ცვაიგი შტეფან
გაზიარება

ამოკით შეპყრობილი ექსკლიუზივი

1912 წლის მარტში ნეაპოლის ნავსადგურში დიდი საოკეანო გემის გადმოტვირთვისას მოხდა ერთი უცნაური უბედური შემთხვევა, რომლის თაობაზე გაზეთებმა დაწვრილებით, მაგრამ ძალზე შელამაზებული ცნობები გამოაქვეყნეს. თუმცა ,,ოკეანიაზე“ მეც ვფიქრობდი,მაგრამ, ისევე როგორც სხვა მგზავრები, არ შეიძლებოდა ამ უჩვეულო ამბის მოწმე გავმხდარიყავი, რადგან გემიდან საქონლის გადმოცლა და მისი ნახშირით დატვირთვა ღამით მომხდარა ჩვებ კი, ამ ხმაურისაგან თავის დასაღწევად, ყველანი ნაპირზეგადმოვედით, რათა დრო რომელიმე კაფეში ან თეატრში გაგვეტარებინა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჩემი ვარაუდი, რომელიც მაშინ საჯაროდ ვერ გამოვთქვი,იმ ტრაგიკული სცენის ჭეშმარიტ ახსნას შეიცავს. ამბის ხანდაზმულობა კი ნებას მაძლევს ვისარგებლო ნდობით, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეს ერთ საუბარში, უშუალოდ წინ რომ უძღოდა ამ საკვირველ ეპიზოდს.
როცა კალკუტის საზღვაო მიმოსვლის სააგენტოში ევროპაში დასაბრუნებლად ერთი ბილეთის შეკვეთა მოვინდომე, კლერმა მხოლოდ სინანულით აიჩეჩა მხრები: ჯერ ვერაფერს გეტყვით, შევძლებ თუ არა კაიუტა გიშოვოთ, რადგან ახლა, წვიმიანი ამინდების დაწყების წინ, ყველა ბილეთი ავსტრალიაშივე იქნება გაყიდული და სინგაპურიდან დეპეშას უნდა დაველოდოო.
მეორე დღეს კი სასიამოვნო ამბავი მაუწყა: შემიძლია ერთი კაიუტა გიშოვოთ, მაგრამ კომფორტს მოკლებულია, გემბანის ქვეშ, გემის შუაწელშია მოთავსებულიო. მე სამშობლოსკენ მიმიწევდა გული, რის გამოც ბევრი არ მიყოყმანია და ვთხოვე ეს ადგილი ჩემთვის შეენახა.
კლერს სრული სიმართლე ეთქვა: გემი მგზავრებით იყო გაჭედილი, კაიუტა კი ვიწრო სწორკუთხედ, მოცუცქნულ საკუჭნაოს ჰგავდა. სამანქანო განყოფილების მახლობლად იყო და მარტოოდენ ილუმინატორის მრგვალი მინიდან შემოდიოდა მქრქალი შუქი.სულის შემხუთავ, დაგუბებულ ჰაერში ზეთისა და ობის სუნი იდგა, ერთი წუთითაც ვერ მოსცილდებოდა კაცი ელექტროვენტილატორს, რომელიც დაფეთებული ფოლადის ღამურასავით ზედ თავზე დამტრიალებდა ზუზუნით. ძირს მანქანა რახრახებდა და გმინავდა ნახშირის მტვირთავ მუშასავით, რის ვაი-ვაგლახით რომ ადის ხოლმე ერთსა და იმავე კიბეზე. მაღლიდან კი გემბანზე წინ და უკან მოირნეთა ფეხის ბაკუნი ისმოდა ერთთავად. ამიტომაც დავდგი თუ არა ჩემოდანი ამ განივი ძელებით დასერილ და აშმორებულ კუბოში, კვლავ გემბანისკენ გავეშურე და კიბეზე ამავალი, თითქოს ამბრი ყოფილიყოს, ხარბად ვისუნთქავდი ნაპირიდან მონაქროლ საამურსა და სათუთ ნიავს.
მაგრამ გემბანზეც ხმაური და სივიწროვე იყო: ერთმანეთსი ირეოდნენ და დაწრიალებდნენ ძალაუნებური უსაქმურობისგან ნერვებაშლილი ადამიანები, ბოლთას სცემდნენ და გაუთავებლად ყბედობდნენ. ქალების ტიტინი და გნიასი, განუწყვეტელი პროწიალი გემბანის სივიწროეში, სადაც სავარძლებიც იდგა, და მოყაყანე მგზავრთა ტალღები- ყოველივე ეს რატომღაც გულს მტკენდა. მე ახალი სამყარო ვიხილე, ჩემ თვალწინ არაჩვეულებრივი სისწრაფით იცვლებოდა სურათები. ჰოდა, ახლა ამას მინდოდა ჩავფიქრებოდი, დამენაწევრებინა, წესრიგში მომეყვანა შთაბეჭდილებანი, გონებაში ჩამეხატა, რაც თვალით ვიხილე. მაგრამ ამ ხალხით გაჭედილი ბულვარის მსგავს გემბანზე ერთი წუთით სულის მოთქმისა და დასვენების საშუალებაც კი არ იყო. წიგნში სტრიქონები მერეოდა წინ ჩავლილ მგზავრთა ლანდებისაგან. შეუძლებელი იყო საკუთარ თავთან განმარტოება ამ უჩრდილო ხალხით მოზიზიმე გემის ქუჩაზე.
სამი დღე ვცდილობდი ამას, გულაცრუებული ვაკვირდებოდი ადამიანებს, ზღვას, მაგრამ ყოველთვის ერთნაირი იყო, უკაცრიელი და ლურჯი, მხოლოდ მზის ჩასვლისას თუ აციმციმდებოდა ანზდად ნაირ-ნაირ ფერებად. მგზავრებს ამ სამი დღის შემდეგ ყველას სათითაოდ ვიცნობდი. გულის არევამდე ზედმიწევნით მქონდა შესწავლილი ყოველი მათგანის სახე. ქალების კისკისი აღარ მაღიზიანებდა და აღარც გული მომდიოდა ჩემი მეზობლების, ორი ჰოლანდიელი ოფიცრის გაუთავებელ დავაზე. ისღა მრჩებოდა, რომ განვრიდებოდი აქაურობას, მაგრამ კაიუტაში ცხელოდა და სულის შემხუთავი ჰაერი იდგა, სალონში კი როიალზე ინგლისელი ქალიშვილები განუწყვეტლივ აბრახუნებდნენ გაცვეთილ ვალსებს.ბოლოს დღის განრიგი სულ ერთიანად შევცვალე და ნასადილევს მაშინვე ჩავყვინთე შემს კაიუტაში, მას შემდეგ, რაც ორიოდე ჭიქა ლუდით თავი გავიბრუე. ეს საშუალებას მაძლევდა ძილისთვის მიმეცა თავი და ვახშამი და საღამოს ცეკვები გამომეტოვებინა. როცა გამომეღვიძა, კუბოს მსგავს პატარა კაიუტაში სიბნელე და სიწყნარე სუფევდა. ვენტილატორი გამოვრთე და ახლა ვგრძნობდი ბლანტი, ნოტიო ჰაერის შეხებას.გონება დახშული მქონდა და რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ გამეხსენებინა, სად ვიმყოფებოდი ან რომელი საათი იქნებოდა. ცხადია,შუაღამე გადასული იყო, რადგან არც მუსიკის ხმა ისმოდა და არც ფეხის გაუთავებელი ფრატუნი. მხოლოდ მანქანა- ლევიათანის ეს მფეთქავი გული- ქშენით მიაქანებდა გემის მოჭრიალე სხეულს უჩინარ სივრცეში.
ხელის ფათურით ავედი გემბანზე, რომელიც მთლად დაცარიელებულიყო. ზევით ავიხედე, საკვამლე მილის მრუმე კოშკურისა და ანძების საიდუმლოებრივად მოციგლიგე აღჭურვილობის მიღმა, და ჯადოსნურმა შუქმა უეცრად მომჭრა თვალი. ზეცა ბრწყინავდა.  იგი მუქი ჩანდა თეთრად მოციმციმე ვარსკვლავებთან შედარებით, მაგრამ მაინც ბრწყინავდა, თითქოს იქ უჩვეულოდ ძლიერი სინათლისათვის ხავერდის ფარდა აეფარებინათ, მოკიაფე ვარსკვლავები კი პატარ-პატარა ხვრელები და ღრეჩოები იყო, საიდანაც იფრქვეოდა ეს ენით აღუწერელი სიკაშკაშე. არასოდეს მენახა ზეცა ისეთი, როგორიც იმ ღამეს ვიხილე, ასეთი ბრწყინვალე და ფოლადივით ცივი,მთვარისა და ვარსკვლავების შუქით მოკაშკაშე და მოლივლივე, ნათლის გადმომფრქვევი წყაროებითა და კამკამაჩქერალებით დატბორილი, თითქოს საიდუმლოებით მოცულ სიღრმეში ენთო და იქიდან იღვრებოდა ცაზე სინათლის ეს ათინათი. თეთრად გალაქული ჩანდა მთვარის შუქზე გემის მთელი მოყვანილობა, ბრწყინავდა და ზღვის მუქ ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა; ბაგირები, ქანდარები, ყველა კონტური გემისა თითქოს განზავებულიყო იმ ნათელში, რომელიც ზევიდან ეფრქვეოდა. თითქოს სიცარიელეში ეკიდა ანძების სასიგნალო სინათლეები, ხოლო მათ თავზე-მარსის მრგვალი თვალი- ამქვეყნიური ყვითელი ვარსკვლავები ზეცის მოელვარე ვარსკვლავთა შორის.
ზედ ჩემს თავზე კი მაგიური თანავარსკვლავედი იდგა, მოციმციმე ალმასის ლურსმნებით ცაზე მიჭედილი სამხრეთის ჯვარი; იფიქრებდით, ირხევაო,მაგრამ ამას იწვევდა მხოლოდ რწევა გემისა, ამ გიგანტი მცურავისა, რომელიც ოდნავი თრთოლითა და მფეთქავი მკერდით ნელ-ნელა ადიოდ-ჩადიოდა და მიაპობდა მრუმე ტალღებს. ვიდექი და ზევით ვიყურებოდი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს საოცარი შხაპიდან თბილი წყალი მესხმებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ შუქი იყო, თეთრი და თბილი, რომელიც სათუთად მეღვრებოდა ხელებზე, მხრებზე თავზე და,მგონი, სულშიაც მატანდა, რადგან იქაც ანაზდად ყოველივეს ნათელი მოეფინა, თუკი რამ ბინდით იყო მოცული. ლაღად ვსუნთქავდი, შვებითადა აღტაცებით აღსავსე ვგრძნობდი, კამკამა სასმელივით როგორ მეხებოდა ბაგეებზე ლბილი, მოსისინე, დამათრობელი ჰაერი, შორეული კუნძულების ამო სურნელით გაჟღენთილი.რაც ამ გემზე ამოვედი, პირველად ახლა ვიგრძენი წმიდათაწმიდა სიხარული ოცნებისა, სიხარული რაღაც სხვაგვარი, უფრო გრძნობიერი: ქალის მსგავსად დამენებებინა ჩემი სხეული სანეტარო განხორციელებისათვის მიმეპყრო მზერა.მაგრამ გემბანის სავარძლები აელაგებინათ და ამ უკაცრიელ გემბანზე მოხერხებული ადგილი ვერ ვიპოვე, რომ დამესვენა,ოცნებისთვის მიმეცა თავი.
მაშინ ხელიც ცეცებით განვაგრძე გზა, გემის ქიმისკენ მივიწევდი ნელ-ნელა, მთლად დაბრმავებული შუქისაგან, რომელიც ირგვლივ საგნებიდან ირეკლებოდა და სულ უფრო და უფრო ძალუმად მცემდა სახეში. ლამის ტკივილს მაყენებდა ეს ცარცივით თეთრი, მკვეთრად მოვარვარე ვარსკვლავთა სინათლე და მინდოდა სადმე ჩრდილისათვის შემეფარებინა თავი, გავჭიმულიყავი ჭილოფზე, რომ თვითონ მე არ შემხებოდა ეს სინათლე, მაგრამ ზევით კი მეცქირა ამ ათინათისა და სხვა ჰანგებიდან მისი ანარეკლისათვის,- ასე უჭვრეტენ ხოლმე პეიზაჟს ჩაბნელებული ოთახიდან. ბაგირებზე  ვბორძიკობდი, რკინის ჯალამბრებს გვერდს ვუვლიდი და ბოლოს , როგორც იქნა, კილამდე მივაღწიე, ქვევით გადავიხედე და ვუცქერდი, ხომალდის ქიმი როგორ კვეთდა წყვდიადს და მთვარის გამდნარი აქაფებული შუქი როგორ იშლებოდა დანის პირივით ბასრი ქიმის ორსავე მხარეს. განუწყვეტლივ ამოდიოდა და ეშვებოდა უზარმაზარი სახნისი შავად მღელვარე წყალში და მე ვგრძნობდი დამარცხებული სტიქიონის მთელ ტანჯვასა და მიწიერი ძლიერების უდიდეს სიხარულს ამ ნაპერწკალთა მფრქვევ თამაშში. დრო ისე გამპარვოდა, რომ ვერც კი შევამჩნიე. არ ვიცი, ერთი საათი ვიდექი, თუ რამდენიმე წუთი. გემი უზარმაზარი აკვანივით მარწევდა და დრო სულ დამავიწყდა. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ განცხრომის მსგავსი მოთენთილობა მიპყრობდა. მინდოდა დამეძინა, ზმანებებისათვის მიმეცა თავი, მაგრამ ვერ მოვცილდებოდი ამ თილისმას, არ მინდოდა ისევ ჩემს კუბოში ჩამეყვინთა. უნებლიეთ კანაფის გორგალს წამოვკარი ფეხი. ზედ ჩამოვჯექი,თვალი დავხუჭე, მაგრამ გუგებში მაინც ატანდა ვერცხლისფერი ათი-ნათი. ქვევიდან წყლის დგაფუნი მესმოდა, ზევიდან კი სამყაროს თეთრი გზის უჩქამო ჟღერას აღვიქვამდი. ნელ-ნელა მეც გამიჯდა ეს რიტმი, ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი, ვეღარ ვარჩევდი ეს ჩემი სუნთქვა იყო თუ ხომალდის შორეული გულისცემა; თითქოს მეც გავდნი და შევერიე შუაღამის სამყაროს ამ დაუსაბამო დინებას.
ჩემ გვერდით ვიღაცამ ნელა და ხმელად ჩაახველა. თითქმის უკვე რულმოკიდებული შევკრთი და ერთბაშად გამოვერკვიე ზმანებებიდან. ძვლივს გავახილე თვალები, მაბრმავებდა თეთრი შუქი, რომელიც აქამდე დახუჭულ ქუთუთოებშიც კი მიჭვრიტინებდა. იქვე, ჩემ წინ, გემის ქიმის ჩრდილში, რაღაც ბრჭყვიალებდა, სათვალის ანარეკლს ჰგავდა, შემდეგ კი კარგა მსხვილი და მრგვალი ნაღვერდალიც გემის ქიმთან თეთ რქაფსა და ზევით კი სამხრეთის ჯვარს ვაკვირდებოდი, ვერ შევამჩნიე კაცი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ, ჩემს მეზობლად, გაუნძრევლად მჯდარა. უნებლიეთ, ისე რომ ჯერ გონს არც კი ვიყავი მოსული, გერმანულად წამოვიძახე:
-მომითევეთ!
-ნუ წუხდებით, არაფერია!-მიპასუხა უცნობმა სიბნელიდან გერმანულადვე.
ვერ გეტყვით, რა უცნაური და შემაძრწუნებელიც კი იყო ხმის ამოუღებლად ჯდომა სიბნელეში ვიღაცის გვერდით,ვიღაც უცნობის გვერდით, რომელსაც ვერ ვხედავდი. ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ ისიც ისევე მაცქერდებოდა, როგორც მე-იმას. მაგრამ ჩვენ ზეგარდმო თეთრად დაღვრილი და მოციმციმე სინათლე ისეთი ძლიერი იყო, რომ ორივენი ერთმანეთის მხოლოდ მოყვანილობას თუ ვარჩევდით ჩრდილში.ოღონდ მის სუნთქვას კი, მგონი, აღვიქვამდი და აგრეთვე იმასაც, როგორ წუწნიდა ჩიბუხის ტარს.
დუმილი აუტანელი იყო. სიამოვნებით გავეცლებოდი,  მაგრამ ასე ერთბაშად და უცერემონიოდ ეს უხერხული იქნებოდა. აღარ ვიცოდი რა მექნა და პაპიროსი ამოვიღე. ასანთი გავკარი, იგი შიშინით აენთო და შუქმა ერთი წამით გაანათა ჩვები პატარა კუთხე. სათვალის მინებს მიღმა უცხო სახე დავინახე. ეს კაცი გემზე ჯერ არ მენახა,- არც სადილობისას და არც გემბანზე მოსეირნე,- და არ ვიცი, უეცრად ანთებულმა ასანთის შუქმა მომჭრა თვალი, თუ ეს ჰალუცინაცია იყო, მისი სახე საშინლად დაღმეჭილი, მოღუშული და მონუსხული მეჩვენა. მაგრამ ვიდრე მის ნაკვთებს რიგიანად გავარჩევდი, სიბნელემ ისევ შთანთქა ერთი წამით განათებული სახე, მხოლოდ ტანის კონტურებსღა ვხედავდი შავ ფონზე შავად და დროდადრო ჩიბუხის გაღვლებილ რგოლს. არც ერთი არ ვიღებდით ხმას და ეს დუმილი ტროპიკული ჰაერივით სულშემხუთავი და მძიმე იყო.
ბოლოს ვეღარ გავძელი.წამოვხტი და თავაზიანად ვუთხარი:
-ღამე მშვიდობისა!
-ღამე მშვიდობისა!-მომიგო სიბნელიდან ხრინწიანმა, უხეშმა, თითქოს ჟანგმოდებულმა ხმამ.
ბორძიკ-ბორძიკით მივიკვლევდი გზას ბრჯენებსა და გემსართავებს შორის. უცებ აჩქარებული და გაუბედავი ნაბიჯის ხმა შემომესმა. ჩემი წეღანდელი მეზობელი წამომეწია. უნებლიეთ შევჩერდი.იგი მთლად ახლოს არ მოსულა და მაინც წყვდიადში შიში და ურვა შევიიგრძენი, რატომღაც მის სიარულში რომ გამოსჭვიოდა.
-მომიტევეთ,-წარმოთქვა უცნობმა აჩქარებით,-რომ თხოვნით მოგმართავთ. მე...მე...-ენა დაებნა და დარცხვენილმა უცებ ვეღარ განაგრძო ლაპარაკი,- მე...მე მაქვს პირადი...მხოლოდ პირადი მიზეზი განმარტოებისა... ჭირისუფალი გახლავართ... გემზე მყოფთ თავს ვარიდებ... თქვენ არ გგულისხმობთ...არა...არა...მე მინდა მხოლოდ გთხოვოთ... დიდად დამავალებთ, თუ გემზე არავის ეტყვით, რომ აქ მნახეთ...საამისოდ...ასე ვთქვათ, პირადი მიზეზი მაქვს, რომელიც ახლა ხელს მიშლის ხალხში გავერიო...დიახ...ჰოდა...ძალზე არასასიამოვნო იქნება ჩემთვის, თუ ვინმეს ეტყვით, რომ ვიღაც აქ ღამით... რომ მე...- სიტყვა ისე გაეჩხირა ყელში. მაშინვე შევეცადე უხერხული მდგომარეობიდან გამომეყვანა და დაუყოვნებლივ შევპირდი: თხოვნას შეგისრულებ-მეთქი. ერთმანეთს ხელი ჩამოვკარით, შემდეგ ჩემს კაიუტაში დავბრუნდი და მშფოთვარე, მძიმე, უცნაური სიზმრებით აღსავსე ძილით დავიძინე.
სიტყვა არ გავტეხე, არავისთვის მითქვამს ამ უცნაურ შეხვედრაზე რაიმე, თუმცა ცდუნება ძალზე დიდი იყო, რადგან ზღვაზე მოგზაურობის ყოველი ვრილმანი- თუნდაც ჰორიზონტზე გამოჩენილი იალქანი ან დელფინი, რომელიც ზვირთებიდან ამოხტება, ახლად გაბმული ფლირტი თუ შემთხვევითი ხუმრობა-დიდი ამბავია. თან ცნობისმოყვარეობა მტანჯავდა, მსურდა რაიმე გამეგო ამ უცნაურ მგზავრზე. გადავსინჯე გემის სიები, მინდოდა ისეთი გვარი მეპოვა,მას რომ შეეფერებოდა ჩემი აზრით. თვალყურს ვადევნებდი ადამიანებს, რომელიმეს  რაიმე კავშირი ხომარ ჰქონდა მასთან. მთელი დღე მოუსვენრობითა და მოუთმენლობით ვიყავი შებყრობილი, საღამოს ვუცდიდი, იქნებ ხელახლა შევხვდე-მეთქი. გამოცანად ქცეული ფსიქოლოგიური ამბები ლამის შემაშფოთებლად მიზიდავენ, სისხლს მიმღვრევენ და სიფიჟემდე მახელებენ. მანამდე ვერ ვიხსენებ, ვიდრე მათ საიდუმლოებას არ ჩავწვდები. უცნაურ ადამიანებთან უბრალო შეხვედრამაც კი შეიძლება მათ სულში ჩახედვის ისეთი სურვილი მომგვაროს, რომელიც ბევრად როდი ჩამოუვარდება ქალის დაუფლების ვნებიან ლტოლვას. დღე ისე გაგრძელდა, რომ მეგონა, აღარ დაღამდებოდა. ადრე დავწექი, ვიცოდი, რაღაც იდუმალი ძალა შუაღამისას აუცილებლად გამომაღვიძებდა.
და მართლაც, გუშინდელივით ისევ იმ დროს გამოვიღვიძე.სიბნელეში მანათობელ ციფერბლატზე საათის ორივე ისარი ერთად შეყრილიყო და ერთ განათებულ ხაზად ქცეულიყო. სასწრაფოდ ამოვედი შეხუთული კაიუტიდან კიდევ უფრო შეხუთულ ღამეში.
