზეზე გაშავდა გაგას სახელი!

ხალხის წინ იდგა გაგა, ვით ღამე,

ვით შუაღამე, უხმო, უგზური,

ამოშავებულ თვალის უპეში

უელვარებდა ორი მუგზული...

სთქვა განაჩენი ბერდედამ მკაცრად:

- ერო, ცოდვაა ხმალი და ცული!

ტვინი გაუპეთ გაგას ნაყარ ქვით,

მან შეამღვრია სამშობლოს სული!

სამგორის ჩასწვრივ ჩაქოლეს გაგა,

იპოვნეს, დასწვეს გაგას აკვანი...

სახლი გადუხნეს საძირკვლიანად,

აღარ დარჩესო მისი ნაკვალიც...

წყევას გადასცეს... ვინც მოიხსენოს,

ცვარი გაუხმეს და მიწის მადლი!

იუდას თოკი ყელს დაეხვიოს,

სხეულს უღრღნიდეს უძილო მატლი!..

და ქუჯა, მამის ღალატისათვის,

შუბზედ ააგეს დაურიდებლად;

ზეზე დააგდეს... - გვამი გამცემთა

მშობელ მიწაში არ ჩაიდება!

თავი მეექვსე


1


უძრავად იდგა ფარნა მდუმარი,

როცა მთაწმინდა ბინდმა შენისლა.

პალატის ნაცვლად ნანგრევი ჰყრია

და ნატამალი მარმაშენისა...

კამაროსანი სვეტების თავი,

ოქროთ მოქნილი კლდის ნალეწი...

დაემხო იგი და ქვას თვითეულს

ჩუმად ჰკოცნიდა ნაზი ალერსით.

და დიდხანს, დიდხანს, აბორგებული,

თავს ზედ ახლიდა, ფიქრს ზედ აკლავდა, -

ისევ იქ იდგა თავდადრეკილი,

როდესაც ღამე გამოვარსკვლავდა...


მას აქეთია, იმ წმინდა მთიდან

ფარნა თბილისში არ ჩამოსულა...

მისი სიცოცხლე ამიერიდან

მთაწმინდის სევდით გარემოცულა...

მთადაბურდული იჯდა ბურვილში,

გარს მაყვლის ბრწამლი... და კლდის ხავსნარი...

ტინზე ნაჟური მთის ცრემლი სჩქეფდა,

სად გუშინ იდგა ფარნას ტაძარი...

2


ჰხედავს უეცრივ, ნაკადის ჩქერში,

პირიმზის სახის ნათელი ღვივის,

ისე ნაზი და ბრწყინვალე, როგორც

ყინულის ჭვირში შემდგარი სხივი.

- გადამახურე შენი ნათელი,

უხილავ ცეცხლით გული ხურდება!

ახლაც ღმერთი ხარ!

ისე მწყურიხარ,

როგორც ნაკადულს ზღვა მოსწყურდება!

3


მთაწმინდის კლდეში ჰკვეთს ქალის სახეს,

გულს მეორე მზედ გამოჰყოლია.

მკერდში რომ დაჰქრის სხივთა ნიავი,

უხილავ ფრთების მონაქროლია.

ელვური სახე ფარნას ეძახის,

უსაღვთოესი, შუქბრწყინვალებით.

ხედავს ქვა აღსდგა... ქვაში პირიმზემ

ამოახილა თითქოს თვალები...

დაემხო ფარნა შეთრთოლებული:

- ნუთუ ისევ ხარ ქვეყნად მოსული?

მე შენთან დამრჩა ყველა ოცნება,

ხელი შემახე ანგელოსური!..

დიდხანს უმზერდა ნაოცნებარი...

უცბად მტვრევის ხმა მძლავრად გაისმა.

ვინ დაუმსხვრია ოცნების ხატი,

ქარმა, სეტყვამ თუ ადონაისმა?


ზე აიხედა თავზარცემულმა,

თვალნი მოავლო სიმწუხარითა, -

თავს ადგა სპარსი ვინმე მოლაშქრე

ხელთ რკინის კეტით და ხარხარებდა...


4


ორი ძუძუღა დარჩა ქანდაკის...

ტკბილ-სახსოვარი ვის არ უყვარდეს?

იმ ძუძუს ქვიდან წყარო აჩქეფდა,

სანთელს უნთებდნენ, აყრიდნენ ვარდებს.

