ლომთათიძე ჭოლა
გაზიარება

უსათაურო 

И что я поддельной болью считал,
Та боль оказалась живая…
ჰაინე

...ერთბაშად, უეცრად დაბნელდა.

ან და შეიძლება ყურადღება არ მიმიქცევია, თუ როგორ თანდათან იკუმშებოდნენ ზეცაში მსუქანი, ტყვიისფერი ღრუბლები, როგორ აწვებოდნენ თავზე ქალაქს.

შევხედე ზეცას - ელვამ დაჰკრა. ცეცხლის გველივით, კლაკვნით გაირბინა მან ღრუბლებში და ელვასთან ერთად გაისმა მკვახე ჭექა, რომელიც დაბოლოს ხარხარს, საშინელ ხარხარს უჩინარ, მაგრამ უკმეხ არსებისას დაემსგავსა.

- ხე! ხე! ხე! ხე! - მომესმა მე, მკერდში გული მოიკუმშა, რაღაც ეტკინა მას.

- ხე! ხე! ხე!..

- ...ეჰ, ყველაფერი ეს დიდიხნის ამბავია. ეხლა გაზაფხულია, მშვენიერი ბრჭყვიალა გაზაფხულის დილის მზე ისე უღიმის დედამიწას, როგორც დედის კალთაში ჩაგორებული, გამაძღარი ჯანსაღი ბავშვი დედამისს. ეხლა გაზაფხულია და ყველაფერი ისეა მორთული, როგორც გაზაფხულს შეშვენის.

და ჩვენი მტკვარი, ჩვეულებრივ ისეთი დინჯი და ჭკუადამჯდარი, როგორც ჩაფიქრებული ტეტია, ეხლა თითქოს დამთვრალიყოს, ხმაურობს, ჰყვირის, მიჰქრის აქაფებული და მიაჩქარებს ამღვრეულ ზვირთებს შორეულ კასპიისაკენ. მე კი ვზივარ სატუსაღოში და ვწერ ამ სტრიქონებს. ვაღვიძებ მოგონებას მხოლოდ იმიტომ, რომ მსურს რაიმე საშუალებით გავშორდე ამ გაზაფხულს, არ გავიგონო იმისი ძახილი, იმისი ჯადოსნური სიმღერა... მე ხომ არ შემიძლია ამ ძახილს გამოვეხმაურო, ამ პატიჟზე გავიდე და დავტკბე, გულში ჩავეკრა მრავალხმოვან, მრავალფეროვან, მრავალსახოვან მშობელ გაზაფხულს მშობელი ქვეყნისას. არ შემიძლია ეს, ასეთი კანონი არ არსებობს... გაზაფხული კი მეძახის, მეძახის, მეპატიჟება - საჭიროა არ გავიგონო ყოველივე ეს, ჩემთვის აგრე სჯობია...

და აი მაგონდება მე ერთი დღე, როცა უცებ დაბნელდა, დაჰკრა ელვამ და მსხვილი, შხაპუნა წვიმა წამოვიდა. მაშინ მე ფანჯარასთან ვიდექი და გული მეკუმშებოდა, გულს სტკივოდა რაღაცა. წვიმა კი სცემდა ჩემი ბინის სახურავს, საფანტივით ჰგორავდა ზედ და ერთობოდა.

და ჩემთან მაშინ იმ ბინაზე ცხოვრობდა კიდევ ხვარამზე - ჩემი ცოლი, მაგრამ იმ დროს ის სახლში არ იყო. და ვინ იცის, შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ის არ იყო სახლში, სწორედ იმიტომ მახსოვს ეს წამი ჩემი ცხოვრებისა. როცა უცებ, ზაფხულის დღეს, დაჰკრავს ცუდი ამინდი, გულში განსაკუთრებით იღვიძებს ობლური ტკივილი მარტოობისა, მძიმე და ცივი გრძნობა...

მეზარება წერა.

საზოგადოდ ყველაფერი მეზარება, არა თუ წერა. ჰო, სულო ცოდვილო, იმ ფანჯარასთან მისვლა კი მინდა, იმ აყვავებული ბაღისკენ ცქერა, ჩემი ფანჯრიდან რომ მოჩანს. მაგრამ ეს როდია კარგი. ჩემს თავს მე ძალიან კარგად ვიცნობ. მე მომინდება გარეთ გასვლა, გასეირნება. ჩემი ოთახი კი გარედან არის დაკეტილი, ჩემი ფანჯარა რკინის მავთულებით არის გადაბანდული - ვერ გაძვრები შიგ, ვერა. მე ტუსაღი ვარ და გასაღები ჩემი ოთახისა სხვას უდევს ჯიბეში.

მე ხ-ო-მ ტ-უ-ს-ა-ღ-ი ვ-ა-რ! ნუ დაგავიწყდება ეს, ტუტუცო ჩემო თავო!

დიდხანს ვუცქირე სარკეში ჩემს სახეს და ყველაზე უფრო ჩემი თვალების გამომეტყველებამ გამაოცა. ეს სიობლე, რომელიც ჩემს თვალებში მოჩანს, ეს სევდა, ეს სევდა!..

...მეზარება წერა.

ამიტომ ნებას ვაძლევ ჩემს თავს თამბაქო ავაბოლო.

...ერთხელ ვუამბობდი მე ხვარამზეს რაღაცას, ჩემის აზრით მეტისმეტად საჭიროსა და საყურადღებოს.

საზოგადოდ, ანუ როგორც გურიაში იტყვიან, ანაგებად, ის დიდი ყურადღებით მისმენდა ხოლმე. ამასთანავე იმან იცოდა რაღაც განსაკუთრებულად ყურის გდება, ისე როგორც მხოლოდ ჭკუიანი, მოაზრე ადამიანი ისმენს ნაამბობს. და ხშირად მე განგებ დავუწყებდი ხოლმე იმას ლაპარაკს, რათა დამენახა, თუ როგორ მისმენდა ის, როგორ სდუმდა და როგორ მისმენდა.

მაგრამ იმ დღეს კი შევნიშნე, რომ იმას არაფერი არ ესმის იმისი, რასაც მე ვეუბნებოდი, რომ ის ფიქრობდა რაღაცა თავისას და ჩემგან შორს იყო. ან და შეიძლება არაფერზეც არ ფიქრობდა სრულიად, ასეც ხომ შეიძლება! იჯდა ის უმოძრავოდ, წყნარად და მისი თვალები კი, ეს შავი და ღრმა თვალები სადღაც მიმალულიყვნენ, მიმქრალიყვნენ თითქოს. გეგონებოდა ეს თვალები შორს, შორს სადმე იცქირებიანო და ამასთანავე თითქოს არსად არ იცქირებიან, არამედ გაშტერებით შესცქერიან ერთ წერტილს - ვერაფერს კი ვერ ხედავენ და ვერ გრძნობენო, ისე, როგორც ვერაფერს ვერ ხედავდა და ვერ გრძნობდა თვითონ პატრონი ამ თვალებისა, თვითონ ხვარამზე. ბაგე იმისი სანახევროდ ღია იყო და ამ ღია ბაგეში მოჩანდა მისი თოვლისფერი, მშვენიერი კბილები; ცალი ხელი ედო მას მუხლებზე, მეორე კი ძირს დაეშვა... ჩაცმული იყო ჩვეულებრივ სუფთად, უბრალოდ და ლამაზად... ახ, მაგონდება, მას ეცვა თეთრი ტილოს ტანსაცმელი... და ისეთი ნაზი და მიმტაცი იყო ის...

მოითმინეთ. მე მსურს მოვიგონო ის სავსებით. ის დგას ჩემს წინ ცოცხალი, ჯანმრთელი... და დამიჯერებთ თუ არა - მე ის როდი მახსოვს, მე ის ვერ მომიგონია. ის დგას ჩემს წინაშე ცოცხალი, მე იმას ვხედავ და მაინც თითქოს ის არ მახსოვს მე. ეს ასეა. საკვირველია, მაგრამ მაინც ასეა ეს. და მგონია აგრეთვე მე, რომ ეს ასეც უნდა იყოს, როცა გიყვარს. მიხვდით, რა მინდა ვთქვა? ახ, რასაკვირველია, არა. მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რაც ვთქვი, მე ვამბობ - ეს ასეც უნდა იყოს-მეთქი. თუ მართლა გიყვარს, თუ გიყვარს ღრმად, ძლიერად, თავდავიწყებით, ეს ასეც უნდა იყოს-მეთქი, ვიმეორებ მე.

ჰოდა იმას არ ესმოდა, რასაც მე ვუამბობდი.

- ხვარამზე, შენ გესმის რაზე გესაუბრები?

ხვარამზემ შემომხედა.

- გამოტყდი, თუ იმდენი მოქალაქობრივი გაბედულება შეგრჩენია, ხომ არ გესმოდა რას გეუბნებოდი?

- ახ, ღმერთმანი... ეს რა მომდის... აბა განაგრძე, ვანო... მაპატიე...

ის შემკრთალი მიცქერის და თმას ისწორებს... და შემდეგ ისევ მიდის საკუთარ ფიქრებში. ან და არაფერზეც არ ფიქრობს, კარგად არ ვიცი.

გული შემეკუმშა, მეწყინა და მეტკინა.

ერთხელ შუაგულ ძილში გამომეღვიძა. და ვიგრძენი მე ჩვეულებრივი სიხარული იმ აუცილებელ შეგნებაზე, რომ ის, ვინაც მიყვარდა, რომ ხვარამზე იმყოფება ჩემს გვერდით. სრული სამი წელი ვცხოვრობდით ჩვენ ერთად და მიუხედავად ამისა მაინც ვერ შევჩვეოდი მე იმ აზრს, რომ მე და ის ერთად ვცხოვრობდით, რომ მე და იმას ერთმანეთი გვიყვარდა, ან და უფრო სწორედ რომ ვთქვა, რომ იმას, ხვარამზეს, მე ვუყვარდი. და ყოველთვის, როცა ჩვენ მარტონი ვრჩებოდით, მე გადავუწევდი იმას კისერს, ჩავხედავდი თვალებში და ვეტყოდი, ვკითხავდი:

- ხვარამზე, ნუთუ შენ ხარ ეს?..

და ხვარამზემ იცოდა, რომ ეს არ იყო უბრალო, უქმი კითხვა, იცოდა, რომ ამ კითხვაში ისმოდა ჩემი უსაზღვრო სიყვარული მისდამი, შეგნება იმ დიდი ბედნიერებისა, რომელსაც მისი სიყვარული მაძლევდა... ყოველთვის ვგრძნობდი მე სიხარულთან ერთად შიშსაც, - იმ შერეულ განცდას, რომელიც შეიპყრობს ნამდვილ შეყვარებულს მისი სიყვარულის პირველ დღეს...

და აი, გამეღვიძა მე ერთხელ ღამით, წამსვე მომაგონდა, რომ ხვარამზე იმყოფებოდა ჩემს გვერდით და სიხარულით გავწიე იმისკენ ხელი, რომ გადამესვა იმის სახეზე, მივალერსებოდი...

და აი, ამ წუთიდან, ამ ღამის შემდეგ მტკივა მე გული, მაშინ ვიგრძენი მე საშინელი ტკივილი გულში, ვიღაცამ მწვავედ, მწვავედ მიკბინა მაშინ და ეს იარა აღარ მრთელდება, არ ჰქრება მას შემდეგ. და მტკივა მე გული მას შემდეგ, რაც ხელი გავუწოდე მას, რათა სახეზე გადამესვა და დავრწმუნდი კი, რომ ის ტიროდა.

დიახ, ის ტიროდა.

და ეს კი მეტისმეტად ძნელია, მეტისმეტად მძიმეა, როცა საყვარელი არსება ტირის. და თუ ამასთანავე ის ტირის ისე, რომ ცდილობს - შენ არ დაგანახოს თავისი ცრემლები და მწუხარება, ეს არა თუ მძიმეა, არამედ უსასტიკესი სატანჯველიც არის... წარმოიდგინეთ, თქვენ არხეინად გძინავთ და ის კი... ის კი, ვინც გიყვართ, ვისი სიახლოვეც ძილს და მოსვენებას გიამებთ, ის ტირის ჩუმად, იმას ვერ უამებს სევდას თქვენი სიახლოვე... კაცნი ვართ, ამაში შეურაცხყოფასაც იგრძნობთ!

ხვარამზე, ეს რა ამბავია, ა? - როგორც იქნა მოვიბრუნე მე ენა.

არაფერია... არაფერია! სიზმარი ვნახე რაღაც ცუდი... ძილში თურმე ავტირებულვარ... - ფურჩულით დამიწყო მან ლაპარაკი, მომიახლოვდა, მომეკრა, ცრემლებმა კი მისი თვალებიდან, ვიგრძნე, იმატეს დენა.

ყველაფერი სიზმრის ბრალია... - და ის აქვითინდა.

ვერავითარი ნუგეშის სიტყვა ვერ ვიპოვე მე ვერც მაშინ, ვერც მეორე დღეს, მე შემეშინა ამ ცრემლების - ესე იგი იმ გრძნობათა შორის, რომლებიც ამ ცრემლებმა გამოიწვიეს, შიში ყველაზე უფრო ძლიერი გრძნობა იყო. და მე მეშინოდა მელაპარაკა, მეფიქრა ამის შესახებ. მხოლოდ ამ ღამის შემდეგ კი მტკივა მე გული. ისე, სრულიად მოულოდნელად წამომეპარება გულში ვიღაცა და დამიწყებს კბენას... ექიმები კი ამბობენ, რომ ეს ნერვების ბრალიაო, რომ თითქოს სისხლი ნაკლები მქონდეს, რომელსაც თუ დროზე არ შევებრძოლე, ცუდი შედეგები შეიძლება მოყვესო, რომ საჭიროა მე დავმშვიდდე და დავისვენო... და მაიძულებენ მივიღო რაღაც წამლები, რომელთაც მე, რა თქმა უნდა, არ ვღებულობ. ვერაოდეს, ვერაოდეს ვერ მიხვდებიან ეს კეთილი, მაგრამ ბრიყვი კაცები, რომ სნეული ვარ მე იმ ჭრილობით, რომელიც შიგ გულში მომცა ერთმა გარემოებამ, ერთხელ ღამით, მაშინ, როცა გამოვიღვიძე, და დავრწმუნდი იმაში, რომ ხვარამზე ტიროდა...

საინტერესო კია ვიცოდე, რას ვაკეთებ ეხლა მე, როცა ვსწერ! ჩემი ბედნიერების ისტორიას ვსწერ განა?

ხვარამზეს შესახებ ვსწერ განა?

არა, რა თქმა უნდა, არა! განა შეიძლება ასწერო ის ბედნიერება, რომელიც გაჰქრა, წავიდა? ან და შეიძლება ასწერო ის უბედურება, რომელიც მხრებზე გაწევს?

ყოვლად შეუძლებელია ეს!

ვსწერ კი რაღაცას. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მსურს მე დავივიწყო, გარეთ რომ გაზაფხულია, რომ მტკვარი მთვრალია და გიჟი, მსურს დავივიწყო ყველაფერი და ისიც, რომ ხანდახან მგონია თითქოს მტკვარი სდის არა იქ, სადაც სდის, არამედ ამ ჩემს ძარღვებში...

აი, რაშია საქმე!

...ჰო, მართლა მომაგონდა.

აი, რა ვუთხარი ხვარამზეს მე, როცა შევატყვე რომ ყურს არ მიგდებდა. მე ავიღე მისი ხელი ჩემსაში, მივიტანე ის ტუჩებთან და ვაკოცე.

