ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * ეს იყო ცხრაას... 

ციკლიდან „პაციფიზმი“ ეს იყო ცხრაას ოცდა ექვს წელში ეს იყო საქმე უბრალო, სადა. იაპონიას და ჩინეთს შორის ხელშეკრულების გათავდა ვადა. მის მოქმედების ეხლაც განგრძობას იაპონია ითხოვს ბრძანებით და იმუქრება ინტერვენციის მოულოდნელი გადმოქანებით. და ამერიკამ, რომელიც მუდამ ყველასთვის მხოლოდ კარგის მდომია, გამძაფრებებით მოწურულ ჩინეთს მისცა... საბაჟო ავტონომია. 1928. VII. 29 ლონდონში მუშა-ქალები გამოვლენ მალე მის წინააღმდეგ. შეერთდებიან შრომის შვილები. ცოლები მემაღაროეთა. მშრომელი ქალები საქსოვ ფაბრიკების. ლანკაშირში, დიენდში აგროვებენ სახსარს ლონდონში ჩასასვლელად. ყველანი დემონსტრაციაზე! ყველაზე წინ წავლენ რუსის ქალები, რომელთაც იციან რას ნიშნავს ბრძოლა, რას ნიშნავს შიმშილი და სამუშაოს დაკარგვა ბრძოლის სამაგიეროთ. ლოზუნგები: შესწყვიტეთ ჩინეთის ინტერვენცია! დაიცავით საბჭოთა კავშირი ომში ჩათრევისაგან! ძირს ომი იმპერიალისტური! გაუმარჯოს საერთაშორისო სოლიდარობას კლასიურ ომში! ვარშავა პოლონელ პროლეტარიატის ომის წინააღმდეგ მიტინგზე სიტყვას ამბობს სეიმის წევრი. ის მიუთითებს იმ საშიშროებაზე რომელსაც აწყობენ სახელმწიფონი დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით. ეს საშიშროებაა ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იგი მიუთითებს პოლონეთის მთავრობის აგრესიაზე ლიტვის მიმართ. მიტინგზე იყო 2000 მუშა. სიტყვა სეიმის წევრის ხშირად წყდებოდა საიდუმლო პოლიციის აგენტების ბოროტი დაქადნებით. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ყვითელი ჯოხებით. ცხენოსანთა პოლკთან ერთად ისინი - ეკვეთნენ მასსას. 4. VII. 28 პირველი მსოფლიო ომიდან 14 წლის გასვლის შემდეგ, იმ ომიდან, რომელმაც დაბადა პირველი სოციალისტური რევოლიუცია, კომინტერნი მოუწოდებს ყველა ქვეყნის მუშებსა და გლეხებს მოემზადონ, რათა მომავალი ახალი მსოფლიო ომი გადაიქცეს მსოფლიო სოციალისტურ რევოლიუციად. 1930

??????