ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

ნაწილიანი 

_ გამიხარდავ, ა გამიხარდავ!
_ გადი, კაცო, დარდების შემგროვებელი იძახის.
_ შენ გადი, სალომე.
_ მე რატომ გავიდე, გადი, გახისფეხდი.
_ რა ვუთხრა მერე?
_ აი, რა უნაღვლელი კაცი ხარ, ნეტავ როგორა ვძლებთ შენ ხელში.

არაფერი გადარდებს, კაცო?!
_ მერე მაგას რა თავში ვახლი ჩემ დარდს.
_ გადი, ხო იცი, თუ არაფერს ეტყვი, არ მოგეშვება.
გამიხარდამ მხარტყავი წამოისხა და დერეფანში გამოვიდა. ეზოს იქით გამხდარი კაცი იდგა, ზურგზე გუდა ეკიდა და ერთ ადგილზე შეშფოთებული წრიალებდა.
_ რა შორიდან იძახი, ჩაჩავ, შემო შიგნით, კაცო, _ დაუძახა გამიხარდამ.
ჩაჩაი შიგნით შემოვიდა, გამიხარდაის წინ საქმიანად დადგა, გუდა მოიხსნა და ქაღალდები ამოშალა. თან ქაღალდებს იღებდა და თან გაიძახოდა:
_ იცი, რისთვის მოვედი?
გამიხარდამ იცოდა, რისთვისაც იყო ჩაჩაი მოსული და თავის თავში ეძებდა პასუხს. ჩაჩაი კი წრიალებდა და ბზრიალებდა.
_ იცი, რისთვის მოვედი?
_ შინ შევიდეთ, კაცო, აქ რას ვდგავართ.
_ არა, მეჩქარება, იცი, რისთვის მოვედი?
_ წამო, შინ შევიდეთ.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ მაინც გეტყვი, რა ვიცი, კაცნი ვართ, იქნებ შენც ამოგაჩნდეს.
_ თუ რამე შემიძლია, ჩემი თავი შენ გენაცვალოს.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ არაფერი გადარდებს?
_ შინ შევიდეთ, იქ გეტყვი.
_ მეჩქარება, გაღმა სოფელში ვარ წასასვლელი.
_ ძალიან მადარდებს.
_ რა, რა? _ ჩაჩამ ფანქარი მოიმარჯვა და ენაზე დაიწო ფრთხილად.
_ ის, რომ სახლში არ შემოდიხარ.
მეტი რაღა გზა ჰქონდა ჩაჩას, მა რაღა დარდების შემგროვებელი იქნებოდა, თუ იმის მაგივრად, რომ კაცისთვის დარდი გამოერთვა, პირიქით მისცემდა თავად.
_ შემო, შემო, რაღა ფეხებს იწმენდ, _ ეპატიჟებოდა გამიხარდაი.
სალომე სუფრის გაშლას შეუდგა.
_ მთავარი დარდი მინდა, მთავარი, _ გაიძახოდა ჩაჩაი და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
გამიხარდამ ვერაფრით ვერ მოიფიქრა სათქმელი და აძალებდა და აძალებდა არაყს.
_ მე დარდი მაქვს სათქმელიო, _ არა სვამდა, მთავარ დარდს კი მაინც ვერ იგონებდა.
ნამგზავრ-ნაჯაფარ ჩაჩას მალე მოეკიდა სასმელი და მაგიდაზე ჩამოიძინა.
_ რა ვუთხრა ამ კაცს, _ ფიქრობდა გამიხარდაი. მერე თვალები გუდაზე გაუშტერდა და გაუხარდა.
_ რას ჰქექავ, კაცო, არ გამოიღვიძოს, წავა და იტყვის, დამათრო და მქურდავდაო.
_ რა არის აქ გასაქურდი, შე კაი დედაკაცო, ხალხის დარდს მინდა თვალი გადავავლო, გავიგებ, ვის რა აწუხებს და ჩავალაგებ ისევ.
_ ისემც მეხი ჩამოგაყარე, როგორც შენ ხალხის დარდი გადარდებდეს.
_ ნუ ამბობ მაგას, სალომე, მოდი, რა სწერია?
გამიხარდამ ჩუმად დაიწყო კითხვა:
დარდი ¹12 _ გუდამაყრელი ხოხაი: _ მკითხავმა მითხრა, ხატის მიზეზი გაქვთო და არ ვიცი, რომელი ხატისა.
დარდი ¹8 _ გუდამაყრელი ბუთულაი: _ ცოლი გამექცა და სად წავიდა, არ ვიცი.
დარდი ¹55 _ ხევსური აბიკაი: _ ბაწარაულთ მგელიკას მართებს ჩემი სისხლი.
კიდევ აპირებდა სხვისი დარდების კითხვას გამიხარდაი, რო ამ დროს ჩაჩას გამოეღვიძა და გაიზმორა.
_ ჩაჩავ!
_ იცი, რისთვის მოვედი?
_ ჩემი თავი შენ გენაცვალოს.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ... _ ჩაჩამ ფანქარი დაიწო ენაზე და ცოტა ხნის მერე დარდებით სავსე გუდას ასეთი ქაღალდი მიემატა:
დარდი ¹421 _ გუდამაყრელი გამიხარდაი: _ მე მადარდებს ის, რომ წყალში მთები, ხეები, კაცები სულ თავდაყირა ჩანან.
სალომეც გაკვირვებული იყო და ჩაჩაიც. მიდიოდა და სულ ერთსა და იმავეს იძახოდა:
_ გამიხარდაი კი ჰქვიან, მაგრამ...
_ აწყენინე, აწყენინე შენ იმ კაცს, _ ეჩხუბებოდა სალომე ქმარს.
_ ვაწყენინე, თორემ ეხლა...
სალომემ პირზე დააფარა ხელი და მეტი აღარაფერი ათქმევინა.
_ ავი არა წამოგცდეს რა, ხო იცი, რო ნაწილიანია, რაღა შენ არა გჯერა.
_ იქნებ არ არის.
_ თუ ხალხისთვის არის, შენთვის რატომ არ უნდა იყვეს, შე ენაგასახმობო, შენა! არ გახსოვს, ბეჭში რო ჩაიხედა და თქვა, საქონელია ზვავში ჩაცვივნილიო.

