გულუა დათა
გაზიარება

ყვითელი საათი ანუ დიალოგი ჟამთან 

I 
რამდენმა აზრმა დაჩხვლიტა ფიქრი,
ლექსად არ იშვა, ის იშვა გვემად
და ვით რომს ხლიჩავს შუაზე ტიბრი,
ისე გამტეხა წარსულის გვამმა.

კედელს გაკრული ვით ქრისტეს ჯვარცმა,
მუდამ მშფოთვარე ქარის დარაბა,
სიკვდილის შავი ულაყის ნაცვლად
ბედმა Aშეგვასხა ხვედრად ბარაბა.

ხელებზე კვნესა ლურჯი ბორკილის
ძვლებზე დაკრული დამპალი ქურქი
კვლავ სასთუმალნი თეთრი ქორწილის
და ჟამი ისევ წამების ქურდი.

ოთახში ეგდო მთვარის ნაკესი
ჩუმად იღვრება ყვითელი საათი
და მშობიარე სიტყვით ნაკვნესი
იბადებოდა ყრუ მასლაათი.

II 
ეს მე ვარ, ჟამი უარყოფილი,
გადმოღვენთილი ჩარჩოებიდან,
ვით აკრძალული ედემის ხილი
ვიწყებ უკვდავ სვლას ეზოებიდან

ნაზი მსვლელობა ჩემი ისრების,
დღეთა ტაძრები, ცრის მისტერია,
ჰოი, მოკვდავნო, როგორ ისვრებით
და ყრუ ლოდინი თქვენი მტერია

მე ვნახე მწველი პირამიდები,
შვილები რაეს და ჰელიოსის,
ყოვლის მზიდველი მზის მაგნიტები
პარტიტურები ყრუ გენიოსის

ამადეუსის უშრეტი ბგერა
და კეისარის ბოლო მახვილი,
თავისუფლების ბოლო სიმღერა
ვნებას ახსნილი სისხლის აღვირი

ლიანდაგებზე პირველი ცოცვა,
პირველი ცოდვა სარეცელებზე
და ამ ნაძარცვი სულებით მოცდა
ოცდამეერთე საფეხურებზე

აუსტერლიცზე ვიდექ ამაყად
და ბოროდინომ ჩემს წინ იფეთქა
ეს მე მეკუთვნის მზეთა დანაყვა
და ის, რომ ტყვია სხეულთ მინებდა

ცივი გულაგნი ჩემში აშენდა,
ათასი შიშველ ნერვის დამტევი
თავის ქალებით კლდეებს ნაშენს და
ბასტილიას, ბაბილონს, ბერლინს,
კართაგენს ჩემი ხელით ვანგრევდი

ჩემში გაუხმათ სული მოკვდავებს,
ჩემში გარყვნიან ახალ ხორცს სისხლში
ჩაუქოლავენ ხსენების დევებს
და კუზიანი გაჰყვებათ შიში.

III 
ამოზნექილან სევდით მიწიდან
სველი საფლავნი ვით კრატერები
ზარებით მტირალ ძველ სამრეკლოებს
წვიმით ტოვებენ შავი ბერები.

ჟამს ხელთ ეჭირა გლობუსის ღერძი
და მარად ბრუნვას უმზერდა მკაცრად
დრო დათრგუნული, ვით გუთნით ვერძი,
წამოწოლილა ღრუბლებზე ნაცრად.

ისევ დაბრუნდა, ვით ჯვარს გაკრული
და დაიხურა ჩარჩო დარაბად,
თავში დარბოდა ყალბი ძახილი
შთამომავლობის: ვაშა ბარაბას!

რევოლუცია სწყურიათ ძარღვებს
ტუფის ახალი მონუმენტები
მთვარეზე სძინავთ სიკვდილის კარვებს
და ხროტინებენ იარაღები

მინდა, გადავცდე ფრენით სამყაროს
წავშალო ბედის ლაბირინთები
დუმილი სილად მთებზე დავყარო
და გაზაფხულის ვზარდო თითები

მაგრამ ოცნება დუღდა ქვაბივით
ზეცამ დაჰკიდა სარკე ნარცისის
და ღრიალებდა მიწა მარჩბივი:
აპოკალიფსის. . . 
აპოკალიფსის!

??????