რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

ალექსანდრე ჭავჭავაძე 

ალექსანდრე ჭავჭავაძეში სამივე სახის არისტოკრატობა იყრის თავს: გვარეული (მამა მისი გარსევანი, როგორც დიდი გვარის ნაშიერი, საქართველოს უკანასკნელი მეფეების ერეკლესა და გიორგის წარმომადგენლად იყო რუსეთის იმპერატორთან), ბიოლოგიური (იგი სულის კულტურით ბევრად მაღლა იდგა მის თანადროულ ქართველობაში). თუ რომელიმე ქართველ პოეტს ეთქმის სახელად დ ე ნ დ ი, ეს უთუოდ ალექსანდრე ჭავჭავაძეა: იგი ნამდვილი დენდი იყო ქართულ-აღმოსავლეთური დარდიმანდობით. ალექსანდრე ჭავჭავაძე პირველ ყოვლისა მომღერალია მხიარული. ბევრსა ჰგონია, თითქო მისი მხიარულება იყოს სევდა ნარევი. ამის სამტკიცად სხვათა შორის ასეთი ფრაზა მოჰყავთ მისი: “მღრად ოხვრა. ლხენად გლოვა მე ხადა”. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ფრაზა საარშიყო შაირიდან არის ამოღებული, – და არშიყობის სფეროში – კი ჩვენ ვიცით, თუ რა ფასი აქვს “ოხვრასა” და “გლოვას”: ეს მხოლოდ ჩვეული ატრიბუტია სიყვარულზე ამღერების. მოჰყავთ კიდევ მაგალითად “გოგჩის ტბა”: თითქო პოეტმა იგრძნო საქართველოს დამხობა და გოგჩის ტბის პირას სასახლეთა ნანგრევების სახით გამოიტირა იგი. არ არის მართალი: – სიმართლესთან უფრო ახლოა მისი მოგვარე ილია ჭავჭავაძე, რომელიც ალექსანდრესადმი შეწირულს ლექსში იტყვის: “ხან დაჰყურებს ღრუბლიანი დაფიქრებით გოგჩის ტბასა და ემდურის მწვავის მოთქმით დაუდრგომელ დროთ ბრუნვასა”. და მართლაც საქართველო ისეთი ტემპერამენტით არის ამახვილებული, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძეს არ შეეძლო რაიმე სახით არ ეხსენებია იგი, – თუგინ უბრალო სიტყვითაც, – თუ კი მას პოეტურ იდეად დამხობილი საქართველო ჰქონდა მხედველობაში. არა: იგი ხსენებულ ლექსში ემდურის მხოლოდ “დაუდგრომელ დროთა ბრუნვას”. – და ისიც, უნდა ვიგულისხმოთ, სიხარულში უცბათ შეჭრილი მელანქოლიის ჟამს, ალექსანდრე ჭავჭავაძე შესანიშნავი სახიერებაა ქართული უდარდელობის (დამხობის ჟამსაც კი) და მისი ლხინის გამშლელიც “მრავალჟამიერის” როგორც პოეტი იგი მოქეიფეა ნამდვილი ამ სიტყვის ესთეტიური მნიშვნელობით: მგონი მისსავით და მისდენი არავის უმღერნია საქართველოში. ყოველი მისი ლექსი რომელიმე “ხმაზეა” შეთხზული. – და როგორც კარგი მომღერალი სხვა და სხვა “ხმისა” და თანვე კარგი დამკვრელი თარისა და ჭიანურის, იგი სიმღერა-მუსიკით ახმაურებდა მას.
 
ალექსანდრე ჭავჭავაძე სენსუალისტია უმძაფრესი: იგი იტყვის: “მგრძნობელობა ჯობს ყოველ თვისებათ, ცით მოვლენილთ; შვენებასაც და გონებასაც ის ასულდგმულებს”. ბუნების ლამაზი ტანის სიყვარულში იგი წარმართია ნამდვილი. წარმართია აგრეთვე ბუნების ქორწილის ათვისებაში. მისი პოეზიის ჰანგები ერთს ლექსშია მოქცეული, – სახელდობრ, მუხამბაზში: “მოვედ ამ არედ შესამკობელად”. წარმართული უბრალოებით მიმართავს იგი ნიავს, – რომ მან “მოიწვიოს მზე დამატკბობელად”, “მდელოთა ყოველთ მოსახმობელად, პირველ იასა ექმნას მშობელად”. და შემდგომ შეჰმღერის: “და ჰყოს აშიკნი ლხინის მგრძნობელად, სიყვარულისა ამაგზნებელად”, შემდეგ აყვავილებს იგი პოეტურად გაზაფხულის გადაშლას, – და ყოველს სტროფას იმავე მიმღერით ამთავრებს. სილამაზისა და ძლიერების მომხიბლაობა ნიცშესებურად აქვს ახატული: “რაყიფთ აქვსთ ჩხუბი, ბასვრა, ბრჭყალობა, ერთმანეთისა დაუხვალობა, სატრფოთ მოტაცვა, ფრენა-მალობა, კოცნა, ალერსთა დაუთვალობა, სიხარულისგან მოუცალობა, ძლეულის გმობა, შეუბრალობა”. ბოლოს სატრფოთ მოტრფიალეს შეხვდება – და ეტყვის:
 
