ბესელია ვასილ
გაზიარება

* * * "არ მასვენებდა შენი თვალები" 

არ მასვენებდა შენი თვალები 
და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა, 
მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით 
ჩემი ერთგული საიქიოდან. 
ასე დათმენით მღვიმის წიაღში 
თუ ყვავილობენ სტალაგმიტები, 
ასე სათუთად ეკლესიაში, 
ეფერებიან სანთლებს თითები... 
ასე მორწმუნეს ღმერთის რისხვაში 
ელდა აიტანს სულის წახდენის, 
ასე კვდებიან, ალბათ, სიზმარში 
და ეშინიათ სიზმრის ახდენის... 
ასე სიმართლეს ქვაზე დარგავენ, 
ღალატიც, ალბათ, ასე იწყება, 
ასე საკუთარ თავს თუ კარგავენ 
და პოულობენ თავდავიწყებას... 
არ მასვენებდა შენი თვალები 
და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა, 
მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით 
ჩემი ერთგული საიქიოდან... 
მე მომიყვანა შენთან ბილიკმა, 
მე მაინც, მხოლოდ მგზავრი ვიყავი... 
...წაკითხულია ყველა ბილინგვა, 
ამოხსნილია ყველა იგავი...

??????