ქურიძე გია
გაზიარება

მობრძანდი ექსკლიუზივი

... მდევრებს გამოქცეული აკაციების ტევრში შევარდნილა და მერე აღარავის უნახავს მისი ღიმილი, ფოსოებად რომ უღარავდა ტუჩის კუთხეებს. ხუთნი მისდევდნენ; ხუთი საფეთქელგახურებული _ ყვითელი თვალებით. ოთხი თავგადაპარსული ჩეჩენი და ერთიც იქაური, მისი მეზობელი აფხაზი _ თუთბა... ის კი აკაციის ტევრში შევარდა და მერე აღარავინ იცის სად დაიკარგა მისი ღიმილი. ღიმილი, თორემ ტყვიით ახდილი და სკალპანაძრობი თავის ქალა აკაციების იმავე ტევრში ეგდო... მან ვეღარ ნახა, თუ როგორ დაიხრჩო, წუხელის, წითელმა მზემ ზღვაში თავი... მისთვის ღამეა; ისეთი ღამე, რომ ვეღარასოდეს მიაგნებს ბედის ვარსკვლავს დაცხრილულ ცაზე...
... მეგზურმა აფხაზმა ამბავი მოიტანა საღამოს _ ბუთბას ოჯახში სტუმრობენო  მკვლელი ჩეჩნები; სვამენო გატიალებამდე! 
ბიჭებმა მასთან თანაშეზრდილ ბიძაშვილს შეხედეს. დილის მერე პირველად  ამოისუნთქა ღრმად და თავისთავში ჩაიკეტა, მოეშვა ბიძაშვილი. ის კი არა, ორიოდე ყლუპი სპირტიც მოსვა მათარიდან და იქვე, აკაციებში წამოწვა... მიხვდნენ დანარჩენები, რომ რაღაცა ჩაიფიქრა; მოსაღამოვდა და ისიც აწრიალდა, წინ დაუდგნენ ბიჭები, თვალი-თვალში გაუყარეს უსიტყვოდ. მიხვდა სისხლისმაძიებელი, რომ მარტო აღარ გაუშვებდნენ და წამოდითო, ჩაილაპარაკა... 
ესენიც ხუთნი მიდიოდნენ; ხუთი ნათესავ, მეგობარმოკლული ქართველი და ერთიც მათი მეგზური, ძმადშეფიცული აფხაზი...
სისხლი უნდა აეღოთ; ნათესავისა და მეგობრის სისხლი...
ჩუმად მიეპარნენ ეზოს, უხმაუროდ გაინაწილეს ადგილები, ფეხზე შეაყენეს იარაღი; ბნელოდა უკვე; ძვლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთი ბიძაშვილმა და მასპინძელოო დაიძახა...
ჭრიალით გაიღო სახლის კარები. ჯერ შიგნიდან გამოვარდნილი სინათლის სვეტი დაეცა კიბის საფეხურებს და მერე საკუთარმა ლანდმა გამოასწრო მასპინძელს აივანზე.
_ მობრძანდით! _ ქართულად გამოეპასუხა ღამის სიბნელეს თუთბას ქართველი ცოლი. ირგვლივ კი სამარისებული სიჩუმე იდგა...
_ მობრძანდით, ბატონო! _ ხალასი ხმით ეპატიჟებოდათ დიასახლისი. საფეთქლები დაბერვოდათ ბიჭებს, უცახცახებდათ სასხლეტებზე მიყინული თითები და როცა ქალმა კარები მიიხურა, უსიტყვოდ დაუშვეს იარაღი, ერთმანეთს რიდით გადახედეს და ასე უსიტყვოდ, ნაცემებივით წამოვიდნენ უკან...
ქართულ `მობრძანდის~ ვერ გადააბიჯეს...
ტიროდნენ _ მერე ვნახავთო ბუთბას... 

??????