ხო გამართლდა.
_ გამართლდა კი, მაგრამ სანამ იმ ბეჭში გაიხედავდა, ზვავში ჩაიხედა მაგან.
_ ზვავმა რო დახოცა ხალხი და ვეღარ პოულობდნენ, იმათზეც ხო თქვა, თოვლის ძირ ეძებეთო. ისაც ხო გამართლდა.
_ მაგას ხო მეც ვიტყოდი. თოვლისაგან დატანილი, თოვლის ძირ უნდა ეძებო, განა ჩაჩასთან.
_ ისეთმა ჩაგიტანოს, რო ვეღარ ასდგე. რატო შენ არა სთქვი, თუ იცოდი, რო თოვლის ძირ იყვნენ.
_ რას ჩამაცივდი, დედაკაცო, რა ვთქვი ისეთი, ჩემი სადარდებელი ვუთხარი, მეტი ხო არაფერი.
_ მეტი ნუღარა გადარდოს რა ჩემმა გამჩენმა, აი! შენ იქნება არც ის გჯერა, ღამღამობით ბეჭი რომ უნათდება.
_ ვინა ნახა.
_ მაგის ცოლი იძახის, მარჯვენა ბეჭში, შუაღამისას, ჯერ თხილის ოდნად გამოუნათდება, გაიზრდება, გაიზრდება და ვარსკვლავივით აბრჯღვინებსო. გაშტერებულია ხალხი იმის მონაყოლით. არა დაგაჯეროს რა გამჩენმა.
_ მჯერა, ჰო, მჯერა!
ძლივს მოიშორა თავიდან ცოლი გამიხარდამ.
იმ კვირია მოათავა გუდამაყრელთა დარდების შეგროვება ჩაჩამ და ქვენამთის გადასასვლელით მოხევეებში გადავიდა.
ხალხში «ნაწილიანის» სახელი ჰქონდა გავარდნილი და რა ეკარგებოდა, ხმარობდა მაგ სახელს.