ხვარამზე, მითხარი, რაშია საქმე? შენ იტანჯები, თუმცა გინდა დაფარო ეს შენი ტანჯვა. განა ეს კარგია, ხვარამზე? როდის იყო, რომ მე და შენ ერთმანეთს რაიმეს ვუფარავდით?

და კიდევ ვაკოცე მას ხელზე. და კიდევ ვიგრძენი გულში ტკივილი, ტკივილი ვიგრძენი იმის გამო, რომ არაოდეს წინეთ, არაოდეს არ მოუცია იმას ჩემთვის ნება ხელზე მეკოცნა. და ამ წვრილმანმა საშინლად გამაოცა, - შემაშინა მე.

- ხვარამზე, რა მოგდის?

მან ნელა გაითავისუფლა ხელი, შემდეგ მომხვია კისერში ის და შემომაცქერდა თვალებში. და უცებ იმის თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა...

ეს რაღაა? - მხოლოდ ვკითხე მას და ვიგრძენი, თუ როგორ გამირბინა ტანში ცივმა ჟრუანტელმა.

არ ვიცი... არაფერი არ ვიცი!.. ეს ოხერი სევდა... არაფერი არ ვიცი, ვანო... ნუ მეკითხები... - და ის აქვითინდა.

ხვარამზე, შენ აღარ გიყვარვარ.

სუ! სუ-მეთქი! - შეშინებული ხმით შემომძახა მან და კიდევ გაიმეორა: - სუ! სუ! არ გაბედო ამაზე ლაპარაკი.

მეც გავჩუმდი. ღირდა კი ამაზე ლაპარაკი? იმან თვითონაც იქნებ არ იცოდა, რაში იყო საქმე, და არა ნაკლებ, ვიდრე მე, ეშინოდა იმ გრძნობის სიკვდილისა, რომელიც იმაში კვდებოდა.

შემდეგ დიდხანს ვიჯექით ჩვენ გადახვეულნი უმოძრავოდ, უსიტყვოდ...

მეტად არ გამაგონო რაიმე მსგავსი, გესმის თუ არა? - მითხრა დაბოლოს მან.

რა სულელი რამ ხარ... განა შეგიყვარებს შენ ოდესმე ვინმე ისე, როგორც მე? არავინ, გესმის, არავინ! და შენ არ გაბედო ამის შესახებ ფიქრი...

დაიხურა ჩალის თეთრი ქუდი და გამოვიდა. მაგრამ რამდენიმე წუთს შემდეგ ისევ დაბრუნდა უკან, გაჩერდა კარებში, გამიღიმა და შემდეგ გამოწვდილი ხელებით მოვიდა ჩემთან.

ამხანაგო ვანო, ნახვამდის!

მაგრად, ორივე ხელებით ჩამომართვა ხელი და გაიქცა...

მე რედაქციაში მქონდა საქმე, შემდეგ კი მუშებთან უნდა წავსულიყავი, არსად კი არ წავსულვარ. წამოვწევი გულაღმა და დავიწყე ფიქრი. მაგრამ ფიქრი ჩემი როგორღაც დნებოდა და ჰქრებოდა და მე ისე ვეგდე უფიქროთა და შეუგნებლად თითქოს. მხოლოდ ხანდახან ვგრძნობდი ტკივილს, ჩლუნგ ტკივილს მკერდში და რაღაც სიმძიმეს. მაგრამ მე არ მახსოვდა, მე არ ვიცოდი საიდან იყო ყველაფერი ეს. ასეთ რაიმეს განიცდის, ალბათ, დედა, რომელსაც შვილი მოუკვდა და რომელსაც მრავალი უძილო ღამეების შემდეგ, დაბოლოს დაეძინა. ის ძილშიც ტირის, ძილშიც გულზე აწევს იმას დიდი დარდი და მწუხარება, მაგრამ სანამ სძინავს, მას მაინც არ ახსოვს, რომ იმისი საყვარელი შვილი მოკვდა...

შემდეგ მე ავდექი და ფანჯარასთან მივედი.

და უცებ, ერთბაშად დაბნელდა.

შევხედე ზეცას - დაჰკრა ელვამ და ელვასთან ერთად დასჭექა, მსხვილი, მხიარული წვიმა შხაპუნით წამოვიდა, დაიფშვნა ქვაფენილზე და შემდეგ, პატარ-პატარა მდინარეებად ქცეული, ცელქად ათამაშდა... ზევიდან კი ვიღაც დასცქეროდა ქალაქს, დამცქეროდა მე, სცემდა ბოლთას ღრუბლებში, ათამაშებდა ხელში ცეცხლის მათრახს და ხარხარებდა:

- ხე! ხე! ხე! ხე!

სევდა-დარდისაგან გული დაიკუმშა. და კიდევ შიშისაგან.

მე ხომ მიყვარდა ხვარამზე. და იმასაც მე ვუყვარდი ხომ!

და ვუყვარდე უნდა, უნდა ვუყვარდე, დიახ!

- ხე! ხე! ხე!

გული ამტკივდა.

როგორც გენებოთ, და იმ სამი წლის წინეთ როდი შემყვარებია მე ის, მაშინ როდი შემყვარებია, როცა იმას პირველად გადავეყარე სურამში, ზაფხულზე. არა, მე ის მიყვარდა მუდამ, ჩემი არსებობის პირველ დღიდანვე. და თუ იყო ისეთი დრო, რომ მე წინეთაც ვცხოვრობდი ოდესმე, მაშინ, ალბათ, მიყვარდა ის და სხვა არავინ - მე ეგ აგრე მჯერა. დიახ, მე არ ვიცი - როდის არ მიყვარდა ის. და შევხვდი კი, გავეცანი მას იმ სამი წლის წინეთ. და დავინახე თუ არა ის, იმ წუთშივე ათამაშდა სიხარულით ჩემს მკერდში გული, ათამაშდა და იწყო კაკუნი:

- ის არის, ის! ის არის, ის!

რასაკვირველია, ეს ქალი იყო ის, ვინც მე მიყვარდა, ვისაც მე დავეძებდი, ვინც მუდამ მენატრებოდა. და ეხლა გადავეყარე იმას -მადლობა ღმერთს. და რა გასაკვირია, რომ პირველივე სიტყვიდან, პირველივე შეხვედრიდან ჩვენ, თითქოს დიდიხნის ნაცნობები და მეგობრები ვყოფილიყავით, ისე კარგად ვიგრძენით თავი ერთმანეთთან... დიახ, ეს იყო სწორედ ის, ვისაც მე დავეძებდი, ვინც მუდამ მენატრებოდა, ვინც მუდამ მიყვარდა.

- რა გიხარია, ბიჭო, შე ვირის თავო, რომ ასე ხტი და არ მასვენებ? - მეკითხებოდა იმ საღამოს ამხანაგი.

- ურა! მთა მთას არა შეხვდება, თორემ ადამიანი ადამიანს ყოველთვის.

- შენ, რა თქმა უნდა, ვინმე შეგიყვარდებოდა.

- სულელი ხარ, ბიძი, შენ, კი არავინ შემყვარებია... იმას გადავეყარე, ვინც მიყვარდა.

- უბედური, ვინც შენ გიყვარდა და გიყვარს... ვინ არის ის მზეთუნახავი?

- როგორ თუ ვინ არის?

- ესე იგი მანდილოსანია ის, თუ ქალწული?

- რა თქმა უნდა, ქალწულია.

- მაშ, აი ჩემი რჩევა, გაიხადე ტანზე, დაწევი და დაიძინე, იმ პირობით კი, რომ ხვალ ეს სისულელე თავიდან ამოიგდო.

- ეს რატომ ვითომ?

- იმიტომ რომ... ასე სჯობია... ქმრიანი ქალის შესახებ კიდევ ჰო... შეიძლება... ქმრიანი ქალი კიდევ შეიძლება რაიმე იმედს იძლეოდეს. მოწყენილობის გამო, ან და იმიტომ, რომ სამარის კარამდე საყვარელმა ქმარმა ჭირივით მოაბეზრა თავი, მაგრამ ქალიშვილი ქალი, რომელსაც ჩიტი უფრინავს გუნებაში, თუ ამასთან ის ლამაზიც არის...

- ფუ, რა ცინიკი ვინმე ხარ!

- არა, შენ მოიცა... აბა კარგად დაფიქრდი, რად უნდა შეგიყვაროს შენ ქალიშვილმა, თუ ის, რა თქმა უნდა, ბრმა არ არის, ან და ყრუ-მუნჯი.

- ფუ!

- აბა რით უნდა მოხიბლო ის? სიმდიდრით? საზოგადოებრივი მდგომარეობით? სილამაზით?

- განა მე ვთქვი რამ ასეთი?

- აი, ტუტუცი! შენ ერთიან ხბოს დაემსგავსე. ნეტა ვიცოდე, რა გახტუნებს, რა გიტაცებს აგრე? ის ჩვენია? წევრია ჩვენი წრის?

- რა ვიცი მე!

- ასე გასინჯე, ისიც კი არ იცი, რა სარწმუნოების არის ის... და კიდევ იტყვის, რომ ყველაფერი ეს “ფიზიოლაგია” როდი არისო?

ამას მან კიდევ უფრო ცინიკური დაუმატა, რამაც მოთმინებიდან გამომიყვანა.

- ფიზიოლოგიაც კი ხარ, სულელიც და არც რამე იცი! - სიცილით ვუთხარი მე, რომ აღელვება დამეფარა.

- ვანკა, მითხარი, ეს მერამდენეჯერ გიყვარს შენს სიცოცხლეში?

არც ერთჯერ არავინაც არ მყვარებია, არც ერთჯერ! არაოდეს არავინ არ მყვარებია იმის მეტი, არავინ! - ხმამაღლა, მკაფიოდ და გარკვეულად მინდოდა გამეცხადებია ეს გარემოება, მაგრამ იძულებული ვიყავი გავჩუმებულიყავ, - მომაგონდა, რომ ბევრი ცოდვა მაწვა კისერზე, ყოველთვის თითქოს შეყვარებული ვიყავი, ყოველთვის ვიღაც მიყვარდა. ახ, რა ცუდი იყო ეს! ეს ხომ ღალატი იყო ნამდვილი სიყვარულის წინაშე! ახ, რომ იცოდეთ თქვენ!... ათასი ვინმე მოგწონს, ათასი ვინმე გიტაცებს, ათას ვინმეს ეფიცები და ერთი კი გიყვარს, მხოლოდ ერთი, და ეს ერთი შეიძლება არც კი გენახოს არაოდეს და შეიძლება ვერც ვერაოდეს ნახო... მეც აგრე მომდიოდა. მაშასადამე, მე ვღალატობდი იმას.

და მომაგონდა მე ის, წარმოვიდგინე თვალწინ. თავდაპირველად მომაგონდა, რომ იმას ლიზას ეძახოდნენ... ლიზა! ელისაბედ! ლიზიკო! ბერანჟეს ლიზეტა! არა, არ მომეწონა მე ეს სახელი, უნდა რაიმე სხვა დაერქვას იმას. მოვიგონე, რაც სახელები გამიგონია და უცებ სიხარულით კინაღამ წამოვიძახე: - ხვარამზე! რა მშვენიერი სახელია, წმინდა ქართული სახელი და ამასთან ისე ძვირად შეხვდები ამ სახელს. მაშასადამე, ის ლიზა როდია, ის ხვარამზეა. ეხლა გავყვეთ ქვევით. მაგრამ ქვევით საქმე გაძნელდა. მე ვერ შევძელი წარმომედგინა ის მთლად, სავსებით. მაგონდებოდა, ანუ უკეთ ვგრძნობდი იმ ძალას, რომელიც მისგან გამოდიოდა და მიპყრობდა, იმ ნაზს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სითბოს, ნაპერწკლებს, რომლებიც თამაშობდნენ იმის თვალებში და აშუქებდნენ იმის სქელსა და ოდნავ ხუჭუჭა თმას, მაგრამ გრძელი იყო თუ არა ეს თმა, ეს აღარ მაგონდებოდა. მაგონდებოდა კიდევ. რომ ლაპარაკობდა ის ნელა, დაფიქრებულად და უცებ, მოულოდნელად იოხუნჯებდა. და ამ ოხუნჯობაში სჩანდა, რომ ის უბრალო ხალხის შვილი იყო. კეთილი იყო ეს ოხუნჯობა მისი, მაგრამ ცოტათი მოუხეშავი და გაბედული. და ამისთვის კიდევ უფრო მიტაცებდა მე ის - ჩემს ძარღვებშიც ხომ გლეხის სისხლი სჩქეფდა... და აი კიდევ რაში იყო საქმე - ის კახელი იყო. და როცა ის დაიწყებდა ლაპარაკს, მაგონდებოდა მე ალაზნის ველი და თვითონ ალაზანი. რა კარგია, რომ ის კახელია და არა გურული, არა იმერელი! რატომ იყო ეს გარემოება კარგი, რით იყო კახეთი უმჯობესი გურია-იმერეთზე, მე ეს არ ვიცოდი და არც ეხლა ვიცი, მაგრამ მე მომწონდა, რომ ის იყო კახელი.

იმიტომ ხომ არა, რომ არაოდეს კახეთში არ ვყოფილვარ და როგორც ყველა ის ქვეყანა, რომელიც არ გინახავს, მაგრამ რომლის შესახებაც ბევრი კარგი გაგიგონია, ჩემს წარმოდგენაში კახეთიც განსაკუთრებული სიმშვენიერით იყო შემკული.

“მოყვასნო, წავალ ამ ქვეყნით,
მოვკვდები - კახეთს დამმარხეთ”.

აი, როგორი იყო ის, რომელიც მე მუდამ მიყვარდა და რომელსაც ამიერიდან ჰქვიოდა სახელად ხვარამზე. ის, ვინც გიყვარს, კიდევაც უნდა შექმნაო, - ამბობს ერთი ბრძენი და ამბობს სრულ ჭეშმარიტებას, - აი რაშია საქმე, თუ ვინმეს გაგიკვირდეს ჩემი ამბავი.

ერთ წუთს იჭვი არ შემსვლია იმაში, რომ ლიზა დათანხმდებოდა სახელის გამოცვლას. იმას უნდა სცოდნოდა ხომ, რომ ჩვენ ერთმანეთი იმ თავიდანვე გვიყვარდა და მოუთმენლად ველოდით შემთხვევას, როცა შევხვდებოდით ერთმანეთს და გავეცნობოდით!..


დილით ადრე შევუდექით ჩვენ აღმართს.

მივდიოდით ჯგუფ-ჯგუფად, ორი, სამი თითო ჯგუფში. ვიღაც მღეროდა. ვიღაც ხმამაღლა და გულიანად იცინოდა. მე და ხვარამზე ერთად მივდიოდით - ყველას გავუსწარით წინ, - განა სხვარიგათ შეიძლებოდა? - ავედით ტიალ ველზე.

გზაში კი მე ვუთხარი მას:

- თქვენ უნდა გამოიცვალოთ სახელი.

- რატომ?

- იმიტომ რომ... იმიტომ რომ... აბა რა სახელია ლიზა?

- არ მოგწონთ? რას დამარქმევთ სამაგიეროს მე?

- ჩემის აზრით საუკეთესო სახელია - ხვარამზე.

- ხვარამზე! ხა! ხა! ხა! აი, სახელი!

- რად იცინით? ჩემის აზრით... ღმერთმანი, ეს შეუდარებელი სახელია!

- რაკი ასეთია ეს სახელი, იყოს თქვენს სიტყვაზე - დღეიდან მე მქვია ხვარამზე... ეი, ამხანაგებო და მოქალაქენო, გესმისთ თუ არა, მე ლიზა კი არა, ხვარამზე მქვია, ხვა-რამ-ზე!

