კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

ბესლანის ბავშვები 

შვილებს

დღეს პირველი სექტემბერია და 
ისეთი ბუნებრივი,
როგორც მზის ჩასვლა და ამოსვლა,
ყვავილების გაშლა და ჭკნობა,
გახსნილი ჭრილობების შეხორცება
და როგორც სიკვდილი.
ეს სკოლის ზარი არ არის, 
ეკლესიის ზარებია,
დედებმა გაგვაღვიძეს ზაფხულის თამაშებიდან,
ხელი კი მამებმა ჩაგვჭიდეს ისე მკაცრად და
ისე ამაყად როგორც არასდროს.
სამსახურიდან ბაზარში მოსიარულე მამებმა,
დამძიმებული ჩანთებითა და 
თავში ათასგვარი ფიქრით და ხარახურით.
დავტოვეთ საწოლებზე ღიმილმიმჭკნარი სათამაშოები,
ფანჯრებში პატარა დები და ძმები,
ბებიები რომლებმაც თმები დაგგვარცხნეს და 
შინიდან გამოსვლისას პირჯვარი გადაგვსახეს,
ღმერთან ან ჩვენს პირველ მასწავლებელთან შესახვედრად.
აი, ჩვენი ცარიელი და მდუმარე რვეულები,
აი, ჩვენი გადაუშლელი წიგნები და გაუცოცხლებელი ილუსტარციები,
წითელი კალმები სიმკაცრეს რომ ინარჩუნებენ და ვერ გამოხატავენ,
ჟურნალიდან ამოკითხული სია პასუხების გარეშე,
უფუნქციო მერხები და
შავად გადაღებილი დაფები,
რომლებზეც ჩვენი პირველი და მოკლე ისტორია დაიწერა.
აი, ჩვენი ყვავილები თქვენთვის ვისაც 
ცხოვრების სიბრძნის კარი უნდა გაგეღოთ ჩვენთვის,
ყვავილებმა ხომ უკეთ მოირგეს ბედისწერა.
ჯერ კიდევ მსუბუქი ჩანთები 
ჯვრებად მოკიდებული ჩვენს სუსტ მხრებზე და 
თეთრი პერანგები -
როგორც ზვარაკები უკანასკნელი გაკვეთილის გზაზე.
ასე ხშირად ნუ გასცქერით გზას,
ჩვენ იქიდან არ ვბრუნდებით,
ზაფხულის თამაშები გავაგრძელეთ და 
პირველი სექტემბრის უკან ვიმალებით.

??????