***
იქ, სადაც ოთხი ხეობა ერთმანეთს ეყრება, დიდი კლდე დგას. ლურჯი, მკერდშეწეული და წვერწამოხრილი.

ხოსროკლდე ჰქვია.
კლდის ქვემოთ ამღვრეული მდინარე მიჰქუხს, ზემოთ მხარკვერიანი არწივები დაბუინობენ, ცისა და მიწის შესაყარია ხოსროკლდე. ზვიადია და ყველა რიდით შეჰყურებს.
მოიკიდა ერთ დღეს ჩაჩამ დარდებით სავსე გუდა, გავიდა ხოსროკლდის წვერზე და აღარ ჩამოვიდა.
_ რამ გაიყვანა ის უბედური.
_ უთქვია, ღმერთთან მიმაქვს ხალხის დარდიო.
_ რო აღარ ჩამოდის?!
შეიკრიბა ხალხი ხოსროკლდესთან ოთხივე ხეობიდან. გამართეს ბჭობა, ითათბირეს. მერე თემის თავკაცებმა გასძახეს ჩაჩას:
_ ჩამოდი ეხლა, ჩაჩავ, დაბლა.
_ არ ჩამოვალ, რა მინდა მანდ.
_ მანდ რაღა გინდა, შე უბედურო, შენა!
_ როგორ თუ რა მინდა, ვერა მხედავთ, რო ხთისშვილი ვარ, რა შნოზე მელაპარაკებით.
_ გაგიჟებულა ეგ უბედური.
_ ვაიშიღა, გუდამაყრელებო, დაღუპა თქვენმა «ნაწილიანმა» ჩვენი დარდები, _ გააქილიკეს მოხევეებმა გუდამაყრელნი.
მერე ამოარჩიეს რამდენიმე ახალგაზრდა და ჩაჩაის ჩამოსაყვანად გაგზავნეს კლდეზე. იმან რო დაინახა, ჩემთან მოდიანო, კლდეზე გადმოიწია და ხალხს გადმოსძახა:
_ არ მამეკაროთ, თორო გადმოვვარდები!
ისე იყო კლდეზე გადმოკიდებული, ხალხს შეეშინდა, მართლა არ გადმოვარდესო და კლდეზე აცოცებულნი უკან დააბრუნეს.
ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ ჩაჩას, ჩამოდი და უბატონოდ ხმას არ გაგცემთო. ჩაჩას გულში სიამოვნებდა ხალხის ხვეწნა და გადმოიწევდა ხოლმე, ვითომ ვარდებოდა, თან კიოდა:
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შე უბედურო.
_ არა გჯერათ, რო ხთისშვილი ვარ?! _ და თანდათან უფრო იხრებოდა.
_ გვჯერა, გვჯერა, _ შესძახოდა ხალხი.
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შენ მადლსა.
_ დაიჩოქეთ, თორემ გადმოვვარდები!
ხოსროკლდის შამბიან კალთაზე მუხლმოყრილი იყო ხალხი.
_ გადმოვვარდები! _ კიოდა ჩაჩაი.
_ ნუ, შენ მადლსა, _ შესთხოვდნენ ესენი.
არ ჩამოვიდა.

ხალხს შეეცოდა და მორიგეობა დააწესეს.

მანამდე უნდა ეყარაულნათ, ვიდრე შიმშილი არ ჩამოიყვანდა თავად.
პირველ დღეს მოხევემ უყარაულა. რამდენჯერაც კლდეზე ასული «გადმოვვარდებიო», დაიძახებდა, მოხევე მუხლმოყრილი ეხვეწებოდა:
_ ნუ, შენ მადლსა, ნუ გადმოვარდები.
მეორე დღეს მთიულმა უყარაულა ხვეწნა-მუდარით.
მესამე დღეს _ ხევსურმა აბიკამ. დადიოდა ხმალხანჯლიანი და შესძახოდა:
_ ოღონდ ნუ გადმოვარდები, მთვარეს მოვწველავ და იმის რძეს დაგალევინებ.
გუდამაყრიდან გამიხარდას ერგო ყარაულობა. მთელი დღე ეხვეწებოდა: _ ნუ გადმოვარდები, ნუ გადმოვარდებიო.
_ გამიხარდაი კი გქვიან, მაგრამ... _ ჩამოს¬ძახოდა ჩაჩაი.
_ ნუ, შენ მადლსა.
შეწუხდა ხვეწნით გამიხარდაი, აღარ შეეძლო მეტი. მერე ცამაც პირი გაიხსნა და ისეთი წვიმა წამოვიდა, მიწას ძირი გააგდებინა. ის მაინც კიოდა:
_ გადმოვვარდები!
_ ნუ, შენ მადლსა, _ შესძახოდა გამიხარდაი და თან ცოტა იმედი ჰქონდა, იქნებ წვიმამ შეაწუხოს და ჩამოვიდესო.

აღარ შეეძლო მეტის ატანა.
_ უნდა გადმოვვარდე! _ გადმოიწია ჩაჩამ.
_ გადმოვარდი, შენი!.. _ შესძახა გამწარე¬ბულმა ყარაულმა. ჩაჩამ თავი ვეღარ შეიკავა და წამოვიდა ტრიალ-ტრიალით...
გაცოფებული ეხეთქებოდა კლდეებს მდინარე, არც კი უგრძვნია, თუ ვინმე ჩაუვარდა ამღვრეულ ტალღებში...
_ ხომ მშვიდობაა? _ ეკითხებოდა სოფელში დაბრუნებულ გამიხარდას ხალხი.
_ წაიღო, _ თქვა გამიხარდამ.
_ რა წაიღო, აღარ იტყვი?
_ თქვენი დარდი.
_ ვინ წაიღო.
_ არაგვმა.
_ სად წაიღო.
_ სად და იქ, საცა უნდა დადგეს, რაც მე მადარდებდა.
_ ვერაფერი ვერ გავიგეთ შენი.
_ არ ჩაგიხედიათ დამდგარ წყალში?
_ ჩაგვიხედია.
_ დაგინახავთ რამე?
_ მთები... ჩვენი თავი.
_ წაღმა?
_ უკუღმა.
_ ჰოდა, აგაშენათ ღმერთმა...
გამიხარდამ გაოგნებული ხალხი მიატოვა და გზა განაგრძო! მთელი დღის ნაბობოქრალ ზეცას გამოედარა და მეწამული ფერი დაჰკრავდა..

??????