რა თქმა უნდა, არავის, ჩემს მეტს, ეს ძახილი მისი არ გაუგონია, შორს ვიყავით ჩვენ ამხანაგებზე.

დავჯექით მწვანე ველზე. ჩვენს წინ გადაიშალა მშვენიერი სურათი ქართლისა. ფართო, თვალგადაუწვდენელ, ზღვასავით მღელვარე და მობიბინე მინდვრებს გარს ეხვეოდა ვერცხლისფრად მოელვარე მტკვარი, რომლის გაღმით იწყებოდა მწვანე ტყით მოსილი აღმართი. მზის უხვი სხივები ყველა ამას დაჰფენოდა თავს და ამშვენიერებდა, ათამაშებდა და ყოველივე ირგვლივ - მეგონა - სუნთქავდა და თრთოდა. ხანდახან სადღაც შორს გამოირბენდა ბურთის ოდენა მატარებელი, თანდათან მატულობდა, იზრდებოდა, ხშირი ქშენა მისი მოდიოდა ჩვენამდე და შემდეგ ისევ იკარგებოდა მოხვეულში…

ჩვენ დადუმებულვიყავით და ეს დუმილი პირველად ვიგრძენი მე.

- ხვარამზე! გინახავართ მე ოდესმე?

- არა... მგონი არა!

- კარგად იფიქრეთ, ეგებ მოიგონოთ!

- არა... აბა, სად უნდა მენახეთ!

- აკი გეუბნებით, კარგად მოიფიქრეთ-მეთქი. - და მე პირდაპირ, გაბედულად ჩავხედე იმას თვალებში... და, რასაც არ მოველოდი, იმის თვალებში ეშმაკური ცეცხლი დაინთო.

- თქვენ ეს რა, ხომ არ იცინით? - ვკითხე მე.

- ღმერთმანი... ეს რანაირი ჰყოფილხართ!.. განა შეიძლებოდა თქვენი დავიწყება, რომ სადმე მენახეთ?.. ეს შეუძლებელია!..

- განა ასეთი მშვენიერი ვარ?

- Ай, рожа! ай, страшная рожа! - გადაიხარხარა მან და გზაში მოწყვეტილ ყვავილების კონიდან ერთი ყვავილი სახეში მესროლა.

- თქვენ იცინით და მე კი მწამს და მჯერა, რომ ოდესღაც ჩვენ დიდი და კარგი მეგობრები ვიყავით.

- სად, როდის?

- რა ვიცი მე, სად და როდის?.. შეიძლება ასი ათასი წელი იყოს მას შემდეგ... აბა, რა ვიცი.

- ეს სისულელეა!.. - უცებ მოულოდნელი, დინჯი და დაფიქრებული კილოთი სთქვა მან და ფეხზე წამოდგა. ამოიღო ცხვირსახოცი, გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი და ცხვირსახოცის ქნევა დაუწყო ჩვენს თანამგზავრებს...

...ამ საღამოს მე შემთხვევით მივაგენი ცაზე იუპიტერს. ღამის თერთმეტ საათამდე შეიძლება უცქირო მას ჩემი ფანჯრიდან, შემდეგ ის ამოეფარება სატუსაღოს სახურავს.

ამ საღამოს შემთხვევით მივაგენი ცაზე იუპიტერს და უცებ ნათლად ვიგრძენი, უცებ ნათლად წარმოვიდგინე, თუ რა დიდი დანაკლისია, როცა არ შეგიძლია იხილო სავსებით დიდებული გუმბათი იმ დიდი ტაძრისა, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვიტანჯებით, თუ რა დიდი დანაკლისია, როცა არ შეგიძლია იხილო ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა. მე კი რამდენი ხანია მოკლებული ვარ ამ სანახაობას! ღამის ექვსი საათიდან დილის ექვს საათამდე მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოვალ ჩემი საკანიდან. თუ სატუსაღოს ცეცხლი არ წაეკიდა, ან რაიმე ასეთი კატასტროფა არ მოხდა. საღამოს ექვსი საათიდან დილის ექვს საათამდე ჩემი კარი დაკეტილია, ის დღისითაც დაკეტილია, მაგრამ დღისით ხანდახან გამოსვლა მაინც შეიძლება, ღამით კი არაოდეს. ამიტომ მე არ შემიძლია ვიხილო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ეს მე განსაკუთრებით ვიგრძენი ამ საღამოს და აი, რა ჩავიდინე - მივედი ფანჯარასთან და მინა დავამტვრიე. თითქოს საკმაო ყოფილიყო ეს, რომ ზეცა სავსებით გადაშლილიყო ჩემს წინაშე! ნამდვილად კი ზეცისა და ვარსკვლავების ნაცვლად ჯარისკაცმა თოფი მომიღერა... დამარცხებული, მე გავშორდი ფანჯარას, დავეცი ტახტზე და დავუწყე მაღლა ჭერს ცქერა... მერე მოვიდნენ და კარცერში წამიყვანეს.

ეხლა კი ყველაფერი თავის ალაგას სდგას - სატუსაღო იქავეა, სადაც იყო და მე კიდევ - ჩემს საკანში... დილა ამ დილას მშვენიერია, დამამშვიდებელი, ან და იქნებ მე ძლიერ დავიღალე ამ დღეებში და კიდევ უძილო ღამეებში. აღრჩევა სულისა - ეს მძიმე სნეულებაა! მე მსურს სულ მუდამ ვიჯდე, ან ვიწვე... ვიწვე. მე დაღლილი ვარ, საშინლად დაქანცული...

ჰეი, ძმობილო, გაათავე, მორჩი კაკუნსა
და მომასვენე დაქანცული, მწარეთ დაღლილი!..

ოი, რა დაღლილობას ვგრძნობ!

...რა თქმა უნდა, ისევ ხვარამზე! სხვა აბა ვინ?

დილით ადრე მივდიოდი მე იმ სახლთან, სადაც ის ცხოვრობდა. ეზოში აუცილებლად შემხვდებოდა დიასახლისის ექვსი წლის ბავშვი, რომელიც სალამის ნაცვლად ენას მიჩვენებდა ხოლმე, ხოლო როცა მე შეურაცხყოფილი და გაჯავრებული ადამიანის სახეს მივიღებდი, საჩქაროდ გარბოდა. პირზე ღიმილით ავდიოდი აივანზე მე და ჯოხით ვაკაკუნებდი ფანჯრის მინაზე. როცა ფანჯარაში ხვარამზეს მოღიმარე სახე გამოჩნდებოდა, სიმღერას ვიწყებდი:

Я пришел к тебе с приветом,
Рассказать, что солнце встало...

ახალგაზრდა, ჯანსაღი, მხიარული, ის მიღებდა კარს, მაგრად ვართმევდით ერთმანეთს ხელს, საჩქაროდ ვსვამდით თითო ჭიქა ცხელ რძეს და გამოვრბოდით ჰაერზე, სასეირნოდ მივეჩქარებოდით. რომელიმე მეხილესთან ვიყიდდით ცოტა ყურძენს და ეს იყო ჩვენი საგზალი მთელი დღით. დავხეტიალობდით მთებში, ახლომახლო სოფლებში, ვცელქობდით, ვმღეროდით, განგებ ვერიდებოდით ეგრეთწოდებულ ჭკვიანურ ბაასს და სხვებსაც ამასვე ვურჩევდით - აგარაკი იმის აგარაკია, რომ აქ ადამიანმა უნდა დაისვენოს, ძალ-ღონე მოიკრიბოს, რომ გაჯანსაღებული დაუბრუნდეს შემდეგ ჩვეულ საქმესო.

მიუხედავად ამისა, მე უკვე ვიცოდი, რომ ის იყო “ჩვენი” ქალი, რომ “ჩვენებს” ის უწევდა ზოგიერთ სამსახურს, იყო წევრი “ჩვენიანთა” ერთ-ერთი ჯგუფისა. რასაკვირველია “ჯერჯერობით ის ბევრს არაფერს წარმოადგენდა”, მაგრამ ის ხომ ჯერ ისეთი ჯეელი იყო, მთელი სიცოცხლე წინ ედგა... კითხულობდა, მეცადინეობდა, ეცნობოდა საქმესა და იმ კითხვებს, რომელთა ცოდნა აუცილებელი იყო... ყველაფერს მოესწრებოდა - აკი მთელი სიცოცხლე მის წინ იყო და არა უკან... და ამიტომაც მან არ იცოდა, რა იყო სევდა-მოწყენა, ის ემზადებოდა მძიმე საქმისათვის, მას მიზანი ჰქონდა და ჯანსაღს, ახალგაზრდას, “ჯეელს”, როგორც ის ამბობდა, მას არ ეშინოდა ამ მიზნის, იცოდა სად მიდიოდა, და მიდიოდა ამ მიზნისაკენ სიცილ-თამაშითა და სიმღერით. და როგორ უყვარდა იმას სიმღერა! რა კარგად მღეროდა ის! მღეროდა უმთავრესად კახურ სიმღერებს, გასაოცარ ხმებს, რომელთაც ან დიდად უბედური, ან დიდად ბრძენი ხალხი შექმნის ხოლმე. და ყოველთვის, როცა ის მღეროდა, მე თვალწინ მიდგებოდა კახეთი, მისი ჭალები, მისი ალაზანი...

მოყვასნო, წავალ ამ ქვეყნით,
მოვკვდები - კახეთს დამმარხეთ!..

...უყვარდა მას ძლიერ ქართული მწერლობა, მაგრამ ყველა პოეტებში ყველაზე მეტად მოსწონდა ილია და ვაჟა, რომელთა ლექსები თითქმის ზეპირად იცოდა ყველა... ხშირად იწყებდა ის დეკლამაციას - ლექსებს ის კითხულობდა კიდევ უფრო ლამაზად, ვიდრე მღეროდა...

უკვე ალაპარაკდნენ ჩვენს ირგვლივ კეთილ-მეგობრები. დიდი უმრავლესობა სულელად სთვლიდა ხვარამზეს, - განა სულელის მეტს გაიტაცებდა ისეთი ახირებული და ქერქეტა ადამიანი, როგორიც მე ვიყავი? საწყალი დედაკაცები!.. რა ადვილია იმათი გაბრიყვება! რა ნახა ჩემში მან ისეთი, რომ არც დღე, არც ღამე აღარ მშორდება? რას წარმოადგენს აბა ასეთს მისი სიმპატია? ამბობენ, რამდენიმე მოთხრობა დასწერაო, მაგრამ ჯერ კიდევ კითხვაა, ღირს თუ არა მისი დაწერილი რამეთ? განა საქართველოში ყველა არ ეპოტინება მწერლობას? დილიდან საღამომდი მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რომ ვხუმრობდი და ვცელქობდი, ვინმეს დავცინოდი, ან და დროგამოშვებით დავდიოდი ცხვირ-ჩამოშვებული, სასტიკი სახით, ყოველ წუთში მზად მყოფი საჩხუბრად და ვინმეს გამოსალანძღავად... საბრალო ქალიშვილი, ვის გადაეკიდა!

და კიდევ ამბობდნენ კეთილ-მეგობრები, რომ არ ამცილდება მე ციხე და სახრჩობელა... აბა, როგორ არ უნდა შებრალებოდნენ საბრალო ხვარამზე!

და არავინ, რა თქმა უნდა, არ დაიჯერებდა ჩვენს სიტყვებს, რომ სიყვარულის შესახებ ჩვენ შორის არც ერთხელ ლაპარაკი არ ყოფილა.

შემოდგომაზე ჩვენ უკვე ტფილისში ვიყავით.

მან დაიქირავა ბინა მამადავითის აღმართზე, მე კიდევ უფრო ზევით, “ღმერთთან ახლო”, როგორც ხუმრობდა ხოლმე ის. ძვირად გვიწევდა ერთმანეთის შეხვედრა - ის მეცადინეობდა სკოლაში, ჰქონდა კიდევ გაკვეთილები და ამასთან პარტიულ მუშაობასაც ეწეოდა. მე კი ერთიან ჩაბმული ვიყავი მუშაობაში, დილიდან საღამომდი დავრბოდი ქალაქის ერთი კუთხიდან მეორეში, ერთი ოთახიდან მეორე ოთახში, ვყლაპავდი თუთუნის ბოლს, საათობით ვიჯექი ნოტიო სარდაფებში, ვუხსნიდი ხალხს მის ისტორიულ დანიშნულებას, ვქმნიდი წრეებს, ჯგუფებს, ორგანიზაციებს, - სად იყო მაშინ მოსვენება და ძილი!

და როცა მე ძლიერ, ძლიერ ვიღლებოდი, ვიღლებოდი ისე, რომ სატუსაღოში მყოფ ამხანაგებს შევნატროდი - ნეტავი მათ, ისინი დასვენებული მაინც არიან-მეთქი, ამ დროს საკმაო იყო ხვარამზე მომგონებოდა, მისი შავი თვალები შავგვრემან სახეზე, მისი ღიმილი, სიარული, სიმღერა და გიჟმაჟი, სიცოცხლით სავსე კისკასი, საკმაო იყო მომგონებოდა ის და სად იყო დაღლილობა! - მავიწყდებოდა მახორკის სუნი, დაუმსახურებელი საყვედურები, აუცილებელი ინტრიგები და კვლავ მიპყრობდა სურვილი და წყურვილი სიცოცხლისა - ბრძოლის, თავდადების, გამარჯვების, სიკვდილის...

ძვირად მიწევდა ხვარამზესთან შესვლა და ეჰ, ცოდვა გამოტეხილი სჯობია, ცოტათი მწყინდა, როცა მას ვესტუმრებოდი და იქ სხვა ვინმე სტუმარი კიდევ დამხვდებოდა. ის ყველასთან ისეთი უბრალო და ალერსიანი იყო, და მე კი მეგონა, რომ ის ღიმილი, ის ალერსი, რომელსაც ის სხვებს უზიარებდა, ის ჩემი საკუთრება იყო თითქოს და მართმევდა კი ვიღაც გარეშე, გადამთიელი. რა ხარბი, რა გაუმაძღარი და ძუნწია სიყვარული! და ამბობენ კი, რომ შეყვარებულები ანაგებ კეთილი არიანო!

ძვირად მიწევდა იმასთან შესვლა, მაგრამ აი, კიდევ რა უნდა შევნიშნო - ხანდახან მე განგებ არ შევდიოდი იმასთან. მე მხოლოდ მივდიოდი იმის სახლთან, ვდგებოდი იმის ფანჯრის პირდაპირ, შევცქეროდი სინათლეს, რომელიც იმ ფანჯრიდან გამოდიოდა და ვოცნებობდი. ხშირად მასველებდა ასეთ შემთხვევებში შემოდგომის წვიმა, მე მაინც ვიდექი ქვაფენილზე, თითქოს ვგრძნობდი კიდეც, რომ ვიჟღენთებოდი წვიმით, თითქოს მინდოდა წავსულიყავ, - თბილი საწოლი! თბილი საწოლი!..

თბილი საწოლი! თბილი საწოლი! მაგრამ ეს ყველაფერი იყო “თითქოს”. ნამდვილად კი ნაცვლად სიცივისა, ნაცვლად შემოდგომის სისინა ღამის მიერ აღძრული სევდისა და მარტოობის გრძნობისა, ნაცვლად ყველა ამისა ვგრძნობდი, როგორ ინთებოდა გულში ცეცხლი, როგორ გარბოდა ჩემს ძარღვებში, როგორ იჟღენთებოდა მთელი ჩემი არსება ალერსითა და სითბოთი... შევიდე თუ არა ხვარამზესთან?.. რას ვიზამდი, ეხლა რომ იქ ვიყო? ეხლა რომ... ეხლა რომ... ეხლა რომ იმას უცებ გადავეხვიო... რომ ვაკოცო, მაგალითად!