ვარსკვლავები ისევ ციმციმებდნენ, როგორც გუშინ, და მათი გაბნეული შუქი ზედ ეფრქვეოდა მთრთოლვარე ხომალდს, სულ მაღლა კი სამხრეთის ჯვარი კიაფობდა. ყველაფერი გუშინდელს ჰგავდა. ტროპიკულ ქვეყნებში დღეები და ღამეები უფრო მეტად ჰგვანან ტყუპებს, ვიდრე ჩვენს რეგიონებში. მხოლოდ მე აღარ ვიყავი გუშინდელივით ოცნებით აღსავსე, სათუთი, მონანავე, დამათრობელი გრძნობით შეპყრობილი. რაღაც ძალა მეწეოდა, მოსვენებას არ მაძლევდა, და მე ვიცოდი, საითკენაც: გემსართავთა შავი ხლართისაკენ გემის ქიმზე, რათა გამეგო, ისევ ისე გარინდებული იჯდა თუ არა ის საიდუმლოებით მოცული კაცი. ზევით ხომალდის ზარმა დარეკა. ამან თითქოს ხელი მკრა, წინ მიბიძგა. ნელ-ნელა მივიწევდი წინ, თითქოს ჩემი ნებისყოფა ეწინააღმდეგებოდა კიდეც ამას, მაგრამ მე მაინც ვემორჩილებოდი ამ მიზიდულობის ძალას. ჯერ იმ ადგილამდე არც მიმეღწია, რომ უეცრად რაღაცამ იელვა წითელი თვალივით-მისმა ჩიბუხმა. მაშ, ის იქ იჯდა.
უნებლიეთ შევკრთი და გავჩერდი. ერთი წამიც და უკან გამოვბრუნდებოდი, მაგრამ იქ, წყვდიადში, რაღაც შეირხა, ვიღაც ადგა, ორი ნაბიჯი გადმოდგა და უცებ სულ ახლოს მისი ხმა გავიგონე.
-მომიტევეთ,-წარმორთქვა მან ზრდილობიანად, მაგრამ დამნაშავის კილოზე,-თქვენ, როგორც ჩანს, გნებავთ, კვლავ თქვენი ადგილი დაიკავოთ, მე კი მომეჩვენა, რომ უკან დაბრუნება გადაყვიტეთ, რაკი მე დამინახეთ. გთხოვთ დაბრძანდეთ, ახლავე გაგეცლებით.
მეც, ჩემი მხრივ, დაუყოვნებლივ მივუგე: რას ბრძანებთ, დარჩით, მხოლოდ იმიტომ დავაპირე უკან გაბრუნება, ხელი არ შევუშალო-მეთქი.
-თქვენ ხელს არ მიშლით,-მომიგო ცოტა არ იყოს მწარედ,-პირიქით, მოხარული ვარ, რომ ამ ერთხელ მაინც მარტო არ ვიქნები.ათი დღე ხმა არავისთვის გამიცია...ისე კი, კაცმა რომ თქვას, რამდენიმე წელიც კია სიტყვა არ მითქვამს არავისთვის და ძალზე მიმძიმს,თითქოს რაღაც მახრჩობს, რადგან ყველაფერი საკუთარ გულში უნდა ჩავიკლა. კაიუტაში ჯდომა აღარ ძალმიძს... ამ... ამ კუბოში... აღარ ძალმიძს... მაგრამ ხალხსაც ვეღარ ვიტან, რადგანა მთელი დღე სულ იცინიან...ახლა ამის ატანა არ შემიძლია...კაიუტაშიც კი მესმის მათი სიცილი და ყურებში თითებს ვიცობ... თუმცა მათ ხომ არ იციან, რომ...არაფერი არ იციან...ან უცხოებს რაში ეკითხებათ...
კვლავ ენა დაება, შემდეგ კი უცებ ნაჩქარევად ჩაილაპარაკა:
-არ მინდა შეგაწუხოთ...მაპატიეთ ამდენი რომ ვიყბედე.
თავი დამიკრა და წასვლა დააპირა. მაგრამ მე არ გავუშვი.
-სულაც არ მაუხებთ. მოხარული ვარ, რომ ხმის გამცემი მეყოლება ამ სიწყნარეში... პაპიროსს არ ინებებთ?
უცნობმა პაპიროსი გამომართვა, მე ასანთი გავკარი და მოკიაფე შუქზე კვლავ გამოკრთა მისი სახე, გემის ქიმის შავ ფონზე მკაფიოდ გამოჩნდა.  ამჯერად პირი ჩემკენ ჰქონდა მობრუნებული. სათვალიდან შემომცქეროდა ხარბად და მის მზერაში რაღაც შლეგური ძალა  გამოსჭვიოდა. ჟრუანტელმა დამიარა. ვგრძნობდი, რომ ამ კაცს ლაპარაკი სურდა, მას აუცილებლად უნდა ელაპარაკა. მე კი ვიცოდი,  ხმა არ უნდა ამომეღო,  რომ მისთვის ეს გამეადვილებინა.
ისევ დავსხედით. მის გვერდით მეორე სავარძელიც იდგა და ის შემომთავაზა.პაპიროსს ვეწეოდით და რაკი მისი პაპიროსის ცეცხლოვანი რგოლი მოუსვენრად თრთოდა სიბნელეში, მივხვდი, რომ ხელი უკანკალებდა. მაგრამ მე ვდუმდი და არც ის იღებდა ხმას. ბოლოს უცნობმა ერთბაშად მკითხა ხმადაბლა:
-ძალიან დაღლილი ხართ?
-არა, სულაც არა.
ხმა წყვდიადში ერთხანს ისევ მიწყდა.
-მინდოდა რაღაც მეკითხა...ესე იგი, მინდოდა რაღაც მეამბა თქვენთვის. ვიცი, კარგად ვიცი, სისულელეა მიმართო პირველსავე შემხვედრ ადამიანს, მაგრამ...მე... მე სავალალო ფსიქიკურ მდგომარეობაში ვარ... იმ ზღვარს მივაღევ, როცა აუცილებლად ვინმეს გული უნდა გადავუშალო... თორემ დავიღუპები...თქვენ გამიგებთ, როცა მე...დიახ, როცა მე გიამბობთ... ვიცი, ვერაფერს მიშველით... მაგრამ დავსნეულდი ამ დიმილისგან, სნეული კი ყოველთვის სასაცილოა სხვებისათვის.
მე შევაწყვეტინე და ვთხოვე: ტყუილუბრალოდ თავს ნუ იწვალებთ, არხეინად მიამბეთ ყველაფერი... რა თქმა უნდა, წინასწარ, აბა, რას დაგპირდებით, მაგრამ ყოველი კაცი მოვალეა ასეთმდგომარეობაშო ჩავარდნილს დახმარება აღუთქვას. როცა უბედურებაში მყოფს ვხედავთ, ჩვენი ბუნებრივი მოვალეობაა დავეხმაროთ-მეთქი...
-მოვალეობაა...დავეხმაროთ...ვეცადოთ...მაშ, თქვენ ფიქრობთ, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ მოვალეობა გვაკისრია დავეხმაროთ...მოვალეობა...
მან სამჯერ გაიმეორა ეს სიტყვა. დიდად შემაძრწუნა მისი ლაპარაკის დაჟინებულმა, გაანჩხლებულმა კილომ. ,,გიჟი ხომ არ არის ეს კაცი ან მთვრალი?“-უნებურად გავიფიქრე გუნებაში.
მაგრამ თითქოს ხმამაღლა მეთქვას, რაც გავიფიქრე უეცრად სულ სხვა ხმაზე ალაპარაკდა:
-იქნებ გიჟი გგონივართ, ან მთვრალი? არა, არც ერთი ვარ და არც მეორე, ჯერჯერობით არა. ოღონდ თქვენმა ნათესავმა ისე საოცრად შემაძრწუნა... ისე საოცრად... რადგან მეც სწორედ ეგ მტანჯავს ახლა- გვაკისრია თუ არა მოვალეობა... მოვალეობა...
ენა კვლავ დაება, შემდეგ გაჩუმდა და ცოტა ხნის მერე ისევ წამოიწყო:
-აი, მე ექიმი გახლავართ. ვენს პრაქტიკაში ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები, საბედისწერო შემთხვევები... დიახ, ასე ვთქვათ, გაურკვეველი შემთხვევები, როცა არ იცი, გაკისრია თუ არა მოვალეობა... მოვალეობაცაა და მოვალეობაც. არის მოვალეობა სხვათა წინაშე, მოვალეობა საკუთარი თავის წინაშე, აგრეთხე სახელმწიფოსა და მეცნიერების წინაშე... საჭიროა დავეხმაროთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის ვარსებობთ ამქვეყნად. მაგრამ ასეთი წესები კარგია მხოლოდ თეორიაში... საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ამ დახმარებას? აი, თქვენ უხო კაცი ბრძანდებით, მეც უცხო ვარ თქვენთვის და გთხოვთ არავის უთხრათ აქ რომ მნახეთ... კეთილი და პატიოსანი, ასრულებთ ამ მოვალეობას...ჩუმად ხართ... მე გთხოვთ მებაასოთ, რადგან დუმილისაგან ვიხრჩობი, და თქვენც მზად ხართ მომისმინოთ.კეთილი... მაგრამ ეს ხომ ადვილია. სულ სხვა იქნება, რომ გთხოვოთ, ხელი მტაცეთ და გემიდან გადამაგდეთ-მეთქო. აი, სწორედ აქ თავდება თავაზიანობა და დახმარების სურვილი. სადღაც ხომ უნდა თავდებოდეს იგი... იქ, სადაც იყება ჩვენი საკუთარი პასუხისმგებლობა. სადღაც ხომ უნდა გათავდეს, სადღაც ხომ უნდა შეწყდეს ეს მოვალეობა... ან იქნებ სწორედ ექიმისათვის არ უნდა თავდებოდეს იგი? ნუთუ ექიმი ყოველთვის უნდა იყოს მხსნელი, ქვეყნის დამხმარე, მხოლოდ იმიტომ, რომ ლათინური სიტყვებით დაწერილი დიპლომი აქვს? ნუთუ მან პირად ცხოვრებაზე მართლაც ხელი უნდა აიღოს და ძარღვებში სისხლი გაიწყალოს, როცა რომელიმე...რომელიღაც პაციენტი გამოცხადდება და ითხოვს მისგან კეთილშობილებას, სიკეთესა და დახმარებას?.. დიახ, სადღაც მთავრდება მოვალეობა...იქ, სადაც კაცს მეტი აღარ შეუძლია, სწორედ იქ...
იგი კვლავ შეჩერდა, შემდეგ კი განაგრძო:
-მომიტევეთ...ასე აღელვებული გელაპარაკებით... მაგრამ მე მთვრალი არ ვარ... ჯერ კიდევ არ ვარ... თუმცა შემიძლია გამოგიტყდეთ, რომ ესეც ხშირად მემართება ამ ჯოჯოხეთურ სიმარტოვეში... აბა, დაფიქრდით, შვიდი წელი ვიცხოვრე მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრთა და მხეცებს შორის... იქ დალაგებულ ლაპარაკს მართლაც შეიძლება გადაეჩვიოს კაცი. ბევრი რამ მაქვს სათქმელი და როგორც კი დავიწყებ, უცებ სხვაზე გადავხტები ხოლმე... მაგრამ მოითმინეთ... დიახ, მომაგონდა... მე მინდოდა მეკითხა თქვენთვის... მინდოდა თქვენთვის მომეთხრო ერთი შემთხვევა... მოვალენი ვართ თუ არა დავეხმაროთ...თუმცა მეშინია, ძალზე გრძელი ისტორია არ გამოვიდეს. თქვენ მართლა არ ხართ დაღლილი?
-არა, სრულებითაც არა!
-მე... მე დიდათ გმადლობთ... ხომ არ მიირთმევთ?
ზურგს უკან სიბნელეში დაიწყო ხელის ფათური. რაღაცამ დაიწკრიალა. ეს ბოთლები იყო, ორი, სამი, თუ უფრო მეტიც.გვერდით დაელაგებინა. ერთი ჭიქა ვისკი შემომთავაზა, მე ოდნავ დავაკარე ბაგე, მან კი ერთბაშად გადაკრა. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. გემის ზარმა დარეკა: პირველის ნახევარი იყო.
მაშ ასე... მე მინდა მოგითხროთ ერთი ამბავი. წარმოიდგინეთ ექიმი ერთ...ერთ პატარა ქალაქში... ან, უფრო სწორად, სოფელში...ექიმი, რომელიც...ექიმი, რომელიც...
კვლავ ენა დაება. შემდეგ კი უცებ ჩემკენ მოსწია თავისი სავარძელი.
-ასე არ გამოვა.  უნდა პირდაპირ გიამბოთ ყველაფერი და ისიც თავიდან, თორემ ვერ გაიგებთ…  ეს არ შეიძლება გადმოიცეს როგორც რაიმე მაგალითი, როგორც რაიმე თეორიის განყენებული დასაბუთება...ჩემი ამბავი უნდა მოგიყვეთ. აქ უაზრობა იქნება სირცხვილიცა და კუკუმალულობას თამაშიც. ჩემ წინაც ხომ იშლებიან და მიჩვენებენ თავიანთ იარებს, შარდსა და განავალს... თუ გინდა, რომ დაგეხმარონ, არაფერი არ უნდა დამალო და მიკიბ-მოკიბო. ასე, რომ მე მოგყვებით არა იმამბვს,რომელიც ვიღაც მითურ ექიმს შეემთხვევა...არა, მთლად ვშიშვლდები თქვენ წინაშე და ვამბობ: სირცხვილი დავკარგე ამ ძაღლურ სიმარტოვეში, ამ წყეულ ქვეყანაში, რომელიც სულს უჭამს ადამიანს და ძვლებიდან ტვინს უწოვს.
ალბათ ჩემდა უნებურად გავინძერი, რადგან თხრობის ძაფი გაუწყდა.
-აჰა, თქვენ წინააღმდეგი ბრძანდებით... მესმის, აღფრთოვანებული ხართ ინდოეთით, ტაძრებით, პალმებით, ორთვიანი მოგზაურობის მთელი რომანტიკით. დიახ, ტროპიკები მართლაც წარმტაცია, თუ მათ მატარებლის ვაგონიდან, ავტობუსიდან ან რიქშის ეტლიდან უცქერით. მეც ასევე აღვიქვამდი აქაურობას, როცა პირველად ჩამოვედა აქ შვიდი წლის წინ. რაღაზე არ ვოცნებობდი მაშინ: ენები უნდა შემესწავლა და დედნებში მეკითხა საღვრთო წიგნები, ადგილობრივი დაავადებანი შემესწავლა, მეცნიერული მუშაობისთვის მიმეცა თავი, საფუძვლიანად გავცნობოდი ადგილობრივ მკვიდრთა ფსიქიკას, ერთი სიტყვით, როგორც ევროპულ ჟარგონზე ამბობენ ხოლმე,გავმხდარიყავი ჰუმანურობისა და ცივილიზაციის მისიონერი. ვინც აქ ჩამოდის, ყველა ამაზე ოცნებობს. მაგრამ ამ უჩინარი მინის ქვეშ მოქცეულ სათბურში ადამიანს ძალ-ღონე ეცლება, ციებ-ცხელება _მას ხომ ვერ გადაურჩები, რამდენი ქინაქინაც არ უნდა ყლაპო_ ასუსტებს ნერვებს, უდუნებს სხეულს და იგი მედუზასავით ზანტი და დონდლო ხდება. ევროპელი ძალაუნებურად ნელ-ნელა კარგავს თავის ჭეშმარიტ სახეს, როცა დიდი ქალაქიდან ამ დაწყევლილ ჭაობში მოხვდება. ადრე თუ გვიან ყველას თავში ჩაუკაკუნებს: ერთნი ლოთობას მიჰყოფენ ხელს, მეორენი თრიაქის წევას იწყებენ, მესამენი ცემა-ტყეპაზე გადადიან და მხეცდებიან. ასეა თუ ისე, ყველა გამოჩერჩეტდება ხოლმე. მაშინ ყველა ევროპისაკენ მიისწრაფვის, ოცნებობენ იმ დღეზე, როცა კვლავ გაისეირნებენ ქალაქის ქუჩებში, იცხოვრებენ ქვის ლამაზ, ნათელ შენობაში თეთრ ადამიანებს შორის. წლიდან წლამდე ოცნებობ ამაზე, მაგრამ როცა შვებულების ვადა მოატანს, ადგილიდან დაძვრა გეზარება. იცი, რომ სამშობლოში ყველასგან დავიწყებული და უცხო ხარ, როგორც ნიჟარა ზღვის ნაპირზე, ყველა ფეხს რომ ადგამს. ჰოდა, რჩები, კიდევ უფრო ღრმად ეფლობი ჭაობში და ცხელსა და ნოტიო ტყეებში იღუპები. ის დღე დაიქცეს, როცა ამ მყრალი სოროსათვის გავყიდე თავი...
თუმცა ეს მთლად ჩემი სურვილით არც მომხდარა.მე გერმანიაში ვსწავლობდი, ექიმი გავხდი, ამასთან კარგი ექიმი და ლაიფციგის კლინიკაში დავიწყე მუშაობა. იმ დროის სამედიცინო ჟურნალებში ბევრს წერდნენ ახალ ინექციაზე,რომელიც პირველად მე შემოვიღე პრაქტიკაში. შემდეგ იქ ერთ ქალს გადავეკიდე: საავადმყოფოში გავიცანი. ამ ქალს თავისი სატრფო ისე გაეცოფებინა, რომ კაცს რევოლვერით დაეჭრა. სულ მალე მეც იმ კაცზე ნაკლებ დღეში როდი ჩავვარდ. იმ ქალს ჩვეულებად ჰქონდა ქედმაღლურად და ცივად დაეჭირა თავი, რაც სულ მაგიჟებდა-მბრძანებელი და კადნიერი ქალები მუდამ მაგრად ჩამბღურჯავენ ხოლმე ხელში, მაგრამ ამან სულ მთლად გამტეხა და თავგზა დამაკარგვინა. რასაც მოისურვებდა, ყველაფერს ვუსრულებდი. რატომ უნდა დაგიმალოთ რაიმე, როცა მას აქეთ შვიდი წელი გავიდა. მე საავადმყოფოს ფული გავფლანგე მისთვის და როცა გამომჟღავნდა ერთი ამბავი ატყდა. ბიძაჩემმა დანაკლისი დაფარა,მაგრამ ჩემს კარიერას ბოლო მოეღო. სწორედ ამ დროს გავიგე, ჰოლანდიის მთავრობას კოლონიებისათვის ექიმები სჭირდება და ავანსსაც იძლევაო. მაშინვე ვიფიქრე, ეს ალბათ საშიში საქმე იქნება, რომ მთავრობა ასეთი სამსახურისათვის ფულს წინასწარ იძლევა-მეთქი. თუმცა ვიცოდი, რომ ციების ბუდეში სასაფლაოს ჯვრები სამჯერ უფრო სწრაფად მრგვალდება, ვიდრე ჩვენთან,მაგრამ როცა კაცი ახალგაზრდა ხარ, მუდამ გგონია, რომ ციებ-ცხელება და სიკვდილი ყველას შეიძლება მოეწიოს, შენ გარდა, თანაც როტერდამში, ხელი მოვაწერე გარიგებას ათი წლის ვადით და ბანკნოტების საკმაოდ დიდი დასტაც მივიღე.ნახევარი ბიძას გავუგზავნე შინ, მეორე ნახევარი კი ნავსადგურის უბანში დამცინცლა პირწმინდად ერთმა ასულმა. თავი მხოლოდ იმიტომ გავაღლეტინე, რომ საოცრად ჰგავდა იმ წყეულ კატას, რომელმაც ჰოლანდიის პლანტაციებისაკენ მაქნევინა თავი. უფულოდ, უსაათოდ, ყოველგვარ ილუზიას მოკლებული ვტოვებდი ევროპას და არც რაიმე წუხილი მიგრძნია, როცა ნავსადგურიდან ღია ზღვაში გავედით. მერე კი ვიჯექი გემბანზე, როგორც ახლა თქვენ ზიხართ, და გავცქეროდი სამხრეთის ჯვარს, პალმებს და გამახსენდა გული. აჰ, ტყეები, სიმშვიდე, მარტოობა-ვოცნებობდი მე. მარტოობა მართლაც საკმარისად ვიგემე. მე გამამწესეს არა ბატავიაში ან სურაბაიაში, სადმე ქალაქში, სადაც ხალხიცაა და კლუბებიც, გოლფიცა და წიგნებიც, გაზეთებიც, არამედ,-თუმცა სახელს აბა რა შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს, ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას, რომელიც უახლოესი ქალაქიდან ორი დღის სავალზე იყო. რამდენიმე მოსაწყენი ჩამომხმარი მოხელე და რამდენიმე მეტისი შეადგენდა მთელ ჩემს საზოგადოებას, ირგვლივ კი ტყე, პლანტაციები, შამბნარი და ჭაობები იყო მხოლოდ.
თავდაპირველად კიდევ გასაძლისი იყო.ხელი მივყავი მეცნიერულ დაკვირვებებს. ერთხელ როცა ვიცე-პრეზიდენტ საინპექციო შემოვლისას მანქანა გადაუბრუნდა და ფეხი მოსტყდა, მარტოდმარტომ, უთანაშემწეებოდ გავუკეთე ოპერაცია, რის შესახებაც მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ, ვაგროვებდი შხამებს და ადგილობრივ მკვიდრთა იარაღებს, ათასგვარი წვრილმანით ვირთობდი თავს, რომ სულით არ დავცემულიყავი. მაგრამ ყოველივე ეს შესაძლებელი იყო მანამდე, ვიდრე ევროპიდან მოყოლილი ძალა შემწევდა. შემდეგ კი გამოვიფიტე. იმ რამდენიმე ევროპელმაც ისე მომაბეზრა თავი, რომ შევწყვიტე მათთან ურთიერთობა,სმას მივყავი ხელი და საკუთარ ფიქრებში ჩავიძირე.სამი წელიღა დამრჩენოდა რომლის შემდეგ გავთავისუფლდებოდი და პენსიას მივიღებდი, შევძლებდი ევროპაში დაბრუნებას და ხელახლა შევუდგებოდი ცხოვრებას. არსებითად აღარაფერს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ვიცდიდი, ვიწექი ჩემს ბუნაგში და ვიცდიდი. დღესაც ალბათ იქ ვიქნებოდი, რომ ის ქალი...რომ ეს არ მომხდარიყო.
ხმა მიწყდა სიბნელეში. აღარც ჩიბუხი ბჟუტავდა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ერთბაშად კვლავ გავიგონე გემის ხრემალქვეშ აქაფებული წყლის ხმაური და მანქანის შორეული, ყრუ დაგადუგი. მინდოდა პაპიროსი მომეწია, მაგრამ მეშინოდა ასანთის გაკვრის, ვაითუ მისი სახე გამენათებინა. ის კი დუმდა და დუმდა. აღარ ვიცოდი, გაათავა ამბის მოყოლა, თვლემდა თუ ეძინა, ისეთი სამარისებული მეჩვენებოდა მისი დუმილი.
უეცრად ზარის ძლიერი,მკაფიო ხმა გაისმა:პირველი საათი იყო. ჩემი მეზობელი შეირხა. ისევ შემომესმა ჭიქის წკრიალი. ეტყობოდა, ხელის ფათურით ეძებდა ვისკის შემდეგ გავიგონე, როგორ გადახუხა და ერთბაშად ისევ მისი ხმა დაირხა. ამჯერად უფრო მგზნებარედ და დაძაბულად ლაპარაკობდა.
