დოლიძე თამთა
გაზიარება

თუ 

თუ ეს მიწაა, მაშინ ჩიტებს 
რატომ ვაბიჯებთ,
თუ ცაა, რატომ ვიზრდით მუცლებს
დასამძიმებლად,
შუბლზე ვინიშნავთ 
მაჯისცემის არეულ ნაბიჯს,
ვალსის რიტმივით,
სადაც უნდა, იქით წაგიღებს;
იქ, სადაც, მიწა სახადივით 
გადამდებია,
ვთამაშობთ ოჯახს, 
უნებლიე ბავშვის გაჩენით,
(ხელბურთის მსგავსად) 
დაჭერიდან გადაგდებამდე...
ვისი ჯერია?! 
ნაკლებია შანსი დარჩენის
ასე გულღია ჭრილობასთან,
დროს რომ აჩერებს,
და გიჭირს ვინმეს მისამართით
თითის გაშვერა.

თუ ეს სახლია, 
მაშინ რატომ არა მყავს დედა,
ყოველ დილით რომ მოჭრილ ფეხზე 
ცივ წყალს მასხამდა
თან ლოცვასავით ბუტბუტებდა 
ერთ სიტყვას - ,,ნეტავ”
და ისტერიულ ნაბიჯებით...
ვიდრე, გაცლამდე. 
მამა კი, ფანქრის ერთი მოსმით,
(კედლის პროფილი),
იაფფასიან ქაღალდიდან
თვალებს აცეცებს,
მის დანახვაზე მახსენდება
სიტყვა ,,ყოფილი”
და ზამთრის ჩიტი, ჩამომჯდარი 
პურის ნამცეცთან.
არ ღირს ტარებად, 
თვალებთან რომ, თითქოს, დაგექცა,
წყალი, რომელიც ატკიებულ
გულთან მიგქონდა, 
ან ეს უდროო ჰორიზონტი 
შუბლის დაღმართზე...
უნებართვოდ რომ შეგისახლდა
და შენც, დამარცხდი.

??????