მე ვგრძნობდი, რომ თუ შევიდოდი, ვერ შევიმაგრებდი თავს. და ამიტომ ვცდილობდი არ შევსულიყავი... არა, იმიტომ კი არა, რომ თითქოს ასეთი საქციელის შემდეგ ის კარში გამომაგდებდა, გამიწყრებოდა, მე ვიცოდი, რომ არაფერი ასეთი არ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მე მინდოდა, რომ დიდხანს, დიდხანს გაგრძელებულიყო ჩემი მოლოდინი, ტკბილი მოლოდინი, მე მინდოდა, დიახ, მე მინდოდა სულ მუდამ წინ მქონოდა, მოლოდინში ყოფილიყო გახვეული ის დიდი და თავბრუ-დამხვევი ბედნიერება, რომელიც მე მომელოდა... წვიმა კი სისინით მცემდა კისერში, მიძვრებოდა საყელოში, ვსველდებოდი, ვცივდებოდი, მაგრამ გულში ინთებოდა ცეცხლი, მთელი ჩემი არსება იჟღენთებოდა ალერსითა და სითბოთი. - ღმერთო ჩემო, რად არ შეიძლება ერთხელ კიდევ გამოვცადო ასეთი წუთები?..

რად არ შეიძლება?

და იღვიძებდა გონებაში დიდი, დიდიხნის წარსული. ეს იყო რამდენიმე ათასი წლის წინეთ და შემემთხვა მე. და ეს ზღაპარი როდია, სინამდვილეა. ეს ფაქტია. ვიყავი მე მეფე, ბრძენი მეფე სოლომონი, იერუსალიმში. ღმერთმანი! და ხვარამზეს მაშინ სულამით ერქვა. შავი იყო ის, მაგრამ ლამაზი, ვითარცა საყოფელნი კედარისანი. და გადავეყარე მე იმას ვენახთა შინა, სადაც ის დასტოვეს მცველად შვილებმა დედისა მისისა...

ვენახთა შინა გადავეყარე მე იმას და შემიყვარდა. იმიტომ რომ შავი იყო ის და ლამაზი, ვითარცა საყოფელნი კედარისანი... დიახ, დიახ, ეს ასე იყო!.. ისეთივე შავი და მწველი თვალები, იგივე შავგვრემანი სახე!.. და იმას მე, სულამითს, დიდებული მეფე დიდი ერისა, ვუმღეროდი ჩემს სიმღერებს... “აღსდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შვენიერო ჩემო, ტრედო ჩემო, რამეთუ აჰა ზამთარი წარხდა, წვიმა დასცხრა, წარვიდა. ყვავილი იგი გამოჩნდა ქვეყანასა, ჟამი სხლვისა მოიწია, ხმა გვრიტისა ისმა ქვეყანასა ჩვენსა. ლეღვმან გამოუტევა ყვავილი თვისი, ვენახნი ჩვენნი ჰყვავიან, მოსცეს სუნნელება თვისი. აღსდეგ, მოვედ მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, მოვედ შენ, ტრედო ჩემო, საგრილსა მას ქვეშე კლდისასა, მახლობლად ზღუდესა მას, მიჩვენე მე პირი შენი”...

დიახ, დიახ, ეგ იყო აგრე. ეს ზღაპარი როდია, ეს ფაქტია. ეს მე ვეძახოდი ასე ხვარამზეს მაშინ, მისი სახელი იმ დროს იყო სულამით... მე კი ვიყავი დიდი მეფე დიდი ერისა - სოლომონ ბრძენი.

წვიმა მცემდა, ცივი შემოდგომის წვიმა, მე კი არ მცივოდა, მე იმ წამებს განვიცდიდი მაინც, რომელნიც ერთხელ განმეცადა იერუსალიმში, სულამითის კარებთან... “განმიღე მე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო, რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცვარითა და თმანი ჩემნი წვეთითა ღამისათა”...

“მხოლოდ მონა სიყვარულისა არის ღირსი მეფობისა!” - კიდეც იმიტომ ვიყავი მე მეფე, დიდი მეფე დიდებული ერისა!

შევიდე თუ არა ხვარამზესთან? არა, ჯერ კიდევ არა! არა, ჯერ დეე დავსველდე აქ! მერმე წავალ და თბილ საწოლში გავეხვევი. თბილი საწოლი! თბილი საწოლი! რით სჯობია ადამიანი დანარჩენ სულდგმულებს ბუნებაში? იმით, რომ ადამიანს აქვს თბილი საწოლი!

შეიძლება ეხლა თბილ საწოლში სძინავს ხვარამზეს. შეიძლება ის დაიღალა მთელი დღის შრომით და ეხლა სძინავს... იძინე, ჩემო ძვირფასო! და გესიზმროს შენ ჩემი ფართე გული და ამ გულში შენი საკუთარი სახე! მაშინ დაინახავ, რა ძვირფასი ყვავილებით ხარ შემკული...

Пусть снится тебе, точ друг друга
Мы любим и вечно не кинем!...

თუ მე, ჩემი მეფობის დროს, ამ რაოდენიმე ათასი წლის წინეთ, არ ჩამიდენია არაფერი ის, რაც იმ ღამეს ჩავიდინე, ეს იმიტომ რომ იმ დროს არც ტელეგრაფი არსებობდა, არც ტელეგრაფისტკები და არც ტელეგრაფის სადგურები.

შუაღამისას შევედი მე სადგურში. ქალიშვილი, ისეთი პატარა და სუსტი სახის, სთვლემდა. საყვედურით შემომხედა მან და გამომართვა ბლანკი. უცქირა, უცქირა ტექსტსა და შემომხედა...

- სად აგზავნით თქვენ ამ დეპეშას?

- სად? როგორ თუ სად?

- აქ არც ადრესია და არც ადრესატი...

- განა ასე არ შეიძლება?

გაკვირვებული შემომაცქერდა, ეხლა იმას აღარ ეძინებოდა უკვე.

- მე ამ დეპეშას ვუგზავნი მთელს ქვეყნიერებას, მსოფლიოს... გისურვებ ბედნიერებასა და სხვა ასეთებს-მეთქი... განა არ შეიძლება ეს? მთელს ქვეყნიერებასა და მსოფლიოს!..

ის ადგა და მეორე ოთახში გავიდა, საიდანაც დაბრუნდა ვიღაც ახალგაზრდა მოხელის თანხლებით... დავრწმუნდი, რომ იმათ ვერაფერს მივახვდენდი, ამიტომ შევაბრუნე ზურგი და კარისკენ გავსწიე...

შემოდგომა კი არ ცხრებოდა. სულ უფრო იღუშებოდა და ოხრავდა ბუნება, მატულობდნენ შავ-ფრთა ღრუბლები, მატულობდა ნოტიო და სიცივე. წვრილი, ძვლებამდე გამტანი წვიმა სისინებდა, როგორც ბოროტი დედინაცვალი, და ამ გაუთავებელ წვიმის გულისმომწამვლელ სისინში ხანდახან შემოიჭრებოდა ქარი და იწყებდა ღმუილს. ღმუოდა ის, როგორც მშიერი მგელი ტყის განაპირას. ღმუოდა და მატულობდა გულში სევდა... წვიმა კი ისევ სისინებდა ებრძოდა ჩემს ნერვებს, ჩემს სიმშვიდეს.

ვებრძოდი ამ ცუდ სულიერ განწყობილებას, რომელსაც ეს კუდიანების ძალით გამოწვეული ამინდი იწვევდა. დაბოლოს ვეღარ შევიძელი. განუსაზღვრელმა სევდამ და მარტოობის გრძნობამ შემიპყრო და რამდენიმე დღით ხვარამზეც კი გადამავიწყა, მაგრამ როცა კი ის მომაგონდა, ჩემი შეჩერება აღარ შეიძლებოდა.

მე დავაკაკუნე იმის კარებზე.

- ვინ არის?

- სტუმარი! - ვუპასუხე მე. და უცებ გულს მომეშო, უცებ თითქოს მზემ შემოიჭვრიტა ბნელ ოთახში, სული გათბა, რაღაც მიამა და მეტკბილა.

- რა ჰქვია სტუმარს?

- სტუმარი ღვთის არის, იმის სახელს არ კითხულობენ.

- მოითმინეთ ცოტა... აი ეხლა შეიძლება, - შემოდით!

ლამპა მკრთალსა და მოწყენილ სინათლეს იძლეოდა, თითქოს ისიც შეეპყრო შემოდგომის წვიმის სისინის გავლენას, თითქოს სანახევროდ თვალ-დახუჭული უგდებდა ის ყურს შემოდგომის ღამის შიშის აღმძვრელ ამბებს. და მე თითქოს მიამა, რომ ლამპას ასეთი სინათლე ჰქონდა.

- რამდენი საუკუნეა, მე თქვენ არ მინახავხართ, სად დაიკარგეთ?

- უჰ, ცუდი დღეები გავატარე, ხვარამზე, სევდამ შემიპყრო, გასაქანი არ მომცა.

- ჰო, რა თქმა უნდა... სევდის დროს მე რა გამოსადეგი ვარ...

დავჯექი იმის გვერდში და უცებ მისი ხელი ავიღე ჩემსაში. ეს პირველი იყო - მან არ წამართვა აკი ხელი!

მომინდა სულ ახლო ვყოფილიყავი იმასთან - ის სდუმდა და არ ინძრეოდა. მაგრამ თავბრუ-დამხვევი, დამათრობელი რამ სითბო და ალერსი გადმომდიოდა ამ ჩემს გვერდში მჯდომარე, დადუმებული ადამიანისაგან...

- ხვარამზე! ხვარამზე!

და მხოლოდ მახსოვს, რომ გავშალე მკლავი, გავშალე მკლავი და ისევ მოვკუმშე... მხოლოდ მახსოვს, რომ ვიღაც უბრძოლველად, უდავოდ მომყვა ხელში, მომყვა ხელში და გადამეხვია...

შემდეგ მე მომესმა მისი ხმა.

- სუ! სუ! -მინდოდა მეთქვა მე, მაგრამ ვერ ვთქვი, მხოლოდ კოცნა დავუწყე, იმიტომ რომ სიჩუმე იყო საჭირო, იმიტომ რომ სიტყვებით ვერაფერს გამოსთქვამ, იმიტომ რომ უაღრესი სისულელეა როცა ამბობენ, თითქოს სიტყვებით შეიძლებოდეს თავისი გულის ნადების გამოხატვა... და ათი ათასჯერ მართალია პოეტი, როცა ამბობს: “Мысль изреченная есть ложь”-ო.

ასი ათასჯერ მართალია - დიახ.

ახ, მეგობრებო, რა კარგი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს იმის გამოთქმა, რასაც გრძნობ! ახ, მეგობრებო!..

ამ დღეებში, ღამით სახრჩობელას დგმა დაიწყეს.

ჩემი ფანჯრის გადაღმით, ერთ საჟენ-ნახევრის მანძილზე უნდა გამოეგუდათ ადამიანი.

როცა ყველაფერი საჭირო დაამზადეს, მოიყვანეს დასასჯელი, და ჯალათი შეუდგა “ტუალეტს”.

ჯადო ღამე იყო. სავსე მთვარე არაჩვეულებრივი სიუხვით აფრქვევდა ვერცხლისფერ სხივებს არემარეს. გაუგებარსა და განუსაზღვრელ დუმილს მოეცვა ყველაფერი, არც ერთი ფოთოლი არ მოძრაობდა, სულ ყველაფერი რაღაცას ყურს უგდებდა, რაღაცაზე ფიქრობდა. და ისიც, ვინც უნდა დაეხრჩოთ, ისიც დადუმებული იდგა, უხმოდ, უსიტყვოდ ემორჩილებოდა ჯალათსა და მის უსიტყვო მოძრაობას.

და უცებ, როცა ჯალათმა მას მოჰკიდა ხელი მკლავში, რომ ზურგს უკან ხელებ-გაკრული დამნაშავე შეეყენებია სკამზე, სკამზე, რომლის პირდაპირ ზევიდან ჩამოკიდებული მარყუჟი ბაწარი ელოდა მსხვერპლს, უცებ ამ დროს, ამ გამომეტყველ დუმილში სადღაც, რომელიღაც ეკლესიის სამრეკლოზე შეკრთა ზარი. და ნელა, ნელა, აუჩქარებლად, აუღელვებლად დაჰკრა ორი საათი.

და როცა მე გავიგონე ეს აუჩქარებელი და აუღელვებელი, გულგრილი რეკა მიმავალი დროისა, როგორც სიკვდილი - ცივი ორი დაკვრა, როცა ეს ვიგრძენი და მივხვდი, რომ ეს სამრეკლოს ზარია და რომ ღამის ორი საათი შესრულებულია, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მე, რომ ადამიანს ახრჩობენ.

და ამასთან ერთად მე ისე ნათლად, ისე უბრალოდ დავინახე, რომ ეს - ადამიანის დახრჩობა - უაზრობაა, რომ ეს შეუძლებელია, რომ ადამიანის მოკვლა არ ვარგა, რომ... ეს ხომ სიცოცხლეს ართმევენ, სიცოცხლეს ართმევენ ხომ? ეს კი განა შეიძლება? და ეს ასე ადვილია, ამის გაგება, რომ ეს არ შეიძლება და არა! და საკმაო იყო, რომ ეს შეგნება ჩემი გადამეცა იმ ხალხისათვის, რომლებიც აპირებდნენ ამ წუთს ადამიანის მოკვლას, საკმაო იყო იმათთვის ამეხსნა ყველაფერი ეს ისე, როგორც მე მესმოდა და ისინი გაიღვიძებდნენ, თვალებს ამოიფშვნეტდნენ, დიდი განცვიფრებით შეაჩერდებოდნენ სახრჩობელას, ზურგზე ხელებ-გაკრულ ადამიანს, ჯალათს, გაწითლდებოდნენ, იტყოდნენ, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ ბინძური სიზმარია და მეტი არაფერი, და წავიდოდნენ სახლში. შვილებთან, საყვარელ არსებებთან... საკმაო იყო გამეღო პირი და მეთქვა იმათთვის ის, რასაც ვგრძნობდი, რასაც ვხედავდი...

და ნუთუ მე არ ვიტყვი არაფერს?..

მაგრამ გავაღე თუ არა პირი, დავიწყე თუ არა ლაპარაკი, ახირებული რამ მოხდა.

- შენ რას იგინები, შე... - მომესმა მე პასუხად: - შენ თვითონ რამდენი ხანია ჩამოსახრჩობი ხარ!.. ღმერთს უნდა მადლობდე და...

- გამიგონეთ, თქვე მხეცებო, ჯალათებო!..

მოითხოვეს ფანჯარას გავშორებოდი, დამემუქრნენ - თუ არ წახვალ, მოგკლავთო.

გაცოფებული მე ფანჯარას არ გავშორდი. სროლით არ მესროლეს, მხოლოდ კარცერში წამიყვანეს...

ახ, მეგობრებო, რომ შეიძლებოდეს თავისი ფიქრების სწორად გადაცემა, რამდენი ადამიანი დაძმობილდებოდა ამ ქვეყნად!

ადამიანი კი თავის თავს მეტყველს ეძახის...