“წარვიდეთ გვაწევს სურვილი, აჰა გუმბათებრ ფოთოლთ ხურვილი, ეშხით დამცხართა დასაჭდობელად”. ბუნების ქორწილი დამთავრდა: – ეს ისეთი სენსუალური უბრალოებით აქვს პოეტს გამოთქმული, რომ ღრმად ნაგრძნობს ეროტიულს გრძნობას სრულიად არ გაჰკრავს იერი იაფი პორნოგრაფიისა.
 
ასეთი სენსუალისტია ალექსანდრე ჭავჭავაძე. კიდევ უფრო ღრმა სენსუალისტია იგი მეორე ლექსში, რომელსაც სახელად “ძეობა” ჰქვია. იგი, მგონი, ერთად ერთი პოეტია, რომელსაც ძეობა აქვს ამღერებული: – ესეც საკმაოა მისი სახელისათვის. მარტო ეს ლექსი რომ დაეწერა მას, პოეტის სახელს მაინც მოიხვეჭდა იგი. ეს ისეთი ლექსია, რომ არ შემიძლია აქვე არ მოვიყვანო სრულიად:
 
“მუზნო ელდით, ისწრაფვიდით, მოფრინავდით ყოვლის კიდით!
 
ჩანგს მართვიდით, ლექსსა სთხზვიდით, ებნს დაჰკვირდით, მღერას რთვიდით, მზისა ნაშვსა ლომებრ ვაჟსა ქებას სთქმიდით, შესახმიდით:
მზევ, შინ შემოდიო!
 
შვენის ყრმობა, განსვლილობა, ღაწვ-ვარდობა, შავ-თვალობა, მცირ ბაგეთა ბალახშობა.
ზედ ეტყობა ლომ ძეობა!
 
აწ სამართლად გვმართებს ხმობა: მზე დაწვა და მთვარე შობა მზევ, შინ შემოდიო!
 
მზე წევს ტახტსა, სხივნი ჰკრთიან, წინ უძს ჩვილი პირ-ბაკგან; მელნის ტბანი მას დასტრფიან, ჰინდოთ ჩრდილნი ზე დასდგმიან, გარს გარს ზეფირნი შეფრფინვიან სმიან, ხლტიან, ჰხმიან, ჰსთქმიან: მზევ, შინ შემოდიო!
 
ვაჟის მამა პურადულად მასპინძლობს მხიარულად; ის ეყოფის სიქადულად, რომ უშვენის მზე მთვარულად; აძლევს მადლსა ზენაარსა – მშთესო ნიჭად შენეულად, - მზევ, შინ შემოდიო!
 
მე შობასა გიორგისას უმღერ ხმასა ძეობისა; ულოც ხილვას ამ სოფლისას, ნერგ ნაყოფსა დავითისას;
 
ერთგულური მონა გულით უსურვ განვლას ურიცხვ წლისას, - მზევ, შინ შემოდიო!”
 
სიმღერა – “მზევ, შინ შემოდიო!” – ხალხური პოეზიიდან არის აღებული. ეს მიმართვა მზესადმი პირდაპირ გენიალია. ალექსანდრე ჭავჭავაძემ იგი შესამჩნევად გამოიყენა ამ ლექსში: შვილის შობას მზის შემოსვლით აცხადებს. თვითონ ძეობა ჰომიროსული უბრალოებით იქნებოდა გადმოცემული, რომ ალექსანდრიული ვირტუოზობა ლექსის ტეხნიკისა არ ითრევდეს პოეტს. მიუხედავად ამისა, მეოთხე სტროფა პირდაპირ შესანიშნავია: მასპინძლის მხიარული პურადობა, მას მზე (მთვარეულად) (ძედ) უშვენის, ზენაარსს მადლს უხდის: “მშთესო ნიჭად შენეულად”. ქალწულური წარმართული გრძნობა პოეტმა ამ ლექსში უაღრესად ამახვილა, ვიმეორებ: ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელი მარტო ამ ლექსით შეიძლება უკვდავ-იქმნას.
 