-ჰოდა, ასე...მოითმინეთ...დიახ,ასე..ეს ასე მოხდა. ვზივარ იქ, ჩემს დაწყევლილ სოროში, ვზივარ, როგორც ობობა თავის აბლაბუდაში, უკვე რამდენიმე თვეა გარეთ ფეხი არ გამიდგამს. ეს სწორედ დიდი წვიმების პერიოდის შემდეგ გახლდათ. კვირიდან კვირამდე შხაპუნობდა წვიმა სახურავზე, არც ერთ ადამიანს, არც ერთ ევროპე;ს არ შემოუვლია ჩემთან და დღენიადაგ შინ ვიჯექი ჩემი ყვითელკანიანი ქალებისა და საყვარელი ვისკის ამარა, სულიერად გატეხილი და ევროპით ავადმყოფი. როცა რომელიმე რომანში წავიკითხავდი რამეს განათებულ ქუჩებსა და თეთრ ქალაქებზე, ხელის მტევნები მიკანკალებდა. არც კი ძალმიძს ზუსტად აგიღწეროთ ჩემი მდგომარეობა, ეს რაღაც განსაკუთრებული ტროპიკული ავადმყოფობაა: გააფთრებული, ციებცხელებიანი და ამავე დროს უილაჯო ნოსტალგია, რომელიც ზოგჯერ დაჯაბნის ხოლმე ადამიანს. ასე ვიჯექი მაშინ. მგონი, გეოგრაფიულ ატლასს ჩავცქეროდი და მოგზაურობაზე ვვოცნებობდი. უცებ კარზე გამალებული კაკუნი მოისმა და ზღურბლზე ბოი და ერთი ქალთაგანი დავინახე. ორივეს სახეზე უდიდესი განცვიფრება აღბეჭდოდათ.ერთმანეთს აღარც კი აცლიდნენ, ისე მომახსენეს, ვიღაც ქალბატონი, ლედი, თეთრკანიანი გკითხულობთო.
მაშინვე წამოვხტი. ეტლის ან ავტომობილის ხმა არ გამიგონია, ან თეთრკანიან ქალს რა უნდა აქ, ამ მივარდნილ ადგილას?
დავაპირე მაშინვე კიბეზე დავშვებულიყავი, მაგრამ თავს ძალა დავატანე და შევჩერდი. სასწრაფოდ სარკეში ჩავიხედე, თმა და ტანსაცმელი გავისწორე ნაჩქარევად. ვღელავდი, ვნერვიულობდი, ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო, რადგან ქვეყნად არავინ მეგულებოდა ისეთი, ვინც ჩემთან მეგობრობის გამო მოვიდოდა. ბოლოს ქვევით ჩავედი.
წინკარში ქალი იცდიდა. დამინახა თუ არა, ჩემკენ გამოემართა. სქელი, სამგზავრო პირბადე უფარავდა სახეს. მინდოდა მივსალმებოდი, მაგრამ თვითონ დამასწრო:
-გამარჯობათ, ექიმო,- დაიწყო მან ინგლისურ ენაზე (მისი ხმა ძალზე ნარნარი მეჩვენა, სიტყვები კი თითქოს წინასწარ გაზეპირებული),-მომიტევეთ, რომ მოულოდნელად შემოგეჭერით, მაგრამ მახლობლად ვიყავით, სადგურში, ჩვენი ავტომობილი იქ დარჩა.-,,რატომ პირდაპირ ავტომობილით არ მოვიდა ჩემს სახლამდე?“-გამიელვა გუნებაში.- ჰოდა, გამახსენდა, რომ აქ ცხოვრობდით, ბევრი რამ გამიგონია თქვენს შესახებ, ვიცე-რეზიდენტის მკურნალობისას ხომ სასწაული მოახდინეთ, ფეხი უწინდელივით საღ-სალამათი აქვს და, გოლფსაც კი ძველებურად თამაშობს. დიახ, დიახ, ჩვენთან ყველა ამაზე ლაპარაკობს. სიამოვნებით დავთმობდით ჩვენს ბუზღუნა ქირურგს და ზედ ორ დანარჩენსაც მივაყოლებდით, ოღონდაც კი ჩვენთან გადმოსულიყავით. სხვათა შორის, რატომ ვერასოდეს გხედავთ? ნამდვილი იოგივით ხცოვრობთ...
ასე ლაქლაქებდა დაუსრულებლად, ჩქარობდა, ხმის ამოღებას არც კი მაცლიდა. რაღაც ნერვიული და აღელვებული კილო ახლდა მის ტიტინს და მომხვდურის მღელვარება მეც გადმომედო. ,,ასე რატომ ლაპარაკობს,- ვეკითხებოდი ჩემს თავს,- რატომ არ მიმხელს თავის ვინაობას? რატომ პირბადეს არ იხსნის? ციებ-ცხელება ხომ არ სჭირს? ავადაა? შეშლილია?“ თანდათან მღელვარება მიპყრობდა, ვგრძნობდი რომ სასაცილო იყო ჩემი ასე ენაჩავარდნილი დგომა, მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებდი შემეჩერებინა ტიტინის ეს ნიაღვარი. როგორც იქნა, ერთი წამით შეჩერდა და ვთხოვე ზევით ამოსულიყო. ბოის ხელით ანიშნა, დარჩიო, და პირველმა მიაშურა კიბეს.
-რა საუცხოოდ ყოფილხართ მოწყობილი,-წარმოთქვა მან და ჩემს ოთახში მიმოიხედა,- აჰ, რა მშვენიერი წიგნები გქონიათ! დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ყველას,-მიუახლოვდა წიგნების თაროს და სათაურები შეათვალიერა. პირველად ახლაღა გაჩუმდა ერთი წუთით რაც მას შევხვდი.
-ჩაი ხომ არ მოგართვათ?-შევეკითხე.
ის კი არც შემობრუნებულა ჩემკენ, ისევ განაგრძობდა წიგნის ყუების თვალიერებას.
-არა, გმადლობთ, ექიმო...ჩვენ ახლავე უნდა გავნაგრძოთ გზა. ამდენი დრო არ მაქვს...ეს მხოლოდ ისე გამოვისეირნე... აჰ, ფლობერიც გქონიათ, როგორ მიყვარს...საუცხოოა, შესანიშნავია მისი ,,Education sentimentale”... ვხედავ, რომ ფრანგულსაც კითხულობთ. რაღა არ იცით!..დიახ, გერმანელები ყველაფერს სწავლობთ სკოლაში... მართლაც დიდებულია ამდენი ენის ცოდა! ვიცე-რეზიდენტი სულ თქვენს მზეს ფიცულობს და ამბობს, ერთადერთი ქირურგია, ვის დანახვასაც დავუწვებიო...ჩვენი კეთილი ქირურგი ბრიჯის თამაშისთვის თუ ვარგა. სხვათა შორის (ისევ ისე განაგრძობდა, ჩემკენ არც ახლა შემოტრიალებულა), დღეს თვითონაც მომივიდა აზრად, რომ ცუდი არ იქნებოდა თქვენგან კონსულტანცია მიმეღო...და რადგან სწორეს თქვენ ახლოს გამოვიარეთ, ვიფიქრე...მაგრამ იქნებ ახლა არა გცალიათ, ჯობს სხვა დროს შემოვიარო.
,,ახლა კი უნდა გამიმჟღავნო, რისთვისაც მოხვედი:,-გავიფიქრე მაშინვე, მაგრამ შემჩნევით არ შევიმჩნიე და განვუცხადე: დიდ პატივს დამდებთ, თუკი რამეში გამოგადგებით, გნებავთ, ახლავე მიმსახურეთ, გნებავთ როცა მოისურვებთ-მეთქი.
-სერიოზული არაფერი მჭირს,-წარმოთქვა ჩემკენ ნახევრად მობრუნებულმა, ისე კი წიგნის ფურცვლა არ შეუწყვეტია, რომელიც თაროდან ჩამოიღო,-სერიოზული არაფერი… უმნიშვნელო რამ... ქალური ხასიათის უსიამოვნებანი... თავბრუსხვევა, გულის წასვლა. ამ დილით, სეირნობისას, მოსახვევში ერთბაშად ცუდად შევიქენი და გული წამივიდა, მკვდარივით გადავესვენე. ბოიმ წამომაყენა და წყალი მომიტანა... მაგრამ შეიძლება ეს იმიტომ დამემართა, რომ შოფერს დიდი სიჩქარით მიჰყავდა მანქნა... თქვენ როგორ ფიქრობთ, ექიმო?
-ძნელია ამის თქმა, ხშირად მიგდით გული?
-არა... ესე იგი, დიახ... ამ ბოლო დროს... სწორედ ამ ბოლო დროს... დიახ... თავბრუსხვევა და გულისრევია შემომეჩვია.
ისევ წიგნების კარადისკენ შებრუნდა, დადო წიგნი თავის ადგილას და მეორე გადმოიღო, დაუწყო ფურცვლა. საოცარია, რატომ ფურცვლავს ასე დაჟინებით...ასე ნერვიულად, ერთხელ მააინც არ შემომხედავს პირბადიდან? განგებ არაფერს ვეუბნები, მინდა ვაიძულო, რომ პასუხს დაელოდოს. ბოლოს, ვითომც არაფერიაო, ისევ იწყებს უდარდელ ტიტინს.
-ხომ მართალია, ექიმო, აქ ხომ არაფერია საეჭვო? ეს ხომ არ იქნება რაიმე ტროპიკული, საშინელი სნეულება?
-ჯერ უნდა ვნახო, იქნებ სიცხე გაქვთ; აბა, თუ შეიძლება მაჯა მაჩვენეთ...
ქალისკენ გავემართე მაგრამ იგი ოდნავ განზე მიდგა.
-არა, არა, სიცხე არა მაქვს...ნამდვილად, ნამდვილად არა მაქვს. ყოველდღე თვითონ ვისინჯავ მას შემდეგ... მას შემდეგ რაც თავბრუსხვევა დამეწყო. სიცხე არასოდეს მაქვს, ყოველთვის ოცდათექვსმეტსა და ოთხ ხაზს უჩვენებს თერმომეტრი. კუჭიც წესიერად მოქმედებს.
ერთი წუთით დავაყოვნე, რადგან იმთავითვე ეჭვი დამებადა: ვგრძნობდი, ამ ქალს რაღაც სურდა ჩემგან. ასეთ ყრუ ადგილას იმისათვის არავინ მოვიდოდა, რომ ფლობერზე დაეწყო ბაასი. ვაცდევინე ერთი წუთი, მეორე...-მომიტევეთ, ვუთხარი შემდეგ პირდაპირ,- ნებას მომცემთ, ზოგი რამ თავისუფლად შეგეკითხოთ?
-რასაკვირველია, თქვენ ხომ მკურნალი ბრძანდებით!- მიპასუხა, მაგრამ ისევ ზურგი შემომაქცია და წიგნებში დაიწყო ფათური.
-შვილები გყავთ?
-დიახ, ვაჟი.
-ასეთი რამ... ასეთი რამ წინათაც... მე მინდა ვთქვა, მაშინაც... მსგავსი რამ გემართებოთად?
-დიახ.
ახლა ხმა სულ შეეცვალა, საქმიანი გაუხდა, გარკვეული, სულ აღარ ეტყობოდა მანჭვა-გრეხა და ნერვიულობა.
-შესაძლოა, თქვენ... მომიტევეთ, რომ გეკითხებით... იქნებ ახლაც იმავე მიზეზით გემართებათ ეს ყოველივე?
-დიახ.
ბასრ დანასავით გამოისროლა ეს სიტყვა, ისე, რომ გვერდზე მიბრუნებულ სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხევია.
-ხომ არ აჯობებს, ქალბატონო, გაგსინჯოთ... თუ ინებებთ, გთხოვთ, მეორე ოთახში გაბრძანდით.
ახლა კი უცებ მომიბრუნდა. პირბადიდან მისი ცივი, გაბედული მზერა ვიგრძენი.
-არა... საჭირო არაა... კარგად ვიცი ჩემი გუნებანაქცევობის ამბავი.
ხმა ერთი წუთით მიწყდა. წყვდიადში ისევ გაიელვა სავსე ჭიქამ.
-მაშ ასე, მისმინეთ... მაგრამ ჯერ შეეცადეთ წამით ნათლად წარმოიდგინოთ: სიმარტოვისაგან სულამოსულ ადამიანთან ქალი შემოიჭრა, პირველად ამდენი წლის შემდეგ მისი ოთახის ზღურბლს თეთრმა ქალმა გადმოაბიჯა... და უეცრად რაღაც ავის მომასწავებელი ვიგრძენი, რაღაც საფრთხე. ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. უნებლიეთ შემეშინდა, რომ ასეთი ფოლადისებური ნებისყოფა და გაბედულება ჰქონდა ამ ქალს, რომელიც ჯერ უდარდელი ტიტინით შემოვიდა, მერე კი სატევარივით იშიშვლა თავისი მოთხოვნა. დიახ, უკვე ვიცოდი, რაც სურდა, ამას მაშინვე მივხვდი-პირველად ხომ არ იყო, ქალი რომ მოსულა ასეთი თხოვნით. მაგრამ სხვები სულ სხვანაირად მოდიოდნენ, დარცხვენილი და თვალცრემლიანი, ხვეწნითა და მუდარით... ამჯერად კი აქ მოქმედება ფოლადისებური, ნადმდვილად ვაჟკაცური გაბედულება... პირველივე წუთში ვიგრძენი რომ ეს ქალი ჩემზე ძლიერი იყო, რომ მას შეეძლო თავისი ნებისათვის დავემორჩილებინე... მაგრამ... ამასთანავე რაღაც სიავეც წამეკიდა... მამაკაცის სიამაყე, თავდაცვის სურვილი და განაწყენება, რადგან... უკვე გითხარით, რომ პირველივე წუთიდან და უფრო ადრეც სანამ ვნახავდი, ამ ქალში მტერი ვიგრძენი.
ჯერ ვდუმდი. ვდუმდი ჯიუტად, შეუპოვრად. ვგრძნობდი, რომ პირბადიდან მიცქეროდა, მიცქეროდა ჯიქურ, გამომწვევად და ცდილობდა აველაპარაკებინე. მე კი არ ვთმობდი აგრე იოლად. ლაპარაკი დავიწყე, მაგრამ მიკიბ-მოკიბვით... უნებლიეთ გადავიღე მისი დაუდევარი, გულგრილი კილო, თავს ისე ვიჩვენებდი, თითქოს ვერ მივხვდი, რადგანაც,- არ ვიცი, შეგიძლიათ თუ არა გამიგოთ, - მინდოდა მეიძულებინა უფრო ნათლად ეთქვა, არ მინდოდა მე თვითონ მიმეცა წინადადება... არამედ მსურდა თვითონ ეთხოვა... ეთხოვა, რადგანაც ასე მედიდურად გამომეცხადა...და რადგანაც ვიცოდი, რომ ასეთი ზვიადი და გულცივი ქალები რარიგ ადვილად მიმორჩილებენ.
სულ იმ საგნის ირგვლივ ველაპარაკებოდი: თქვენთვის ეს სულაც არ არის საშიში, ასეთი გულყრა ჩვეულებრივი ამბავია და ორსულობის ნორმალური განვითარების მაჩვენებელიც კია- მეთქი. მომყავდა მსგავსი შემთხვევები სამედიცინო ჟურნალებიდან... ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი, მშვიდად და ძალდაუტანებლად, განვიხილავდი მის ავადმყოფობას როგორც სრულიად ჩვეულებრივ ამბავს და სულ ველოდი, რომ შემაჩერებდა, ვიცოდი, ამას დიდხანს ვერ მოითმენდა. და მართლაც, თითქოს უნდა მთელი ეს რჩევა-დარიგება ერთბაშად თავიდან მოილისო, ხელის ერთი აქნევით შემაწყვეტინა ლაპარაკი.
-ეგ სულაც არ მაშფოთებს, ექიმო. მაშინ, როცა პირველი შვილი მეყოლა, უფრო ჯანმრთელი ვიყავი… ახლა კი ჯანმრთელობა ხელს აღარ მიწყობს. გულის ფრიალი მემართება...
-აჰ, გულის ფრიალი? -გავიმეორე ვითომდა შეშფოთებულმა. -ახლავე მოგისმენთ!- და ყასიდად სტეტოსკოპის მოსატანად დავაპირე წამოდგომა. მაგრამ ახლა კი მისი ხმა ჯარის მეთაურის ხმასავით მკვახედ და მბრძანებლურად გაისმა:
-გულის ფრიალი მემართება, ექიმო, და გთხოვთ დამიჯეროთ, რასაც გეუბნებით. არ მინდა გასინჯვაზე დრო დავკარგო. მგონი, შეგეძლოთ უფრო მეტი ნდობით მომპყრობოდით. მე, კი ჩემი მხრივ, საკმაო ნდობა გამოვიჩინე.
-ნდობა გულწრფელობას მოითხოვს, სრულ გულახდილობას! ილაპარაკეთ ნათლად, მე ხომ ექიმი ვარ. უპირველეს ყოვლისა კი ეგ პირბადე მოიხსენით, წიგნებს თავი დაანებეთ და აქ დაბრძანდით, ექიმთან პირბადეჩამოფარებული არ მიდიან.
ამაყად აიღო თავი და ჯიქურად შემომხედა, ერთ წამს დააყოვნა ასე, შემდეგ დაჯდა, პირბადე აიწია და დავინახე სწორედ ისეთი სახე, როგორისაც მეშინოდა: მიუწვდომელი, მტკიცე, ზვიადი, ხნოვანებისაგან დამოუკიდებელი მშვენიერებით აღბეჭდილი, ნაცრისფერთვალება სახე, - ასეთი თვალები ინგლისელებს აქვთ ხოლმე, გარეგნულად ძალზე მშვიდნი რომ ჩანან, მაგრამ მათ სიღრმეში გზნება რომ გამოსჭვივის. ამ თხელ, მაგრად მოკუმულ ბაგეებს, თუ საჭირო იქნებოდა, კარგად შეეძლოთ საიდუმლოს დაფარვა. ისეთი მბრძანებლური და გამომდელი თვალებით მიმზერდა ეს ქალი, ისე ცივად და ულმობელად, რომ ვეღარ გავუძელი და უნებლიეთ თვალი ავარიდე.
იგი ოდნავ აკაკუნებდა თითით მაგიდაზე, ეტყობოდა, თვითონაც ღელავდა, შემდეგ უეცრად მითხრა:
-იცით, ექიმო, რა მსურს თგვენგან, თუ არ იცით?
-მგონი, ვიცი, მაგრამ უმჯობესია გარკვევით მითხრათ... თქვენ გნებავთ გათავისუფლდეთ მაგ მდგომარეობისაგან. გსურთ მე გაგათავისუფლოთ თავბრუსხვევისა და გულისრევისაგან... მოგაცილოთ მიზეზი, ეს არა გნებავთ?
-დიახ.
გილიოტინის ნაჯახივით მძიმედ დაეცა ეს სიტყვა.
-იცით, რომ ასეთი ექსპერიმენტი საშიშია... ორივე მხარისთვის?
-ვიცი.
-რომ კანონით აკრძალულია?
-არის ისეთი შემთხვევები, როცა  არათუ აკრძალულია, პირიქით, საჭიროცაა.
-მაგრამ ამისათვის საექიმო დასკვნაა საჭირო.
-მაშ, მიშოვეთ ეგ დასკვნა, თქვენ ხომ ექიმი ბრძანდებით.
ნათელი და მტკიცე იყო მისი მზერა. ერთხელაც არ დაუხამხამებია თვალები. ე იყო ბრძანება და მე, სუსტი ნებისყოფის ადამიანი, ვითრთოდი მისი ნების დემონური ძალით გაოგნებული. მაგრამ ჯერ კიდევ ვიკლაკნებოდი, არ მინდოდა მეჩვენებინა, რომ უკვე გასრესილი ვიყავი. ,,ოღონდ არ აჩქარდე! რაც შეიძლება გააჭიანურე! ახვეწნინე!” -მიკიჟინებდა რომელიღაც შინაგანი ხმა.
-ეს ყოველთვის მარტო ექიმის სურვილზე როდია დამოკიდებული, მაგრამ მზად ვარ საავადმყოფოში ჩემს კოლეგას მოველაპარაკო...
-თქვენი კოლეგა მე არ მჭირდება... მე თქვენთან მოვედი.
-ნება მიბოძეთ გკითხოთ, რატომ მაინცდამაინც ჩემთან? ცივად შემომხედა.
-ვერა ვხედავ რაიმე მიზეზს, რომ დაგიმალოთ: იმიტომ, რომ მოშორებით ცხოვრობთ, მე არ მიცნობთ, კარგი ექიმი ბრძანდებით და... -აქ პირველად წაიბორძიკა,- ალბათ დიდხანს არ დარჩებით აქ, მით უმეტეს, თუ... თუ შეძლებთ შინ მნიშვნელოვანი თანხა წაიღოთ.
თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, ისე გამაოგნა ამ გულცივმა, წმინდა ვაჭრულმა ანგარიშიანობამ. აქამდე თხოვნა ჯერ არ დასცდენოდა მის ბაგეს, მაგრამ გამოანგარიშებით კი უკვე დიდი ხანია გამოეანგარიშებინა, ჯერ შევეთვალიერებინე, როგორც კარგი საკბილო, და მერე დაეწყო ნადირობა. ვგრძნობდი, რარიგ მიმორჩილებდა მისი დემონური ნება, მაგრამ შეუპოვრად ვუწევდი წინააღმდეგობას. ერთხელ კიდევ დავატანე თავს ძალა და საქმიანი, თითქმის ირონიული კილოთი მივმართე:
-და მაგ მნიშვნელოვან თანხას თქვენ გადმომცემთ?
-როგორც საზღაურს დახმარებისა და აქედან თქვენი დაუყოვნებლივ გამგზავრებისათვის.
-იცით, რომ ამით პენსიას დავკარგავ?
-აგინაზღაურებთ.
-ძალზე გასაგებად ლაპარაკობთ... მაგრამ მე კიდევ უფრო მეტ გარკვეულობას გთხოვთ. რა თანხას გულისხმობთ გასამრჯელოდ?
-თორმეტ ათას გულდენ, რომელსაც ამსტერდდამის ბანკიდან მიიღებთ ჩეკით.