...ყველაზე უფრო ძნელი კი ის არის, რომ მძიმე სევდა გულზე და სულზე დამაწვა. ის მე მახრჩობს, ის გაჭყლეტას მიპირობს, ის მე სუნთქვას მიშლის.

...დღესაც არავითარი წერილი. მე კი ველოდები წერილს, მე კი ველოდები.

მე იმას ველოდები ჩემი დატუსაღების პირველ დღიდანვე. წერილი კი არ მოდის.

და ვიცი აგრეთვე, რომ არც მოვა არაოდეს.

ა-რა-ო-დეს!

და მაინც ველოდები.

სამი დღე ყველაზე უფრო მძიმე დღეა ჩემთვის: ხუთშაბათი და კვირა - როცა მნახველები მოდიან, შაბათი - როცა წერილებს არიგებენ.

ამ სამ დღეს ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას მე ველოდები სასწაულს. და ვიცი კი, რომ არავითარი სასწაული არ მოხდება. და მაინც ველოდები.

და სევდა აწვება ჩემს სულსა და გულს, ის მახრჩობს, ის სუნთქვას მიშლის, ის...

დავწყევლო თუ არა ეს სევდა ჩემი?!.

კახეთი შესანიშნავი, მშვენიერი ნაწილია ჩემი სამშობლო ქვეყნისა. კახეთი სამშობლოა ულამაზესი ქალებისა და საუკეთესო ღვინის...

ხვარამზე კახელი ქალია, მგონი ამის შესახებ დავწერე კიდეც...

მოყვასნო, წავალ ამ ქვეყნით,
მოვკვდები - კახეთს დამმარხეთ!

კახეთიც ჩემი სამშობლოა - ეს სამშობლო საუკეთესო ღვინოების, ქალების და სიმღერების...

ოდესღაც ხვარამზე ჩემი ცოლი იყო. დღეს ის რუსეთში ცხოვრობს, სწავლობს და ჯერ კიდევ არავისი ცოლი არ არის. მაგრამ ჩემი ცოლი კი ის არაოდეს არ იქნება.

დიახ, ა-რა-ო-დეს!

როცა ის გახდა ჩემი ცოლი, ბევრს ეწყინა ეს გარემოება, ყველა იბრალებდა იმას, რომელიც მე “შევაცდინე” და უკვირდათ, თუ რით შევიძელი ამ მშვენიერი გოგოს მონადირება, განა შეიძლებოდა ბედის დაკავშირება ისეთ კაცთან, რომელსაც სახრჩობელა მოელოდა? და თან ჯვარიც კი არ დაუწერია, უბრალო საყვარელი შეიქნა - რა სირცხვილი, რა ლაფი იყო ეს მისი ნათესავებისთვის!

მაგრამ ყველაზე უფრო კაპასობდა ერთი იმისი დიდედა, რომელიც ტფილისში ცხოვრობდა. ეს იყო ჯანსაღი, მაგარი დედაკაცი, ალბათ, ზედმიწევნით ლამაზი ერთ დროს, - ამბობდნენ ეხლაც ჰყავს იმას გულის მეგობარიო.

- უი, ქა, ეს რა ჩაიდინე, თვალები კი დამიდგა! რად მოვესწარი ასეთ სირცხვილს - სად, როდის იყო ჩვენს ნათესავებში ასეთი რამ, რომ შენ თავი მოგვჭერი? ვის დაემსგავსე, შე სამიწე, შენა! ვის გადაეკიდე, ვისთან ცხოვრობ? არა, ერთი მითხარი, რით მოგეწონა ეს, პირღია ლოქოს რომა ჰგავს?..

მეორე ოთახში ვიჯექი და უცებ გამოვედი.

- ძვირფასო დიდედა, აბა, რად მლანძღავთ აგრე? სრულიადაც მე პირღია ლოქო არა ვარ, მე, ასე ვთქვათ, განათლებული კაცი ვარ. აბა, ვინ იცის თქვენს კახეთში იმდენი უცხო ზაგრანიჩნი სიტყვები, რამდენიც ვიცი მე. აბა დაუგდეთ ყური: კონსტიტუცია, პროსტიტუცია, ინტუიცია, სიტუაცია, პეტიცია, პროსტრაცია, ტრანსფორმაცია, ექსპლოატაცია, ექსპროპრიაცია, პროკლამაცია, დემონსტრაცია... ეს რად გარბიხართ, დიდედა, მოითმინეთ, ჯერ კიდევ სად არის, მოითმინეთ-მეთქი...

- რად ხარ შენ ასეთი, რად ხარ ასეთი?.. - უნდა გამიწყრეს ხვარამზე, მაგრამ სიცილი ერევა... - განა შეიძლება ასე?..

- შენ რომ გაჩუმდებოდე, ხვარამზე, აჯობებს...

- თორემ?

- თორემ ყურებს აგიწევ.

- შენ?

- მე, აბა ნაბუქოდონოსორი?

- ტუტუცი! შენ რომ იცოდე...

- რა რომ ვიცოდე?

- რა და ის, რომ შენს დამორჩილებაზე ადვილი არაფერია.

- რა თქმა უნდა! - დაცინვით ვეთანხმები მე.

- აი, დაინახავ, ჩემი ფეხთა მტვერი იქნები.

- თავი ინუგეშე!..

- აი, ამ წუთას დავამტკიცებ - აბა მოიყარე მუხლი!

- ამ წუთას! მხოლოდ ჯერ თუთუნს მოვწევ.

მართალი ვთქვა, აბა, რა დიდი საქმეა საყვარელი ქალის წინაშე მუხლის მოყრა!

- მუხლი მოიყარე, შენ გეუბნებიან... - და ის მოდის ჩემკენ. და უცებ, თითქოს თავისთვის ვფიქრობდი ვინმეზე, მე ნელი და გარკვეული ხმით ვუთხარი:

- ტუტუცი!

- რაო? რა სთქვი?

- ტუტუცი!

მან თმაში მტაცა ხელი.

- მე არ მეტკინა, შენ კი ტუტუცი ხარ, ტუტუცი. არაოდეს მუხლს არ მოგიხრი, იმიტომ რომ ტუტუცი ბრძანდები.

და უცებ... უცებ...

ერთ ჩემს მეგობარ კაცს ლამაზი ცოლი ჰყავს.

ვესტუმრე ერთხელ იმათ ცოტათი შექეიფებული. მამაკაცი სახლში არ დამხვდა. მისმა ცოლმა, შემატყო თუ არა, რომ ღვინო დამილევია, ძლიერ გაიკვირვა ეს გარემოება. სხვას რომ ვისმე ეთქვა იმისთვის ეს ამბავი, არაფრის გულისთვის არ დაიჯერებდა თურმე, მაგრამ ეხლა საკუთარ თვალებს როგორ არ უნდა ენდოს!

- მით უმეტეს ისეთ მშვენიერ თვალებს, როგორც თქვენი თვალებია! - კვერი დავუკარი მე.

- ეგ რაა? ხუმრობაში გინდათ გაატაროთ? - აკისკისდა ის, ვერა, ჩემი თვალები თქვენ ვერ გიშველის - იცოდეთ, ყველას ვეტყვი, რომ თქვენ მთვრალი გნახეთ.

დამემუქრა რა ასეთი საშინელებით, მან გამოიტანა ხილეულობა, ღვინო და რაღაც ტკბილი სასმელი. დავსხედით, ჯერ ერთმანეთის სადღეგრძელო დავლიეთ, მერმე კიდევ სხვების. ხოლო როცა დაბოლოს წასასვლელად წამოვდექი, მან მკლავში ხელი მომკიდა.

- ამას რად სჩადიხართ? - ვკითხე მე.

- მეშინია, არ დაეცეთ, თქვენ ხომ მთლად მთვრალი ხართ!

- ოჰ, მაშ ასე, რაღა! ღმერთო, რა ტუტუცი ხართ!

- მე კი არა, შენ, შენ ხარ ტუტუცი... შენ! შენ...

და ეს ლამაზი, ჯანსაღი ქალი, ისეთი შავი და ანთებული თვალებით, თითქოს საჭიდაოდ მოემზადა. მე შევებრძოლე, მაგრამ დავმარცხდი... ოხერი, მე ხომ მთვრალი ვიყავი, ახალგაზრდა, და იმას ისეთი თვალები ჰქონდა...

...მხოლოდ მაშინ, როცა გიყვარს, მხოლოდ მაშინ გრძნობ, რამდენი სიბინძურეა შემთხვევით, უსიყვარულო კავშირებში ქალსა და კაცს შუა... იმ ქალმა კი მაშინ ყველა ამას “ლამაზი წამი” დაარქვა. ცხოვრებაში მოხდება, რომ ერთ წამში გამოსცდი მშვენიერ რამეს და... ბინძურად კი გაათავებ.

რად ვუწოდე მე ხვარამზეს ტუტუცი? მაშინ ეს წარსული არ მომაგონდებოდა, ეს ერთი სტრიქონი ჩემი ცხოვრებისა, რომლის მოგონება არ მიხარია.

გადაწყდა. შემდეგში ასეთ ხუმრობას ალაგი არ ექნება. რაც შეეხება იმის მოთხოვნილებას, რომ მუხლი მოვიხარო, რა დიდი საქმეა ეს - საყვარელი ქალის წინაშე მუხლსაც კი მოიხრი და ფეხებსაც კი დაუკოცნი!..

... სულ უფრო და უფრო შედიოდა ის ჩვენს საქმეებში. გაიჩინა ქალთა წრეები და იძულებული გახდა კერძო გაკვეთილებისთვის თავი მიენებებინა.

შეუდგა პოლიტიკურ ეკონომიის საფუძვლიანად დამუშავებას, რომ წრეებში შესძლებოდა ამ მეცნიერების გადაცემა, მთელი საათობით ვიჯექით ღამეობით მე და ის და თავს ვიტეხდით, თუ როგორ მოგვეხერხებია მდაბიო, გასაგებ ენაზე, ქართულად დამუშავება გაკვეთილების, რომ მას შესძლებოდა უბრალო მუშაქალებში უბრალო ენით საუბარი... ვჯდებოდით ერთად, გადავშლიდით წიგნს, ვკითხულობდით, ვდავობდით... და რა მშვენიერი იყო ის, რანაირი ცეცხლით აენთებოდნენ ხოლმე მისი თვალები იმ წუთებში, როცა იმისთვის პირველად ხდებოდა ხილული რომელიმე უცნობი შემეცნება, რომელიმე ახალი ჭეშმარიტება, რომელსაც ის ახალ საფეხურზე აჰყავდა, საიდანაც ახალი და უფრო მშვენიერი სივრცე იშლებოდა!

- ვიშ! ვიშ! რა კარგია! - ამბობდა ის და იწყებდა ცმუკვას, აღარ შეეძლო ერთ ალაგას ჯდომა და როცა ამ დროს ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, მე შემიპყრობდა დაუძლეველი სურვილი - დამეკოცნა იმის თვალები. ის კი ჯავრობდა და ნებას არ მაძლევდა.

ერთხელ იმან მიწოდა მე... იცით, რა მიწოდა ერთხელ იმან? მანილოვი მიწოდა.

- შენ რომ მდიდარი იყო, ჩემო მეგობარო, მანილოვი იქნებოდი.

- საიდან იცით ეს, ქალბატონო? - ვაქციე ხუმრობად ეს მისი ფრაზა, თუმცა გულში მეწყინა, - აბა, სად მე და სად მანილოვი?

მან არ ამიხსნა, საიდან იცოდა ეს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს დასკვნა გამოჰყავდა ჩემი მისადმი დამოკიდებულების ანალიზისაგან. ცოდვა გამოტეხილი სჯობია - მე შემეძლო მთელი დღე მის გვერდში ვყოფილიყავ, გარდა ჩემი მისდამი სიყვარულისა, არაფერზე მეფიქრა, მეცქირა იმის თვალებშია იმისი ხელი ჩემსაში მჭეროდა. და ამ ჩემს მისდამი დამოკიდებულებაში ხედავდა, ალბათ, ის ჩემს მანილოვობას...

...ზაფხულზე მე დიდისაგან დიდი თავდადება გამოვიჩინე - ხვარამზეს დავშორდი. ის გაემგზავრა სამშობლოში, კახეთში, სადაც სამკვიდრო მოელოდა თითქოს. მე კი გადავწყვიტე მთელი ზაფხული სოფელ-სოფელ მევლო, გამევლო ქართლი, იმერეთი, ჩავსულიყავ გურიაში. მაგრამ კვირაში ორხელ მე იმისი წერილი უნდა მიმეღო. და ეს გარემოება რამდენიმედ თითქოს სასურველადაც ხდიდა ჩვენს დროებით დაშორებას. იმიტომ რომ განა შეიძლება რაიმე საყვარელ ადამიანის წერილზე უტკბესი? განა ხშირად არ ჰკოცნი თვითეულ ასოს წერილისას, განა მზად არ ხარ იცეკვო, იხტუნო, ისულელო, როცა წერილს ხელში აიღებ?.. ეხ, მეგობრებო, რა საკვირველი რამ არის სიყვარული! ღმერთი, რჯული! არაფერი ამის მსგავსი ედისონს არ გამოუგონია და, მერწმუნეთ, ვერც გამოიგონებს!..

სოფლის ბუნების წიაღში ჩემი სიყვარული კიდევ უფრო გაიშალა და გაღრმავდა. ეს ფართო ველები, ეს მთები, ეს ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა, მორცხვი, კდემა-მოსილი ველის ყვავილები, ყველაფერი ეს თითქოს ხვარამზეს მაგონებდა, ხვარამზეზე მესაუბრებოდა. ყველაფერში იმას და მხოლოდ იმას ვხედავდი, თვითეულ ყვავილიდან, თვითეულ ვარსკვლავიდან, მეგონა, ის მიცქეროდა, თვალს მადევნებდა, ცდილობდა გაეგო, რას ვფიქრობდი, როგორ ხასიათზე ვიყავი. მაგრამ ეს კარგიც იყო - მე ხომ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი!

როცა ვიძინებდი, მე ვამბობდი:

- ღამე მშვიდობის, ხვარამზე!

როცა სიყვარული დაიწყებდა გულში ფრთხიალს და მძინარეს გამომაღვიძებდა - მე ვამბობდი:

- ხვარამზე! ხვარამზე! ხვარამზე!

ვდგებოდი დილით ადრე და ბრჭყვიალა მზის სხივებში, ჩიტების ჭიკჭიკში, საკუთარ გულის ცემაში და იმ ღიმილში, რომლითაც ქვეყნიერებას, ჩემს იმედებს და კაცობრიობის მომავალს შევცქეროდი, ყველა ამაში გაისმოდა:

- დილა მშვიდობის, ხვარამზე!

ვრჩებოდი მარტო და ვიწვევდი ფანტაზიას - ვთხზავდი ზღაპრებს, სახუმარო ამბებს და ვუგზავნიდი მას:

- როგორ მოგწონს შენ ყველაფერი ეს, ხვარამზე!

ერთხელ დილით ერთი სოფლიდან მეორეში უნდა წავსულიყავ. სხვადასხვა მოსაზრების გამო თავზე სტუდენტის ქუდი მეხურა და ერთ-ერთი ცნობილი და გავლენიანი თავადის სტუმარი მერქვა.

კაშკაშა, მცინარე დილა იყო, ისეთივე ჯანმრთელი და ლაღი, როგორც ქართლელი ვაჟკაცი. მეც ჯანზე ვგრძნობდი თავს, ოცნებით ხვარამზეს ვებაასებოდი და ამიტომ მხიარული, გულგაშლილი დავჯექი ეტლში. დავჯექი და ყველაფერი გადამავიწყდა. მაგრამ აი ჩემს ფიქრებში შემოიჭრა უკმეხი და მოუხეშავი ყვირილი.