სჯეროდათ, - ერთ დღეს, წელიწდეულში,

მთაწინდის კლდეზე, როცა ბინდდება,

მაყვლის ბუჩქიდან, - ნაქანდაკარზე,

ოქროს ხოხობი გამოფრინდება.

ისევ მთელდება ფარნას ქმნილება,

იელვებს ქვაში ნათლის სხეული,

ოქროს სავარცხლით ივარცხნის ნაწნავს

ქანდაკი, ქალად გადაქცეული.

თმის ნაპერწკლები თბილისის გულმკერდს

ათას ვარსკვლავად გადაეყრება...

იტყოდნენ, - იმ წამს, თურმე, თბილისელთ

აუსრულდებათ გულის ვედრება...

არვინ იცოდა ფარნას სავანე,

არვის უნახავს ფარნას სამარე,

ამბობენ, ფარნა კლდეს შეეზარდა,

დრომდის უხილავ ფრთებმა დამალეს!

მაგრამ თბილისი მას მისტიროდა,

მცხეთა, უჯარმა, ოძრხე, ფაზისი,

დიდი ტაძრები მას დასტიროდნენ,

სადაც გალობდა ხმა უნაზესი...

5

თქვენც გინახიათ მთაწმინდის უბე,

ფარნას ნაქმარი სად იდგა წინათ...

იქ, ათას-ხუთას წლის დიდ ოცნებას, -

დიდოსტატის სულს, - იმ კლდეში სძინავს.


რომ ჩვენს დღეებში გამოიღვიძოს,

კვლავ გახდეს ქართლის შვილი რჩეული,

ჩადგეს ჩვენ შორის თვისი ჩაქუჩით,

მოსჭრას ჩუქურთმა ქვაზე ჭდეული!

თქვენც გინახიათ მთაწმინდის ეშხი

დღესაც მოჟონავს მთის ძუძუს წყარო,

რომ არ გადახმეს მიწა მშობელი,

ფესვმა ყოველმა რომ გაიხაროს!

თავი მეშვიდე


1


- დროშა სად არი, დროშა სად არი?! -

ერი მწუხარე ჩუმად ეძებდა...

მეფის მედროშეს ებარა დროშა,

ღონეს რომ გულში უორკეცებდა...

წვივსა და ბეჭში დაჭრილს, სავანედ

ჰქონდა გომბორის მღვიმე - მაღარო.

- მე დაჭრილი ვარ, არ დავიკვნესებ,

ოღონდაც მტერი არ გავახარო!

- მე დაჭრილი ვარ და არ დავწვები!

დაწვეს მკვდარი და ქვეყნის ურგები!

მე ბრძოლას ვუცდი!

საიქიოში

მეფეს ხელხუნდით ვერ წარვუდგები!

წყლულზე დაადეს მას ირმის ტვინი,

აბლაბუდა და ობობას მტვერი...

და თვალსაცერა სამ თვეზე მორჩა,

თუმც დაღუპულად ჰრაცხავდა მტერი!...

შუბს დაყრდნობილი იდგა მგმინავი

მეტეხის ძირში, მტკვარის მორევთან,

რასაც კვნესოდა მეფის მედროშე,

მას ნარიყალა იმეორებდა.

ჩუმად გაშლიდა დროშას მღვიმეში

და ემთხვეოდა, ეკითხებოდა:

- როდის მომესმას შენი შრიალი? -

ხელი დროშის ტარს ეგრიხებოდა...


2


ზურგმოცვეთილ სამგორს დამზერს:

- რამ აქცია მიწა ნაცრად?

რამ ჩაგმირა აქ სიცოცხლე,

უდაბნო ვით დაენაცვლა?!

ვინ გაახმო აქ რუსხმული,

ვინ დააშრო ძროხის ცური?

ვინ დათხარა ტურფა ვაზი,

ოქროძირა ვინ სჭრა ცულით?

სად წავიდა დოლისყანა,

ან ხეხილი შვილიდარი?

ან მცხეთაში რად ძევს უქმად

გორგასალის შვილდისარი?

გაჰხედავდა დამწვარ თბილისს,

გორზე მჯდარი ყოველ დილით:

- გულს მიფქვავს

და მკერდს მინესტრავს

აბოლილი, ნაცარყრილი...

