რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

გრიგოლ ორბელიანი 

ხშირად ხდება ხოლმე, რომ მეტად ნოყიერი ნიადაგი, – საცა უხვად აყრილი მუხნარი ველური ძალუშრეტობით უღრანი ტყის ზღაპრული ზვიადობით იმართება, – შემდეგში, დროთა ვითარების გამო, იწურება, იშრიტება, მწირდება, იფიტება: “მოჭმული” ნიადაგი ხდება “ეწერი”. ველური ნაყარობა აღარ ამშვენებს ამ ნიადაგს: ხეები იზრდებიან, – ხოლო ფერწასულები, უძარღვონი, ღონემიხდილნი, მოქანცულნი, – თითქოს ბუნებას ჭლექი შეჰყრია. მაგრამ ხანდახან ამ ჭლექიან ნიადაგზე ავარდება მუხლ-მაგარი ხე, რომელიც თავისი სიმწვანით და სიცხოველით გვაგონებს გადაშენებულს ძლიერს ჯიშს. ამ ხეს აკლია ველურობა წინაპრის: პირვადელობის ძალა-ყრილობა: ხალასობა, სიხალისე, სიუხვე, სიმაგრე, “სიგიჟე”. გარნა მას ახასიათებს რჩეულობა ჯიშის, კეთილშობილება ბიოლოგიური ძალის, მოდუნების სიტკბო, ჭკნობის სურნელება.
ასევე ხდება რასსათა და ხალხთა შორის, ამასვე ვხედავთ ხშირად ქართული ისტორიის რკალებში. არ არის იშვიათი ისეთი ქართველის შეხვედრა, რომელსაც აღარ აქვს უკვე ტირანული მოხეთქა შემოქმედებისათვის. – მაგრამ მასში მაინც არის გაღვიძებული ძველი ძალოვანი ჯიში. ამ მოვლენას ზედმოჭრილად ჰკვეთავს სხვათა შორის ერთი ფაქტი: საქართველოში ხშირად გვხვდება ფიზიკური სილამაზე, – მაგრამ ეს სილამაზე უფრო “გვარეულია”, ვიდრე ინდივიდუალური: თვისგნით, შინაგანი სულის კულტურით, ეს სილამაზე ძვირად თუ ვისმე აქვს ამახვილებული. ქართველი, – რომელშიაც იღვიძებს სიძლიერე ძველი ჯიშის, ხშირად ისწრაფვის შემოქმედებად, – მაგრამ ვერ იჩენს გამწეობას, ვერ ჰპოულობს შეუცნობელის სფეროში სინოყიერეს, – და მისი სულის ლირიზმი ლამაზ რიტორიკად გამოდის და მისი აფრთოვანება უწყინარ პათოსად.
ხელოვნებაში ასეთი ქართველი უთუოდ გრიგოლ ორბელიანია. მე სახეში არა მყავს სარდალი გროგოლ ორბელიანი, რომელიც სწერს თავის სამხედრო მოქმედების ერთს ეპიზოდზე: “ნელნელად თავებს ვაჭრევინებ (ჭარ-ბელაქანში წესიერების დამრღვეველთ) და აქამდის გავაბედვინე, რომ თვითვე გამოაშკარავებით მოაქვთ ჩემთან თავები და ხელები ყაჩაღებისა”, არა: მე მყავს სახეში გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც რამდენიმე ლირიკული ლექსი დაგვიტოვა, – და აი აქ იგი უთუოდ რიტორია ლირიზმით და პათეტიური აფრთოვანებით. იგი, – ფადდეი ზელინსკის სახე რომ ვიხმაროთ, – სრულიად არა ჰგავს იმ ხეს, რომელსაც მეხმა ტოტები მოამსხვრია, მაგრამ უფრო მეტი ძალმოხეთქით ისწრაფვის წართმეული სიცოცხლისადმი: იგი უფრო განსხეულებაა პათოსის გვარეულისა – კეთილშობილი, მაგრამ უღონო, – აფრთოვანებული, – მაგრამ უნოყიერო.
ძვირად შეხვდებით ისეთს პოეტს, რომელსაც ასე ცოტა პოეტური ხატი ჰქონდეს სიღრმით ამონახეთქი, როგორც გრიგოლ ორბელიანს. იგი პოეტურად იგებს, მაგალითად, სიყვარულს და დასძენს: “თვარა სიყვარულს თუ დავკარგვიდე, უკვდავებამან მის წილ რა მომცეს?!” აზრი უთუოდ გულისხმიერია, – ხოლო რადგან პოეტურ ხატად არ არის გახსნილი, იგი მხოლოდ მოხდენილ აფორიზმად რჩება. ან კიდევ: “რომლით (სიყვარულით) კაცი მშვენიერობს, მაშინ თვით ღმერთს ემსგავსება”.

