ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "ო, რა იქნება, დამმარხე, ქარო" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

ო, რა იქნება, დამმარხე, ქარო,
ახლობელთაგან არვინ მოვიდა,
ჩემს გვერდით მხოლოდ სუნთქვაა მიწის
და მონაქროლი სიო შორიდან.

ერთ დროს მეც ვიყავ თავისუფალი,
ვერ ვერეოდი სიცოცხლის წყურვილს,
ახლა კი გდია ჩემი ცხედარი
და უკანასკნელს შენ განდობ სურვილს.

დაფარე ჩემი შავი ჭრილობა
საღამოს ბინდის ნაზი სალბუნით,
სთხოვე ცისფერ ნისლს, რომ წაიკითხოს,
როგორც წესია, ჩემთვის ფსალმუნი,

რომ მარტოდმარტო, ადვილად შევხვდე
მარადი ძილის მხარეზე ფიქრებს,
აახმიანე მაღალი ისლი,
ჩემს გაზაფხულზე იმღეროს იქნებ.

??????