უელბეკი მიშელ
გაზიარება

მუნჯი კინოს ხოტბა 

ადამიანი ლაპარაკობს. ზოგჯერ არ ლაპარაკობს. როცა რაღაც დაემუქრება, აიწურება, დაპატარავდება და მზერას სივრცეს სწრაფად მიმოავლებს. სასოწარკვეთის დროს მოიკუნტება, საკუთარ ტკივილს შემოეხვევა. თუ ბედნიერია, შენელებული სუნთქვა აქვს, ცხოვრების რიტმი მეტ გასაქანს აძლევს... კაცობრიობის ისტორიაში იყო ხელოვნების ორი დარგი - ფერწერა და ქანდაკება – რომელიც ადამიანური გამოცდილების სინთეზირებას ცდილობდა, გაქვავებული გამოსახულებების, შეჩერებული მოძრაობების საშუალებით. ხანდახან ისინი მოძრაობის შეწყვეტას ისეთ მომენტში არჩევდნენ, როცა იგი წონასწორობის, სიმშვიდის უმაღლეს წერტილში იმყოფებოდა (მარადისობასთან შერწყმის წამს). ასეთია ყველა სურათი, სადაც ღვთისმშობელი ყრმით არის გამოსახული. ზოგჯერ კი ერჩიათ, მოქმედება ისეთ დროს გაექვავებინათ, როცა უკიდურესი დაძაბულობის ზღვარს, ექსპრესიულობის მწვერვალს მიაღწევდა. ეს, რა თქმა უნდა, ბაროკოა და აგრეთვე, ფრიდრიხის სურათები, სადაც გაყინულ აფეთქებებს ვხვდებით. ხელოვნების ეს ორი დარგი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და დასრულებული ნაწარმოებებიც იქმნებოდა, რომლებშიც ყველაზე იდუმალი ჩანაფიქრის – დროის გაჩერების – განხორციელება ხდებოდა შესაძლებელი.

კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა ისეთი ხელოვნებაც, რომლის ამოცანა მოძრაობების შესწავლა იყო. ის ოცდაათი წლის განმავლობაში ცოცხლობდა. 1925 – 1930 წლებში რამდენიმე კადრი, რამდენიმე ფილმი გადაიღეს (პირველ რიგში, ვგულისხმობ მურნაუს, ეიზენშტეინს, დრეიერს), რომლებიც ამ ხელოვნების არსებობას ამართლებენ. შემდეგ ის გაქრა, როგორც ჩანს, სამუდამოდ.

თითქმის მთელი სამყარო შემზარავ სიჩუმეში ცხოვრობს და მოქმედებს, საკუთარი თავის გამოხატვას კი ფორმისა და მოძრაობის საშუალებით ცდილობს. ქარი ბალახს აშრიალებს (ეიზენშტეინი), ცრემლი სახეზე ჩამოდის (დრეიერი). მუნჯი კინოს წინაშე უზარმაზარი სივრცე იშლებოდა: ეს მხოლოდ ადამიანური გრძნობების კვლევა არ იყო, არც მხოლოდ სამყაროს ჩვეული მოძრაობების ძიება. მისი სიღრმისეული სურვილი და ამბიცია აღქმის კანონზომიერებების წვდომა უნდა ყოფილიყო. ჩვენი წარმოდგენების საფუძველს ხომ ის განსხვავება ქმნის, რაც ფიგურასა და ფონს შორის არსებობს, თუმცა აგრეთვე – უცნაურია, მაგრამ მაინც – განსხვავება, რომელიც ფიგურასა და მოძრაობას, ფორმასა და მისი წარმოქმნის პროცესს შორისაა. ჩვენი გონი საკუთარ გზას ეძებს სამყაროში. აქედან მოდის ჰიპნოზური შეგრძნება, რომელიც უწყვეტი მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი გაქვავებული ფორმის დანახვისას გვეუფლება, მაგალითად, ჭაობის ზედაპირზე გაყინული ტალღების ნახვისას.

რა დარჩა 1930 წლის შემდეგ? დარჩა კვალი, ძირითადად იმ რეჟისორების შემოქმედებაში, რომლებმაც მუშაობა მუნჯი კინოს დროს დაიწყეს (კუროსავას სიკვდილი ერთი კაცის სიკვდილზე უფრო მეტია), რამდენიმე გაელვება ექსპერიმენტულ ფილმებში, სამეცნიერო დოკუმენტალისტიკაში, ხანდახან სერიულ პროდუქციაშიც (ამის მაგალითია ფილმი "ავსტრალია", რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა). ამ გაელვებების ამოცნობა იოლია: სიტყვის არსებობისთვის ადგილი აღარ რჩება, მუსიკაც კი კიჩის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მძიმეა, ოდნავ ვულგარული. ჩვენ მთლიანად აღქმად ვართ გადაქცეულები, სამყარო იმანენტურობაში წარმოგვიდგება. ჩვენ ბედნიერები ვართ, უცნაურად ბედნიერები. ასეთი შეგრძნებები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა შეყვარებული ხარ.

??????