სიყვარული ადამიანს რო ღმერთს ამსგავსებს, ეს ძველმა ჰელლინებმა კარგად იცოდნენ,
– მაგრამ ამ ცოდნას ისინი უშრეტი ხელოვნებითი ხატებით ახმაურებდნენ. გრიგოლ ორბელიანის სიტყვებში ეს თქმა რიტორიულ გამოთქმად გამოდის. და კიდევ: “ღმერთო, ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს, მისფერ უთვალავ შვენებას? სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ბადავ ცხოვრებას!” თავისთავად ყოველი აქ თქმული სიტყვა მართალია, მაგრამ მათ აკლიათ შემოქმედების სისველე და სიახლის იერი. სამამულიშვილო ჰანგებშიაც ამგვარია გრიგოლ ორბელიანი: “დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე თვისსა მამულსა შესწირა მსხვერპლად, დავნატრი დროთა, რომ აქვნდათ ტრფობა მამულისადმი გულს აღბეჭდილად”. უწყინარი პათოსი რომ არ ათბობდეს ამ სიტყვებს, აქ იქნებოდა მხოლოდ გაცვეთილი პროზა. ძლიერ ცოტა აქვს მას ასეთი პოეტური სახე: “სად მთანი ყინვის გვირგვინით არიან ცამდე ასულნი”.
გრიგოლ ორბელიანი სხვა მხრითაა ძლიერი: მას აქვს რიტმის გრძნობა. ეს მით უფრო საკვირველია, რომ რითმის მხრით მასზე უღარიბესი პოეტი ძვირად მოიპოვება ქართულს ლიტერატურაში: “მოწვდენით – შემუსვრით, ჭყონდიდი – გულადი, ნათელი
– მრხეველი, გამომაცენნი – ნათელნი”, – და ათასი სხვა, – გრიგოლ ორბელიანისათვის რითმებია. მუშტრის თვალს უნდა ამ “რითმებში” ასსონანსები მონახოს, მაგრამ ხანდახან ასსონანსები რითმაზე უფრო არისტოკრატიულია, – და თავის-თავად ცხადია წამხდარი რითმა ასსონანსობას ვერ გაჰსწევს. მიუხედავად ამისა, გრიგოლ ორბელიანის ლექსებში მაგარი რიტმია ახმაურებული. ჩვენ ვიცით, რომ ქართული ლექსი ურითმოდ არ გამოდის საამო მოსასმენი. მაგრამ გრიგოლ ორბელიანი ისე ძალოვნად ავითარებს რიტმს, რომ ამ სამკაულის უქონლობას სმენა ვერც-კი ტყობილობს. აი მაგალითად:
“რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,
ნუთუ ეს სახე არ გინახავს მუშისა?
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერ ჩაჟანგებული,
კაცი გულით დაჩაგრული ბედითა,
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაქცევია
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა-პურისა”
და ასე ამ რიგად: მთელი ლექსი (“მუშა ბოქულაძე”) თითქოს სპილენძის ხმაურზეა აგებული. პოეტმა იცის ქართული ენის საიდუმლო: ვაჟური სიძლიერე, რომელიც არ ინდობს ქალურ სინაზეს. და იგი მართლაც სპილენძის ინსტრუმენტებით ახმაურებს ქართულ ლექსს. ამ მხრივ აღსანიშნავია მეტად “საღამო გამოსალმებისა”. პოეტი აგვიწერს “ბუმბერაზ მთებს”, ცათამდე აყუდებულებს მდუმარედ; ისინი “სხედან ვით