დიდხანს იყო მშრალად, გულხედ,

ეული და უთავისო;

მხოლოდ ზოგჯერ სამჭედლოში

შეჰხვდებოდა თვის ძმას ღვთისოს...

- შეხსნა უნდა განა ბორკილს,

რომ გვეხვევა როგორც სურო! -

და პასუხად ღვთისავარი,

დაუშვებდა გრდემლზედ უროს...


3


ძმათსაფლავის ხსენების დღეს

შავად მორთულ ცხენზე მჯდარი

გამოვიდა სამგორ-ველზე,

დაებღუჯა ხელში ფარი.

დაიძახა: - გამობრძანდი,

რომელი ხარ გულდამტკბარი!

მე გულისთქმამ მომიტაცა!

მაშ არავის გტკივათ წყლული?

მაშ სამგორი არ გტკენთ თვალებს

ჩვენი ძვლებით, მოკირწყლული?


ვერ გაჰხედავთ განა თბილისს, -

ახალ კერას ჩამომძვლეულს?

ლომდახატულ ქართლის დროშას,

ჩამოხსნილს და მტრისგან ძლეულს!

გორგასალი წყლულს გვიჩვენებს,

გამოგლეჯილს ბასრი ისრით!

გვეხვეწება: ნუ შეარჩენთ,

იძიეთო ჩემი სისხლი!

მე სისხლს ვეძებ უძიებელს,

ვით ირემი ვეძას ეძებს,

შურისგების მოლოდინში

ისარივით დავიხვეწე!

თავი მერვე

1


..........................

აჯანყდა

და აღსდგა ერი:

- ნუმც გვრგებია შვილთა წყევლა!

შეგვეკიდა საღვთო ცეცხლი,

სისხლთან ძვალი გაგვიცხელა!

- აჰა, გული და სიცოცხლე,

აჰა, შვილდი და ბოძალი!

აჰა, შუბი, აჰა, დროშა,

- გორგასალის ნაბოძარი!

მტრის ჯავშანზე ლახტს ვამსხვრევდეთ,

აღვიდგინოთ ხვალ სახელი!

მოჰყიოდა ღვთისავარიც:

- აჰა, ხმალი,

ხმალსა ხელი!


2

- განა სისხლით იშოვება,

გორგასალის პირმშოება? -

სთქვა ერმა და ურდოების

გასარეკად აემზადა:


გორგასალი ჩვენ დავბადეთ,

იგი ერის ძუძუმ ზარდა!

ჩვენ მივეცით ბასრი ხმალი

და სახელი მარადისი!

იგი ჩვენი მემკვიდრეა

და მემკვიდრე ჩვენ ვართ მისი!


3


ხმალდაბღუჯული, არწივთვალება,

ომში კივილით გადამავალი,

თბილისისათვის, მის დახსნისათვის,

სამშობლოსათვის, შეკრბა მრავალი...

წინ თვალსაცერა დროშით მიუძღვის,

ახალ ბრძოლისთვის იგი მზა არი!

დაუდრეკელი ნების კაცია,

ბასრი ფოლადის ნებისა არი!

ზღვაც, თურმე ზღვაში გადიწურება,

და ხალხის ზღვასაც არ აქვს კიდური!

მისმა ღვართქაფმა მტერი წალეკა,

სხვის დამძალავი და მედიდური.

ფეხთ დაუხალეს მტრის დროშა ვახტანგს

მცხეთას, საფლავზე, როგორც ლერწამი!

გმირის ხმლის ტარზე ანთეს სანთლები,

ახარეს ქართლის აღდგენის წამი!

ახარეს ქართლის გაწმენდა სამგორს,

სამ საძმო საფლავს ჩასძახეს ერთხმად.

ქვიშას ჰკოცნიდა შხეფი მტკვარისა,

იგრძნო თბილისმაც ახალ ხმლის შერტყმა...

სურნელს უკმევდა, ყვავილს აყრიდა

გმირთა საფლავებს დიდი, პატარა,

და თვალსაცერამ სამივ ყორღანზე

დროშა დიდებით გადაატარა...


თავი მეცხრე

1

რუხი. ხრიოკი. მხმარი მიდამო.

ვაზიანთან გაქვთ, ალბათ, ნანახი...

ნაცარ-ხევსური, ჯაგარა ქუჩი,

ამოჩხირული ქვებში ბალახი...

