ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების 

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების,
დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით;
უნაზესი ისმის ხმა საკრავების,
ბაღებს იქით. სადღაც. გადაშორებით.
მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა.
იბინდება, იბინდება მთაწმინდა.
აჰ, ეგ თმები, ჩემს სახეს რომ ეხება,
შუქმა კარგი მოგონებით შეღება.
იყო ომი, იყო ცეცხლის დროება,
ლოდინია ეხლა და მყუდროება.
ციდან მთებზე ეშვებიან კრავები,
დაღალული წყდება ხმა საკრავების.

1925

??????