ქებურია ბელა
გაზიარება

შენ ექსკლიუზივი

ვგრძნობ, მკერდქვეშ ისე გუგუნებს
გული,
ლამის ახადოს საფეთქლებს თაღი,
გაწყვეტილ სიმებს ვავლებ და ვუვლი,
გულს, შემოდგომის წვიმებით
დაღლილს.
ჩაყუჩდი გულო, დრო მიჰქრის სწრაფად,
სად გაქრა ქერა გოგოს ხალისი,
რატომ ჩალაგდა თვალებში დაღლა,
ნოემბრის წვიმად-სხივი მაისის.
მიქრის სიცოცხლის ყოველი წუთი,
ისე სწრაფად და ისე მუქბინდად,
ვერ გაბრწყინდი და ვერ შემობრუნდი...
და მეც ლოდინი უკვე მომწყინდა.
ადრე შენს „ხვალეს“ ველოდი როგორ...
ადრე გაჰქონდა გულს ბაგა-ბუგი,
რად აფარფატე ცქრიალა გოგო,
...დაღლიდი თუკი!
ფიქრთა ნისლია თუ ქერა დალალს,
ზღვის ქაფის ფერი მოსძალებია,
სიცოცხლის ბოლო ბილიკთან წავალ,
ავწვდები ზეცას – ვარსკვლავებიანს,
მადლობა უფალს! ჩემს უკან გზაა,
რაც მთავარია _ ის ნათელია!
...მაგრამ თუ წავალ, გამყვება დარდი,
შეცვლილი სახის, შეცვლილ განცდათა,
სამშობლო ჩემი _ სამოთხის ბაღი,
ვერ აყვავდა და ვერ ათავთავდა.
არა ქუჩებით, სახლებით, სკვერით,
გზებით თუ რუხი მაგისტრალებით,
რადგან ერთმანეთს ვერ ვეფერებით,
კაცი კაცს არ ჰგავს და ქალს ქალები...
ერთმანეთს ვკლავთ და ერთურთს
ვიმეტებთ
სიტყვით, ხელებით, გულით, თვალებით...
ვაჰ-თუ! ჭაობის წყალმა დაფაროს,
ჩვენი თაობის ნატერფალები...
...და მაინც, სადღაც ჭიატებს ცერად,
იმედის სხივი ჭრელი ბარათი,
დაჭრილი გულიც რომ აამღერა
და ეს სიმღერა ყელში გადამდის...
როგორც მოთქმა და როგორც გოდება,
როგორც ლოცვა და როგორც ღაღადი...
ვიცი, დიდება გიახლოვდება,
მაგრამ მანამდე... _
ღმერთი გფარავდეს!

??????