შავ ყორნის მიერ მოტანილ თესლზე, -

გადარუჯული, მხმარი რტოებით,

მოხრეკილ ხევში, საწყევარაში,

დგას ხე ილღუნი განმარტოებით.

დგას დამშხალული, გადამწირული,

ბუნებასა და ხალხთან გაყრილი,

თავზე სქლად ადევს ხრიოკის მტვერი

ფეხთ უფენია შავი ქვაყრილი...

ტანდაღრეკილი, ნაღარ-ნახეთქი

და დასუნთქული შხამიან ქარით,

მძორიან სუნით, მქისე ფოთლებით

ხე, ნაღვლიანი სისინით მდგარი...

რამდენი არი მისი მხილველი,

არ ეკარება ამ ხეს ფრინველი...

მხოლოდ უნახავთ მგზავრებს, მრავალგზის,

ყეფით ყორანი ტოტებს დახლილი...

ზედ დახვეული გველი უნახავთ,

ზედ ურჩხულივით ლანდი წახრილი...

არ ეკარება მგზავრიც... მას ჰზარავს

ხე დაგესლილი, ბუნება-მკვდარი,

როგორც საფთხური, ყველას აშინებს

ხე, ნაღვლიანი სისინით მდგარი...

მხოლოდ ერთ ღამეს, ერთ შუაღამეს,

სიკვდილის ღამეს გორგასალისა, -

შავი აჩრდილი ტანაბჯრიანი

ხესთან გაჩნდება, ისარს ალესავს.

აბორგებული დაიკრავს გულში,

თვითმკვლელობაში რა ვერ რწმუნდება,

გაჰხედავს სამგორს, წაიშენს თავში,

თბილისს შეჰხედავს და შეძრწუნდება!

- გაგას შემინდეთ,

შეუნდობელსა! -

გულშემზარავი ისმის ძახილი...

ამბობენ, თურმე, გაგას ღმუილზე

წამოიჭრება შიშით ნახირი.

შეთენებულზე გაჰქრება ლანდი

და ნაღვლიანი სისინით მდგარი,

ამრეზილი და გულდაბზარული

და დასუნთქული შხამიან ქარით, -

დგას ხე ილღუნი გაგას საფლავზე,

ქვეყნის, ბუნების მიერ წყეული,

დიდი სიმწარე და საიდუმლო

შხამად აქვს გულში გამომწყვდეული.

დგას ხე ილღუნი... არ ეკარება

სიცოცხლის ჟღერა, ნიავსურნელი,

არ ეკარება თითონ სიკვდილიც,

თუმც თვით გაქრობის არი მსურველი...

თავი მეათე


1


აღარც ვახტანგი იყო ამქვეყნად,

აღარც ფარნა და ჯავახ, ბაკური...

მაინც დაეწყო ქვა და აგური...

ჩვენი თბილისი კვალად აშენდა...

მარად უკვდავო სიცოცხლის ძალავ,

ხალხის ძალაო, დიდება შენდა!


დიდხანს ეკიდა თბილისის ბჭეზე

ძვლით მოლურსმული ვახტანგის ფარი,

ფარზედ ეხვია პირიმზის თმები,

აბრიალებდა ნაწნავებს ქარი...

ამვლელ-გამვლელნი თავს დაუკრავდნენ

და მომღერალი ქებას მღეროდა,

შეირხეოდა უეცრივ ფარი,

როცა სამშობლოს საფრთხე ელოდა.

გაიშლებოდა ორად ნაწნავი,

თუ მტერი თბილისს ემუქრებოდა,

ამბობენ, - რეკაც ისმოდა ფარის,

ცისკრის ვარსკვლავი როცა ჰქრებოდა.

- თქვენთვის ვცხოვრობდით,

თქვენთვის ვკვდებოდით,

თქვენც არა გნახოთ მტერთან დრეკილი!

ჩვენთან იყავით...

არ დაგვივიწყოთ! -

იძახდა ფარის ხმა დარეკილი.

და ასრულებდა ხალხი ამ აღთქმას,

ისიც იცოდა, მოვა დღე მტკბარი,

როს გააჩენდა დედა იმ რჩეულს,

ვისაც ხელთ უნდა აეღო ფარი!..

ეპილოგი


1


მგზავრო, შეხედე სამ გორს, სამგორზე

გგონია მართლა მიწის ბორცვია? -

არა და არა! სამივე გორა

ხალხის სისხლი და ხალხის ხორცია!


