გოგიბედაშვილი დავით–დეფი
გაზიარება

ხმა 

რასაც განვიცდი, რასაც ვეხები...
რასაც ვპოულობ და რასაც ვკარგავ...
ქარი ჩაიცვამს კაბას ვერხვების
და ჩემს საწუთროს ფოთლებით ართავს,

ართავს და ალბათ, დავთმობ სიცოცხლეს,
რასაც ვივიწყებ და რაც სულ მახსოვს,
გინდ სტრიქონების ცეცხლზე იწვოდეს,
ყოველი სიტყვა, ხმა რომ დაათბო,

ღამე იშიშვლებს თავს განთიადთან
და ახლაც მათოვს შუქის ლიცლიცი,
მსოფლიო შიში ადამიანთა...
ოჰ რამდენ რამეს ვნახავდი, იცი?

ვნახავდი სამყაროს, შექმნის დღეებში,
შუამდინარეთის წალკოტებს, ღვთისად,
ვნახავდი ეგვიპტეს, რა რომ ხელებს შლის
ვნახავდი მოსეს ზღვის გაყოფისას,

ცხენის ფლოქვებში, ჯიში არაბულით
ცამ ვარსკვლავები რიცხვებად შეკრა
და ქურუმებთან სულგანაბული
ვნახავდი ქართული ანბანის შექმნას,

ვნახავდი ერებს, ნასიზმრალთ იქვე
ჰიმალაების ზენა ნირვანას,
ბუდას ვნახავდი სხივების ჩრდილქვეშ
სხივმა ფიქრებთან ჩამოივანა,

ვნახავდი ქვეყნებს, ვნახავდი ანტიკას,
ულისეს ვნახავდი, მოგზაურობას
და მეტყველების ზნე გრამატიკაც
საკაცობრიო ლოცვას უფრო ჰგავს,

ვნახავდი რომის ქუჩებში რბოლას
და ზეთისხილის ბაღებში წყნარ მზეს
და ალბათ სუნთქვაც შემეკვრებოდა
თუ კი ვნახავდი მაცხოვარს წყალზე,

თუ გავყვებოდი და ღია ცის ქვეშ
ახლაც, ამ მიწას ყურს თუ მივადებ
ხმები კვლავ ისმის და ღრიალით თქეშს
ცა ისევ მორთავს ელვის გმინვამდე,

შოთა რუსთაველს, მიქელანჯელოს,
საიდუმლოებს ხსნა არ ეღირსათ,
დიდი სიჩუმის რომ დავიჯერო
ლუდვიგს ვნახავდი, მთვარის წერისას,

ედგარს ვნახავდი, ანაბელ ლისთვის
რა შთაგონებით რითმავდა წყევლას,
ან მარგალიტებს რა გადაითვლის
და სათითაოდ, ცალცალკე, ყველას

რა ხმა დაიტევს მშვიდობებს, ომებს,
მთავარსარდალებს და მხედართმთავრებს,
ღმერთებს უღმრთონი ყოველთვის გმობენ
უკვდავს მოკვდავი ვერაფერს ავნებს,

ვნახავდი გარეთ, კოსმოსის გარეთ,
უსასრულობა თუ არის მართლაც,
ავაშტერებდი სახეს და თვალებს
სულის ცხონებად და სულის დაღლად...

რადგან განვიცდი, რადგან ვეხები,
რადგან ვპოულობ და რადგან ვკარგავ,
ქარიც გაიხდის კაბას ვერხვების
ფოთლებს მისსავე ფოთლებით ართავს.

10 თებერვალი 2009 წ

??????