ალექსანდრე ჭავჭავაძე ბესიკის მემკვიდრეა, – თუმცა ბესიკი უფრო მაღლა დგას ნიჭით და შაირობით. მის პოეზიაშიც სჭარბობს აღმოსავლეთურ-სპარსული ნაკადი. ყოველი მისი ლექსი რომელიმე “ხმაზეა” (“ჯანყუში ბუიელაოდის ხმა”, “სან ბირიეილალ აზრუნის ხმა” და მრავალი სხვა) შეთხზული. სანამ ამ “ხმებს” სპარსულ პოეზიაში არ შევისწავლით, მანამდე სრული დაფასება ხსენებული პოეზიის შეუძლებელია. საერთოდ უნდა ითქვას, სპარსული პოეზიის გავლენის ნაშთები ქართულს პოეზიაში ელიან საკვლევად საკუთარს ავტორს.
 
ალექსანდრე ჭავჭავაძემ იცის ბესიკსავით ალიტერაციის ხმარება. აი შესანიშნავი ნაკვეთი ალიტერაციული მაჯამასი: “სვემ მიწვიმა მანანა მომივლინა მან ანნა; თან მოჰყვა მანანა, მინანავა მან ნანა”. “ნა”-რის ასეთი მუსიკალი ათამაშება და ისიც მაჯამათი ქართულს პოეზიაში ჯერ კიდევ მიუღწეველია. ალექსანდრე ჭავჭავაძე არც პოეტური სახეებითაა ღარიბი. მართალია, იგი ბევრს სესხულობს შოთასა და ბესიკისაგან, მაგრამ საკუთარიც ბევრი რამ კარგი აქვს”. თამაშია გიშრის ბეწვნი. თუმცა აქ ახალი არაფერია, მაგრამ სიახლის მაგივრობას აქ სიტყვების პლასტიური დაწყობა ჰსწევს, – და პოეტისათვის ხანდახან ესეც საკმარისია. “მდელოთა სუნსა, მოსასუნარსა, ვყნოსვიდე მრთელთა”, – იტყვის იგი ერთს მუსტაზადში. აქ სიტყვით “მრთელთა” მძაფრი სენსუალობა ქვით მოკვეთილად გამოდის: ასეთი მნიშვნელობა აქვს ზოგჯერ უბრალო სიტყვას, სწორედ თავის ალაგას დასმულს. ერთს ლექსში იგი ყოველ სტროფას ასეთი ლამაზი მიმღერით ათავებს: “სიგრილესა შემივრდომე დაგული”. სენსუალობა ერთს ხოტბაში პირდაპირ ცოცხალი გამოდის: “ბაგე ვარდო, ნამით სველო, სუნნელთა გამომსუნთქველო”. გვხვდება აგრეთვე მეტად მძაფრი სახე: “გვხვევიან ჭირნი, ფოთოლთ უხშირნი”, აგრეთვე: “სურვით შემშლიან თვალნი”. ძალზე მოხდენილი სახეა ერთს მუსტაზადში, რომელიც ასეთს მიმღერაში სჭვივის: “გრძნობათა ჩემთა საკამათოვ, ვაჰ, შენგან კლულსა”. თმის ხოტბა ცნობილია, – მაგრამ ალექსანდრე ჭავჭავაძე ასე ახალისებს მას: “ეშყისა ჯაჭვად წნულნო თმანო”. ან კიდევ: “მიკვირს თმათ სიგრძე, სიბნელე და ლამაზ-წნულობა”. მეორე ფრაზას სახეს პლასტიური სიმკვეთრე ემატება. გვხვდება ორიგინალი შედარება: “შენ ხარ მზე, მქონე სხივთა ჩემთა მაცხოველეო; მე – ხე, რომელი ვხმე, თუ მათით არ მომზირალია”. ალექსანდრე ჭავჭავაძეს აქვს ისეთი
 
სახეებიც, რომლებიც თანამედროვე პოეზიას უფრო ახასიათებენ. მაგალითები: “ზოგჯერ ღამის სიწყვდიადე მომაჩვენებს გიშრის თმასა”; “ქაღალდი ველობს”, “სევდიანი ჰფლობენ გულსა ჩემსა თავმომწონები”. შემდეგი ფრაზა კი, რომელზედაც ტ. ტაბიძემ მიმითითა, მოდერნისტ – პოეტს თუ შეუძლია წარმოსთქვას: “როს მშვენნი მუხლნი შენნი ბალიშდენ თავსა ჩემსა”.
 
