გოგიბედაშვილი დავით–დეფი
გაზიარება

კვიპაროსები სევდის ხეებია 

კვიპაროსები სევდის ხეებია
და გარდაცვლილთა სიმშვიდე ახლავთ.
რამე უთქმელი თუ დამრჩენია
ხეები მეტყვიან ამწამს და ახლა.

თუკი მათ შორის ბილიკს გავყვები
და ის სიმშვიდე ჩემშიც შემოვა.
ვწონასწორდები შენი თანხლებით
და აღარ მიკვირს თურმე შენ რომ ვარ.

კვიპაროსები. სევდა და სიჩუმე.
საფლავზე დაისი ყვავილად გაწვა
და ის ყვავილი შენთვის ვიჩუქე
რადგან მე ვცხოვრობ ახლა და ამწამს.

რადგან ავყურებ თანავარსკვლავედს
და ჩვენთვის ნაცნობი ნათება მხვდება.
ყოველთვის სხვებისგან გამოგანსხვავებ
ბგერის ფერებად, სინათლის ხმებად.

ყოველთვის ვხვდები რაღაც საზღაპრეთს,
როცა ვკვდები და ვცოცხლდები ისევ.
თითქოს ხეებმა ჩრდილნი დამარხეს
ერთი ჩრდილი კი სინათლით ივსებს

საკუთარ იერს და ისევ ქრება
და ისევ მესმის ხმა შეყვარების,
ოქროდ იწნება ხმა ძვირფას ქვებთან
მე ხომ ყოველთვის შენ მენატრები

და თითქოს მიწაც ხეების სევდით
ჯერ გაიჟღინთა და მერე დალბა
და შენს გარეშე თუკი ვიქნები
მეც გარდაცვლილი ვიქნები ალბათ.

??????