დიდების ველი საქართველოსი!..

იგი დაცხრილეს ძველად ისართა;

აქ გორგასალის ჩაწვა ლაშქარი,

ველზე სამ გორად ამოიზარდა!

პირველი სისხლი თბილისისათვის

აქ წამოშხეფა ქართველის წყლულმა;

თბილისისათვის პირველ ტკივილით

აქ იტკივილა სამშობლოს გულმა!

აქ მზე ჩავარდა საქართველოსი,

ლიხთ-აქეთის და ლიხის გადაღმა, -

აქ ხალხმა სისხლი გარდაიხადა,

გარდაიხადა სისხლი ვახტანგმა!

რამდენი ქროლვა, ლტოლვა, ჭენება

ჩალურსმულია ამ სამ გორაში!

რამდენი ძარღვის ოცნება მწველი

ცოცხლობს ამ წარსულ ნამოგონარში!

გმირნო, სამგორის სანგარზე მკვდარნო,

არ დაგივიწყებთ თქვენ მისხის მისხი,

თქვენ ხალხის გული მოიყვავალეთ

ქართლი გასწმინდეთ საკუთარ სასხლით!


მოგცათ სამგორმა მიწა საძეგლე

და სარეცელი ლურჯ ღიღილოსი,

თქვენ არ გადგიათ ოქროს ქანდაკი,

არც თლილი ძეგლი მარმარილოსი.

მშობლიურ მიწის ფესვებს შემდნარნო,

დამაშვრალებო, ახლაც არ გძინავთ,

ხმლით გაიარეთ სიცოცხლე ჩქარი,

დიდების შუქი გაინთეთ წინა!

დამსხვრეული გაქვთ მუზარადები,

მკერდი - მახვილით ჩამონაბასრი,

სული მთელია, დუღაბიანი,

მთლიანი, როგორც სამშობლოს აზრი!


2

რატომ არ ჭკნება მოლი ყორღანზე,

ნუთუ ბუნება სასწაულს ჩადის!

ჰხედავ ყვავილებს? - ამ ყორღანებში

სიცოცხლე თვისი ფესვებით ჩადის.

თითონ იქიდან ამოაქვს ღონე,

სად ბუმბერაზი დაღლილი მიწვა...

ვერ გადაგიდნეს სული ძლიერი,

ბრძოლით დაღლილო, სამშობლოს მიწავ!

ვერ სძლევს სიკვდილი შენს უკვდავ შვილებს,

დღესაც იბრძვიან ძილგამკრთალები,

ახალი ქართლის ხარაჩოებზე

მე დავინახე მათი თვალები...

მათი მკლავები მე დავინახე,

ჩაქუჩიანი მათი მარჯვენა.

- თქვენ ხომ ემარხეთ,

თქვენ აქ რა გინდათ,

ფარნა, ღვინია, ღვთისო, არჯევან!

ათას-ხუთასი წელიწადია,

სამარის მიწა გულზე გეზვინათ!..

- ჩვენ არ ვემარხეთ, მხოლოდ გვეძინა...

ამ დღეს ველოდით!

დღეს ჩვენი ღონე

სამშობლო მიწას კვლავ შეეძინა!..


3

- განა როდისმე დაიჟანგება

ხმალი, ბრძოლაში ამოღებული?!

განა როდისმე დაინაცრება

ცეცხლი, გულიდან ამორხეული!

არა, ცოცხალი მუდამ ყოფილა,

ვინც ლომურ ბრძოლის ცეცხლში შობილა,

არ შეიძლება მისი დარღვევა!

სისხლის წვიმებით დარწყული მიწა,

სიცოცხლის სხივით დაიწარღვნება!

იყავ დღეგრძელი, თბილისის გულო,

იცოცხლონ მშობელ მიწის ძარღვებმა!


4


დასცეს უჯარმა, მოსპეს რუსთავი,

დაბერდა, გახმა სამგორის ველი.

დაშრა რუსხმული, ისევ მრავალჯერ

სისხლით უნახავთ სამგორი სველი.

ითესებოდა ძვლებით სამგორი,

ითიბებოდა სიკვდილის ცელით...

გახსოვს წამლეკი ბერქა ყაენი,

ჯალალ-ედ-დინი წამების ძელით?

