დოლიძე თამთა
გაზიარება

დაღლილი ლექსი 

მე დაღლილი ვარ. 
ჩამომხსენი ეს ზანზალაკი, 
მთელი ტყე ზურგზე მოვიკიდე, 
რაღა დამკარგავს. 
ვისწავლე თავით სიარული, 
(გზას და ფეხებს საერთო რა აქვთ ), 
ხელებით კი მიწა მიჭირავს. 
მოშვებული ღილია მიწა, 
მაგრამ ფესვებზე ვერა და ვერ წამოვაგე. 
არადა ჩვევა (ღილის წვალების) 
რჯულზე უფრო უმტკიცესია. 
ჩამომხსენი ეს ზანზალაკი ! 
ქარი ციყვებს მიფრიალებს 
და ხურდის ნაცვლად თხილის ხეებს 
ვთესავ მათხოვრის ხელისგულში. 
- დაე, ამაწყდეს. 

მე დაღლილი ვარ. 
ამომიშვი ამ მდინარიდან, 
თორემ ფარფლები შემომაცვდა 
ამდენი ყოფნით. 
სხეული ლურჯად მებზარება 
და შხეფებად ვწყდები დინებას. 
ვმრავლდები, ანუ 
ერთი ბადით მეტია თევზი. 
და როცა აგაქვს წყალი ცაში, 
რატომ არ გჯერა, 
რომ ამდენ გვალვას ვერ მოერევი. 
ქვებს შევატოვე ყველა სიტყვა. 
გამიშვი ზამთრის მდინარეში , 
მეთამაშე გაშეშობანა, 
ანუ გამყინე. 

ის დაღლილია 
და ჩემსკენ იშვერს გაბრაზებას - 
ელვის გრძელ თითებს, 
მე კი ვიჭერ და კანფეტივით 
ნელ-ნელა ვლოკავ. 
ალბათ ესაა სიყვარული. 
ვყლაპავ - ვანათებ.

??????