- ბიჭო, შე ვირის თავო, შენა, აბა ერთი სად მიდიხარ, შე ღორო!

ჩემს გვერდში ვიღაც ტანზე შემოფლეთილი გლეხი ჯდებოდა. და იმისკენ, მათრახით ხელში, მოდიოდა მხეცური ენერგიით სავსე, ლოყა-წითელი, ჩასუქებული მამასახლისი - ქართლელი “ტარშინა”.

- ა, შე ვირო, შენა, რომ მიდიხარ და უჯდები გვერდში, ეგებ ეს ყმაწვილი კეთილშობილი კაცია, გაჯავრდეს... ჩამოეთერი ძირს!

ამბობდა ამას “ტარშინა”, თან კი მიცქეროდა. და იმის თვალებში ვხედავდი მე, თუ რამდენად მონა იყო ეს ჯანღონით სავსე, ყოვლის შემძლე მამასახლისი: - აბა შემხედე, როგორ გემსახურები, როგორ ვჩაგრავ მეც, ნუთუ არ დააფასებ ამ ერთგულებასო?

გლეხი ძლიერ შეშინდა, ის ხან მე შემომხედავდა, ხან მამასახლისს, რომელიც სულ ახლო იყო და ის-ის იყო მათრახს იმარჯვებდა.

საჩქაროდ წამოვდექი ზედ და მივმართე მამასახლისს სიტყვით, რომლითაც დავამშვიდე ის, ავუხსენი, რომ არც იმდენად კეთილშობილი ვარ, რომ ჩემს გვერდში გლეხი ვერ დაჯდეს, რომ მე მხოლოდ ერთი ალაგი მაქვს ნაყიდი ეტლზე...

- როგორც გენებოს, მაგრამ ჩვენი კნიაზები ასე არ იქცევიან...

- მე არ ვარ კნიაზი.

- შენ ჩვენი კნიაზის სტუმარი ხარ!

- არაფერია, არაფერი!

ღამით კი მე ვფიქრობდი ამ ინციდენტის მხოლოდ სასაცილო მხარეზე, მივეჩქარებოდი ბინაზე, რათა მიმეწერა ხვარამზესთვის, თუ როგორ დავუმტკიცე “ტარშინას”, რომ კეთილშობილი კაცი არ ვარ და რომ შეიძლება ჩემს გვერდით დაჯდეს ტეტიაც... მაგრამ ამ წერილის დასაწერად ვეღარ მოვიცალე... ბინაზე მე რამდენიმე იმის წერილი დამხვდა - განა შემეძლო კიდევ რამე, გარდა იმ წერილების კითხვისა?

ქართლიდან იმერეთში გადავიარე, იმერეთიდან გურიაში. გურიაში აღარ იყო საჭირო თავადიშვილის სტუმრობა, სტუდენტის ქუდის დახურვა. აქ ყველაფერი ღია და აშკარა იყო. და მრავალრიცხოვან მიტინგებზე, გაშლილ ცის ქვეშ, მებრძოლი პროლეტარიატის დროშის ფრიალის ცქერით, მე სალამი მივეცი თავისუფლებას... ზაფხულის დამლევს წერილი მივიღე, ამ წერილმა მითხრა, რომ ხვარამზე ტფილისშია, რომ ენატრება თავისი მანილოვი, რომელიც არ უნახავს მთელი ორი ათასი წელიწადი...

...შაბათი!

და ის ღია წერილი, რომელიც მივიღე, დავხიე და გავაპნიე. და კიდევ დავიგინე.

დიახ! ასე მოვექეცი!

“ო-ოჰ, რას გავფრინდებით!”

ასე მწერს, ე. ი. მწერდა მეგობარი, რომელიც გადაასახლეს პერმსა და ვიატკის გუბერნიაში, სადაც ის გაუნთავისუფლებიათ. დანარჩენი გზა “ტროიკით” უნდა გაირბინოს, სადგურზე მოვგონებივარ და ღია წერილში მწერს, ეს არის ვსხდებით “ტროიკაში” - უჰ, რას გავფრინდებითო.

- ო-ოჰ, რას გავფრინდებით!

წვერ-ძაღლო, დამცინი განა. შენ ბრძანდებოდე მანდ, ვირის აბანოში, მე კი...

- უ-უჰ, რას გავფრინდები!

მოიცა, შვილოსან, ჯერ კიდევ მობრძანდები აქ, შენ მაინც კარგად გიცნობ... მე მაშინ თავისუფალი ვიქნები და განგებ მოგწერ რამდენიმე სიტყვას, რომ ნერწყვი პირში გაგიშრეს!..

- უჰ, რას გავფრინდები!

წვერ-ძაღლი!..

შენ კარგად თხრი, თხუნელავ!

კრებიდან კრებაზე დავრბოდი და აურაცხელ ხალხს ვითანხმებდი - გაგვეშალა ქუჩაში ჩვენი დროშა, ჩვენი ძალა, ჩვენი გავლენა, გვეჩვენებინა მტრისთვის, რომ არ ვხუმრობდით. ასე ფიქრობს ხელმძღვანელი დაწესებულება - თქვენ დაადასტურებთ თუ არა ამ განზრახვას, ამხანაგებო? გამოდგა, რომ ყველა ასე ფიქრობდა, მაშ მოვემზადოთ!

- თვითეული თავის ალაგას! ყველა თავის საქმეს შეუდგეს! მოვემზადნეთ!

ხვარამზე აღტაცებული იყო. იმას ალაგი ვერ ეპოვა მთელ ქალაქში, დარბოდა, ფუსფუსებდა, თითქმის მთელი დღეები უჭმელი გადადიოდა. ის უკვე ერთი საუკეთესო მუშაკთაგანი იყო ჩვენი, მიანება თავი სკოლასა და ბავშვებს - სტამბაც მის ხელში იყო ადრესებიც, წრეებიც.

შენ კარგად თხრი, თხუნელავ!

და თვითონვე მაკვირვებდა მე, თუ სად ვშოულობდი იმდენ ძალას, იმდენ ახალ სიტყვებს სხვადასხვა კრებებზე, იმდენ გატაცებას... ვიდექ მაღალ ქვაზე ღამით, მოკაშკაშე, უკვდავ ვარსკვლავთა ქვეშ, უკანასკნელ ღამეს ჩვენი დღესასწაულის წინ და კვლავ ვიწვევდი ქუჩაზე ამხანაგებს. ხვარამზეც იქ იყო და ეს უფრო მაქეზებდა. მსუბუქად და მხიარულად ვგრძნობდი თავს და ეს სიხარული ჩემი გადადიოდა მსმენელებზეც და როცა დაბოლოს საიდგანღაც მეხსიერებაში გაიღვიძა ქრისტეს სიტყვებმა, როცა მე ვთქვი: “და რაც გიქადაგეთ მე ბნელსა შინა, ამბობდეთ დღის სინათლეზე, და რაც ისმინეთ სახურავს ქვეშ, იქადაგეთ ბანებსა და სახურავებზე!” როცა ეს ვთქვი, ხალხმა ვერ შეიკავა თავი და “ვაშა” დასძახა.

ხელი-ხელ ჩაკიდებული დავბრუნდით ქალაქში მე და ხვარამზე. ამ საღამოს მე მივიღე უმაღლესი ჯილდო, რის მიღებაც ამ ქვეყნად შეუძლია ადამიანს - მე მოვეწონე საყვარელ ქალს...

შენ კარგად თხრი, თხუნელავ!

დილა ადრიან აფუსფუსდა ქუჩებში სხვადასხვა საეჭვო ადამიანთა ჯგუფი - გადაცმული პოლიციელები, საიდუმლო აგენტები: ამბობდნენ სხვადასხვა ალაგას, ეზოებში ჯარი არის დამალულიო. მეეზოვები იცქირებოდნენ სასტიკად, თუმცა შიში, დაბადებული იმათ გულში ხალხის მოძრაობის წინაშე, აშკარად გამოსჭვიოდა იმათ თვალებში.

და ამასთან ერთად შუა ქალაქისაკენ მუშათა ჯგუფებმაც იწყეს დენა. ვხეტიალობდი იმათ შუა, ვხედავდი ნაცნობებს, იმათ ღიმილს, ვაძლევდი სალამს, მიხაროდა, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ შევიძელი გავნთავისუფლებულიყავი იმ არა-სასიამოვნო გრძნობებისაგან, რომ მათვალიერებენ, რომ მე მიცქერის საიდგანღაც მოწინააღმდეგე, მტრისა და წუნკლის თვალი... ეს კი ძნელი იყო ჩემთვის, ეს შეგნება, რომ ვიღაცას მე ვძულვარ. ალბათ, მეც მძულს ვიღაც! და ჩემი გული კი ისევ სავსეა დღეს სიყვარულითა და სინაზით - მაშ ვინღა მძულს!.. ვფიქრობდი ამაზე და თან ვცდილობდი მომემზადებია სიტყვა, რომელიც უნდა წარმომეთქვა დროშის გაშლისას, დროშის ქვეშ, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი - თავში არ ლაგდებოდნენ აზრები; გული რაღაც გამოურკვეველი სიცოცხლით სცოცხლობდა, ირგვლივ კი სულ სქელდებოდა ხალხი, ჯგუფი ემატებოდა ჯგუფს, თანდათან ავსებდა იმ მოედანს, სადაც უნდა დაწყებულიყო სვლა. მე წინ მივყავდი ამ ჯგუფებს, კიდეც მიხაროდა ეს მორჩილება ჩემი და თან თავი მიბრუოდა. და უცებ რაღაცამ იფეთქა. თითქოს ვინმემ ანიშნაო - ეს ამოდენა ხალხი მოაწვა მოედნის ცენტრს და ერთ წუთში მთელი მოედანი აივსო ხალხის ზღვით. და ჩემს გვერდშიც გაჩდნენ ამხანაგები, რომელთაც მე მაღლა უნდა ავეწიე სიტყვის სათქმელად. უცებ ნელი რხევით აიმართა მაღლა დროშა და ისევ ნელა, აუჩქარებლად გასწორდა... სისხლი ადუღდა, გულისცემა კი თითქოს შეწყდა...

- შენს ქვეშ მომკვდარვიყო! შენს ქვეშ!..

ახ, მე უკვე ვიცოდი, რა უნდა მეთქვა! ამხანაგებო, აბა დამიგდეთ ყური, რა გითხრათ!..

მოისმა ცხენების ფეხთა თქრიალი, ყვირილი. და ამ ყვირილს შეეგება სიმღერა...

“უარვყოთ ძველი წესები”!..

დროშა ჯერ კიდევ ისევ მშვიდად და აუჩქარებლად იდგა ჰაერში და დაგვცქეროდა თავს მარქსის მოღიმარი სურათი და თითქოს გვეუბნებოდა:

- ე მაგრე, ე მაგრე, ბიჭებო, ამხანაგებო!..

და ნელა, ნელა გაემართა წინ. რხევით გადადგა დროშამ ნაბიჯი და მეგონა, რომ ეს თეთრ-წვერა მოხუცი წითელ ხავერდზე სალამს გვაძლევდა, გვილოცავდა თავის რაზმს, თავის ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე გამოსვლას.

- სალამი მომავლის შემქმნელთ! სალამი პროლეტარიატს!

- დაიშალენით! გაიფანტეთ!.. დაიშალენით, თორემ გესვრით! დაიშალენით!

- ძირს! ძი-ირს! ძი-ი-ირს!

დროშა კი ისევ მიდიოდა წინ ნელი ნაბიჯით, დინჯად და მშვიდად დაგვცქეროდა თავს და ჭაღარა მოხუცი უღიმოდა კაცობრიობის ბედნიერებისათვის მებრძოლთ, ამხნევებდა ამხანაგებს...

მაგრამ აი ჯგუფი ცხენოსანთა შემოიჭრა ჯარში, ხმლის ყუისა და მათრახის ცემით გაიკაფა გზა და გაემართა პირდაპირ დროშისაკენ.

- დროშა არ მისცეთ! დროშა დაიცავით! ძირს! ძი-ი-ირს!

ჰაერში, დროშის ირგვლივ, აიმართნენ მაგარი, ბზის ჯოხები. უხილავმა ხელებმა მოიმარჯვეს ისინი და მოიქნიეს, და რამდენიმე ცხენი უმხედროდ გავარდა ჯარიდან.

- ძირს! ძი-ი-ირს!

სადღაც რევოლვერის ლულამ იელვა... კიდევ და კიდევ!

- არ ისროლოთ! არ ისროლოთ, ამხანაგებო!

- ძირს! ძირს!

დროშა დაეშვა - ის შეინახეს. ხალხმა დაშლა მოინდომა, მას გზა შეუკრეს. თან კი ჰყვიროდნენ:

- დაიშალენით! დაიშალენით, თორემ ვისვრით! უკანასკნელად... დაიშალენით!

იელვა ხიშტებმა - ჯარისკაცებმა თოფები მოიმარჯვეს. ხალხი უკან დაქანდა, მაგრამ ისევ იძულებული გახდა შეჩერებულიყო - უკან ყაზახები არ უშვებდნენ...

და უცებ რაღაცამ იჭექა...

გიჟივით აღრიალდა ხალხი და ერთმანეთს მიაწყდა...

- ჩვენ გვხოცავენ!

- ეს დედაბრები ჩვენ, უიარაღოებს გვესვრიან.

ეხლა უფრო გაბედულად წამოვიდნენ ჩვენზე, მათრახები უფრო ბეჯითად ამუშავდა, ცხენები თელავდნენ ადამიანებს... და კვლავ იელვა ჰაერში რევოლვერის ლულამ და იმ წუთში, როცა მე მინდოდა მეყვირა - არ ისროლოთ-მეთქი, ჩემი მარჯვენა ხელი ჩემდა უნებურად წავიდა ჯიბისკენ, მარად მოუჭირა ბრაუნინგს და ასწია ჰაერში.

- ჭახ! ჭახ! ჭახ!

გაისმა ჰაერში ტკაცუნი და წინ გზა გაიშალა. ეს მათთვის მოულოდნელი იყო, საპასუხო სროლას ისინი არ მოელოდნენ.

მათ შორის დაეცა ვიღაც... აქ ისინი ისევ მოვიდნენ გონს, შეჯგუფდნენ და ჩამოჰკრეს ჩახმახს...

ჩამოვკარი მეც ჩახმახს და სადღაც ტყვია გავგზავნე. კიდევ და კიდევ. გულში კი დაიბადა და სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა რაღაც ახირებული გრძნობა, თვალები მევსებოდნენ ცრემლებით, მინდოდა ავსულიყავ მაღალ, მაღალ რამეზე, თვალსაჩინო საგანზე, რომ იქიდან ყველა სულიერისთვის დამეძახა, ყველასთვის გამეგონებია:

- ძმებო! ძმებო! რა რიგ მიყვარხართ მე თქვენ! ძმებო! ძმებო!

მინდოდა მეყვირა ეს და იქავ მომკვდარიყავი... თან კი ვისროდი რევოლვერს, სანამ პატრონები არ გამომელია. დავხედე იარაღს და ზიზღით დავახეთქე მიწაზე.

და როცა, როგორც მთვრალი, როგორც გარინდული, მივდიოდი წინ, დავინახე ხვარამზე, ფერ-დაკარგული, დაკუმშული მუშტით, ის მიიწევდა ვიღაც აფიცრისკენ, რომელიც ისეთივე ფერ-დაკარგული და გაფითრებული იყო, როგორც ხვარამზე და რომელსაც რევოლვერი ჰქონდა მომარჯვებული ხელში.