დიდი ხანძრების ფრთით მომფრინავი,

მიწის გამხევი, მოსისხლე, უნდო,

თბილისში მდგარი თათრის ბანაკი,

იორის პირზე მონღოლთა ურდო?! -


გახსოვს და გინდა შენი წარსული

იყოს დამწვარი სიზმარი მხოლოდ,

სამგორის ღამევ, შიშველო ღამევ,

ძველად მკვნესარე აჩრდილთა მყოლო!..


5


თქვენ რაღას იტყვით, სამო ყორღანო,

კიდევ თუ ჩაგრჩათ გულში ტკივილი

ხომ გამოხუნდა სისხლი თქვენს მკერდზე,

ხომ აღარ გესმით თათრის ყივილი?

თქვენ ხომ თბილისის მცველებად დგეხართ,

რა დაგრჩენიათ დასანატრელი?

დაჰხედეთ თბილისს, ხრამსა და რუსთავს,

როგორ ჩახჩახებს ქართლის ნათელი!

6


ვხედავ, არწივმა ასწია მიწა,

გულმა როგორ არ გაიმცნაუროს?

მიწა იღვიძებს, მიწა გუგუნებს,

დაძინებული ძარღვი ხმაურობს.

- გასჭერ ხეობა! -

იბრძვის წერაქვი,

ავარდა ნაღმი, ბელტი გადადის.

- აღსდექ, შეხმარდი ქვეყნის დიდებას,

გესმის, იორო, ხალხის ღაღადი?

გეყოფა, მიწავ, ცხედრული წოლა,

უდაბნოება, ხავსი, ნაცარი, -

აღსდექი, მხრები შეიტორტმანე,

გვიჩვენე შენი ნამოღვაწარი!

მარად მშვენიერ შენს სამშობლოში

გეყო, რაც იყავ უდაბნოელი!

უდაბურ ბელტში ჩამარხულ ძახილს

ვეხმიანები, ნახმევს მოველი.

და შენც, რუსთავო, შენმა წიაღმა

ახალი ძალა უნდა დაბადოს!

შენც უნდა სწერდე ცეცხლის ენებით

ქართლის ცხოვრების ახალ კაბადონს!

იყავ, იორო, ჩვენის ნებისა,

აჰა, მოვიდა დღეს შენი ბედი!

უხვად დაალბე ჩაჟანგებული,

ათასი წლობით ჩამხმარი ბელტი.

რომ შენს ნიადაგს ფესვი გაებას,

კვირტი გადმოსკდეს გამოსატანი

და წამოვიდეს ზვავად, ლანქერად,

პურის, ღვინის და ხილის მადანი!

რომ ვაზს ტანი ძლივს შემოატიონ,

ცხენოსანს მხრამდე სწვდებოდეს ყანა.

შენი ნათელი დაადგეს თბილისს,

სადაც სართულნი სართულზე დგანან!

და თუ ვეღირსე მე ამ სანახავს,

ბედო, შემასწარ უხვად მოკრება,

მისი რთვლისა და მისი ხვავისა,

რაც ხვალ სამგორზე დაიკოკრება!

მე ვგრძნობ, ბეჭებში ფრთები მეზრდება.

მე ვხედავ, ვხედავ, ვერ ვუძლებ ლოდინს,

გულში ოცნების ზღვა გადიწურა,

მოდი, მაისო, ათასჯერ მოდი!

ვიცი, მოხვალ და მეც აქ დაგხვდები,

როდესაც თბილისს ვარდებს მიაშლი...

გულო, აჟღერდი თვალგადუწვდენელ

ზურმუხტ ყანების ლივლივ-ნიავში!

***
ახალო ქართლის მარჯვენავ,
თუ ძველი ღალა გადახმა,
შენ ამიყვავე, რაც სისხლით,
დაიცვა ხალხმა, ვახტანგმა!
მშობელი ხალხის მარჯვენავ,
შენ ამიყვავე მარადა, -
რაც ცეცხლით დასწვა მტრის ხელმა,
რაც გადამიჭკნო მარაბდამ!..
შენ მომასმინე, სამშობლოვ,
ახალ ფოლადის ზარის ხმა;
შენ გამინათე, სამგორო,
ის, რაც წანისლა
კრწანისმა!

∗ შამირა - სემირამიდა.
∗ პალეკარტი- გრძელი წამოსასხამი
∗სარაგური - ველური ტომი იყო.
∗ კტეზიფონი-ძველი სპარსეთის სატახტო ქალაქი.

??????