ნათელაძე ქეთევან
გაზიარება

როგორ მიყვარდი... ექსკლიუზივი

ნუ გამიხსენებ გთხოვ უგულოდ გადაფიქრებულს,
მე არ მხიბლავდა მასკარადი, სცენა, თამაში,
უნდა გჯეროდეს, როცა უკვე აღარ ვიქნები,
რომ შენ მიყვარდი, რომ გიწამე ამ ყალბ ქალაქში...
რომ შენი პოვნა იყო ჩემი მოსვლის მისია
დედამიწაზე, რომ სინათლე გადამერჩინა
შენში რომ იყო, რომ ქრებოდა შენში მზესავით,
უნდა გჯეროდეს - უშენობას ვერ შევეჩვიე.
და ახლა ცივი ღამეები მოწმე ხდებიან,
როგორ მჭირდები და ნერვები როგორ მღალატობს,
რომ სიყვარული დროს მიჰყვება ლურჯტალღებიანს,
რომ აღარასდროს დაუბრუნდეს თავის კალაპოტს.
ჩემს თავში ჩემს თავს რომ ვუკვდები წვიმის ბრალია,
წვიმის ბრალია, უშენობა მარტოს რომ მტოვებს,
ეს მერამდენე შემოდგომას გადაუვლია,
დღესაც მთელი დღე ვუყურებდი ჩვენს ძველ ფოტოებს...
შემიცოტავდი, შემომაკლდი, შემომელიე,
ქუჩაში წუხელ დამსხვრეული ყრია ბოთლები,
როგორ მიყვარდი... ახლა უკვე ნდობა ძნელია,
ბეღურებივით მიკვდებიან კართან ფოთლები.
როგორ მიყვარდი...ამ დღეებში ახლა რა ყრია,
ვერ ვიფიქრებდი ეს ფიქრიც თუ ასე დამღლიდა,
და მარტოობა უპატრონო ქუჩის ძაღლივით,
წუხელის ღამეს შესტიროდა ჩემი სახლიდან
შემაძრწუნებლად... ძველ საფლავებს ჰგავდნენ ქუჩები,
მიტოვებულებს, რომ გლოვობდა მხოლოდ წვიმა და
იგვიანებდა გათენება, მოსვლას უჩვევი,
და ამ სამყაროს არ ვიცნობდი არცერთ ბინადარს
შენს მეტს, ვიცოდი რომ ეს იყო შვება სულისთვის,
ვიცოდი, რადგან დედამიწა აღარ მხიბლავდა,
რადგან რაც იყო გადაფასდა ჩემში სრულიად
სხვაგვარ ფერებით... სულ ორ სიტყვად - როგორ მიყვარდი...
ვუყურებ ახლა სინანულით დღეებს წუნდებულს,
დღეს ღმერთი ჩემი ერთადერთი გადამრჩენია,
და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები
რომ სიყვარულიც ცაში წყდება განაჩენივით!..
როგორ მიყვარდი...

??????