ნელა იხევდა ის უკან გააფთრებული ქალის წინაშე და იმეორებდა:

- მე თქვენ გთხოვთ! მე თქვენ გთხოვთ!

მე ჩავხედე იმას თვალებში. და დავინახე იქ შიში ამ ქალის წინაშე, პატივისცემა იმის გაბედულებისადმი, აღტაცება სილამაზისადმი და ამასთან ერთად მტკიცე შეგნება, რომ თუ ეს ქალი იმას თავს არ დაანებებს, ის მოჰკლავს მას.

ხვარამზე კი არ ანებებდა თავს.

- ჯალათებო! ჯალათებო! ეს რა ჩაიდინეთ! მკვლელნო შეუიარაღებელთა - შერცხვენა თქვენ! მეც მომკალით, ჯალათებო, მომკალით მეც!..

“მეც მომკალით!..” საშინელმა კანკალმა ამიტანა. “მეც მომკალით!” ესე იგი ხვარამზე, ხვარამზე შეიძლება მოჰკლან!.. “მეც მომკალით!”

ვეცი ხელში იმას და თითქმის იძულებით ჩამოვაშორე ხიფათს.

- ხომ არ გაგიჟდი შენ! ხომ არ გაგიჟდი!..

როგორც იქნა გავედით სამშვიდობოს...

დაღამებამდე სდუმდა ის. და მხოლოდ ღამით, როცა მე ვიჯექი ღია ფანჯარასთან და ვუგდებდი ყურს ტფილისის შფოთვას, ის მოვიდა ჩემთან.

- ვანო!

მე მოვკიდე მას ხელი ხელში.

- ხომ არ გგონია შენ, ვანო, რომ ჩვენ მეტად გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე საჭიროა?.. არ გგონია შენ ეს, ვანო?

- მე არ მესმის, რას ამბობ, ხვარამზე!

სხეულში კი გამირბინა ცივმა ჟრუანტელმა, რაღაც გაურკვეველი შიში ვიგრძენი.

- არ ვზრუნავთ ჩვენ ერთმანეთზე უფრო მეტად, ვიდრე ეს საჭიროა? გადამეტებული სიყვარული, იმის მაგიერ რომ ცამდე აგვიყვანოს, არ ამდაბლებს განა კაცს? როგორ ფიქრობ ამის შესახებ შენ, ვანო?..

იმ ღამესვე მე იძულებული გავხდი ტფილისს გავშორებოდი, ხოლო როცა დავბრუნდი, უკვე აშკარა იყო, რომ რაღაც გაწყდა ჩვენს შორის, რომ ის, რაც იყო, შემდეგში აღარ იქნება.

და როცა ერთ ღამეს გამომეღვიძა და ის ატირებული ვნახე, ყველაფერი გავიგე.

და იმ ღამიდან მე მტკივა გული.

...ჯანდაბას ყველაფერი - ასე ვამბობ მე!

ყველა სანთლებს დავაქრობ ჩემს უკან და მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავლისკენ დავიწყებ ცქერას. მხოლოდ წინ! მხოლოდ წინ!

წინ - იქ თავისუფლებაა, გაშლილი მინდვრები, ყვავილები - იქ სჯობია!

ჩემს უკან დავაქრობ ცეცხლს და დეე იყოს, რაც უნდა იყოს, დღეს სატუსაღოში ვარ, ხვალ თავისუფალი ვიქნები...

წინ უნდა ვიცქირო... და ჯერჯერობით კი ავიღებ ხელში სასულიერო შინაარსის წიგნებსა და ვიკითხავ გულმოდგინედ...

მაკურთხე, მამაო!

აი, ვაქრობ ჩემს უკან სანთლებს - არაფერი ჩემს უკან არ ყოფილა, არაფერი, არაფერი! და თუ იყო, ჯანდაბას მისი თავი და ტანი, ჯანდაბას!..

მოდით და ბრძანეთ თქვენი პატიოსანი ბაგით, ღმერთი მრავალთა მოწყალე და სამართლიანი არ არისო! აბა, მომისმინეთ, რა ამოვიკითხო ამ წიგნში!

“ცოდვილთა ზედა განჩინების წარმოთქმის შემდეგ, სატანა და იმისი თანაშემწენი გადაისვრიან დასჯილებს უძირო უფსკრულში. უკუნი ბნელი იქ იქნება ბინა მათი, მატლნი - საწოლი მათი, ხოლო იმედი თავის დაღწევისა მოკვდება მათ გულში, იმიტომ რომ სიცოცხლეში ისინი არისხებდენ ღმერთსა. ცეცხლის მათრახით სცემენ იმათ დღისითა და ღამით და დაუქრობელ ცეცხლში აბანავებენ იმათ. ძვალნი მათნი დაიწვიან, ისინი კი განაგრძობენ მუდარას ჯალათებისადმი - ცოტა მოგვასვენე, ცოტა დრო მოგვეცი - ვთხოვოთ გამჩენს შეგვიბრალოს, შეგვანანიოს ჩვენი ცოდვებიო. მაგრამ თხოვნა მათი იქნება ამაო, არც სიბრალული მათდამი, არც პატიება მათი - ისინი იქნებიან ცეცხლსა და ტანჯვაში უკუნით უკუნისამდე.

ხოლო მართალნი ღვთისა წინაშე სამოთხიდან იხილავენ ტანჯვათა ცოდვილთასა და სიხარულითა დიდითა აღივსება გული მათი!..”

აბა, როგორ გეგონათ? აქაც შეგრჩებოდათ და იქაც სიავე? ღმერთი, დიდება მის სახელს, სამართლიანია!

დავაქრე მე ცეცხლი ჩემს უკან და შევუდექი საღვთო წერილის კითხვას. გაიგებს მღვდელი, ეტყვის უფროსებს. მომიწონებენ. და ამას გარდა მომიწონებს ღმერთიც და მე სამოთხეში შევალ და იქიდან დავტკბები ცოდვილთა ტანჯვის ცქერით.

...ისევ იძულებული შევიქენი გავშორებოდი ტფილისს. და თან ჩემი სევდაც ვერ თავსდებოდა ქალაქის ვიწრო კედლებში, მას უნდოდა ფართო მინდვრები, ცამდე აღმართული მთები...

დიახ, დიახ, გავტეხე სიტყვა, დავარღვიე პირობა! აი, ვანთებ სანთლებს ჩემს უკან.

«Фонарики-сударики
Горят себе, горят!..»

და სოფლიდან სოფელში მავალი, კრებიდან კრებაზე, მე ვერთობოდი, მე ვივიწყებდი ტკივილებს, ჩემს მწვავე ფიქრებს...

მე ვიცოდი რაში იყო საქმე, მე ვიცოდი, რომ ვკარგავდი ხვარამზეს.

მე ვიცოდი რაში იყო საქმე, მაგრამ ამის შესახებ არავის არაფერს ვეუბნებოდი და ყველაზე უფრო არაფერს ვეუბნებოდი ჩემს საკუთარ თავს.

გავიდა კვირა, გავიდა ერთი თვეც - მე ხვარამზე არ მენახა, ის ქალაქში იყო.

მაგრამ რას შვრებოდა ის იქ? ვისთან ატარებდა დროს? რაზე ფიქრობდა?.. ახ, ვისთან ატარებდა დროს?

ხაშურში ჯარი იდგა. იმის წინეთ იქ მუშები დახოცეს, გაფიცულ მუშებს ტყვია დაუშინეს.

ერთი ჯგუფი ჯარისა მინდორში თავს ირთობდა, მღეროდა და თამაშობდა.

მივუახლოვდი.

Дали бабе киселя, киселя,
Баба весела, весела...

წითური ვაცის მსგავსი წვერით, მოუხეშავი მეფის მუჟიკა ჯარისკაცი მუნდირში ცეკვავდა და თან ამ სიმღერას მღეროდა. და იყო რაღაც უსაზღვროდ უცხო და მტრული, ველური და შიშის აღმძვრელი ამ მისი ჩექმების ბრახუნში, წვერების ცანცარში, წვიტი თვალებით შემოხედვაში და იმ შემოძახილში, რომელსაც ის დროგამოშვებით ჩაურევდა თავის ბუქნებში და ხელებს მუხლების თავებზე დაირტყამდა...

«Дале бабе вецмундер, вецмундер,

Стала баба командер, кoмандер...»

მძიმე სევდა და კიდევ შიში ვიგრძენი გულში ამ სტიქიური ძალის წინაშე...

რამდენია!.. რამდენია!.. რამდენია!..

გავშორდი და წავედი.

მივადექი სახლს, სადაც ხვარამზე ცხოვრობდა. პატარა ბავშვი, პატარა გოგო, რომელიც მე ყოველთვის ენას მიჩვენებდა ხოლმე, იქ არ დამხვდა. ფანჯრიდან ვიღაცასი გულგრილი ფიზიონომია იცქირებოდა. ირგვლივ სიჩუმე იყო. ყველაფერი ძველებურად იყო, რამდენიმე ალუბლის ხე, კიბე - სახლზე ასავალი, ფანჯრები, ცოტათი გადაზნექილი სამზარეულო და მაინც კი ვიგრძენი, თითქოს სასაფლაოზე მოვსულიყავ... და ისე გამიკვირდა, ისე გამიკვირდა, რომ საიდგანღაც გიტარის ხმა მომესმა...

ახ, რა მძიმეა, მეგობრებო, სასაფლაოზე სეირნობა! მით უმეტეს, თუ ამ სასაფლაოზე შენი ტკბილი წარსული მარხია!.

ჩქარა! ჩქარა აქედან!

მე მივიღე მისი წერილი და აი, რა ეწერა შიგ:

“ძვირფასო ვანო! ყველა ეს დიდიხანია მინდოდა მეთქვა შენთვის, მეთქვა პირადად, მაგრამ ვერ შევიძელი. მაპატიე, ჩემო ვანო! ბევრი ვებრძოლე თავს, მაგრამ ვერას გავხდი. მხოლოდ ერთი რამ მსურს იცოდე შენ, ძვირფასო ჩემო, რომ ამ წერილს არა თუ შენთვის მხოლოდ მოაქვს მწუხარება - მეც შენი ამხანაგი ვარ, ჩემო ვანო... მე ხომ ისევ ისე მიყვარხარ და კვლავაც მეყვარები... მაგრამ ეს სიყვარული ჩემი შენდამი, ეს სიყვარული თხოულობს გამართლებას და გამართლება მისი მე ვერ შევიძელი... მე ის მიწიერი მგონია და ეს ჩემი ეჭვი ვერ შევარყიე. და რადგანაც ეს ეჭვი ვერ შევარყიე, ეს სიყვარულიც უნდა უარიყვეს - ესე იგი მე და შენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ! ეს მე პირველად ვიგრძენი იმ დღეს, მოედანზე, როცა შენ ძალათი გამომათრიე ხალხის ჯგუფიდან. მაშინვე ვიგრძენი მე ეს და საშინელი შიში განვიცადე. მაგრამ ხომ იცი - შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, რაც უნდა მომხდარიყო, დეე მოხდეს... ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ! ახ, რად, რად მოხდა ყველაფერი ეს!

“შენ მომკიდე მკლავში ხელი, წამიყვანე... შეგეშინდა - შეიძლება მოჰკლანო ხვარამზე. იმიტომ რომ მე შენი ცოლი, შენი ხვარამზე ვიყავი? რად შეგეშინდა, ვანო, შენ თვითონ ხომ საჯაროდ იდექ - შენ სიტყვას ამბობდი - შენ ხომ უთითებდი მტრებზე - მე კი მხოლოდ ვიდექი შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი შენით!. შემდეგ შენ სროლა დაიწყე - ხომ ადვილი იყო, შენ მოეკალი იმათ? მე საშინლად შემეშინდა ამის გამო, მაგრამ ფიქრადაც არ მომსვლია მოვსულიყავ, გარე გამეყვანე... მე ვსდუმდი. შემდეგ მე დამინახე საფრთხის წინაშე... და არ გამიშვი... რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, ჩემი სიკვდილი საჭირო იყო-მეთქი, შეიძლება ის, რასაც მე ჩავდიოდი, არც იყო საჭირო... მაგრამ, ვანო... ჩემო ვანო, მარტო მე ხომ არ ჩავდიოდი იმას, რაც შენ არ დამანებე? რატომ მხოლოდ მე შემიშალე ხელი და არა ვინმე მუშათაგანს, რომელიც ისე, როგორც მე, იდგა სიკვდილის წინაშე? თვითონ შენ, შენ რად ისროლე, ვანო, როცა ეს ისე იყო აკრძალული? და იქ, სადაც შენ მიდიოდი სიკვდილზე, სადაც სხვები დაიხოცნენ კიდეც, იქ რად არ შემეძლო მომკვდარვიყავი მე? რით განირჩევი შენ იმ აფიცრისაგან, რომელმაც ვერ გადასწყვიტა ესროლა ჩემთვის? არ მომკლა მე იმან იმიტომ, რომ მოვეწონე, როგორც ქალი, ჩემი სილამაზე დაზოგა მან და არა ის იდეა, რომელსაც მე იმის წინააღმდეგ ვიცავდი... შენც მხოლოდ შენი ლამაზი ცოლი, შენი საყვარელი ქალი გინდოდა გადაგერჩინა, მხოლოდ შენი ცოლი... და რა გამომეტყველება გქონდა მაშინ შენ - ვერაოდეს მე იმ გამომეტყველებას ვერ დავივიწყებ და იმის მოგონება, ჩვენ რომ კვლავ ერთად ვიცხოვროთ, ჩვენს მომავალ არსებობას მოსწამლავს... შენ ხომ აგრე იცი ხოლმე გმირთა ცხოვრების აღწერა - რად არ ანებებდი შენს ცოლს “გმირობა” ჩაედინა? რა უფლების ძალით არ ანებებ, ნება მიბოძე გკითხო? განა საბუთია შენი სიყვარული? მე რომ შენი ცოლი ვარ? შენ რომ უჩემოდ ყოფნა არ შეგიძლია? ეს ხომ, ვანო, ეს ხომ ღალატია საქმის, რომელსაც ჩვენ ორივენი ვემსახურებით? და განა სიყვარულს ღალატისაკენ უნდა მივყავდეთ? განა ის ტალახისაკენ უნდა გვწევდეს? ან და შეიძლება მე არ ვარ შენი ტოლი და თანასწორი? თუ ეს ასეა, სიყვარული ჩვენს შორის საიდან შეიძლება?..

“დიდი ხანია ვიკრებ ძალას, რომ იმ გზას დავდგომოდი, რომელსაც დავადექი. მე სუსტი, გაუბედავი, ყოველსავე ტრადიციას მოკლებული ქართველი ქალი ვარ. მაგრამ ქართველმა ქალმაც უნდა სძლიოს დაბოლოს “ქართველი ქალი”, შედგეს მაგრად ფეხებზე, გაშალოს ფრთები და გაფრინდეს... უნდა გაფრინდეს... და თუ სიყვარული უშლის ამას ხელს, ძირს სიყვარული! თუ რაიმე უშლის ხელს, ძირს ყველა ეს! ეს გადაწყვეტილია და შენ უნდა შეხვდე ამას, ვანო, როგორც აუცილებლობას. და თუ შეიძლება, ეცადო არ მინახულო ჯერჯერობით მე. ამას ძლიერ, ძლიერ გთხოვ... ამისრულებ თუ არა ამ თხოვნას?.. - ხვარამზე”.

ურა! ურა! ურა!

შენ კარგად თხრი, თხუნელავ!

