გოგიბედაშვილი დავით–დეფი
გაზიარება

გვირილები 

წალკოტებს გავდა, გავდა მთებს, მოგზაურობა თავისკენ, მეცნო,
ტალღა–არხები გადავრთე, ბიბისი, ემტივი, რუსთავი, მეცცო
და დამიბუჟდა სხეული, ფიქრი, უწონობისას ძილში დავყვინთე,
თეთრი სამყარო მესიზმრა და გვირილების სიყვითლე,

მერე კი ძლივს გავიღვიძე, სიზმარს სამი დღე ვიხდიდი,
გავშიშვლდი, როგორც მუსიკა და როგორც ბოსხის ტრიპტიხი,
სიმბოლოებად გადავიშალე, გადავესუნთქე მთვარეებს, ნისლებს,
ხან მწვერვალების მომგავს ნიშანი, ხან სიგიჟეებს ვამბობ ან ვისმენ

და ახლა ჩემს წინ ხიდი იშლება, იქიდან აქეთ დამაქვს სიტყვები,
სიტყვებს სხივები ოქროს ნიშნებად ადევთ სახეზე, ჩრდილებს მივყვები,
რათა მოგაგნო ყოველი მხრიდან, გამმა განახო იმ უცხო ფერთა,
ყოველი მგზავრი თავს დაიხრიდა შენს წინაშე და წინ დაგიფენდა

თავის საწუთროს შორი ქვეყნების, ვარ მეც მათ შორის, შორეთს მივყავარ,
ვეყრები ღრუბლებს, ვენახებს ვეყრები და ახლა ამწუთს რომ მავსებ და მიყვარხარ,
კვლავ მიბუჟდება სხეული, ფიქრი, უწონობას ვგრძნობ, ძილში დავყვინთე,
მე იქ მომელის თეთრი სამყარო, შიგ გვირილების სიყვითლეც.

??????