მე ავკანკალდი...ავკანკალდი ბრაზისა და... აღტაცებისაგან. ყველაფერი გაეთვალისწინებინა... თანხაც და გადასახადის წესიც, რომელიც მაიძულებდა აქედან წავსულიყავი; ამ ქალს შევეფასებინე და შევესყიდე კიდეც, თუმცა არც კი მიცნობდა, და რაკი თავისი ძლიერებისა სჯეროდა, არხეინად მისწორებდა ანგარიშს. მინდოდა სილა გამეწნა... მაგრამ როცა აძაგძაგებული წამოვდექი- ისიც წამოდგა- და თვალი თვალში გავუყარე, შევხედე მის მაგრად მოკუმულ ბაგეებს, რომელთაც არ სურდათ ეთხოვათ, მის ზვიად შუბლს, რომლის პატრონსაც ქედის მოხრა არ სურდა, უცებ ძალის ხმარების ჟინმა შემიპყრო... შურისძიების დაუძლეველმა წყურვილმა. ეტყობა, იმანაც იგრძნო ეს, რადგან წარბები მაღლა აჭიმა, სწორედ ისე, როცა სურთ გათავხედებული კაცი მოთოკონ ხოლმე: ჩვენ შორის უკვე აშკარა მტრობა, იფეთქა. ვიცოდი, რომ მას ვძულდი იმიტომ, რომ ვჭირდებოდი, მე კი მძულდა იმიტომ... იმიტომ, რომ არ სურდა ეთხოვა ჩემთვის. ამ წამს, დუმილის ამ ერთადერთ წამს, ჩვენ პირველად ავლაპარაკიდ გულახდილად. შემდეგ ასპიტივით შემიძვრა სულში აზრი და მე ვუთხარი... ვუთხარი მას...
მაგრამ მოითმინეთ, ასე სწორად ვერ გაიგებთ, რაც ჩავიდინე... რაც ვთქვი... ჯერ უნდა აგიხსნათ, როგორ დამებადა ეს უგუნური აზრი...
ისევ ნელა დაიწკრიალა ჭიქამ სიბნელეში და ჩემმა ახლა ნაცნობმა კიდევ უფრო მღელვარე ხმით განაგრძო:
-არ იფიქროთ, თავის გამართლება მსურდეს, ბოდიშს ვიხდიდე ან ნამუსს ვიწმენდდე... მაგრამ უამისოდ ამას ვერ გაიგებთ... არ ვიცი, ოდესმე ვიყავი თუ არა ისეთი, კარგ კაცს რომ ეძახიან... მაგრამ, მე მგონი, დახმარება ყოველთვის ვიცოდი... ჩემს ძაღლურ ცხოვრებაში ეს ხომ ერთადერთი სიხარული იყო: გონებაში ჩაჭდეული ერთი ციცქნა ცოდნის წყალობით სიცოცხლეს ვუნარჩუნებდი ცოცხალ არსებას... ჩემი თავი მაშინ მამა ღმერთად მიმაჩნდა... ეს წუთები ჩემთვის მართლაც საუკეთესო წუთები იყო: როცა, ვთქვათ, შიშისგან გალურჯებული რომელიმე ყვითელკანიანი ბიჭუნა მოვიდოდა ჩემთან გველის ნაკბენისგან გასიებული ფეხით, მოთქმით შემებედრებოდა, რომ ფეხი არ მომეჭრა და მეც ვახერხებდი მის გადარჩენას. ხშირად მიხდებოდა შორი მანძილის გავლა, რომ ციებისგან ლოგინად ჩავარდნილი ქალი მენახა და მემკურნალა.ჯერ კიდევ ევროპაში, კლინიკაში მუშაობისას, ისეთი დახმარებაც აღმომიჩენია ქალისათვის, როგორსაც დღევანდელი სტუმარი მოელოდა ჩემგან. მაგრამ მე მაშინ ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი, ვიცოდი, რომ ვიღაც უნდა გადამერჩინა სიკვდილისა თუ სასოწარკვეთილებისაგან. და სწორედ ეს სჭირდება თვითონ დახმარებასაც: შეგრძნება იმისა, რომ სხვას სჭირდები.
ეს ქალი კი - არ ვიცი, შევძლებ თუ არა გაგაგებინოთ- იმ წუთიდანვე მაღელვებდა და მაბრაზებდა, როცა ჩემს სახლში თითქოს შემთხვევით შემოიარა. ზვიადი საქციელით მახელებდა- როგორ ვთქვა, ყოველივე ჩახშობილს, ყოველივე დაფარულს, ყოველივე სიავეს აღვიძებდა. მე ის მაცოფებდა, რომ მიუკარებელი, ამაყი ლედის როლს თამაშობდა და ცივ, საქმიან ლაპარაკს მიმართავდა მაშინ, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საკითვი წყდებოდა... და თანაც... თანაც... ხომ არ შეიძლება გოლფის თამაშით დაორსულდეს ვინმე... მე ვიცოდი, უეცრად საშინელი სიცხადიდ წარმოვიდგინე, რომ ეს მშვიდი, ამპარტავანი და გულცივი ქალბატონი, მაღლა რომ ასწია წარბები ფოლადივით ცივი თვალების ზეგარდმო, როცა ჩემს სახეზე უარი და თითქმის აღშფოთება ამოიკითხა, ორი-სამი თვის წინ ცხოველივით შიშველი გორაობდა ლოგინში მამაკაცთან ერთად და, შესაძლოა, ნეტარებისაგან კვნესოდა კიდეც, მათი სხეულები კი ერთმანეთს ისე ეკვროდნენ, როგორც ბაგეები კოცნისას... ეს, ეს იყო ის მწველი აზრი, რომელმაც გამიელვა თავში, როცა ასე ზვიადად და ცივად შემომხედა, გეგონებოდათ, ინგლისელი ოფიცერიაო... და სწორედ მაშინ, მაშინ მთლად დამიბნელდა გონება... დაუცხრომელი სურვილი დამებადა დამემდაბლებინა იგი... ამ წუთიდან კაბაში ვხედავდი მის შიშველ სხეულს... ამ წუთიდან მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, როგორმე დავუფლებოდი, მეც წამომეცდენინებინა კვნესა მისი მკაცრი ბაგეებისათვის, მეცქირა, გახურებული ვნების ალმურში როგორ ჩაიძირებოდა ეს ცივი და ზვიადი ქალბატონი, ისევე, როგორც უცქეროდა მას ის, მეორე, სხვა მამაკაცი, რომელსაც მე არ ვიცნობდი, აი, ეს... ეს მინდა გაგაგებინოთ... რაც უნდა დაცემული ვყოფილიყავი, როგორც ექიმს, ბოროტად არ მისარგებლია ჩემი  მდგომარეობით... ამჯერად კი, დამერწმუნეთ, რაიმე ლტოლვა კი არ განმიცდია, რაიმე სქესობრივი გზნება... აბა, რატომ დაგიმალავდით... ოღონდაც შეუპოვარი სურვილი დამებაადა, მისი სიამაყე გამეტეხა... მისი ბატონი გავმხდარიყავი, როგორც მამაკაცი... მგონი, გითხარით კიდეც, რომ ზვიადი, გარეგნულად ცივი ქალები ყოველთვის დიდ ზემოქმედებას ახდენდნენ ჩემზე... მაგრამ ახლა, ახლა ამას ისიც დაერთო, რომ შვიდი წელი აქ ვცხოვრობდი და თეთრ ქალს დანატრებული ვიყავი. შვიდი წელი აღარ შემხვედროდა წინააღმდეგობა... აქაური ქალიშვილები, ეს პატარა ჟღურტულა, საყვარელი ქმნილებები ხომ სასოებით თრთიან, როცა თეთრ კაცს, ,,ბატონს“ ნებდებიან... ისინი წყნარები და მორჩილნი არიან, ყოველთვის ხელმისაწვდომნი და ყოველთვის მზადყოფნი, გასიამოვნონ წყნარი ხორხისმიერი სიცილით... მაგრამ სწორედ ეს მონური მზადყოფნა და მორჩილება გიშხამავს კაცს მთელ სიამოვნებას... წარმოიდგინეთ ახლა, წამოგიდგენიათ რარიგ დამარეტიანებდა ამ ქალის ანაზდეული გამოჩენა, ქალისა, რომელიც ამპარტავნობითა და სიძულვილით იყო აღსავსე, თან საოცრად გულჩახვეული გახლდათ, იდუმალების შარავანდედში იყო გახვეული და არცთუ დიდი ხნის წინ განცდილ ვნებათა ღელვით დაღდასმული... როცა ამგვარი ქალი თავხედურად შემოიჭრა ისეთი მამაკაცის გალიაში, როგორიც მე ვიყავი, მთელ ქვეყნიერებას მოწყვეტილი, კარჩაკეტილი, დამშეული, გამხეცებული კაცის გალიაში... აი ეს, ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის, რომ დანარჩენი გასაგები ყოფილიყო... ის, რაც შემდეგ მოხდა... ჰოდა... რაღაც ბოროტი ჟინით ატანილი, ამ ქალზე, მის სიშიშვლესა და ვნებიანობაზე ფიქრით მოწამლული გავილურსე, გულგრილი იერი მივიღე და ცივად წარმოვთქვი:
-თორმეტი ათასი გულდენი... არა, ამაზე თანახმა არა ვარ.
ოდნავ ფერწასულმა შემომხედა. ალბათ უკვე მიხვდა, რომ ჩემი უარი ფულის სიყვარულით არ იყო გამოწვეული. მაგრამ მაინც მკითხა:
-მაშ რამდენი გნებავთ?
მე კი გულგრილი კილოთი ლაპარაკი აღარ ვისურვე:
-გულახდილად ვილაპარაკოთ. საქმოსანი არ გახლავართ. ღარიბი აფთიაქარი როდი ვარ ,,რომეო და ჯულიეტადან“, შხამს რომ ყიდის წყეულ ოქროზე. იქნებ საქმოსნის საპირისპირო ბუნებისა უფრო ვიყო... თქვენ საწადელს ამ გზით ვერ მიაღწევთ.
-მაშ, რა გნებავთ?
-ფულისათვის- არა.
ერთი წამით ჩვენ შორის სრული დუმილი ჩამოვარდა, ისეთი სიჩუმე, რომ პირველად შემომესმა ამ ქალის სუნთქვა.
-მაშ, სხვას რას ისურვებდით?
ახლა კი ვეღარ შევიკავე თავი. 
-უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი, რომ თქვენ... მელაპარაკოთ არა როგორც ვაჭარს, არამედ როგორც ადამიანს... თუ დახმარება გჭირდებათ, თქვენი საძაგელი ფული კი არ უნდა შემომთავაზოთ, არამედ მთხოვოთ... მთხოვოთ როგორც ადამიანს, რომ როგორც ადამიანს ისე დაგეხმაროთ... მე მარტო ექიმი კი არა ვარ, მე მარტო მისაღები საათები კი არა მაქვს, არამედ სხვა საათებიც... იქნებ თქვენ ასეთ დროს მოხვედით...
ერთ წამს იგი დუმდა. მერე კი ტუჩები ოდნავ დაებრიცა, აუთრთოლდა და სწრაფად წარმოთქვა:
-მაშ, რომ მეთხოვა... მაშინ ამას გააკეთებდით?
-აი, თქვენ ახლაც ვარობთ... მხოლოდ იმ შემთხვევაში მთხოვთ, თუ შეგპირდებით. ჯერ თქვენ უნდა მთხოვოთ, შემდეგ კი მე გიპასუხებთ.
თავი ისე გადააგდო, როგორც ოჩანმა ცხენმა, და მრისხანედ გამომხედა.
-არა, არ გთხოვთ, მირჩევნია დავიღუპო!
ახლა მეც შლეგურმა რისხვამ შემიპყრო და ავენთე:
-მაშინ მოთხოვნას წამოგიყენებთ, რაკი არ გნებავთ მთხოვოთ, ვფიქრობ, უფრო ნათლად ამის განმარტება არ სჭირდება... კარგად იცით, თქვენგან რაც მსურს. აი, მაშინ... მაშინ კი დაგეხმარებით.
ერთ წამს დამაშტერდა გაოცებული, შემდეგ კი- ოჰ, არ შემიძლია, არ შემიძლია გითხრათ, რა საშინელი იყო ეს წამი - შემდეგ კი... შემდეგ მან ერთბაშად გადაიხარხარა, გადაიხარხარა ენით აღუწერელი ზიზღნარევი სიძულვილით. პირში დამცინოდა... ეს ქედმაღლური სიძულვილი გამანადგურებლად მოქმედებდა და ამასთანავე მაბრუებდა... ეს უეცარ, ძლიერ აფეთქებას ჰგავდა... ისეთი გასაოცარი ძალა იგრძნობოდა მის დამცინავ, ზიზღნარევ ხარხარში, რომ მე... დიახ, მე მზად ვიყავი მუხლი მომეყარა მის წინაშე და ფეხები დამეკოცნა. ეს მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა... თითქოს ელვამ გამკრა და ცეცხლი წამიკიდა... ისე ავენთე... უცებ ზურგი შემაქცია და სწრაფად გაემართა კარისაკენ.
უნებლიეთ გავეკიდე... ბოდიში მინდოდა მომეხადა... პატიება მეთხოვა... შევევედრებოდი... ჩემი მეობა ხომ სულ შეიმუსრა... მან კი ერთხელ კიდევ მოიხედა უკან და მითხრა... მითხრა კი არა, მიბრძანა:
-არ გაბედოთ უკან გამოდევნება ან ცნობების შეკრება ჩემზე, თორემ ინანებთ!
და მაშინვე გაიჯახუნა კარი.
ისევ პაუზა... ისევ დუმილი... ისევ ის გემის სრიალის ჩქამები, თითქოს მთხარის შუქი ჩქეფდა ნაკადად ჩამოღვრილი. ბოლოს კი ისევ მისი ხმა მოისმა:
-გაიჯახუნა კარი... მე კი გავქვავდი, ადგილიდან ვერ ვიძროდი... მომნუსხა მისმა ბრძანებამ... მესმოდა, როგორ ჩაიარა კიბე, როგორ გაიხურა სახლში შემოსასვლელი კარი... მესმოდა ყველაფერი და მისკენ მიმიწევდა გული... რომ იგი... არ ვიცი, რა... უკან მომეხმო, გამერტყა მისთვის ან დამეხრჩო... ოღონდაც კი უკან... უკან გამოვკიდებოდი... მაგრამ არ შემეძლო. თითქოს დენმა დამკრა და დამბლა დამეცა... დამჭრა, შიგ გულში დამჭრა მისმა ძლევამოსილმა მზერამ... ვიცი, ამას ვერც აგიხსნით, ვერც მოგიყვებით... ეს შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მაინც ვიდექი და ვიდექი... რამდენიმე წუთი გავიდა, იქნებ ხუთი, იქნებ ათიც, სანამ ადგილიდან ფეხის მოცვლას შევძლებდი...
მაგრამ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მაშინვე აღვეგზნე და გასაქცევად მზად ვიყავი... თვალის დახამხამებაში დავეშვი კიბეზე... მას ხომ მხოლოდ სადგურისკენ მიმავალი გზით შეეძლო წასვლა... გავვარდი ფარდულისკენ ველოსიპედის გამოსატანად, მაგრამ გასათები დამვიწყებოდა. ურდულს ვწვდი და ჩამოვგლიჯე, ბამბუკს ლაწალუწი ავუყენე, ნაფოტებად ვაქციე, ერთბაშად გადავევლე ველოსიპედს და გავქანდი, რომ დავწეოდი... მე უნდა... უნდა დავწეოდი, ვიდრე ავტომობილში ჩაჯდებოდა... უნდა მოვლაპარაკებოდი...
ქუჩაში ისე მივქროდი, რომ უკან მტვრის კორიანტელს ვტოვებდი. ახლაღა ვიგრძენი, რა დიდხანს ვმდგარვარ გარინდებული მისი წასვლის შემდეგ... და აი იქ, გზა რომ ტყისკენ უხვევდა, ზედ სადგურის მახლობლად, თვალი მოვკარი მას. აჩქარებული, მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა ბოის თანხლებით... მაგრამ ჩანდა, იმანაც შემამჩნია, რადგან რაღაც უთხრა მხლებელს, რომელიც ჩამორჩა თავის ქალბატონს, მან კი მარტომ განაგრძო გზა... რა განიზრახა ნეტავ? რატომ მოისურვა მარტო სიარული? ისე უნდა მელაპარაკოს, რომ ბოიმ არ გაიგონოს? გააფთრებით დავაწექი პედლებს... უეცრად გვერდიდან წინ რაღაც გადამეღობა... ეს ბოი იყო... ძლივს მოვასწარი ველოსიპედის განზე გაწევა, რომ მიწაზე დავეცი.
ლანძღვა-გინებით წამოვდექი... უნებლიეთ მოვიქნიე მუშტი, რომ მაგრად გამეცხო ამ ყეყეჩისათვის, მაგრამ გვერდზე გამიხტა... ავიღე ველოსიპედი და ზედ უნდა მოვხტომოდი, რომ მაშინვე იქ გაჩნდა ეს არამზადა, ელი მტაცა ველოსიპედზე და დამტვრეული ინგლისურით მითხრა:
-You remain here
თქვენ ტროპიკებში არ გიცხოვრიათ... არ იცით, რა თავხედობაა, როცა ასეთი ყვითელკანიანი ახალგაზრდა ხელს სტაცებს თეთრკანიანი ,,ბატონის“ ველოსიპედს და თან მას, ,,ბატონს“, უბრძანებს: ადგილიდან ფეხი არ მოიცვალო. ამის პასუხადმაგრად ჩავაფარე სახეში. ბიჭი დაბარბაცდა, მაგრამ ველოსიპედისათვის მაინც არ გაუშვია ხელი... თვალები, ვიწრო, მფრთხალი თვალები, მონური შიშისგან გაფართოებოდა... მაგრამ ველოსიპედს მაინც არა და არ ეშვებოდა.
-You remain here,- წაიბურტყუნა კვლავ.
საბედნიეროდ, რევოლვერი თან არ მქონდა, თორემ სულს იქვე გავაცხებინებდი.
-მომცილდი, არამზადავ!- დავუყვირე.
ბოი შიშისგან მოკუნტული მომჩერებოდა, მაგრამ საჭეს ხელს არ უშვებდა. ისევ ჩავცხე თავში, მაინც არ გაუშვა საჭეს ხელი... ახლა კი ბრაზისგან მთლად გავცხელდი... ვხედავდი, რომ ქალბატონი აღარ ჩანდა, შეიძლება კიდეც გაემგზავრა... მაშინ, როგორც მოკრივეებმა იციან ნიკაპს ქვემოდან ამოვარტყი მუშტი დამიწაზე გავთხლარშე... ველოდიპედი ახლა ჩემს ხელთ იყო, იმწამსვე მოვახტი, მაგრამ ვერ დავძარი. შეხლა-შემოხლაში მანი გაღუნულიყო. აცახცახებული ხელებით შევეცადე გამესწორებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა... მივუგდე ველოსიპედი მიწაზე გაშხლართულ არამზადას. ის კი წამოდა მთლად გასისხლიანებული და განზე გადგა... და აი, მაშინ... არა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რარიგ სამარცხვინოა იქ, რომ ევროპელი... მაგრამ აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი... თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა: გამოვკიდებოდი, დავწეოდი... და მე გავიქეცი. შეშლილივით გავრბოდი სოფლის გზაზე, ქოხმახების გასწვრივ, სადაც ყვითელი ბრბო გარეთ გამოეფინა, რომ დაენახათ, როგორ გარბოდა თეთრი კაცი, როგორ გარბოდა ექიმი.
ოფლში გაღვრილმა მივაღწიე სადგურს... ჩემი პირველი შეკითხვა იყო:- სად არის ავტომობილი- მეთქ.- ეს-ესაა წავიდაო-მიპასუხეს. ყველა განცვიფრებული შემომცქეროდა... ალბათ გიჟსა ვგავდი, ასე გაოფლილი და ტალახში ამოსვრილი რომ მოვვარდი და შორიდანვე გავყვიროდი ჩემს შეკითხვას... სადგურს იქით, გზაზე, ავტომობილის თეთრ ბოლს მოვკარი თვალი, ბოლქვებად დამდგარს... გაქცევა მოახერხა... მოახერხა... ასე ახერხებს ალბათ ყველაფერს მკაცრი, დაუნდობელი ანგარიშიანობის გამო.
მაგრამ გაქცევამ ვერ უშველა... ტროპიკებში ევროპელთა შორის არაფერი დაიმალება... აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ყოველი წვრილმანი დიდ ამბად გადაიქცევა ხოლმე... ტყუილად კი არ იდგა მისი შოფერი ერთსაათს მთავრობის ბუნგალოს წინ...რამდენიმე წუთში ყველაფერი შევიტყე... გავიგე ვინ იყო, რომ ის ცხოვრობდა რაიონის მთავარ ქალაქში, აქედან რკინიგზით სულ რვა საათის სავალ მანძილზე... რომ ცოლი იყო ერთი მსხვილი კომერსანტისა, საარაკოდ მდიდარი, წარჩინებული ინგლისელი ბანოვანი... ისიც შევიტყვე, რომ მისი ქმარი ამ დღეებში ამერიკიდან უნდა დაბრუნებულიყო, სადაც ხუთი თქვე გაეტარებინა, და ცოლი ევროპაში წაეყვანა... ის კი-შხამივით მივლიდა ძარღვებში ეს აზრი- ის კი ორი-სამი თვის ფეხმძიმეა...
-აქამდე ჯერ კიდევ შემეძლო რამდენადმე გასაგებად ამეხსნა თქვენთვის ყოველივე... იქნებ იმიტომ, რომ ამ წუთამდე მე მესმოდა ჩემი თავისა... როგორც ექიმი ერთთავად დიაგნოზს ვუსვამდი ჩემს მდგომარეობას. ახლა კი თითქოს ციებ-ცხელებამ შემიპყრო, თავი ვერ დამეოკებინა... ცხადად ვგრძნობდი, რა უაზრო იყო ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, მააგრამ საკუთარ თავს ვეღარ ვიმორჩილებდი, აღარაფერი მესმოდა ჩემი თავისა. ახლა მხოლოდ გიჟივით გავრბოდი და ჩემ წინ მხოლოდ ერთ მიზანს ვხედავდი... თუმცა მოითმინეთ... მაინც ვეცდები როგორმე აგიხსნათ... თქვენ იცით, რა არის ამოკი?
-ამოკი? მგონი, გაგონილი უნდა მქონდეს... ეს სიმთვრალის მსგავსი რაღაცაა მალაელებში...
