გეთიაშვილი რეზო
გაზიარება

ბაისიკლი 

ადოლფ ეიხმან, ყველაფერი იოლია. 
ადოლფ, ხანდახან სინდისია... არც არი.
ჩვენი ცხოვრება მოწამლული იორია,
ივრის ზემოდან ვაჭრობაა საცალო.

ახლა თბილისი ქვეყანაა ყვავილების,
უფრო ნაზია სანაპირო მარცხენა,
ხოლო სიკვდილი - საშინაო დავალება,
იასამნებთან იდიოტი დარცხვენა.

ადოლფ ეიხმან, მარშრუტია სანეტარო,
მატარებელი უცნაური რამაა,
ფრთხილად, გიყურებს ბაქოელი აიტანი,
მერე ტენანტი წითელქუდა რომეო.

ახლა მსოფლიო წაგებული თამაშია,
ხოლო პოეტი - გამოთქმაა ასეთი.
ჯამში დაისხამს დაბოღმილი მამაშენი,
ღამე ნომერი ორიათას ასერთი.

დიდებულია დაწოლის წინ მონტესკიე,
დადებულია კავშირები საშური,
მატარებელიც საუცხოო პროტესტია,
ხოლო შემდეგი სადგურია ხაშური.

შენი სისხლია დედამიწის ბრიოლინი.
მაუზერია, ნაძვნარია, აცალე.
ადოლფ ეიხმან. ყველაფერი იოლია.
ადოლფ. ხანდახან სინდისია. არც არი.

??????