კეკელიძე გიორგი
გაზიარება

მარტო ოდა 

ფესტოსის დისკო


A

აჰა, აღსრულდა –
ჩემი კბილიდან თქვენს კბილებზე ენის თოკით ბრმა სიტყვები მოირწევიან,
ხვალ შუბის ტარზე მზის წასმისას,
ფილტვის ხრამები სუნთქვით გასცემენ მათ საშინელ, დიდებულ სიკვდილს.
შეისხით ფრთები ამბის სმენად,
ვისაც ფრთები გაქვთ
და ნუ გაშინებთ, რომ მზე თითქმის საღამოვდება.
გატეხეთ ღამე –
გამოიღეთ მთვარის ქილა
და გატეხეთ ქილა – მოისვარეთ თეთრი მურაბით,
რომ სიზმრები კანზე გასხდნენ ჭიანჭველებად
და აღარასდროს გაახსენდეთ ფერადი სახლი.
ანუ იფხიზლეთ,
ანუ ფრთები შეისხით სმენად –
ენის თოკზე ბრმა სიტყვები ხმას აცეცებენ
და უფსკრულების შესაჭმელად ემზადებიან.




B

სანამ ისმენდეთ, იგალობეთ ფესტოსის დისკოს ორი მცირე საგალობელი


აია-ჭაბუკნო,
დაფარული ტაძრის ამბავი მოგვითხრეთ,
დედათქვენის საშვილოს ამბავი,
რადგან დედათქვენი მუცლითმეზღაპრეა
და როცა დაიბადეთ,
პირიდან ოქროს წყალი წაგცდათ
და მერე იტირეთ.
ქვეყნის სიმაღლისანო,
სიცოცხლის ძალნო,
მარადმავალნო ანგელოზნო,
მოდით ხელახლა ააშენეთ თქვენი ქალაქი,
ოჯახის ფუძის განწმენდელნო
და შენ დედაო,
მოდგმის ნანინავ,
რომელმაც შობე ხუთი ვაჟი
და თმების ნაცვლად მუზარადი გამოაყოლე,
და ძვლების ნაცვლად ხმლების კონა გამოაყოლე
და ქარქაში გარღვეული გამოაყოლე.
მრავლისმნახველო ნანაღმერთო,
ხანგრძელ ჰყავ შენივ ტაძარი,
ნუ დაამადლი კანდელში ზღაპრებს
და სარკმელი შენივ ვაჟებისთვის
ღია დატოვე.
დაიფარე ჩვენი მიწა,
ჩვენო მჭედელო,
ჩვენო მჭედელო
აადუღე ახალი წყალი.

C

რიუოკვანის უღრან სახლში ისე ბნელოდა,
რომ შემეშინდა და უმალვე დავხუჭე თვალი _
გამოვიქეცი იმ საშინელ, უთქმელ ჩეროდან,
ხახვის ნაფცქვენი დაგიყრიათ და არ ვიწვალე.
თუმცა ამინდი არ მინდობდა - ერთხელ, როცა შემეჭიდა,
ქარი გამომდო, დავეცი, ჩვილმა ქვებმა ხერხემალი გადაიტყავეს
და მუხლზე, როგორც ნანიშნევი, სისხლი დამაჩნდა.
თუმცა სტომაქიც არ მინდობდა და ყველა სიტყვა
თქვენთვის აბგაში შენახული, გზაზე შევჭამე,
მერე ხახვის ნაფცქვენებიც მივაყოლე და
ნიშნავს, რომ გზებიც უნებლიედ შემომეჭამა.

რადგან მამა ვარ,
სხვა რა შარაა,
ისევ ხორცი უნდა მოვიქნა:

-არაფერია მზეზე მეტი 
და მზეზე ცოტა,
შეისხით ფრთები
და მიწაში ფრთები გაიდგით.

??????