-არა, ეს სიმთვრალეზე მეტია, ეს გაცოფებაა, ძაღლის გაცოფების მსგავსი... მომაკვდინებელი, შლეგური მონომანიის შემოტევა, რომელსაც ალკოჰოლით მოწამვლის ვერც ერთი ფორმა ვერ შეედრება... იქ ყოფნისას მე თვითონ დავკვირვებივარ რამდენიმე ასეთ შემთხვევას- როცა საქმე სხვას შეეხება, ჩვენ ძალზე ჭკვიანი და საქმიანნი ვართ ხოლმე!- მაგრამ მე მაინც ვერ მივაგენი ამ საშინელი საიდუმლოებით მოცული ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზს... ეს ალბათ რაღაცით დაკავშირებულია იქაურ ჰავასთან, სულის შემხუთავ და გამთანგავ ატმოსფეროსთან, რომელიც ელჭექის წინ შეხუთული ჰაერივით აწვება ნერვიულ სისტემას მანამდე, ვიდრე მეხი  არ ჩამოვარდება- მთელ ფსიქიკას არ ააფეთქებს... მაშ ასე, ჩვენ ამოკზე ვსაუბრობდით... დიახ, ამოკზე... აი, ეს როგორ ხდება... ზის რომელიმე მალაელი, უბრალოზე უბრალო, გულკეთილზე გულკეთილი ადამიანი, ზის და წრუპავს თავის ნაყენს... ზის გულგრილი, უილაჯო, გამოთაყვანებული... ისევე, როგორც მე ვიჯექი ჩემს ოთახში... და ერთბაშად წამოვარდება, ხელს სტაცებს ხანჯალს და ქუჩაში გავარდება... მირბის პირდაპირ, სულ პირდაპირ, თვითონაც არ იცის, საით. ვინც უნდა შემოეყაროს გზაზე, ადამიანი იქნება თუ ცხოველი, კლავს თავისი კისრით და სისხლის ხილვა კიდევ უფრო ახელებს... პირიდან დუჟი გამოსდის, შლეგივით ღრიალებს, თან გარბის, გარბის და გარბის, არც მარჯვნივ იყურება, არც მარცხნივ, მირბის შემზარავი ღრიალითა და სისხლიანი ხანჯლით თავის საშინელ გზაზე... სოფლელებმა კარგად იციან: არ არსებობს ისეთი ძალა, ამოკით შეპყრობილი რომ შეაჩეროს, და ყვირიან, სხვებს აფრთხილებენ, ამცნობენ მის მოახლოებას: -ამოკი! ამოკიო! ყველანი გარბიან. ის კი მიქრის, არ ესმის არაფერი, ვერ ხედავს ვერაფერს და ყველას ხოცავს, ვინც შეხვდება... ვიდრე თვითონ მასაც არ მოკლავენ, როგორც ცოფიან ძაღლს ან დუჟმორეული თვითონ არ დაეცემა.
ერთხელ ჩემი ბუნგალოს ფანჯრიდან ვნახე... საზარელი რამ იყო... მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ საკუთარი თვალითა მაქვს ნანახი, მესმის ჩემი საქციელი იმ დღეებში... რადგან ასევე, სწორედ ასევე გახელებული, თვალებგაშტერებული და თვალებგადმოკარკლული, გვერდზე მიუხედავად ავედევნე... იმ ქალის კვალს... აღარ მახსოვს, როგორ ჩავიდინე ეს ამბავი, ისე თავბრუდამხვევი სისწრაფით მოხდა ყოველივე, ისე ფეთიანივით ვმოქმედებდი... ათ წუთსაც არ გაევლო იმის შემდეგ, არა, რას ვამბობ, ხუთსაც, ორ წუთსაც, რაც ყველაფერი შევიტყვე ამ ქალზე, გავიგე მისი სახელი, მისამართი, ისტორია მისი ცხოვრებისა, რომ სახელდახელოდ ნათხოვარი ველოსიპედდით მივქროდი შინისაკენ. ჩავყარე ტანსაცმელი ჩემოდანში, ჩავიდე ფული ჯიბეში და რკინიგზის სადგურისკენ ეტლით გავქანდი... ისე გავემგზავრე, რომ არ მიცნობებია რაიონის მოხელისათვის და არც მოადგილედამინიშნავს; სახლიცა და ნივთებიც, ყველაფერი ღვთის ანაბარად მივატოვე... მსახურები დამეხვივნენ, განცვიფრებული ქალები რაღაცას მეკითხებოდნენ, მაგრამ მე კრინტს არ ვძრავდი და ზედაც არ ვუყურებდი მათ... რკინიგზისკენ გავქანდი და პირველივე მატარებლითქალაქს გავემგზავრე... ერთ საათზე მეტი არ იყო გასული რაც ამ ქალმა ჩემს სახლში შემოდგაფეხი, მე კი უკვე სასწორზე შევაგდე ჩემი ბედ-იღბალი და ამოკით დევნილი მივქროდი არარაობისაკენ...
მივქროდი პირდაპირ, მივქროდი წინდაუხედავად. საღამოს ექვს საათზე ქალაქში ჩავედი… შვიდის ათ წუთზე უკვე მის სახლში გავჩნდი და ვთხოვე, ჩემ შესახებ მოეხსენებინათ... ეს იყო... თქვენ კარგად გესმით... ყველაზე უაზრო, ყველაზე სულელური რამ, რაც კი შემეძლო ჩამედინა... მაგრამ ამოკით დევნილი ხომ ბრმად მიქრის და არ იცის, საით...რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა მსახური... თავაზიანი და ცივი... ქალაბატონი შეუძლოდაა და ვერ მიგიღებთო...
ბარბაცით გამოცედი... მთელი საათი ვიხეტიალე მისი სახლის ირგვლივ იმ სულელური იმედით, იქნება ძებნა დამიწყოს მეთქი... შემდეგღა წავედი სტრენდ-ოტელში, დავიქირავე ოთახი და ორი ბოთლი ვისკი ამოვატანინე. ვისკიმ და ვერონალის ორმაგმა დოზამ მიშველა... ბოლოს, როგორც იქნა, დამეძინა... და ეს მძიმე, წამებით აღსავსე ძილი ერთადერთი შესვენება იყო ამ ჯირითში სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
გემის ზარმა ორჯერ ჩამოკრა. ორი მკაფიო, მძიმე დარტყმა დიდხანს თრთოდა თითქმის უძრავ, შეტბორებულ ჰაერში და შემდეგ ნელ-ნელა ჩაიძირა წყლის განუწყვეტელ დგაფუნში, რომელიც ერთთავად თან ახლდა ამ მგზნებარე თხრობას. ჩემს პირდაპირ სიბნელეში მჯდარი კაცი, ეტყობა, შეკრთა, რადგან სიტყვა გაუწყდა. ისევ გავიგონე, ხელის ფათურით როგორ ეძებდა ბოთლს და ჭიქაში ვისკის ნელი წანწკარიც მომესმა. შემდეგ კი, თითქოს დამშვიდდაო, უფრო მტკიცე ხმით განაგრძო.
-მეეჭვება, შევძლო მოგითხროთ ის, რაც ამის მერე მოხდა. ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ ციებ-ცხელებით ვიყავი ატანილი, ყოველ შემთხვევაში, ძალზე აღელვებული, სიგიჟემდე მისული- ამოკით შეპყრობილი, როგორც უკვე გითხარით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მე ჩამოვედი სამშაბათ ღამით, შაბათს კი, როგორც შევიტყვე, ოიკოჰამიდან ინგლისის ერთ-ერთი სანაოსნო კომპანიის გემით უნდა დაბრუნებულიყო მისი ქმარი; მაშასადამე, რჩებოდა მხოლოდ სამი დღე, სამი მოკლე დღე შეთანხმებისა და დახმარების აღმოსაჩენად. გესმით, მე ვიცოდი, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღმომეჩინა მისთვის დახმარება და მასთან დალაპარაკების საშუალება კი არ მქონდა. სწორედ ის მახელებდა კიდევ უფრო, რომ ჩემი სასაცილო, შლეგური საქციელის გამო პატიება უნდა მეთხოვა. ვიცოდი, რარიგ ძვირფასი იყო ყოველი წამი, ვიცოდი, რომ მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და მაინც საშუალება არ მქონდა ერთი სიტყვა წამეჩურჩულებინა, რაიმე ნიშანი მიმეცა, რადგან სწორედ ჩემმა უაზრო და შეუპოვარმა დევნამ შეაშინა. ეს იყო... დიახ, მოითმინეთ... ეს იმას ჰგავდა, როცა ერთი მეორეს მისდევს, რათა აცნობოს, მოკვლას გიპირებენო, მას კი თვითონ მდევარი მიაჩნია მკვლელად და უფრო სწრაფად მიქრის აღსასრულისაკენ... მე მარტოოდენ ამოკით შეპყრობილი ადამიანი ვეგონე, მას ადევნებული და მისი დამცირების მოსურნე. მე კი... და სწორედ ეს იყო საშინელი უაზრობა... მე ამაზე აღარ ვფიქრობდი სულაც... სავსებით განადგურებული ვიყავი და იმასღა ვნატრობდი, როგორმე დავხმარებოდი, სამსახური გამეწია მისთვის... დანაშაულს, მკვლელობასაც კი ჩავიდენდი, ოღონდაც გადამერჩინა... მაგრამ მას, მას არ ესმოდა ჩემი. მეორე დილით ავდექი თუ არა, მაშინვე მისი სახლისაკენ გავიქეცი. კარების წინ  ბოი იდგა. სორედ ის ბოი, რომელსაც სახეში გავარტყი. რა წამს შორიდან მომკრა თვალი, -უეჭველად მე მიცდიდა,- მაშინვე სახლში შევარდა. იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ ეცნობებინა ჩემი მისვლა... იქნებ... ოჰ, ეს გაურკვევლობა, რარიგ მტანჯავს ახლაც... იქნებ ყველაფერი გამზადებულიც იყო ჩემ შესახვედრად... მაგრამ იმ წუთს როცა ეს ბიჭი დავინახე, გამახსენდა ჩემი შერცხვენა და გამბედაობა აღარ მეყო კვლავაც მეცადა... მუხლები მიკანკალებდა. ზედ ზღურბლთან მისული გამოვბრუნდი და წამოვედი... წამოვედი იმ წუთს, როცა, ვინ იცის, იგი მიცდიდა და თანაც ჩემზე ნაკლებად არ იტანჯებოდა.
ახლა კი აღარ ვიცოდი, რა მექნა უცხო ქალაქში, მისი ფილაქანი ისე მიწვავდა ფეხებს, თითქოს ნაკვერჩხლებზე დავდიოდი... ანაზდად ერთმა აზრმა გამიელვა თავში, ვუხმე ეტლს და იმ ვიცე-რეზიდენტისაკენ გავწიე, რომელსაც  ერთხელ დახმარება აღმოვუჩინე. მისვლისთანავე ვუბრძანე კარისკაცს, მოახსენეთ, რომ მიმიღოს-მეთქი... ჩემს გარეგნობაში ალბათ რაღაც უცნაური შეინიშნებოდა, რადგან ვიცე-რეზიდენტმა შეფიქრიანებულმა შემათვალიერა, მის თავაზიანობაში შეშფოთება გამოსჭვიოდა... ალბათ ჩემში ამოკით შეპყრობილი თუ შეიცნო... მე გადაჭრით განვუცხადე: ქალაქში გადმომიყვანეთ, რადგან ჩემს ადგილზე გაძლება აღარ შემიძლია... დაუყოვნებლივ უნდა გადმოვიდე-მეთქი. მან შემომხედა... ვერ გადმოგცემთ, როგორ შემომხედა... აი ისე, ექიმი რომ შეხედავს ავადმყოფს...
-თქვენმა ნერვებმა ვეღარ აიტანეს, ძვირფასო ექიმო,- მითხრა მან შემდეგ,- ძალიან კარგად მესმის; როგორმე მოგვარდება ყველაფერი, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოთ... ვთქვათ ოთხი კვირა. ჯერ შემცვლელი უნდა მოგიძებნოთ.
-ერთ დღესაც ვეღარ მოვიცდი,-ვუპასუხე მე.
მან ისევ უცნაურად გამომხედა.
-უნდა მოითმინოთ, ექიმო,- მითხრა სერიოზულად,- ადგილს უექიმოდა ვერ დავტოვებთ, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, ამ საქმის მოგვარებას დღეიდანვე შევუდგები.
მე კი კრიჭაშეკრული ვიდექი მის წინ: პირველად ახლაღა ვიგრძენი ცხადად, რომ გაყიდული ადამიანი, მონა ვიყავი. ის იყო მოთმინების ფიალა ამევსო და უნდა ავფეთქებულიყავი, რომ როგორც საზოგადოებაში გამოსულმა კაცმა, თავაზიანად დამასწრო:
-თქვენ ადამიანებს გადაეჩვიეთ, ექიმო და ეს თავისებური ავადმყოფობაა. ყველას გვიკვირდა, რომ არასოდეს არ ჩამოდიოდით ქალაქში, არ იღებდით შვებულებას, თქვენ საზოგადოებაში ყოფნა გესაჭიროებათ, გართობა. დღეს საღამოს მაინც მოდით- მთავრობა დარბაზობას მართავს, აქ მთელ კოლონიას იხილავთ. ზოგი მათგანი დიდი ხანია მოწადინებულია გაგიცნოთ, ხშირად უკითხავხართ და სურვილიც გამოუთქვამთ: აქ გადმოვიდესო.
ბოლოს ნათქვამმა გამაოცა. ვუკითხავვარ? იქებ მან მიკითხა? უეცრად მთლად შევიცვალე: მაშინვე თავაზიანად გადავუხადე მადლობა მიპატიჟებისთვის და შევპირდი, დროზე მივსულიყავი წვეულებაზე. მართლაც, დროზე კი არა, ერთობ ადრეც მივედი: უნდა მოგახსენოთ, რომ მოუთმენლობით შეპყრობილი პირველი გამოვცხადდი მთავრობის სასახლის უზარმაზარ დარბაზში. ყვითელკანიანი მსახურები უსიტყვოდ ფუსფუსებდნენ ირგვლივ, რბილად აბიჯებდნენ შიშველ ფეხებს და როგორც ჩემს არეულ გონებას ეჩვენებოდა, ზურგს უკან თითქოს დამცინოდნენ კიდეც. მთელი მეოთხედი საათი ერთადერთი ევროპელი ვიყავი სამზადისით გართულ და გატვრენილ მსახურთა შორის, საათის წიკწიკიც კი მესმოდა ჟილეტის ჯიბიდან. შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა ორიოდე მოხელე თავიანთ ოჯახებთან ერთად, ბოლოს კი გუბერნატორიც გამოჩნდა, რომელმაც ხანგრძლივი საუბარი გამიბა; მე გულდასმით ვუსმენდი და, ვგონებ, მარჯვედ ვპასუხობდი კიდეც, ვიდრე... ვიდრე ანაზდად რაღაც იდუმალმა ღელვამ არ შემიპყრო, გაქრა ჩემი თავშეკავება და ენის ბორძიკითღა ვეპასუხებოდი გუბერნატორს. კარისკენ ზურგით ვიდექი, მაგრამ ერთბაშად ვიგრძენი, რომ იგი შემოვიდა, რომ იგი უკვე დარბაზში იყო. ვერ გეტყვით, როგორ გამიჩნდა ეს შემაჩქვიფებული წინათგრძნობა, მაგრამ ვიდრე გუბერნატორს ველაპარაკებოდი და ყურში მისი სიტყვები ჩამესმოდა, სადღაც ზურგს უკან ვგრძნობდი იმ ქალის ყოფნას. საბედნიეროდ, გუბერნატორმა მალე მოათავა ჩემთან საუბარი, თორემ მაშინვე რომ არ გავეშვი, მგონი, აღარ მივხედავდი ზრდილობის წესს და უთუოდ პირს ვიბრუნებდი, ისე უცნაურად მქონდა ნერვები დაჭიმული, ისე ძლიერ მაწვალებდა თავის მიბრუნებისა და გახედვის სურვილი. მართლაც, ვერც კი მოვასწარი მოტრიალება, რომ დავინახე იგი სწორედ იმ აგილას, სადაც მეგულებოდა. ყვითელი სამეჯლისო კაბა ეცვა, რომელიც მის ვიწყო, სალუქ მხრებს სპილოს ძვლის მქრქალ შუქს ჰფენდა. სტუმრების ერთი ჯგუფი იდგა და ბაასობდა, იღიმებოდა, მაგრამ მე მაინც მომეჩვენა, რომ სახე დაძაბული ჰქონდა. მივუახლოვდი- ან ვერ დამინახა, ან არ სურდა, რომ დავენახე- და დავაკვირდი ამ ღიმილს, ალერსიანსა და თავაზიანს, თხელ ბაგეებზე რომ დასთამაშებდა. და ამ ღიმილმა ისევ დამათრო, რადგანაც იგი... რადგანაც ვიცოდი, რომ ეს სიცრუე იყო, ხელოვნება თუ ტექნიკა, ვირტუოზობა თვალთმაქცობისა. დღეს ოთხშაბათია, გამიელვა თავში, შაბათს კი ჩამოვა გემი, რომლითაც მისი მეუღლე დაბრუნდება... როგორ შეუძლია ამ ქალს ასე იღიმებოდეს, ასე... ასე გულდაჯერებით, ასე უდარდელად იღიმებოდეს და ხელში დაუდევრად ათამაშებდეს მარაოს, იმის ნაცვლად, რომ მღელვარებისაგან ამტვრევდეს მას? მე... მე, უცხო ადამიანი... მე ვთრთი ორი დღეა ამ საათის მოლოდინში... მე, სრულიად უცხო კაცი, ასე ძლიერ განვიცდი მის განსაცდელს, საფრთხეს, რომელიც ემუქრება... ის კი მეკლისზე მობრძანდება და იღიმება, იღიმება და იღიმება...
სადღაც უკან მუსიკის ხმა გაისმა. ცეკვა დაიწყო. ერთმა ხანში შესულმა ოფიცერმა გაიწვია. ქალმა ბოდიში მოუხადა თანამოსაუბრეთ და ოფიცერთან ხელგაყრილმა ჩამიარა წინ, რომ მეორე დარბაზში გასულიყვნენ. როცა შემნიშნა, ერთბაშად შეცბუნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით. შემდეგ კი, ვიდრე მე გადავწყვეტდი, მივსალმებოდი თუ არა, თავაზიანად დამიკრა თავი, როგორც შემთხვევით ნაცნობს: ,,საღმო მშვიდობისა, ექიმო“ - და მაშინვე გაუჩინარდა. აბა, ვინ გაიგებდა, რა იმალებოდა ამ მონაცრისფრო-მომწვანო თვალთა გამოხედვაში, და მე, მე თვითონაც ვერაფერი გავიგე. რატომ მომესალმა. რატომ მიცნო ასე უეცრად? თავს იზღვევდა, შერიგება სურდა და მხოლოდ და მხოლოდ დაიბნა მოულოდნელობისაგან? ვერ აგიწერთ როგორ ამაღელვა ამ შეხვედრამ, სულ ერთიანად ავფორიაქდი და ასაფეთქებლად დავიმუხტე, ხოლო მერე, როდესაც ვნახე, რა მშვიდად და ცცივად და უდარდელად ცეკვავდა ვალსს ოფიცრის მკლავზე დაყრდნობილი და თან ვიცოდი, რომ იგი... რომ იგი, ისევე როგორც მე, მხოლოდ იმაზე... იმაზე ფიქრობდა... აქ მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით საშინელი საიდუმლოება... ის კი ვალსს ცეკვავდა ასეთი კრთომა და ლტოლვა, ჟინი და აღტაცება არასოდეს განმიცდია. არ ვიცი, თვალყურს მადევნებდა თუ არა ვინმე, მაგრამ, ცხადია, ჩემი ქცევით შემეძლო გამომეაშკარავებინა ის, რასაც ქალი ასე ოსტატურად ფარავდა. თვალს ვერ ვაშორებდი... მე უნდა... დიახ, მე უნდა აუცილებლად მეცქირა მისთვის, სხვაგვარად არ შემეძლო... თვალებით ვჭამდი, დიახ, შორიდან ვეწაფებოდი მის მშვიდ სახეს,მაინტერესებდა, ერთი წამით მაინც ჩამოსცილდებოდა თუ არა ნიღაბი. მას კი, ეტყობოდა, არ სიამოვნებდა ჩემი ასე ჩაციებული ცქერა. როცა თავის კავალერთან ხელგაყრილმა უკან გამოიარა, ელვის სისწრაფით ისე გადმომხედა, თითქოს მიბრძანებდა, გამეცალეო; თან კვლავ ამაყად დაეძაგრა შუბლი და ზედ ჩემთვის უკვე ნაცნობი სიბრაზის პაწია ნაოჭი დაეტყო.
მაგრამ... მაგრამ... ხომ გითხარით... ამოკით ვიყავი ატანილი-მეთქი და არც მარჯვნივ და არც მარცხნივ აღარ ვიხედებოდი. მაშინვე მივხვდი- ეს შეხედვა მეუბნებოდა: ყურადღებას ნუ იქცევ, თავი შეიკავეო! დიახაც, ვიცოდი, რომ იგი... როგორთა ვთქვა?.. რომ იგი ჩემგან თავშეკავებას მოითხოვდა ან დიდ დარბაზში... მივხვდი, რომ თუ ახლა შინ დავბრუნდებოდი ხვალ აუცილებლად მიმიღებდა... რომ მას მხოლოდ ახლა, მხოლოდ ახლა არ სურდა ჩემი ერთობ თვალშისაცემი ყურადღების ცენტრში ყოფილიყო... რომ მას ეშინოდ- და სრულიად სამართლიანადაც- რაიმე უხერხული საქციელი არ ჩამედინა... თქვენ ხედავთ... რომ ყველაფერი ვიცოდი, რომ მივხვდი ამ ნაცრისფერი თვალების მბრძანებლურ გამოხედვას, მაგრამ... მაგრამ ეს ჩემს ძალას აღემატებოდა, მე უნდა გამოვლაპარაკებოდი... ჰოდა, ბარბაცით გავემართე და იმ ჯგუფში გავერიე, სადაც იგი ბაასობდა, თუმცა სულ ორიოდე კაცს თუ ვიცნობდი მათ შორის... მისი ლაპარაკი მინდოდა მომესმინა, მაგრამ ნაცემი ძაღლივით ვიკუნტებოდი, როცა ცივად გადმომხედავდა ხოლმე, თითქოს ის ტილოს ფარდა ვიყავი, რომელსაც მივყრდნობოდი, ანდა ჰაერი, რომელიც ამ ფარდას არხევდა. მაგრამ მე მაინც ვიდექი და ველოდი, იქნებ ჩემთვისაც ერთი სიტყვა გამოიმეტოს, შერიგების მაუწყებელი რამ მანიშნოს-მეთქი. ვიდექი და ვიდექი, სვეტივით დაყუდებული და თვალს არ ვაცილებდი სხვებთან მოსაუბრეს. უთუოდ ეს სხვებმაც შენიშნეს... უთუოდ... რადგან ჩემთვის ხმა არავის გაუცია, ის კი ალბათ იტანჯებოდა ჩემი ახირებული საქციელის გამო.
არ ვიცოდი, რამდენ ხანს ვიდგებოდი ასე... ალბათ მთელ საუკუნეს... ძალა არ შემწევდა დამეძლია თილისმა, შემბოჭველი ჩემი ნებისა. თითქოს დამბლა დამცა ჩემივე გაშმაგებულმა სიჯიუტემ... მაგრამ მან ვეღარ მოითმინა... მისთვის ჩვეული მომხიბლავი უშუალობით უეცრად მიუბრუნდა მოსაუბრეებს და წარმოთქვა:
-ცორა არ იყოს დავიღალე. დღეს ადრე მინდა დავიძინო... ღამე ნებისა!