ალექსანდრე ჭავჭავაძე არ არის მარტო აღმოსავლეთურ-სპარსული ჰანგობის მატარებელი. მან პირველმა “დასავლეთურობაც” შეიტანა ჩვენს პოეზიაში, იგი იცნობდა უცხო პოეტებს და ბევრი რამ სთარგმნა ფრანგულით და რუსულით. მისი ლამაზი თარგმანი პუშკინის “ყვავილოსა” ყველამ ზეპირად ვიცით. საგულისხმოა აგრეთვე, რომ მან სთარგმნა პუშკინის “კავკასიის ზვავი” (სახელი, მგონი ოდნავ შეცვლილია). ეს ლექსი რუს პოეტებს იმის ნიმუშად მოჰყავთ, თუ რა მუსიკალობამდე ადიოდა პუშკინი ანბანთა ხმაურით. ალექსანდრე ჭავჭავაძეს ამ არჩევაში დიდი პოეტური ალღო გამოუჩენია. და იწყებს ხო თარგმანს თვითონ შესანიშნავი ხმაურით: “ზვირთნი ხმოვანნი, აღქაფებულნი, შავთლკლდეთ ებრძვიან, ზე ემსხვრევიან”. უცხოელების გაცნობით ალექსანდრე ჭავჭავაძემ ახალი მოტივი შემოიტანა ქართულს პოეზიაში, – მოტივი არა როგორც კონკრეტობა, არამედ როგორც ერთგვარი სხვაობა. საგულისხმოა ამ მხრით: მუხამბაზი, საცა ბუნების ყვავილოვანი ქორწილით ამღერებული “კავკასია”, “ძეობა”, “გოგჩის ტბა” და კიდევ სხვა. ეპიური სიხელე ლირიულ თემაში ყველაზე უფრო “გოგჩის ტბაშია” ჭდეული. იდეა ამ ლექსის ცოტად თუ ბევრად ცნობილია; – დაუდეგარობა შენებულისა მსოფლიოში და მით გამოწვეული გრძნობა მსოფლიო ამაოებისა. შესაძლოა ამ ლექსმა გავლენა იქონია ნიკო ბარათაშვილის “ვპოვე ტაძარზე!” ხოლო ეს – სხვათა შორის. თავი და თავი ამ ლექსის ესთეტიური ფასეულობის სხვაა; ლექსის ფაქტურა, პლასტიური დინამიურობით შენებული. აქ უკვე მოსჩანს “დასავლეთური” თვალგაზომვა. არის ამ ლექსში დაუვიწყარი ფრაზები; “სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი და სად დღეს ვხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა” – (დააპირისპირება მკაფიო ჭირვეულობით); “ეს გროვა ქვათა სახე შლილის ოთხკუთხედისა” – (აქ ქვის სინათლე სჩანს ნამდვილი); “მიხედე ამა ვრცელსა ვაკესქვაყრილსა ბნელად” (ფრაზა ბრინჯაოთია ჩამოსხმული); “ერთგზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსებულნი” (- ხმაური – მუსიკალი – მოშავო). ეს სტროფა კი წინამორბედია ჩვენი უახლესი პოეზიის ზოგიერთი ნაკვთით: “რავდენ ბანოვანთ შვენებანი ახლად მშლილობნი ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას; ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი რავდენგზის ტურფად გადუღია სარკესა წყლისას”.
 
ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსის ტეხნიკაში ნამდვილი მემკვიდრეა ბესიკის: მას ესმის ლექსი და აქვს შაირის გრძნობა. რუსეთის ტალღა უთუოდ ხელს უშლიდა მას ამ მხრით განსავითარებლად: – უნდა ვიფიქროთ, – მან იცის ლექსის ერიტმია. კარგია მაგალითად მისი – “გრაფი” რიტმის თანდათანი დაშვებით:
 
“აჯას ვამრავლებ მე შენდა გულს შენი ტრფობა მეშენდა! მიხსენ სიკვდილით
 
სიტყვათა ტკბილით: აჰა, ძღვნად გული. შენგან წყლული, დაკლული.
 
ბოლო სიტყვები თითქო მეორეს სცვივა, – დაკლული გული თითქო ჩამოვარდა. ბოლოს და ბოლოს ალექსანდრე ჭავჭავაძისთვის ლექსი იყო “კახურით” სავსე აზარფეშა:
 
– ამაშია მისი ძალა, მაგრამ შესაძლოა ამაშივე იყოს მისი დაბრკოლება.

??????