ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ოცნება აჭარისწყალთან 

ვერა, ვერ იგრძნო ძველმა ეშმაკმა,
ვერც ძველმა ღმერთმა, იმ ელვის ძალით
თუ რა სისწრაფეს გამოღმა-გაღმა
ამოძრავებდა აჭარისწყალი.

ახმაურება მისი იმ ღამის
ათასი ქარის იყო ხმაური,
ძლიერი ქარი კოლხიდის შლამის,
მსუბუქი ქარი მახინჯაურის.

და აყრუებდა ტყეს ძალისძალათ,
ვით უეცარი სიტკბო და ელდა,
მრგებელი ქარი ატეხილ ჭალათ
და მავნე ქარი ლაქაშის ველთა.

იყო თანაბარ აფრენა ქორის:
უახლოვდება კარებს თანდათან
გრიგალი ქარი ტრიალ სამგორის,
ალერსის ქარი ჩვენს ლაზიკიდან.

თავაწყვეტილი ვეფხვი, რომელიც
ვერ იგრძნობს, რაა ჯაჭვი და რკალი,
ადიდებული, დაუდგრომელი
ეშურებოდა აჭარისწყალიც.

ხიდებს და სახლებს, მწყემსთა სადგურებს,
ტყეებს და ველებს, ადგილებს მზიანს
მდინარე ანგრევს და ანადგურებს,
ანგრევს ყველაფერს და მიაქვს, მიაქვს...

გამოწვეული დაბურულ ტყიდან
ინდუსტრიული ყიჟინით, სტვენით,
ის უცებ შედგა... დასაბამიდან
პირველად შედგა ბრაზით და წყენით.

შეხედეთ მიმქროლს სხვა ბედის ეტლით!
რა დაბრკოლებას შეხვდება სამტროს!
შესაყენებლად ამართულ კედლით
სურს გადაეშვას და აი, ამ დროს -

თითქო ვიღაცას სურს, რომ გადუდვას
გიგანტიური ფოლადის ხმალი
და უგონობით ქანებაში ხმალს
ტანით შეაჭრას აჭარისწყალი...

შეხედეთ: სისხლი, წყლული, იარა
ჰაერში როგორ იშლება ალის,
მაგრამ ეს შუქი სისხლი კი არა -
ცისარტყელაა ჰიდროცენტრალის!

იგი აშუქებს ქარსა და ნიავს...
აჭარისწყალის ელვარე ბედი
მას შემდეგ მიდის, მიდის და მიაქვს
ახალი დროის შარავანდედი!

სხვაგვარ ვარდის და იის საკრეფად
გველიან წყალნი აჭარისანი,
გმირებს ეძახის თავშესაკრებად
სოციალისტურ დღეთა მიზანი!

1935

??????