დევნი”; “მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზე დასწოლიან და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან”; ხოლო საშინელი სიძლიერით ვარდებიან შემდეგი სიტყვები: “წყალნი მთით დაქანებულნი, უფსკრულსა იკარგებიან: თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, მთები ბანს ეუბნებიან”. სიტყვის ასეთი ძალოვანი ენერგია მრავალს პოეტებს გაუხდება სასურველად. გრიგოლ ორბელიანმა იცის რიტმის ხვეულიც: მისთვის ერთგვარი სტროფული დენა ლექსის მიუღებელია: – იცვლება სულის ნიუანსი და თანვე ლექსის რიტმაც აუხვევს წინ აღებულ ხაზს. “იარალში”, მაგალითად, ყაბახის ასაწერად, მომზადების შემდგომ, უეცრად დაჰკრავს ნაღარა, და რიტმი ლექსის იწყებს პირდაპირ ცეკვას: “ცხენთა თქრიალი, შუბთა ტრიალი, ჯირითთ სრიალი, ყურ-მაჯთ შრიალი, უზანგთა ცემა, ცხენთაგან ხტომა. კვალად ზე ხტომა და ხმალთ კრიალი”. საოცარი აქ ის არის, რომ თვითონ რიტმული ენერგია ისეთი სიტყვებით და სიტყვათა მიჭდობით არის აშვებული, რომ აწერილი სურათი თვალსაჩინო და ხმაურიანი ხდება ნამდვილი. გრიგოლ ორბელიანის ლექსებში საყურადღებოა მეტად “სადღეგრძელო, ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს”. მთელი ინდივიდუალობა პოეტისა ამ ლექსშია უთუოდ მოქცეული. ერთ ჩემი მეგობარის თქმის არ იყოს, აქ პოეტი გამოდის როგორც ნამდვილი “თამადა”. და მართლაც: ქართული “სუფრა” ქართული ლხინით ერთგვარი ესთეტიური ფენომენია, – და გრიგოლ ორბელიანის “სადღეგრძელო” სწორედ რომ დამამშვენებელია ამ სუფრის. აქ მისი ლირიზმი თუმცა რიტორიკაში გადადის, მაგრამ მაინც გულ-სახვედრია; აქ მისი აფრთოვანება, თუმცა უნოყიერია, მაგრამ უწყინარი პათოსით მაინც თბილდება. დაუმატეთ ამას რიტმული სიმდიდრე ლექსის – და თქვენ მიიღებთ ერთგვარ ცდას პოეტური სიმფონიისას. არავის დაავიწყდება მაგალითად ადგილები: “თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა დიდუბის ლაშქარი”, “სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა”, – და მრავალი სხვა.
გრიგოლ ორბელიანისათვის დამახასიათებელია აგრეთვე გულწრფელი უბრალოება. ამგვარი უბრალოებით არის შექმნილი მისი ლექსი “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”. ასეთივე უბრალოება ღვივის “მუშა ბოქულაძეში”: “მე ჩემს ბარგსა როგორმე იქ მოვიხსნი, სად მე და შენ ვიქნებით თანასწორნი, საუკუნოს განსასვენსა ალაგსა”, ხშირად ეს უბრალოება პროვინციალი კოლორიტით იღებება; “ჯეირნის მწვადი შიშინით ცეცხლზედა დასტრიალებდეს”; “კახური ღვინით აღვსილი აზარფეშაცა ხელთ გვეპყრას, მოთალი, თევზი, მწვანილი აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას”. მაგრამ როგორც ბევრსა ჰგონია, ეს არ არის ვულგარობა: პირიქით, ეს იმას მოწმობს, რომ გრიგოლ ორბელიანისათვის არ არსებობდა “დაშლილი” სახე პოეზიისათვის, – და ესეც საყურადღებო ხაზია მისი პოეტური პიროვნების. სათნოებით სავსეა მისი უბრალოება “ფსალმუნში”; ვინც ამ სოფელს “მზეებრ მნათობს” არ მისდევს მონურად და ვინც “ძლიერებას ხმითა მაღლითა ამცნო სიმართლე”, – “იგი ავიდეს მაღალსა მას მთასა წმინდასა”.

??????