ფირცხალაიშვილი პაპუნა
გაზიარება

*** დღეს სიყვარულზე აღარ წერენ 

დღეს სიყვარულზე აღარ წერენ, ანდა თუ წერენ,

გამქრალ სიყვარულს იხსენებენ, რადგან ასეთი

გრძნობა მუცელში პეპლებს აჩენს და გულში მწერებს

მერე რთულდება, მეც თავიდან ვერ ვათავსებდი:

 

ფიქრებს, შეგრძნებებს, წარმოდგენებს, წარდგენებს, ღიტინს

გულში საამოს, სულზე ბზარებს. გამსკდარ ჭუბრებით

ივსება ჩემი სხეული და იგება ხიდი,

ათიათასი ბეწვის ხიდი, გესაუბრები

 

ხშირად ჩვენს შვილზე, ამ დღეებში განჩდება იგი,

გამოვა მზეზე, მზის ქუდით და ტაშის დერეფნით,

დავხვდები ქოლგის, სიყვარულით და სავსე ჭიქით,

სირთულეებით, ტკივილებით, ბედნიერებით.


??????