წინ ჩამიარა და ოდნავ დამიკრა თავი, თითქოს თავაზიანობის ვალს იხდისო... მე კვლავ შევნიშნე მის შუბლზე ნაოჭი, მერე კი მის ზურგსღა მოვკარი თვალი, თეთრ, ამაყ, შიშველ ზურგს. გავიდა ერთი წამი, ვიდრე მივხვდებოდი, რომ იგი მიდიოდა... რომ ვეღარ ვნახავდი, ვეღარ დაველაპარაკებოდი ამ საღამოს, ამ უკანასკნელ საღამოს, როცა კიდევ შეიძლებოდა მისი გადარჩენა... ისევ ერთ ადგილზე გაქვავებული ვიდექი, ვიდრე მივხვდებოდი... რომ შემდედ... შემდეგ...
მაგრამ მოითმინეთ... მოითმინეთ...თორემ ასე ვერ გაიგებთ ჩემი საქციელის მთელ უაზრობასა და სისულელეს... ჯერ მოქმედების ადგილი უნდა აგიწეროთ. ეს მოხდა მთავრობის შენობის დიდ დარბაზში... ქალ-ვაჟნი წყვილ-წყვილად გაიკრიფნენ საცეკვაოდ, კაცები კი ბანქოს სათამაშოდ გავიდნენ. მხოლოდ აქა-იქ დარბაზის კუთხეებში მუსაიფობდა რამდენიმე ჯგუფი... ასე რომ, დარბაზი ცარიელი იყო, ჭაღების მკვეთრ შუქზე ყოველი მოძრაობა მაშინვე გეცემოდათ თვალში... ლამაზი მხრების რხევით, აუჩქარებლად, მსუბუქი ნაბიჯებით მიდიოდა იგი ამ დიდ, ვრცელ დარბაზში და დროდადრო ენით აუწერელი თვალდაჭერით აძლევდა პასუხს სალამზე... ისეთი დიდებული, ამაყი, არისტოკრატული სიმშვიდით, რომელიც ასე მხიბლავდა... მე... მე კი ვიდექი ერთ ადგილას, როგორც გითხარით, დამბლადაცემულივით, ვიდრე არ მივხვდი, რომ სულ მიდიოდა... ხოლო მაშინ, როცა ამას მივხვდი, უკვე დარბაზის მეორე ბოლოში იყო გასული, ერთი ბეწო მანძილიღა რჩებოდა კარამდე... და მაშინ... ახლაც კი სირცხვილისგან ცეცხლი მეკიდება, ამას რომ ვიხსენებ... უეცრად რაღაცამ ხელი მკრა თითქოს და მე გავიქეცი... გესმით: გავიქეცი. კი არ წავედი, გავიქეცი, გამოვეკიდე. ჩემი ქუსლების ბრახუნი ჭექა-ქუხილივით ისმოდა დარბაზში... მე აღვიქვამდი ჩემი ნაბიჯების ხმას... მე ვხედავდი, რომ ყველა განცვიფრებული მომჩერებოდა... სირცხვილისგან ვიწვოდი... გავიქეცი თუ არა, მაშინვე ვიგრძენი ჩემი საქციელის სიგიჟე... მაგრამ არ შემეძლო... უკან დაბრუნება არ შემეძლო... კართან დავეწიე... მომიტრიალდა... თვალები ფოლადის სატევარივით ჩამასო, ნესტოები უთრთოდა განრისხებისაგან... მინდოდა რაღაც წამელუღლუღებინა, რომ მან... მან უეცრად ხმამაღლა გადაიკისკისა- წკრიალა, უდარდელი, გულწრფელი სიცილით და ხმამაღლა მითხრა, რომ ყველას გაეგონა:
-ოჰ, ექიმო, ახლაღა მოგაგონდათ, რეცეპტის გამოწერას რომ შემპირდით ჩემი ბავშვისათვის... რა ხალხი ხართ მეცნიერები...
ახლოს მდგომთაც გულწრფელად გაიცინეს... მე მივხვდი... თავბრუ დამეხვა გაოცებისაგან, როგორ ოსტატურად დააღწია თავი მდგომარეობას... მოვძებნე ჯიბეში  ბლოკნოტი, ამოვხიე დაუწერელი ფურცელი, რომელიც მან დაუდევრად გამომართვა, ცივი ღიმილით გადამიხადა მადლობა და წავიდა... ეს ჯერ გამიხარდა კიდეც... რადგან: დავინახე, რა ოსტატურად გაართვა თავი შექმნილ ვითარებას და ჩემი უხერხული ნაბიჯი გამოასწორა... მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაფერი დაკარგული იყო, რომ ამ ქალს ვძულდი ჩემი ფიცხი და სულელური საქციელის გამო... ვძულდი ჭირივით... ახლა ასჯერ რომ ვხლებოდი, ასჯერვე ძაღლივით გამომაგდებდა გარეთ.
ბარბაცით გავიარე დარბაზი... აშკარად ვამჩნევდი, რომ ხალხი მომჩერებოდა... ალბათ უცნაური სანახავი ვიყავი... ბუფეტში შევედი, ზედიზედ გადავკარი ორი, სამი, ოთხი ჭიქა კონიაკი... ამან გულის წასვლას გადამარჩინა... მაგრამ ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, მოშლილზე მოშლილი... მეტის ატანა აღარ ძალმიძდა… ამიტომ გვერდითი კარით გამოვიპარე მალულად, როგორც ბოროტმოქმედი... მეორედ იმ დარბაზში რაღა გამატარებდა, რომლის კედლებშიც ეს-ეს იყო დაირხა მისი კისკისი... მე წავედი... ახლა უკვე ვეღარ გეტყვით, სახელდობრ სად... რომელიღაც სამიკინტოებს ჩამოვუარე და გავილეშე... იმ კაცივით გავილეშე, რომელსაც ყველაფრის დავიწყება სურს... მაგრამ... მაინც ვერ მოვახერხე გავბრუებულიყავი... სიცილი... გამყინავი და ავი სიცილი ჩამესმოდა ყურში... სიცილი... ეს წყეული სიცილი ვერა და ვერ ჩავახშე... შემდეგ ნავსადგურში დავიწყე ხეტიალი... რევოლვერი სასტუმროში დამრჩენოდა, თორემ უთუოდ თავს მოვიკლავდი. სხვაზე აღარაფერზე ვფიქრობდი და მხოლოდ ამ განზრახვით გავემართე შინისაკენ... მხოლოდ კომოდის მარცხენა უჯრა მედგა თვალწინ, სადაც ჩემი რევოლვერი იდო... მხოლოდ ამ ერთადერთი ფიქრით.
თუ მაშინ თავი არ მოვიკალი, გეფიცებით, ეს სიმხდალის გამო არ დამმართნია... ჩემთვის ნამდვილი ხსნა იქნებოდა ფეხზე შეყენებული ცივი ჩახმახის დაცემინება... მაგრამ, როგორ აგიხსნათ... მოვალეობას ვგრძნობდი, დიახ, დახმარების მოვალეობას, იმ წყეულ მოვალეობას... ჭკუიდან მშლიდა ის აზრი, რომ შეიძლებოდა კიდევ დავჭირვებოდი, კიდევ გამოვდგომოდი... უკვე ხომ ხუთშაბათი დილა იყო, როცა სასტუმროში დავბრუნდი, შაბათს კი, როგორც გითხარით, უნდა ჩამოსულიყო გემი. ვიცოდი, რომ ეს ქალი, ეს ქედმაღალი, ზვიადი ქალი ვერ გადაიტანდა დამცირებას ქმრისა და ხალხის თვალში... ოჰ, რარიგად მტანჯავდა ფიქრი ასე უგუნურად დაკარგულ ძვირფას დროზე, ჩემს გიჟურ წინდაუხედაობაზე, რომლის გამო შეუძლებელი გახდა თავის დროზე დავხმარებოდი... გეფიცებით საათობით, დიახ, საათობით ვცემდი ბოლთას ოთახში და ტვინს ვიჭყლეტდი იმაზე ფიქრით, როგორ დავახლოვებოდი, როგორ გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, რომ შემწეობა აღმომეჩინა მისთვის... ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ ის ქალი არ მიმიღებდა, ახლოსაც არ გამიკარებდა... ისევ და ისევ ყოველი ნერვით აღვიქვამდი მის სიცილს, მისი ნესტოების აღშფოთებულ თრთოლას... საათობით, ჭეშმარიტად მთელი საათობით დავწრიალებდი წინ და უკან, ვსერავდი სულ რაღაც სამიოდე მეტრს ჩემს ვიწრო ოთახში...
უკვე დღე იყო, შუადღე ახლოვდებოდა...
და უეცრად რაღაცამ მიბიძგა მაგიდისაკენ... უჯრიდან საფოსტო ქაღალდის დასტა ამოვაძრე და წერილის წერას შევუდექი... ყველაფერს ვწერდი... ნაცემი ძაღლივით ვწკმუტუნებდი და პატიებას ვითხოვდი, ჩემს თავს გიჟსა და დამნაშავეს ვუწოდებდი... ვემუდარებოდი ნდობით მომკიდებოდა... ვეფიცებოდი, რომ მეორე საათშივე გავქრებოდი ქალაქიდან, კოლონიიდან და, თუ ისურვებდა, ამ წუთისოფლიდანაც... ოღონდაც მოეტევებინა და დაეჯერებინა ჩემთვის... ნება მოეცა მეშველა მისთვის ამ უკანასკნელ, საბედისწერო საათს... ოცი გვერდი ავაჭრელე... ალბათ რაღაც შლეგური, რაღაც გაუგონარი რამ გამოვიდა, მძიმე ავადმყოფის ბოდვა თუ... როცა მაგიდიდან წამოვდექი, მთლად ოფლში ვიყავი გაღვრილი... თავბრუ მესხმოდა, ოთახი ტრიალებდა ჩემ თვალწინ... ერთი ჭიქა წყალი დავლიე და ცოტა სული მოვითქვი... მაშინღა ვცადე წერილი გადამეკითხა, მაგრამ პირველივე სიტყვებმა ამაღელვეს... ათრთოლებულმა დავკეცე და ის იყო კონვერტში დავუპირე ჩადება, რომ უეცრად თავში ერთმა აზრმა გამიელვა: ვიპოვე ჭეშმარიტი, გადამწყვეტი სიტყვა. ერთხელ კიდევ ვტაცე ხელი კალამს და ბოლოში მივაწერე: ,,თქვენს შენდობას ველი, აქ სტრენდ-ოტელში. თუ შვიდ საათამდე პასუხი ვერ მივიღე, თავს მოვიკლავ“.
მერე სასტუმროს ბოის დავურეკე და ვუბრძაე წერილი წაეღო. როგორც იქნა, ყველაფერი ითქვა... ყველაფერი.
ჩვენ გვერდით რაღაცამ დაიწკრიალა და გაგორდა. ვისკის ბოთლზე ხელი მოუხვდა და წააქცია. მესმოდა, როგორ აფათურებდა ხელს გემბანზე, ბოლოს, როგორც იქნა, დასწვდა ცარიელ ბოთლს და ზღვაში გაისროლა. რამდენიმე წუთს დუმდა შემდეგ კი, კიდევ უფრო აღგზნებულმა, ვიდრე აქამდე იყო, სწრაფად, ციებცხელებიანივით განაგრძო:
-მე ღმერთი აღარა მწამს... ჩემთვის აღარ არსებობს აღარც ზეცა, აღარც ჯოჯოხეთი... და თუ ჯოჯოხეთი მაინც არსებობს, არ მეშინია მისი... ის იმაზე საშინელი არ შეიძლება იყოს, რაც იმ დღეს განვიცადე შუადღიდან დაბინდებამდე... წარმოიდგინეთ მზით გახურებული პატარა ოთახი, შუადღის მზე სულ უფრო და უფრო რომ აჭერს... პატარა ოთახი, შუადღის მზე სულ უფრო და უფრო რომ აჭერს... პატარა ოთახი, სადაც მხოლოდ მაგიდა, სკამი და საწოლი დგას... და ამ მაგიდაზე არაფერია საათისა და რევოლვერის გარდა, მაგიდასთან კი ზის ადამიანი... ადამიანი, რომელიც არ ჭამს, არ სვამს, პაპიროსს არ ეწევა და ადგილიდან არ იძვრის... რომელიც ერთთავად... გესმით, ერთთავად... მთელი სამი საათის განმავლობაში მისჩერებია ციფერბლატის თეთრ წრესა დაპატარა ისარს, წიკწიკით რომ ურბენს ამ წრეს... აი ასე, ასე გავატარე ეს დღე... სულ ველოდი, ველოდი, ველოდი... მაგრამ ველოდი, როგორც... როგორც ამოკით შეპყრობილი იქმს ყოველივეს, უაზროდ, პირუტყვივით უგუნურად, მძვინვარე შეუპოვრობითა და აჩემებით.
ჰოდა... ვერ აგიწერთ მე ამ საათებს... ეს შეუძლებელია... ახლა თვითონაც აღარ მესმის, როგორ ავიტანე და... და ჭკუაზე არ შევცდი... ჰოდა... ოთხის ოცდაორ წუთზე... ძალიან კარგად მახსოვს, მე ხომ საათს მივჩერებოდი... უეცრად კაკუნი გაისმა კარზე. იმწამსვე წამოვვარდი... წამოვვარდი და, როგორც ვეფხვი, თავის ნადავლს რომ დაახტება ხოლმე, ერთი ნახტომით კართან გავჩნდი, გამოვაღე... გარეთ ჩინელი ბიჭუნა იდგა აფორიაქებული და ხელში დაკეცილი ბარათი ეჭირა. გამოვგლიჯე ქაღალდი ხელიდან და ბიჭუნამ მაშინვე მოკურცხლა, თვალს მიეფარა. ბარათი გავშალე, მინდა წავიკითხო... და არ შემიძლია წაკითხვა. თვალებში წითელი წრეები მიტრიალებს... წარმოიდგინეთ ჩემი ტანჯვა: როგორც იქნა, როგორც იქნა, როგორც იქნა, პასუხი მივიღე მისგან და სწორედ ახლა ხტიან და ცეკვავენ ასოები... ცივი წყალი შევისხი სახეზე და უკეთ ვიგრძენი თავი... ხელახლა ავიღე წერილი და წავიკითხე:
,,გვიანაა! მაგრამ შინ დამელოდეთ... შეიძლება კიდევ დაგიძახოთ“.
ხელს არ აწერდა. დაჭმუჭნილ ქაღალდზე, რომელიღაც ძველი პროსპექტიდან რომ მოეციათ, სიტყვები ფანქრით იყო დაჩხაპნილი, ნაჩქარევად, ოკრობოკროდ, მაგრამ ენერგიული ხელით... არ ვიცი, ამ ბარათმა ასე რატომ შემძრა... რაღაც საშინელება, რაღაც საიდუმლოება იმალებოდა ამ სიტყვებში, რომლებიც თითქოს გაქცევის წინ იყო დაწერილი, ფეხზე დგომელა ფანჯრის რაფაზე, ანდა ეტლში... რაღაც ენით უთქმელმა შიშმა. მოუსვენრობამ და ძრწოლამ დამიბერა ცივად ამ საიდუმლოებით მოცული ბარათიდან... და მაინც... და მაინც ბედნიერი ვიყავი... რადგან მომწერა. მაშ, ჯერ არ უნდა მოვმკვდარიყავი, იგი ნებას მაძლევდა მივშველებოდი... იქნებ... ვუშველო კიდეც... ასჯერ, ათასჯერ გადავიკითხე, გადავკოცნე ეს პაწია ნაგლეჯი ქაღალდისა... ვათვალიერებდი, ხომ არ გამომრჩა, წაუკითხავი ხომ არ დამრჩა რომელიმე სიტყვა-მეთქი... სულ უფრო და უფრო ღრმად ვიძირებოდი ქაოსურ ზმანებებსა და ოცნებაში. ეს რაღაც ფანტასტიკური ძილი იყო თვალგახელილი ადამიანისა... ერთგვარი განრინდება, გაბრუება და ამავე დროს დაძაბვაც, რაღაც საშუალო მდგომარეობა ძილსა და ღვიძილს შორის, რომელიც შეიძლება მეოთხედ საათს გრძელდებოდა და შეიძლება რამდენიმე საათსაც...
ანაზდად შევკრთი... ხომ არ დააკაკუნეს?.. გავისუსე... გავიდა ერთი წუთი, ორი, ჩამიჩუმი არ ისმოდა... მერე, თითქოს თაგვი აფხაკუნებსო, კვლავ მოისმა ჩუმი მაგრამ დაჟინებული კაკუნი... წამოვხტი, ტორტმანით მივვარდი კარს და გამოვაღე. გარეთ ბოი იდგა, მისი ბოი, სწორედ ის, მე რომ ყბაში მუშტი გავარტყი. გარუჯულ სახეზე ნაცრისფერი ედო, მისი დაბნეული მზერა უბედურებას მოასწავებდა... მაშინვე თავზარი დამეცა...
-რა იყო... რა მოხდა?- ძლივს წავიდუდუნე.
-სასწრაფოდ წამოდით!-მომიგო მან...-მეტი არაფერი უთქვამს...
მაშინვე კიბეზე დავეშვი და ისიც უკან გამომყვა... ძირს იდგა სადო-პატარა ეტლი- და შიგ ჩავსხედით.
-რა მოხდა? - შევეკითხე კიდევ ერთხელ.
ბოიმ მდუმარედ გადმომხედა, კანკალებდა და ტუჩებს იკვნეტდა... კითხვა გავუმეორე, ის კი ისევ დუმდა და დუმდა... სიამოვნებით ჩავარტყამდი ახლაც მუშტს სახეში, მაგრამ გულს მიჩუყებდა მისი ძაღლური ერთგულება ამ ქალისადმი... და აღარაფერი ვკითხე. ისე მიქროდა პატარა ეტლი ხალხით მოზიმზიმე ქუჩებში, რომ გამვლელები ძლივს გვეცლებოდნენ და თან ილანძღებოდნენ. უკან მოვიტოვეთ ევროპული კვარალი და ქვემო ქალაქის სანაპიროს გავლით ჩინელთა ხმაურიან უბანში ამოვყავით თავი... ბოლოს ერთ ვიწრო ქუჩაზე შევუხვიეთ რომელიღაც გარეუბანში და დაბალი ქოხმახის წინ გავჩერდით. სახლი ძალზე ბინძური იყო, თითქოს მიწაში ჩამძვრალი, მისი წინა მხარე ქონის სანთლით განათებულ დუქანს ეჭირა... ერთ იმ დუქანთაგანს, რომელთა უკანაც ოპიუმს ეწევიან ან საროსკიპოებია, ქურდები იყრიან თავს ან ნაქურდარალი ნივთების სამალავებია... ბოიმ საჩქაროდ დააკაკუნა... კარი ოდნავ გაიღო, ღრიჭოდან ხრინწიანი ხმა მოისმა და კითხვა კითხვას მოაყოლა... ვეღარ მოვითმინე, გადმოვხტი  ეტლიდან და ხელი ვკარი კარს. შეშინებულმა ჩინელმა ბებრუხუნამ ერთი შეჰკივლა და მიიმალა... ბოი შემომყვა, გამატარა ვიწრო ტალანი... მეორე კარი გააღო... მეორე კარი და ბნელ ოთახში ავღმოჩნდით, სადაც არყისადა შედედებული სისხლის სუნი იდგა... ვიღაცის კვნესა ისმოდა... მე ხელის ფათურით გავეშურე იქით...
კვლავ ჩაუწყდა ხმა. შემეგ კი ისევ განაგრძო, მაგრამ ეს უფრო გოდებას ჰგავდა, ვიდრე ლაპარაკს.
-მე... ხელის ფათურით გავეშურე იქით... და იქ... იქ, ჭუჭყიან ჭილოფზე... ტკივილისგან დაკრუნჩხული იწვა და კვნესოდა ადამიანი... იწვა ის...
მის სახეს სიბნელეში ვერ ვხედავდი... თვალები ჯერ ვერ შესჩვეოდნენ... ხელი ცეცებით ვიპოვე მისი ხელი... მზურვალე... გავარვარებული... მას სიცხე ჰქონდა, მაღალი სიცხე... და მე შევკრთი... მაშინვე მივხვდი ყველაფერს... აქ გამომექცა... ვიღაც ბინძურ ჩინელ ქალს დაასახიჩრებინა თავი მხოლოდ იმიტომ, რომ იმედოვნებდა: ასე უფრო არ გამჟღავნდებოდა საიდუმლო... ვიღაც კუდიან დედაბერს თავი მოსაკლავად დაანება, ოღონდაც მე არ მომნდობოდა... რადგან მე უგუნურმა... მისი სიამაყე არ დავზოგე, მაშინვე არ მივეშველე... რადგან ამ ქალს ჩემი უფრო ეშინოდა ვიდრე სიკვდილისა.
სინათლე მოიტათ-მეთქი, - დავიყვირე. ბოი გაიქცა. საძაგელმა ბებრუხუნამ აცახცახებული ხელებით შემოიტანა აბოლებული ნავთის ლამპა... ძლივს შევიკავე თავი, რომ ყელში არ ვცემოდი ამ ყვითელ არამზადას... ლამპა მაგიდაზე დადგეს... ყვითელმა შუქმა გაანათა გატანჯული სხეული... და უცებ... უცებ მომეხსნა მთელი ჩემი სიგიჟე და აღშფოთება, მთელი ეს უწმინდური ხენჯი დაგუბებული ვნებებისა... ახლა მე ვიყავი მხოლოდ ექიმი, მშველელი, დამკვირვებელი, მცოდნე ადამიანი... ჩემი თავი სულ დამავიწყდა... ფხიზელი, ნათელი გონებით ვებრძოდი კარზე მომდგარ საშინელებას... შიშველ სხეულს, რომელზედაც ასე გატაცებით ვვოცნებობდი, ახლა მხოლოდ აღვიქვამდი, როგორც... როგორ ვთქვა... როგორც მატერიას, როგორც ორგანიზმს... მე აღარ ვგრძნობდ, რომ ეს ის ქალი იყო, მე ვხდავდი მხოლოდ სიკვდილთან მებრძოლ სიცოცხლეს... ადამიანს, სიკვდილის სარეცელზე ტანჯვისგან რომ იკრუნჩხებოდა... მისი სისცლი, მისი მხურვალე წმინდა სისხლი დიოდა ჩემს ხელებზე, მაგრამ ვერ ვგრძნობდი ვერც აღტაცებასა და ვერც საშინელებას... მე ვიყავი მხოლოდ ექიმი... მე ვხედავდი მხოლოდ ტანჯვას და ვიცოდი... რომ ყველაფერი უკვე დაიღუპა და სასწაულსღა შეეძლო მისი გადარჩენა... დანაშაულებრივად უვიც ხელს მისთვის ზიანი მიეყენებინა და ახლა სისხლისგან იცლებოდა... მე კი ამ საზიზღარ ბუნაგში არა გამაჩნდა რა, რომ სისხლის დენა შემეჩერებინა... სუფთა წყალიც კი არა მქონდა... ყველაფერი, რასაც კი ხელი შევახე მტვრითა და ჭუჭყით იყო დაფარული.
