ებანოიძე ზაალ
გაზიარება

ზამთრის კაეშანი 

კარგა ხანია მთიდან დაეშვა,
ცხვარი დაესვა - სარქლის თანხლებით
თუ შენ მოყვები ზამთრის კაეშანს
და ღავღავებენ კვალში ძაღლები.

ყოველ დროს თავის მჩატე ხილი აქვს,
თვალსატყუარი - რამე გართობა,
უკუღმა დადგმულ ამ იდილიას,
რა გამოულევს უკუღმართობას.

გულგრილობიდან ამოიზარდა
თურმე ყოველი - რაც გვიცხოვრია,
მაინც - რა ახლო დგახარ მიზანთან,
მაინც - მიზნამდე რა სიშორეა.

აჰა,იგრძნობა უკვე სიშორე
მჩატედ ნატარებ აკვნის სამოსის,
თვალწინ ტანჭრელი გველი ციმციმებს,
თუ იგავია სააქაოსი.

არ მოგხვევია მუხლზე მსახურად,
თვალდასადგამად არც შენ ჩათვალე,
დაფნის მაგიერ ჩალა გახურავს,
გადგება განზე და გითვალთვალებს.

იტყვი ხანდახან - ,,ესეც კმარაო!“-
და ირონიულ ღიმილს იფერებ,
წამოუბერავს ზამთრის მარაო
და იფოთლება ტანში სიბერე.

იქნება სულაც ჩვენი ბრალა
ამ ყველაფერს რომ ყავლი გაუდის,
და ცხონდა ვინაც მოინანია
ეს უნებლიე დანაშაული.

??????