გაუმარჯოს ხვარამზესა და ძირს ვანო ღუღუნაშვილი, ცნობილი აგიტატორი! თქვენ გესმით თუ არა, ამხანაგებო, იმიტომ კი არ სტოვებს იმას საკუთარი ცოლი, რომ სხვა ვინმე მასზე უკეთესი ნახა, სხვა ვინმე შეუყვარდა, არამედ იმიტომ, რომ მას, ვანო ღუღუნაშვილს, ზნეობრივად დაბლა სთვლის ცოლი, უღირსად და შეუფერებლად.

ურა, ხვარამზე! გაუმარჯოს მძლავრებს, გზა, გზა იმათ!

შენ კარგად თხრი, თხუნელავ!

ტფილისში დაბრუნებულმა, მე გადავწყვიტე ნინოსთან შემევლო: შეიძლება იქ ვინმე ნაცნობთაგანს გადავეყარო და გამოვერკვე, როგორ უნდა დავიჭირო თავი, რომ ვირის აბანოში არ მოვხვდე-მეთქი.

- აი, არ მოგელოდი ღმერთმანი! რომელმა ქარმა გადმოგაგდო? - მომესალმა მხიარულად ნინო და მაგრად ხელი ჩამომართვა.

- აქ კი ისე გეძებენ, ისე გეძებენ!.. მაინც ბედი კი გაქ, ვანო, რომ ამდენხანს არ ჩაუვარდი იმათ ხელში... ერთი წელია აქ ხარ, ისე დაგეძებენ და... აი, შეხედე, რამდენი წიგნები შევიძინე - ერთიან გამძარცვეს, მარა ეხლა კი საკმაო წიგნები მაქვს, მთელი ზამთარი მეყოფა... ბიჭოს, ეს როგორ სდუმხარ?.. როგორ ცხოვრობ?.. დაჯექი, კაცო... ლიზ... ხვარამზე როგორ გრძნობს თავს?

- ახალი ამბავი არ იცი, ნინო? - ახალი? რა ახალი ამბავი?

- მე და ხვარამზე აკი არ ვცხოვრობთ ეხლა ერთად!

და ამიტყდა მე სიცილი მაგრამ, ალბათ, ეს სიცილი ცრემლზე უარესი იყო.

ნინო გაფითრდა. მის ჭკუიან თვალებში გაკვირვება და ჩემდამი თანაგრძნობა წავიკითხე.

- რა... რას ხუმრობ, ვანო!

- ვხუმრობ კი არა... გავშორდით - Прощай, до свидания... სხვადასხვა პრინციპიალური მოსაზრებით... მაშ! ხა! ხა! ხა!

მან პირი ამარიდა.

ყველამ იცის ხომ, და მეც ვიცი, რომ დიდიხანია ნინოს მე ვუყვარვარ.

და მე მომინდა აქედან წასვლა - რად მოვედი აქ? და თუ მოვედი. რად ვუთხარი მას ეს ამბავი?

წამოვდექი.

- სად? სადღა მიდიხარ ეხლა, ცოტა დაიცა!

მაგრამ მე არ დავიცადე - წავედი... ჩემს წინ ტფილისი გადაიშალა. ჩემი ტფილისი!

“ნეტავ ქება როგორ ითქმის ამ ტფილის-ქალაქისაო.
ზამთარი არის ბროლისა, ზაფხული ზურმუხტისაო”.

ჩემი ტფილისი!

მაგრამ მიუხედავად ამისა, ნება მიბოძეთ ვაღიარო საქვეყნოდ, რომ მე ვერც ეხლა, ამ წუთში, მივცემდი ნებას ხვარამზეს თავი შესწიროს იქ, სადაც მე შევსწირავ თავს.

ასეთია ჩემი სიყვარული მისდამი!..

დიახ! ამას ვაცხადებ საქვეყნოდ.

ასეთია ჩემი სიყვარული მისდამი...

ორთაჭალის ბაღებში ბევრი სამიკიტნოებია, მაგრამ მე ყველაზე უფრო მომეწონა ერთი მათგანი.

იქ დახატულია ახირებული ეტლი, ახირებული ცხენებით, მეეტლითა და მგზავრით, რომელსაც დასდევნებია უკან ერთი ქალის მსგავსი რაღაც არსება. ქვეშ რუსულად აწერია:

«Не уезжай голубчик мой!»

ამ რუსულ წარწერის ქვეშ ქართული წარწერაა:

“სად მოვსულვარ, სად შევსულვარ!”

და ვიღაც ხუმარას კიდევ ალმასით მინაზე დაუწერია: “აქ საწყალი კაცის აფთიაქიაო”.

აი, ამ სამიკიტნოში შევედი მე და ღვინო მოვითხოვე. გადავკარი სადღეგრძელო ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანების და მედუქნეს გავუსწორდი.

როცა ქუჩაში გამოვედი, როდი ვიცოდი, სად წავსულიყავ. უშველოს ღმერთმა, პოლიციელმა მითხრა - გთხოვთ მობრძანდეთ, თქვენთან ცოტა საქმე გვაქვსო...

მეც მიზანი გამიჩნდა...

ჟანდარმის როტმისტრი ზედმიწევნით დინჯი, ზრდილობიანი და სტუმრის-მოყვარე აღმოჩნდა. იმას ისე იამა ჩემი ნახვა; რამდენი ხანია თურმე სწყუროდა გამცნობოდა. - ეხლა კი ნურას უკაცრავად, თუ დიდხანს არ მოგიშოროო... აი, როგორ იამა ჩემი ნახვა კეთილ ჟანდარმის როტმისტრს!

და ვზივარ ეხლა მაღალ, მაგარ კოშკში, ცალკე ოთახში. და თავს მშვენივრად ვიგრძნობდი, რომ ეს წყეული ბაღლინჯოები არ იყოს ასე უხვად!

და თან კიდევ ეს გაზაფხული გვეწვია. მერცხალმა რამდენიმეჯერ შემომძახა-შემოიჟღურტულა ჩემს ოთახში, პატიჟი დამიწყო. მტკვარი დათვრა და გიჟური ღრიალით მიაქანებს მღვრიე ტალღებს შორეულ კასპიისაკენ... ისიც მეძახის ფართო მინდვრებისაკენ...

საჭირო იყო ყველა ამისათვის ყურადღება არ მიმექცია, საჭირო იყო რამეთი გამერთო აღრჩეული სული.

ამიტომ დავიწყე წერა. მე დავწერე რაღაც, ზღაპარი რამ სიყვარულზე აშენებული.

იყო თუ არა ყოველივე ეს?

არ ვიცი.

ვიცი მხოლოდ, რომ სევდა იყო - ეს სევდა ალაპარაკდა...

სევდა ალაპარაკდა, რომ ცოტათი დამშვიდებულიყო.

აი, რა ვიცი მე!..

“რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია!” ღმერთმანი, ეს ასეა. არ გჯერათ? აი, აბა დაუგდეთ ყური.

წმინდა ტიხონი, რომელიც შემდეგში ამაფუნტის ეპისკოპოსი იყო და დიდი დამცველი მართლმადიდებლობისა, ბავშვობისას ყიდდა პურს, ვინაიდან მამა იმისი იყო მეპურე. ბავშვი კეთილი გუნების იყო და ხშირად ღარიბსა და მათხოვრებს უფულოდ აძლევდა ხოლმე პურს. გაჯავრებულმა მამამ ამისთვის ერთხელ დასაჯა ის და მოწყალების გაცემა აუკრძალა.

მაშინ წმ. ტიხონმა ასე უთხრა მამას: “მშობელო ჩემო, შენ ამაოთ სწყრები. მე შენს პურს როდი ვაჩუქებ, არამედ სესხად ვიძლევი, ღმერთს ვასესხებ ხოლმე და ღვთისაგან ხელწერილი მაქვს, სამღვთო წერილებში ჩაწერილი, სადაც წერია: “ღმერთზე გამცემი ასწილ მიიღებსო”. თუ ეს არ გჯერა, აბა წამო ბეღელში და დარწმუნდები, რომ არ ვტყუი.

ამ სიტყვებით მან მოჰკიდა მამას ხელი და წაიყვანა ბეღელში. და რა იხილეს? წინეთ თითქმის ცარიელი ბეღელი ეხლა სავსე იყო საუკეთესო ხორბლით.

მამას ძლიერ იამა ეს გარემოება, შეაქო ღმერთი და შემდეგ ხშირად აძლევდა საწყლებს პურს, დარწმუნებული, რომ ღმერთი ერთი ასად მიუზღავდა სამაგიეროს...

არც ეხლა გჯერათ?

(ერთი წლის შემდეგ - სატუსაღოს გარეშე)

ზემოთ მოყვანილი ვიპოვე მე ჩემს ძველ, სატუსაღოში ნაქონ რვეულებში.

ავიღე და გადავწერე ყველა ის ხელახლა.

ეს იმიტომ, რომ მინდოდა გავქცეოდი სევდას, დროებით მაინც დამევიწყებია ის.

სევდა ჩემი...

და შენც კი, არც შენ იცი ჩემი მწუხარება, სევდა ჩემი.

დიდი, დიდიხანია, რაც ვუფარავ იმას მე ყველას, ყველა სულდგმულს.

და შენგანაც ვმალავდი იმას მე.

იმიტომ რომ მე არ ვიცი, ვინ ხარ შენ, საიდან ხარ, სად ხარ შენ, რომელიც გამოგიგონე მე სატუსაღოში, რომელსაც დაგარქვი სახელად ხვარამზე... და დავაჯერე ჩემი თავი, რომ კახეთიდან იყავი თითქოს, იმ ქვეყნიდან, სადაც საუკეთესო ღვინო მოდის და მშვენიერი ქალები, მგონია, იბადებიან.

ვინ ხარ შენ, ხვარამზე, ნაყოფო ჩემი ტუსაღობის ოცნებისა, რომელიც შეგიყვარე მე, და რომელსაც შეგაყვარე თავი, და რომელიც გაიძულე შემდეგ მიგეტოვებიე, რათა დამეცვა შენი თავმოყვარეობა და ადამიანური შეგნება!

ვინა ხარ შენ, ხვარამზე?

იცი შენ განა, როგორ მენატრები?

იცი შენ განა, რომ ამ ნატვრას ჩემსას ვფარავდი მე ამ ქვეყნად და არ ვამხელდი?

მაგრამ ეხლა მომაქვს აქ და ამ ფერმკრთალ სტრიქონებში ვამჟღავნებ მას.

შეიძლება ასე არ უნდა მოვქცეულიყავი!

არ ვიცი!

შეიძლება ეს საიდუმლოება ჩემი ყვავილებისათვის უნდა გამენდო, ტკბილ სუნნელებით გაჟღენთილ, სიყვარულით მთვრალ გაზაფხულის ყვავალებისთვის!..

არ ვიცი.

ან და მშფოთვარე ქარის ფრთებზე უნდა დამესვა იქნება ის და ქვეყნიერებისთვის გამეგზავნა!

- წაიღე ეს, ქარო ღრიალა, წაიღე შორს, შორს ჩემგან! მძიმეა ეს ჩემს გულში და ტარება მისი მე არ შემიძლია, წაიღე ეს ჩემგან, წაიღე!

არაფერი არ ვიცი.

ვიცი მხოლოდ ერთი, მხოლოდ ის, რომ ეს ნატვრა ჩემი - ჩემი სევდა, უხილავი და საიდუმლოდ შენახული, რომელიც შენთვისაც კი არ გამიმხელია, ეს ნატვრა ჩემი - სევდა ჩემი მოვიტანე აქ, ამ მკრთალ სტრიქონებში და აქ დავმარხე.

იცნობ, მიაგნებ თუ არა აქ იმას, მეგობარო?

არ ვიცი.

კიდევ - შეიძლება ეს არ უნდა მექნა მე!

შეიძლება!..

ის მაწევს სულზე, ის ქენჯნის და ღრღნის მას.

სევდა ჩემი.

მაგრამ ამ სევდაში, ჩემო მეგობარო, ხედავ თუ არა შენს თავს, ამ სევდაში?

ხედავ თუ არა შენს თავს - მხიარულს, მოცინარს, ბედნიერს?

ამ ჩემს სევდაში ზიხარ შენ!

და ამიტომ კურთხეულ იყოს სევდა ჩემი ამიერიდან და უკუნისამდე.

კურთხეულ იყოს, ჩემო მეგობარო!

მძიმე სევდა მაწევს გულზე და ამიტომ ვგრძნობ თავს აქაც ისე, როგორც სატუსაღოში.

და როგორც სატუსაღოში, გელოდები შენ!

გელოდები შენ.

მოდი, მოდი, ჩემო მეგობარო, მოდი, მნახე!

გელოდები, მოდი!

და ვიცი კი, რომ არაოდეს, არაოდეს ეს არ შეიძლება მოხდეს!

და მაინც გელოდები.

როგორც სატუსაღოში, ჩემო მეგობარო!

და ამიტომ მიჭირს და ვწუხვარ მე, როგორც სატუსაღოში, როგორც ცხრაკლიტულში...

და ვიცი კი, რომ შენ ვერ მოხვალ ჩემთან.

ვიცი და მაინც გელოდები.

დღეს მთელი დღე მარტო დავეხეტებოდი.

დავიღალე და ჩამოვჯექი.

ფიქრი დავიწყე და ასე მეგონა - სასაფლაო დავათვალიერე, დავიღალე, მოვიქანცე.

ეს იმიტომ, რომ უკან დავიწყე ცქერა...

და დამძიმდა, დამძიმდა გული.

მომინდა შენი ნახვა - ისევ და ისევ!

მაგრამ არაოდეს, ვიცი, არაოდეს ეგ არ შეიძლება მოხდეს.

ა-რა-ო-დე-ს! ა-რა-ო-დე-ს!

მძიმე სევდა მაწევს გულზე და ვხუჭავ თვალებს.

და როცა მე ვხუჭავ თვალებს, სევდა მეფურჩულება:

- არაოდეს! არაოდეს! არაოდეს!

როგორც შემოდგომის წვიმა...

- არაოდეს, არაოდეს!

როგორც შორეული სიმღერა...

- არაოდეს! არაოდეს! არაოდეს!

ახ, ეს წყეული ჯალათი, ეს უსულო სიტყვა, ცივი და მშვიდი, როგორც სიკვდილი, როგორც დავიწყება:

- არაოდეს! არაოდეს! არაოდეს!

მაგრამ ამ სიტყვაში აკი შენ ზიხარ! ამიტომ ჩემი კურთხევა მას!

შენ არ მოხვალ არაოდეს, მაგრამ ჩემს ნატვრაში, რომელიც ჩემი სევდაა, შენ ზიხარ მუდამ, ჩემო მეგობარო!

და ამიტომ არავის იმას არ მივცემ, არავის!

ჩაიარე, ჩამცილდი, ღრიალა ქარო, არაფერი არ გამაჩნია შენთვის! რას მიღიმით ვარსკვლავებო, არ გეყოფათ განა თქვენი სიმდიდრე, რომ ჩემი გინდათ წაიღოთ? თქვენ რაღა გინდათ გაზაფხულის ყვავილნო, სიყვარულის წყალობით არ ხართ ასე მშვენიერნი? კიდევ რაღა გინდათ - აი, თქვე გაუმაძღრებო, თქვენა!

არავის, არავის არ მივცემ ჩემს ნატვრას, რომელიც სევდაა ჩემი. იმიტომ რომ ამ ნატვრაში შენ ზიხარ, ჩემო მეგობარო!

კურთხეულ იყოს ის აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე! კურთხეულ იყოს!

1909 წ.

??????