-ახლავე საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ,- ვთქვი მე. მაგრამ ძლივს მოვასაწარი ეს მეთქვა, რომ ავადმყოფმა თავს ძალა დაატანა და წამოიწია: 
-არა...არა... სიკვდილი მირჩევნია... ეს არავინ არ უნდა შიტყოს... არავინ... შინ... შინ...
მივხვდი... ისევ მხოლოდ საიდუმლოსათვის... მხოლოდ თავისი ღირსებისათვის იბრძოდა იგი და არა სიცოცხლისათვის... მეც დავემორჩილე... ბოიმ საკაცე მოიტანა... ზედ დავაწვინეთ ავადმყოფი... და ასე ღონემიხდილს, სიცხიანს, მიცვალებულივით მივასვენებდით ღამის წყვდიადში... შინისაკენ... დავითხოვეთ გაოცებული, შეშინებული მსახურნი... როგორც ქურდებმა შევიტანეთ მის ოთახში და ჩავკეტეთ კარი... შემდეგ კი... შემდეგ დაიწყო ბრზოლა, ხანგრძლივი ბრძოლა სიკვდილის წინააღმდეგ...
ანაზდად მხარში ისე ჩამაფრინდა ხელით, რომ შიშისა და ტკივილისგან კინაღამ დავიყვირე. სიბნელეში სულ ახლოს მოიტანა სახე და მე დავინახე მისი თეთრი კბილები, ნერვიულად რომ ღრჭიალებდნენ, სათვალის მინები, რომლებიც მთვარის მქრალ შუქზე კატის უზარმაზარი თვალებივით ალავდნენ. ის ახლა კი არ ლაპარაკობდა, არამედ ღრიალებდა, ბრაზიგან აკანკალებული:
-იცით თუ არა თქვენ, უცნობო ადამიანო, აქ სავარძელში რომ არხეინად ზიხართ და ქვეყნად მოგზაურობთ, იცით თუ არა, რა არის ეს, როცა ადამიანი კვდება? ერთხელ მაინც მისწრებიხართ, ერთხელ მაინც გინახავთ, რანაირად იკრუნჩხება სხეული, როგორ ჩარჭობიან სიცარიელეს გალურჯებული ფრჩხილები, რარიგ ხრიალებს ხორხი, რა შეუპოვრად იბრძვის სხეუის ყოველი ნაწილი, როგორ უძალიანდება ყოველი თითი საზარელ მოჩვენებას, როგორ გადმოცვენაზე აქვს თვალები მომაკვდავს იმ საშინელებისაგან, რომელსაც ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოგვცემს? ერთხელ მაინც განგიცდიათ თუ არა ეს, მოცლილო მოგზაურო, დახმარება რომ უდიდეს მოვალეობად მიგაჩნიათ? მე კი, როგორც ექიმს, ხშირად მინახავს... მინახავს როგორც... როგორც კლინიკური შემთხვევები, როგორც ფაქტები... მე, ასე ვთქვათ, შემისწავლია ეს ფაქტები... მაგრამ  განცდით კი... განვიცადე მხოლოდ ერთხელ. მომაკვდავთან ერთად განვიცდიდი ამას და მასთან ერთად მეც ვკვდებოდი მაშინ, იმ ღამეს... იმ საშინელ ღამეს, როცა ვიჯექი და თავს ვიმტვრევდი, რამე მომეხერხებინა, რაიმესთვის მიმეგნო, რაღაც გამომეგონებინა, რომ შემეჩერებინა სისხლი, რომელიც დიოდა და დიოდა, დიოდა შეუჩერებლად, რაიმე მეღონა სიცხის დასაწევად, ჩემ თვალწინ რომ ასე წვავდა მას... სიკვდილის წინააღმდეგ, რომელიც თანდათან  ახლოს მოდიოდა და ვერ გამეგდო მისი საწოლიდან... გესმით, რას ნიშნავს, იყო ექიმი, ყველაფერი იცოდე ყოველგვარი დაავადების სამკურნალოდ... დახმარების მოვალეობასაც გრძნობდე, როგორც ასე ბრძნულად ბრძანეთ, და მაინც უილაჯოდ იჯდე მომაკვდავთან... იცოდე მხოლოდ ერთი რამ, მხოლოდ საშინელი ჭეშმარიტება, რომ შეუძლებელია შველა... შეუძლებელია, თუნდაც მზად იყო ყველა ძარღვი გადაიჭრა... ხედავდე, რა უმოწყალოდ იცლება სისხლისგან საყვარელი სხეული, როგორ იტანჯება ტკივილებისაგან, ითვლიდე მაჯისცემას აჩქარებულსა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ, რომელიც თანდათან ქრება... იკარგება შენს თითებქვეშ... ექიმი იყო და არაფერი, არაფერი, სრულიად არაფერი არ იცოდე... მხოლოდ იჯდე და ხან რომელიღაც ლოცვას დუდუნებდე, როგორც საყდარში გადაყრუებული დედაბერი ჩიფჩიფებს ხოლმე, ხანაც მუშტებით ემუქრებოდე ყოვლად მოწყალე ღმერთს, რომელიც, კარგად იცი, რომ არ არსებობს... გესმით ეს? გესმით? მე კი... მე მხოლოდ ერთი რამ არ მესმის, როგორ... როგორ ახერხებენ, რომ ავადმყოფთან ერთად არ კვდებიან ამგვარ წუთებში... რომ მეორე დილას კარგად გამოძინებული ადგებიან ხოლმე, კბილებს იწმენდენ და ჰალსტუხს იკეთებენ... ან რანაირად შეიძლება ვიცხოვრო იმის შემდეგ, რაც მე განვიცადე... როცა ვგრძნობდი, რომ ეს ცხოველი სუნთქვა, ეს პირველი და ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც ასე ვიბრძოდი და სულითა და გულით ვცდილობდი შემენარჩუნებინა, როგორ მიქროდა ჩემგან სადღაც... ყოველ წუთს სულ უფრო და უფრო მისხლტებოდა ხელიდან და ჩემს ანთებულ ტვინს ვეღარ მოეფიქრებინა რა ამ... ერთი ადამიანის შესაჩერებლად...
და აი კიდევ, რაღაც ეშმაკად, ჩემი სატანჯველი რომ გაორკეცებულიყო, კიდევ ეს... ვიდრე მომაკვდავის სარეცელთან ვიჯექი, - მორფიუმი მივეცი ტკივილების დასაყუჩებლად და დავცქეროდი ლოგინზე მწოლარეს, ლოყებანთებულს, სიცხიანსა და ძალ-ღონე გამოცლილს,- დიახ... ვიდრე ასე ვიჯექი, ზურგს უკან ერთთავად ვგრძნობდი, რომ ორი თვალი მომჩერებოდა, საშინლად დაძაბულ მზერას არ მაშორებდა... იატაკზე ბოიდაყუნცულიყო და რაღაც ლოცვებს ბუტბუტებდა... როცა ჩემი მზერა მისას ხვდებოდა,მაშინ...  არა, არ შემიძლია ეს აგიწეროთ... მაშინ ისეთი მუდარა, ისეთი... მადლიერება გამოსჭვიოდა მის მონურ თვალებში. ამასთანავე ხელებს იშვერდა ჩემკენ, თითქოს მაფიცებდა გადამერჩინა მისი ქალბატონი... გესმით: ჩემკენ, ჩემკენ იშვერდა ხელებს, როგორც ღმერთისკენ... ჩემკენ, უძლური  ადამიანისაკენ, რომელმაც ვიცოდი, რომ საშველი არ იყო... რომ მე აქ ისევე უსარგებლო ვიყავი, როგორც მიწაზე მცოცავი ჭიანჭველა...ოჰ, რარიგ მტანჯავდა ეს მზერა... ჩემი ხელოვნების ეს ფანტასტიკური, ბრმა რწმენა... მინდოდა დამეყვირა მისთვის, ფეხით გამექელა, ისეთ ტკივილს მაყენებდა ეს ბიჭი... მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვგრძნობდი, როგორ ვიყავით ორივენი შეკავშირებული იმ ქალის სიყვარულით... საიდუმლოთი. როგორც განაბული ნადირი, ვით უსულო ჯირკი იჯდა იგი ჩემ უკან... საკმარისი იყო მომეთხოვა რამე, რომ იმწუთსვე წამოხტებოდა, უჩქამოდ გასრიალდებოდა შიშველი ტერფებით, მომიტანდა, რასაც ვითხოვდი, და აკანკალებული ელით... მოლოდინით აღსავსე გადმომცემდა, თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული მომაკვდავის ხსნა... შველა... ვიცოდი, იგი ძარღვებსაც კი გადაიჭრიდა, ოღონდაც რამე ეშველა მისთვის. აი, ასეთი იყო ეს ქალი, ასე იმორჩილებდა ადამიანებს... მე კი... მე ძალა არ შემწევდა მისი სისხლის თუნდაც ერთი წვეთი მაინც გადამერჩინა... ოჰ, ეს საშინელი ღამე, უსასრულო ღამე სიცოცხლესა და სიკვდილს შორის!
ვიდრე გათენდებოდა, ერთხელ კიდევ მოვიდა გრძნობაზე. თვალები გაახილა... მის გამოხედვაში აღარ იგრძნობოდა აღარც სიამაყე და აღარც სიცივე... სიცხისაგან ანთებული წყლიანი თვალებით უცხოსავით მიმოიხედა ოთახში... შემდეგ მე დამაცქერდა: ეტყობა, ჩაფიქრდა, ცდილობდა რაღაც გაეხსენებინა, თან მე მიყურებდა სახეში... და უცებ... დავინახე... რომ გაიხსენა... რადგან რაღაც შიშმა, გულისწყრომამ... რაღაც... რაღაც მტრულმა და საშინელების გამომხატველმა გრძნობამ დაუბა სახე... ხელების ქნევა დაიწყო, თითქოს სურდა გაქცეულიყო... შორს, შორს, ჩემგან... მივხვდი, რომ იმ... იმ საათზე ფიქრობდა, როცა მე... მაგრამ კვლავ მოვიდა გონზე... მშვიდად შემომხედა... მაგრამ მაინც მძიმედ სუნთქავდა... ვგრძნობდი, რომ ლაპარაკი სურდა, რაღაცის თქმა... ისევ გაასავსავა ხელები... წამოდგომა სცადა, მაგრამ ძალიან დასუსტებული იყო... დავუწყე დამშვიდება, მისკენ დავიხარე... მაშინ კი შემხედა გაწამებული თვალებით... ოდნავ შეარხია ტუჩები. ეს იყო მისი უკანსკნელი, თითქმის მიმქრალი ხმა, როცა მითხრა:
-არავინ გაიგებს?.. არავინ?
-არავინ,- მივუგე რაც შემეძლო დაბეჯითებით,- სიტყვას გაძლევთ.
მაგრამ მისი თვალები მაინც ვერ დამშვიდნენ. მხურვალე ბაგეებით ძვლივს მოახერხა წარმოეთქვა:
-შემომფიცეთ... რომ არავინ გაიგებს... შემომფიცეთ!
მე ავწიე ხელი ისე, როგორც ფიცის დროს იციან ხოლმე... იგი მომჩერებოდა... ენით გამოუთქმელი მზერით... ნაზი, თბილი, მადლიერი თვალებით... დიახ, ნამდვილად, ნამდვილად მადლიერი თვალებით... უნდოდა კიდევ რაღაც მეთქვა, მაგრამ ვეღარ შეძლო... დიდხანს იწვა ღონემიხდილი, თვალდახუჭული... შემდეგ დაიწყო საშინელება... საშინელება... მთელ საათს იტანჯებოდა კიდევ და მხოლოდ განთიადისას განუტევა სული...
უცნობი დიდხანს დუმდა. ეს მანამდე ვერ შევნიშნე, ვიდრე სამჯერ მძიმედ არ დარეკა ზარმა სიჩუმეში- ერთი, ორი, სამი. სამი საათი იყო. მთვარის შუქი უკვე გაბაცდა, მაგრამ რაღაც სხვა სიყვითლე თრთოდა ჰაერში და ხანდახან ნიავიც წამოუბერავდა ხოლმე. ნახევარი ან ერთი საათი კიდევ, გათენდება და გაქრება ეს კოშმარი დღის სინათლეზე. ჩემი მოსაუბრის სახე ახლა უფრო გარკვევით დავინახე, რადგანაც ჩვენს კუთხეში წეღანდელივით შავად დაქუფრული ჩრდილები აღარ იწვა... ქუდი მოიხადა და მე დავინახე მისი მელოტი თავი, მისი გაწამებული საე, რომელიც ახლა უფრო საშინელი ჩანდა... მაგრამ აი, სათვალის მოელვარე მინები ისევ ჩემმკენ მოაბრუნა, გასწორდა და მწარე ირონიით განაგრძო.
-მისი აღსასრული დადგა, მაგრამ ჩემი კი არა. მარტო ვიყავი მიცვალებულთან- მარტო უცხო სახლში, მარტო ქალაქში, რომელიც საიდუმლოს ვერ ითმენდა, და მე... მე უნდა დამეცვა ეს საიდუმლო... დიახ, აბა, წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობა შეიქმნა: ქალი კოლონიის საუკეთესო საზოგადოებიდან, სრულიად ჯანმრთელი, წინა საღამოს გუბერნატორის მიერ გამართულ მეჯლისზე რომ ცეკვავდა, მკვდარი წევს თავის საწოლში... მასთან არის უცხო ექიმი, რომელსაც თითქოსდა მისმა მსახურმა მოუხმო... სახლში არავის უნახავს, ეს ექიმი როდის ან საიდან მოვიდა. ქალი ღამით მოიყვანეს შინ საკაცით და კარი ჩაკეტეს... დილით კი უკვე მკვდარი იყო... მაშინღა დაუძახეს მოსამსახურეებს და მთელი სახლი დაწიოკდა... თვალის დახამხამებაში შეიტყვეს ეს ამბავი მეზობლება, მთელმა ქალაქმა გაიგო... და მხოლოდ ერთ ვინმეს ძალუწს ახსნას ყოველივე. ეს ერთი კი მე გახლავართ, უცხო ადამიანი, შორეული სადგურის ექიმი... სასიამოვნო ვითარებაა, ხომ მართალია?
ვიცოდი, რაც მელოდა. საბედნიეროდ, ბოი მყავდა გვერდით, ყოჩაღი ბიჭი, რომელიც ჩემს თვალებშივე კითხულობდა ყოველ ჩემს სურვილს... ამ ყვითელკანიან ნადირსაც კი ესმოდა, რომ დიდი ბრძოლა უნდა გადაგვეტანა კიდევ. მას მხოლოდ ეს ვუთხარი: ქალბატონმა ასე ისურვა, რაც მოხდა, არავინ უნდა გაიგოს-მეთქი. ერთი კი მომაჩერდი თვალებში თავისი წყლიანი, ძაღლივით ერთგული და ამასთან თამამი მზერით და მითხრა: -Jes sir. ეს იყო და ეს. მაშინვე აწმინდა იატაკიდან სისხლის ნაკვალევი, ყველაფერი მოაწესრიგა და მისმა ამგვარმა გაბედულებამ მეც მხნეობა დამიბრუნა. ჩემს სიცოცხლეში არ გამომიჩენია ისეთი უნარი და მითუმეტეს შემდეგაც ვერ გამოვიჩენ. როცა ცხოვრებაში ყველაფერი დაკარგული გაქვს, უკანასკნელისათვის თვზეხელაღებით იბრძვი... ეს უკანასკნელი იყო მისი ანდერძი, მისი საიდუმლო. სრულიად მშვიდად ვიღებდი ხალხს, ყველას ჩემ მიერ შეთხზულ ერთსა და იმავე ამბავს ვუყვებოდი, როგორ შემთხვევით შემხვდა ქუჩაში ბოი, რომელიც ქალბატონს ექიმის მოსაყვანად გაეგზავნა. მაგრამ რიცა ყოველივე ამას ვითომდა არხეინად ვყვებოდი, სულ ველოდი... ველოდი გადამწყვეტ წუთს... ცხედრის სამედიცინო შემოწმებას, რაც მანამდე უნდა მომხდარიყო, ვიდრე კუბოში ჩავასვენებდით... და მასთან ერთად მის საიდუმლოსაც... არ დაგავიწყდეთ, ტომ ეს მოხდა ხუთშაბათს და შაბათს კი ქმარი უნდა ჩამოსულიყო.
ცხრა საათხე, როგორც იქნა, მომახსენეს, ქალაქის  ექიმი მოვიდაო. ვუბრძანე შემოეშვათ. რანგით ჩემზე უფროსი იყო და თანაც ჩემი მეტოქე, სწორედ ის ექიმი, რომელზეც განსვენებული ასე გამმქირდავად ლაპარაკობდა და რომელმაც ალბათ უკვე იცოდა კიდევაც, რომ გადმოყვანას ვითხოვდი. პირველი შეხვედრისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი მტერი იყო, მაგრამ სწორედ ამან შემმატა ძალა.
დერეფანშივე იკითხა:
-როდის გარდაიცვალა ქალბატონი?.. - თან თავისი სახელი და გვარი დაასახელა.
-დილის ექვს საათზე.
-როდის მოგიწვიათ?
-საღამოს თერთმეტ საათზე.
-იცოდით, რომ მისი ექიმი მე ვიყავი?
-დიახ, მაგრამ დაყოვნება აღარ შეიძკებოდა... და თანაც განსვენებულმა ისურვა, რომ სწორედ მე მოვსულიყავი. სხვა ექიმის დაძახება არ იქნება.
თვალებში ჩამაცქერდა. ოდნავ მსუქან უფერულ სახეზე სიწითლემ გადაჰკრა. შევატყვე, რომ გამწარდა. მაგრამ მეც სწორედ ეს მინდოდა. მთელი ძალ-ღონე დავძაბე, რომ სასწრაფოდ გამეხსნა კვანძი, თორემ, ვგრძნობდი, ჩემი ნერვები მეტს ვეღარ აიტანდა. უნდოდა გესლიანი პასუხი გაეცა, მაგრამ გადაიფიქრა და უხალისოდ ჩაილაპარაკა:
-რაღა იქნება, რაკი გიფიქრიათ, რომ უჩემოდ შეგეძლოთ გაგერთვათ ამ საქმისათვის თავი... მაგრამ ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა მაინც მოითხოვს დავადასტურო სიკვდილი... და დავადგინო მიზეზი, რამაც იგი გამოიწვია.
არა ვუპასუხე რა და გზა დავუთმე. შემდეგ გადავტრიალდი, კარი ჩავკეტე და გასაღები მაგიდაზე დავდე.
მან გაოცებით ასწია წარბები და იკითხა:
-ეს რას ნიშნავს?
მე კი მშვიდად დავუდექი პირისპირ:
-აქ საქმე ითს კი არაა, რომ სიკვდილის მიზეზი დავადგინოთ, არამედ ის, რომ სხვა რაიმეთი შევცვალოთ იგი. ამ ქამა მომიწვია მხოლოდ... მხოლოდ ექიმბაჟის ჩარევის შემდეგ. ვეღარ შევძელი სიკვდილისგან მეხსნა, მაგრამ აღვუთქვი, რომ ვიხსნი მის პატიოსნებას და ამას აღვასრულებ კიდეც. ხოლო თქვენ გთხოვთ დამეხმაროთ...
განცვიფრებისაგან თვალები დააჭყიტა.
-თქვენ იმისი თქმა ხომ არ გნებავთ,- წაიბურტყუნა მან შემდეგ,- რომ მე, ოფიციალურმა პირმა, არ დანაშაული დავფარო?
-დიახ, ეგ მნებავს და უნდა გავაკეთოთ კიდეც.
-რომ მე თქვენი დანაშაულის გამო...
-აკი გითხარით, ამ ქალისთვის ელიც არ მიხლია-მეთქი, თორემ... თორემ აქ, თქვენ წინ აღარ ვიდგებოდი და აქამდე თავს მოვიკლავდი. მან გამოისყიდა თავისი დანაშაული- თუკი გსურთ ასე უწოდოთ ამას- და ქვეყანამ არაფერი არ უნდა შეიტყოს. მე ვერ მოვითმენ, რომ ახლა სრულიად ამაოდ შეილახოს ამ ქალის პატიოსნებმა.
ჩემმა გაბედულმა კილომ ის კიდევ უფრო გააბრაზა:
-მაშ ვერ მოთმინეთ!.. თქვენ ხომ ჩემი უფროსი ბრძანდებით... ან აპირებთ მაინც გახდომას... აბა, სცადეთ ერთი და მიბრძანეთ. მაშინ ვიფიქრე, რომ აქ რაღაც ბინძური ამბავი იმალებოდა, რაკი თქვენი ჯურღმულიდან გამოგიწვიეს, კაი გვარიან პრაქტიკას შესხდომიხართ, დასაწყისისათვის არა უშავს რა, კარგი გამოცდაა... ახლა კი ცხედარს შევამოწმებ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩემ მიერ ხელმოწერილ ოქმში სიმართლე იქნება აღნიშნული. სიყალლბეზე მე ხელს არ ვაწერ.
მე კი დინჯად მივუგე:
-ამჯერად მაინც მოგიწევთ, თორემ ისე ოთახიდან ვერ გაბრძანდებით!
ამის თქმა იყო და ჯიბეში ჩავიყავი ხელი... რევოლვერი თან არ მქონდა, მაგრამ იგი მაინც შეკრთა. ერთი ნაბიჯი გავდგი მისკენ და თვალი თვალში გავუყარე.
-მომისმინეთ. მხოლოდ ორიოდე სიტყვა უნდა გითხრათ... რომ მეტისმეტი არ მოგვივიდეს. ჩემი სიცოცხლე არაფრად მიღირს... სხვისიც აგრეთვე... უკიდურეს საზღვარს მივაღწიე... ერთადერთი, რაც მსურს ისაა, რომ ავუსრულო ჩემი დაპირება: საიდუმლოდ დარჩეს სიკვდილის მიზეზი!.. გამიგონეთ: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თუ თქვენ მოწმობას ხელს მოაწერთ, რომ ეს ქალი გარდაიცვალა... დიახ, გარდაიცვალა რაიმე შემთხვევითი მიზეზით, ამ კვირაშივე დავტოვებ ქალაქს და სულ გადავიკარგები კოლონიიდან... თუ ისურვებთ ხელში ავიღებ რევოლვერს და თავს მოვიკლავ, როგორც კი კუბო მიწაში ჩაეშვება დარწმუნებული ვიქნები, რომ ვერავინ... გესმით, ვერავინ ვერ დაიწყებს კვლევა-ძიებას... ეს, მგონი, საკმარისია თქვენთვის... ეს თქვენთვის საკმარისი უნდა იყოს.
ალბათ ჩემ ხმაში მუქარის მსგავი რაღაც, საშიში რამ იგრძნობოდა, რადგანაც, როცა უბედურად მისკენ გავიწიე, მაშინვე უკან გადახტა ისე შეძრწუნებული, როგორც... დიახ, როგორც უფრთხიან ხოლმე ადამიანები ამოკით შეპყრობილს, როცა იგი გიჟივით მიქრის ხელში ხანჯალმოღერებული... ერთბაშად ნირი იცვალა, საქციელი წაუხდა... უკმეხად აღარ ეჭირა თავი. ბოლოს უნიათოდ ესღა წაილუღლუღა:
-ჩემს სიცოცხლეში ყალბ მოწმობაზე ხელი არ მომიწერია... მაგრამ ასეა თუ ისე, რაღაც ფორმა გამოიძებნება... რამდენი რამ ხდება... მე ხომ არ შემეძლო ასე უცებ...
