კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

სკოლა 

ვიღაც ჩუმად დადის ჩემს ფანჯარასთან
და მიყურადებს,
ცხოვრებაც ჩემი უშინაარსო, ისევ ბოლთასცემს _
შიგნით და გარეთ.
კეისრის ხარკმა მძევალივით შენობაში გამომამწყვდია,
ტუსაღივით გამომამწყვდია
და აქ ყოველი ძილის შემდეგ დაღლილი ვიღვიძებ,
აქ ყოველდღე ვაპირებ ახალი ცხოვრების დაწყებას,
რაიც ვეღარ აღვასრულე
და ვუბრუნდები ყოველდღიურობას წისქვილის ქვასავით,
სადაც საკუთარ თავს ვერ ვუერთგულე.


ჩიხში ვარ, ღმერთო,
დავიკეტე, აღარ ვიღები,
ვიწრო, უსულო ჩიხში გამოვიკეტე,
აქ ყველაფერი მომენატრა
რაც კი ამ წლებში, უნებლიეთ,
მე თვითონვე შემოვიძარცვე;
მეგობრიან _ ახლობლიანად, 
სახელიან _ სიწმინდიანად,
დედის კალთიანად და შენიანად,
და ყველაფერი ერთიანად.
მუსიკიანად, რაც ყოველთვის იყო უმთავრესი.
რომ მივუყვებოდი ელამი დერეფნებით საკუთარ სიმღერებს,
რომ გულისძგერაში იმღერება ცხოვრების მთავარი სიმღერა,
შენს კარზე სამღერი სიმღერა,
იავნანებზე უფრო ტკბილიც და მწარეც. 
რომელსაც მკვდართა ძვლები საფლავებში ლექსად მღერიან
და სევდა ურითმავს მელოდიას 
ჭეშმარიტების უშორეს ნაპირებამდე
და თან არ ატანს ცრუ ბგერებს,
რომ ყველამ არ შეიცნოს,
ყველამ არ გაიგოს
და ფერი არ დაჰკარგოს,
გზა არ გაიმრუდოს.


ვერც შარავანდედით შევიმოსე,
ყოფის ხვატმა დამსიცხა და გამაბრუა,
ჩემთვის ვითვლი ნაფოტებადქცეულ სიქველეებს,
როგორც უგულოთაგან უპირველესი;
როგორც მარცხენა ჩემი
მებრძოლი ჩემი მარჯვენისა.
და ვინ ხარ, პოეტო?
სიმღერებში თუ არ ირწევი,
იფნის ჩრდილივით, 
ტიბერიის ტალღებივით
და თუ თვალებში უღრანები უთვისტომობას აღარ ჩივიან!


ო, ტიბერიავ,
ღამე შენი სიმშვიდეში რითიც განბანე,
პირტიტველანი ახლა ჩემგან შორს ენთებიან,
ჩიხში ცხოვრება, რით გააღწევს თავს ამ სატანჯველს _
ვინ ხარ, პოეტო?!


არ ავენთები მოციქულებივით,
და არც ალექსანდრიის შუქურასავით აღვიმართები,
რომ გზა არ დაკარგონ სიბნელეში სულიერებმა,
ლიბანელმა ბავშვებმა,
რომელნიც სიკვდილის გზას გაუყენეს,
შენკენ მომავალ გზებს და ბილიკებს.
და ვინ შეეგებება მათ _
ჯიბრან ხალილ ჯიბრანო?
ბებიაჩემო?
რომელიც იტევდი დაუტევნელ ლოცვებს
საკუთარ ძუძუებში
და ცრემლით ინამავდი, ყველას გასაჭირზე, 
სიფხიზლის ღაწვებს.
ვინ მიეგებებით და ვინ შეუხვევს ჭრილობებს ბავშვებს,
რომელნიც უფროსებმა სიკვდილის მისამართზე გააგზავნეს,
დანაღმული გზებით და ხიდებით,
აფეთქებული სკოლებით და კედლებთან მიყენებული ტყვიამფრქვევებით!...

მორჩა,
ჩვენმა თვალებმა უკვე ყოველივე იხილა,
და ჩვენ ძილის წინ აღარ მოვუყვებით კეთილ ზღაპრებს საკუთარ შვილებს,
და დილაობით ლოცვის მაგივრად ვასწავლით, 
ყველაფერზე როგორ უნდა დახუჭონ თვალი, 
და რატომ არის სირაქლემობა ყველაზე კარგი!

და ვითვლი დაკარგულ სიქველეებს,
როგორც მარცხენა ჩემი
მებრძოლი ჩემი მარჯვენისა . . .

??????