-რა თქმა უნდა, არ შეგეძლოთ,- მაშინვე დავუჯარი კვერი.- (,,ოღონდაც ჩქარა! ოღონდაც ჩქარა!“- გამალებით მიცემდა საფეთქლებში).- მაგრამ ახლა კი, როცა უკვე იცით, რომ მხოლოდ გულს ატკენდით ცოცხალს და შეურაწყოფდით მიცვალებულს, რა თქმა უნდა, ყოყმანს აღარ დაიწყებდით.
მან თავი დამიქნია. მაგიდასთან მივედით. რამდენიმე წუთში სამედიცინო დასკვნა მზად იყო (იფი შემდეგ გაზეთშიც გამოქვეყნდა. შიგ დამაჯერებლად იყო აღწერილი გულის დამბლის შემთხვევა). ამის შემდეგ ჩემი კოლეგა წამოდგა და შემომხედა:
-თქვენ ამ კვირაშივე მიემგზავრებით, ხომ მართალია?
-პატიოსან სიტყვას გაძლევთ.
მან ისევ შემომხედა.შევნიშნე, რომ ურდა მკაცრი და საქმიანი კაცის იერი მიეღო.
-ახლავე კუბოს შევუკვეთ,- მითხრა მან, რომ უხერხულობა დაეფარა, მაგრამ, ეტყობა, ისეთი... ისეთი საშინელი შესახედავი ვიყავი... ისე გატანჯული, რომ ხელი გამომიწოდა უეცრად და გულითადათ ჩამომართვა.-გისურვებთ ყოჩაღად გამკლავებოდეთ ამ ამბავს!-მითხრა მან. არ ვიცი, ამით რისი თქმა უნდოდა. ავად ვიყავი?  თუ... ჭკუაზე შევიშალე? კარამდე მივაცილე, გავუღე, შემდეგ უკანასკნელი ძალ-ღონე მობიკრიბე და ისევ ჩავკეტე. კვლავ ვიგრძენი საფეთქლების გამალებული ცემა, დავბარბაცდი, ყველაფერი დატრიალდა და სწორედ მის საწოლთან დავენარცხე იატაკზე... ასე... ასე უგრძნობლად ეცემა ძირს ამოკით შეპყრობილი ადამიანი, ქანცგაწყვეტილი გიჟურ სრბოლას რომ დაასრულებს.
უცნობი კვლავ გაჩუმდა. მე შემაჟრჟოლა: იქნებ დილის ნიავის გამო, რომელმაც ახლა სისინით გდაუქროლა გემს. შემდეგ გატანჯული სახე, როგორც გარიჟრაჟის მქრქალ შუქზე გავარჩიე, კვლავ დაეძაბა.
-არ ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე ასე ჭილოფზე. უეცრად ვიღაცამ მხარზე შემახო ხელი. მაშინვე წამოვიწიე. ეს ბოი იყო, რომელიც გაუბედავად, მოწიწებით იდგა ჩემ წინ და შეშფოთებული შემომცქეროდა.
-ვიღაცას სურს აქ შემოსვლა... მისი ნახვა...
-არავინ შემოუშვა!
-დიახ... მაგრამ... 
თვალებში შიში ჩასდგომოდა, რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ ბედავდა პირუტყვივით ერთგულს თითქოს რაღაც ტანჯავდა.
-ვინ არის?
ათრთოლებულმა შემომხედა, თითქოს ეშინოდა, არ ჩამარტყასო. შემდეგ კი გამანდო, ისე, რომ სახელი არ უთქვამს... საიდან ჰქნდა ამ უბირ არსებას ამდენი შეგნება? როგორ ხდება, რომ ზოგჯერ ასეთი საოცარი გულისხმიერებით გაცისკროვნდება სავსებით ბნელი ადამიანის გული?.. ჰოდა, შემდეგ ბოიმ მორიდებით გამანდო:
-ეს ის ვაჟია!
მაშინვე წამოვხტი, მივხვდი ყველაფერს და უცნობის ნახვის მწველმა სურვილმა შემიპყრო, რადგანაც... იცით, უცნაურია ეს... მაგრამ ამ ტანჯვა-წამებასა და გაწამაწიაში, შიშსა და სიჩქარეში სულ დამავიწყდა იგი... დამავიწყდა, რომ ამ ამბავში კიდევ ერთი კაცი ერია... კაცი რომელიც ამ ქალს უყვარდა და ვისაც ვნებათა ღელვის დროს მიანიჭა ის, რაზეც მე უარი მითხრა... ამ თორმეტი, ოცდაოთხი საათის წინ ალბათ ისე შემძულებოდა, შევძლებდი სულ ასო-ასოდ ამექნა... ახლა კი... არ შემიძლია, არ შემიძლია გადმოგცეთ, რარიგ მწყუროდა მენახა... შემეყვარებინა, რადგანაც ამ ქალს უყვარდა იგი.
ერთი ნახტომით კართან გავჩნდი. ახალგაზრდა, სულ ახალგაზრდა ქერათმიანი ოფიცერი იდგა იქ, ძალზე მოუქნელი, ძალზე შემკრთალი და აღელვებული. მთლად ბავშვი ჩანდა... გულის ამაჩუყებლად ახალგაზრდა იყო... და ენით ვერ გამომითქვამს, როგორ ამაღელვა, ვაჟკაცად რომ მოჰქონდა თავი, ცდილობდა თავი შეემაგრებინა... დაემალა მღელვარება... მაშინვე შევნიშნე, როგორ უკანკალებდა ხელი, ქუდთან რომ მიიტანა მისალმებისას... მინდოდა გადავხვეოდი, გულში ჩამეკრა... რადგანაც სწორედ ისეთი იყო... როგორიც მე მსურდა ყოფილიყო ამ ქალის მფლობელი მამაკაცი... მაცდურსა და ზვიადს კი არა, არამედ ნახევარ ბავშვს, წმინდა, ნაზ ქმნილებას აჩუქა თავი.
შეცბუნებული იდგა ჩემ წინაშე ეს ყმაწვილი კაცი. ჩემმა ხარბმა მზერამ და ფიცხელმა წამოხტომამ კიდევ უფრო დააბნია. ბაგეს ზემოთ პატარა ულვაშები ნერვიულად უთრთოდა... ეს ახალგაზრდა ოფიცერი, ეს ბავშვი ძლივს იმაგრებდა თავს, რომ არ ატირებულიყო.
-მომიტევეთ,- მითხრა მან შემდეგ, როგორც იქნა- მინდოდაერთხელ კიდევ... მენახა...ქალბატონი...
უნებლიეთ, მთლად ჩემ უნებურად გადავხვიე ხელი ამ უცხო კაცს და წავიყვანე ისე, როგორც ავადმყოფი მიჰყავთ ხოლმე. ოფიცერმა გაოცებულმა შემომხედა უსაზღვროდ მადლიერი თვალებით... ამ წუთს ორივემ რატომღაც ახლობლებათ ვიგრძენით თავი... ცხედრისკენ წავედით... იგი იწვა თეთრი, თეთრ ზეწრებში. ვიგრძენი, რომ ჩემი იქ ყოფნა მაინც ბოჭავდაახალგაზრდას... ამიტომ უკან დავიხიე და მარტო დავტოვე მიცვალებულთან... იგი ნელ-ნელა მიუალოვდა სარეცელს... ფეხები ერეოდა, ნაბიჯს ძლივს ადგამდა... მხრების ცახცახზე ვატყობდი, როგორ უდაგავდა ტკივილი გულს... იგი მიდიოდა... საშინელი ქარიშხლის შესახვედრად მიმავალი ადამიანივით... და უეცრად მუხლებზე დაეცა მის საწოლთან... სწორედ ისევე, როგორც მე დავეცი მანამდე.
მაშინვე მივვარდი, წამოვიყვანე და სავარძელში ჩავსვი; ჭაბუკს უკვე აღარ რცხვენოდა და ქვითინი მორთო... ვეღარაფრის თქმა ვერ მოვახერხე, მხოლოდ ხელს ვუსვამდი ანგარიშმიუცემლად ქერა თმაზე, ბავშვებს რომ აქვთ ხოლმე, ისეთ რბილ თმაზე. ხელზე მტაცა ხელი... ნდობითა და შიშით აღსავსემ ერთსა და იმავე დროს... თან ერთბაშად დამაცქერდა:
-მართალი მითხარით, ექიმო, -ამოილუღლუღა მან,- თავისი ხელით მოისპო სიცოცხლე?
-არა,-ვუთხარი მე.
-მაშ... ვინმე... სხვა ვინმეა დამნაშავე ამ სიკვდილში?
-არა,- გავუმეორე, თუმცა უკვე ენაზე მომადგა სიტყვები და ლამის არ დავიყვირე: მე! მე!მე!.. და შენ!.. ჩვენ ორივენი და მისი სიჯიუტე, მისი ბედუკუღმართი სიჯიუტე! მაგრამ თავი შევიკავე და კვლავ გავუმეორე:
-არა... ბრალი არავის მიუძღვის... ეს იყო ვედისწერა!
-არ მჯერა,- ამოიკვნესა მან, - არ მჯერა! იგი ჯერ კიდევ გუშინწინ მეჯლისზე იყო, იღიმებოდა, თავი დამიქნია. როგორ შეიძლება ეს დაიჯეროს კაცმა, როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო!
მე გრძელი ამბავი მოვუყევი. თვით მასაც არ გავუმჟღავნე განსვენებულის საიდუმლო. ძმებივით ვსაუბრობდით ეს დღეები, ერთი გრძნობით შეკავშირებულნი, რომელიც შავარდენივით გვადგა... და ერთმანეთისთვის არ გაგვინდვია, მაგრამ ორივენი კარგად ვგრძნობდით, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ამ ქალს ეკუთვნოდა... ხანდახან კინაღამ დამცდებოდა აკრძალული სიტყვა, მაგრამ მაშინვე კბილს კბილზე ვაჭერდი... ვაჟს არ გაუგია, რომ ქალბატონი მისგან ფეხმძიმედ იყო... რომ მე უნდა მომეკლა ბავშვი, მისი შვილი... დედამ კი თან ჩაიყოლა უფსკრულში. და მაინც ეს დღეები მხოლოდ ამ ქალზე ვლაპარაკობდით, ვიდრე მასთან ვიმალებოდი... რადგანაც მე,- დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა,-მე მეძებდნენ... მისი ქმარი რომ ჩამოვიდა, კუბო უკვე დაჭედილი დახვდა. მან არ ისურვა ოფიციალური ვერსია ერწმუნა... ხალხი რაღას არ ტუტუნებდა... და დამიწყო ძებნა... მაგრამ მე არ ძალმიძდა მასთან შეხვედრა, ვინც, როგორც მე ვიცოდი, ასე ტანჯავდა ცოლს... მე ვიმალებოდი... ოთხი დღე არ გამოვსულვარ სახლიდან, ოთხი დღე არცერთს არ დაგვიტოვებინა ბინა... მერე კი მისმა შეყვარებულმა ოფიცერმა სხვისი გვარით ამიღო გემზე ადგილი, რომ გაქცება მომეხერხებინა... ქურდივით ამოვიპარე ღამით გემბანზე, რათა არავის ვეცანი... ყველაფერი  დავტოვე რაც კი მებადა... ჩემი სახლი და შვიდი წლის ნამუშევარი, მთელი ჩემი ავლა-დიდება ბედის ანაბარა მივატოვე... მთავრობის მოხელეებმა კი ალბათ სამსახურიდან გამათავისუფლეს კიდეც, რადგან უნებართვოდ დავტოვე ჩემი ადგილი... მაგრამ აღარ შემეძლო მეცხოვრა ამ სახლში, ამ ქალაქში... ამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მას მაგონებდა... ქურდივით გამოვიქეცი ღამით... ოღონდაც კი გავცლოდი როგორმე მას, დამევიწყებინა...
მაგრამ როცა გემზე ამოვედი... ღამით... შუაღამისას... ჩემი მეგობარი თან მახლდა... მაშინ... სწორედ მაშინ ამწეთი გემზე ამოჰქონდათ რაღაც... სწორკუთხედი, შავი... მისი კუბო... გესმით, მისი კუბო... ახლა ის მომდევდა, როგორც მე მივდევდი წინათ... მე კი უნდა უცხოსავით ვმდგარიყავი, რადგან აქ იყო ისიც, მისი ქმარი... იგნლისსში მიასვენებდა ცხედარს, ახლა ისევ მას ეკუთვნის და არა ჩვენ... ჩვენ ორივეს... მაგრამ მე კიდევ აქა ვარ... ბოლომდე გავყვები... ქმარი ვერ შეიტყობს და არც უნდა შეიტყოს... მე შევძლებ დავიცვა მისი საიდუმლო ხელყოფისაგან... ამ არამზადისაგან, ვის გამოც სასიკვდილოდ გაწირა თავი... ვერაფერს, ვერაფერს ვერ გაიგებს იგი... მისი საიდუნლო მე მეკუთვნის, მარტოოდენ მე...
ახლა გესმით... გესმით, რატომ არ ძალმიძს ადამიანების დანახვა... მათი სიცილის მოსმენა... როცა ისინი არშიყობას დაიწყებენ და დაწყვილდებიან ხოლმე?.. იმიტომ, რომ იქ, დაბლა, ტრიუმში, ჩაისა და ქოქოსის კაკლის ფუთებს შორის დგას მისი კუბო... შიგ შესვლა არ შემიძლია, დაკეტილია... მაგრამ ამას მთელი არსებით ვგრძნობ, ვგრძნობ ყოველ წუთს... მაშინაც კი, როცა აქ ბალსსა და ტანგოს უკრავენ... ეს ხომ სისულელეა, ზღვის ფსკერი მილიონობით ცხედრითაა მოფენილი,ყოველი მტკაველი მიწის ქვეშ, სადაც კი ფეხს დავადგამთ, გვამი იხრწნება... და მაინც ვერ ვიტან, როცა მასკარადებს აწყობენ და ასე ავხორცულად იცინიან... ერთთავად ვგრძნობ, რომ კიდევ მაკისრია მოვალეობა... ჯერ ბოლომდე არ აღმისრულებია... ჯერ გადარჩენილი არ არის მისი საიდუმლო... განსვენებულს ჯერ არ გავუთავისუფლებივარ...
შუა გემბანიდან ხმა მოისმა, ხახუნი და ტყაპატყუპი- მეზღვაურებმა გემბანის მოხეხვა დაიწყეს. უცნობი ისე შეკრთა თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. მოთენთილ სახეზე შიში აღებეჭდა. წამოდგა და წაილუღლუღა:
-წავალ... წავალ, თორემ უკვე დროა.
დაიტანჯებოდით, მისთვის რომ შეგეხედათ: უაზროდ იცქირებოდა, თვალებუ შეშუპებოდა და დასწითლებოდა სმისა თუ ტირილისაგან. ერცხვინებოდა ჩემი თანაგრძნობისა. მთელი მისი დათრგუნვილი არსებიდან დარცხვენა, უსაზღვრო დარცხვენა გამოსჭვიოდა იმ გულახდილობის გამო, იმ ღამეს რომ გამოიჩინა ჩემთან. ანგარიშმიუცემლად ვუთხარი:
-ნებას მომცემთ, ნაშუადღევს გეწვიოთ კაიუტაში?
მან შემომხედა. დამცინავმა, მწარე, ცინიზმით აღსავსე ღიმილმა დაუმანჭა ბაგეები, რაღაცა გაბოროტებით ღეჭავდა ყოველ სიტყვას:
-აჰა... თქვენი ყბადაღებული მოვალეობა დახმარებისა... ეჰ, სწორედ მაგ სიტყვით წამაქეზეთ სალაყბოდ... მაგრამ არა, ჩემო ბატონო, გმადლობთ. ნუ გეგონებათ, რომ ახლა ხვედრი შემიმსუბუქდა, რაკი გული კი არა, მთელი შიგნეული გადაგიშალეთ... ჩემს დაღუპულ ცხოვრებას ახლა რაღა გამოასწორებს... ტყუილუბრალოდ ვემსახურე ჰოლანდიის ღრმად პატივცემულ მთავრობას... პენსიამ ჭირი მოგჭამათ... გაღლეტილი ნაგაზივით ვბრუნდები ევროპაში... ძაღლივით, კუბოს რომ წკმუტუნით მისდევს... დაუსჯელად დიდხანს ვერ ირბენს ამოკით შეპყრობილი, ბოლოს მოცელილივით ეცემა ძირს. და იმედია, ჩემი აღსასრულიც მოახლოვდა... არა, გმადლობთ, ბატონო ჩემო, თავაზიანობისათვის, კაიუტაში მყავს მეგობრები... ორი-სამი ბოთლი ძველებური ვისკი, რომელიც ხანდახან ნუგეშსა მცემს, შემდეგ კი ძველი მეგობარი, რომელსაც, სამწუხაროდ, თავის დროზე ვერ მივმართე,- ჩემი ჩინებული ბრაუნინგი... იგი ყოველგვარ ლაყბობაზე უკეთ მიშველის... თავს ნუ შეიწუებთ, გეთაყვა... ბოლოს ერთადერთო ადამიანური უფლება მაინც ხომ ყველას რჩება: ისე ჩაძაღლდეს, როგორც თვითონ მოეპრიანება... და თანაც გარეშეთა დაუხმარებლად.
ერთხელ კიდევ შემომხედა დამცინავად... თითქმის გამომწვევადაც კი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ადამიანს მხოლოდ დარცხვენა, უსაზღვრო დარცხვენა ალაპარაკებდა. შემდეგ მხრებში ჩარგო თავი, გატრიალდა თუ უკვე განათებულ გემბანზე ბარბაცითა და ფრატუნით გაემართა კაიუტებისაკენ, ისე, რომ არც კი გამომშვიდობებია. ამის მერე ის კაცი აღარ მინახავს. ამაოდ ვეძებდი შემდგომ ორ ღამეს წინანდელ ადგილზე. იგი გაქრა და შეიძლებოდა სიზმრად ან ფანტასტიკურ მოჩვენებად მიმეჩნია ეს ყოველივე, ჩემი ყურადღება რომ არ მიექცია ერთ მგზავრს, რომელსაც მკლავზე სამგლოვიარო არშია ეკეთა. ეს იყო მსხვილი ჰოლანდიელი კომერსანტი, ვისაც, როგორც, მითხრეს, ახლახან მეუღლე გარდაეცვალა რომელიღაც ტროპიკული სნეულებისაგან. ვხედავდი, როგორ სხემდა ბოლთას დამწუხრებული და დაღვრემილი სხვა მგზავრებისგან განცალკევებით და მეხამუშებოდა ის ამბარი, რომ მე ვიცოდი მისი ხვაშიადი. ყოველთვის პირს ვარიდებდი, როცა კი წინ შევეყრებოდი ხოლმე, რადგან მეშინოდა სახეზე არ შემმტყობოდა, რომ მე უფრო მეტი ვიცოდი მისი ხვედრისა.
ნეაპოლის ნავსადგურში მოხდა შემდეგ სწორედ ის უცნაური უბედური შემთხვევა, რომლის ახლსნაც, მე მგონი უცნობის მონათხრობში უნდა ვეძიოთ. მგზავრების უმეტესი ნაწილი საღამოთი ნაპირზე გადავიდა, მე თვითონ ოპერაში წავედი, იქიდან კი ვია რომაზე მდებარე ერთ გაჩახჩახებულ კაფეში შევიარე. როდესაც კანჯოთი გემზე ვბრუნდებოდი, დავინახე, რომ ჩირაღდნებითა და აცერილენის ფანრებით აღჭურვილი ნავები გემის ირგვლივ ტრიალებდნენ, რაღაცას ეძებდნენ, ზევით კი, ჩაბნელებულ გემბანზე, ჟანდარმები და კარაბინერები მიმოდიოდნენ. რა მოხდა-მეთქი, შევეკითხე ერთ-ერთ მეზღვაურს. მან პასუხს თავი აარიდა, აშკარა იყო, ნაბრძანები ჰქონდათ, არაფერი ეთქვათ მომხდარ ამბებზე; მეორე დღესაც, როცა გემი მშვიდობიანად თითქოს არ არაფერი მომხდარიყო, გენუისაკენ გაემართა, ვერაფრის გაგება ვერ შევძელი და მხოლოდ იტალიურ გაზეთებში წავიკითხე შემდგომ რომანტიკულად შეფერადებული ცნობა ნეაპოლის ნავსადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე. იმ ღამეს, ასე წერდნენ გაზეთები, განგებ გვიან, რომ სამწუხარო სანახაობას მგზავრები არ შეეწუხებინა, გემიდან ნავში უშვებდნენ კუბოს, რომელშიც ჰოლანდიის ახალშენებში გარდაცვლილი ერთი ბანოვანის ცხედარი ესვენა. სწორედ იმ წუთს, როცა მტვირთავებს განსვენებულის მეუღლის თანდასწრებითა და დახმარებით კუბო თოკის კიბით ქვევით ჩაჰქონდათ, გემბანიდან უეცრად რაღაც მძიმე ჩამოვარდა, კუბოს დაეცა და მასთან ერთად მტვირთავებიცა და განსვენებულის მეუღლეც ზღვაში გადაიყოლა. ერთი გაზეთი ამტკიცებდა: ეს ვიღაც შეშლილი იყო, რომელიც თოკის კიბეს ზევიდან დაახტაო. მეორე კი უფრო შელამაზებულად გადმოსცემდა ფაქტს: თოკის კივე მეტისმეტი სიმძიმისაგან თვითონ გაწყდაო. ასე იყო თუ ისე, სანაოსნო კომპანიამ, როგორც ჩანს ყველა ზომას მიმართა, რომ საქმის ნამდვილი ვითარება მიეჩქმალა. დიდი გაჭირვებით ამოიყვანეს წყლიდან მტვირთავები და მეუღლე განსვენებულისა, ტყვიის კუბო კი მაშინვე ჩაიძირა და რაღას გააწყობდნენ. ხოლო იმ გარემოებას, რომ ამავე დროს გამოქვეყნდა სხვა მოკლე ცნობაც: ტალღებმა ნავსადგურში ნაპირზე გამორიყა დაახლოებით ორმოცი წლის უცნობი მამაკაცის გვამიო,- საზოგადოების თვალში არანაირი კავშირი არ ჰქონდა რომანტიკულად აღწერილ შემთხვევასთან. ჩემ წინაშე კი, რა წამს ეს ძუნწი სტრიქონები ამოვიკითხე, გაზეთის ფურცლიდან მოჩვენებასავით წარმოდგა უცნობის ფერმკთალი სახე და მთვარის შუქზე მოელვარე სათვალე.

??????