რატიანი ზვიად
გაზიარება

*** "ხომ ყოფილა..." 

ხომ ყოფილა, ბავშვობაში,
როდესაც რამე ისეთი ნივთი,
რომელიც შენი ბავშვობის გამო,
ავადმყოფურად გიზიდავდა,
სადმე მაღალზე შემოუდიათ
და შენთვის ასე გადაუმალავთ.
და არ გყოფნიდა შენი ტანი
და შენი მოკლე ტერფების სიგრძე –
ფეხის წვერებზეც თუ დადგებოდი –
რომ იმისათვის თვალი შეგევლო.

სიხარული...
მე ხომ უკვე გავიზარდე
და იმასაც უკვე მივხვდი,
რომ არსებობს ამ ქვეყნად კიბე,
მაგრამ იგი
ეკალბარდით არის შეკრული
და სისხლისმწოველ საფეხურებზე
ფეხშიშველი უნდა ახვიდე,
რადგან სხვაგვარად
ვერ იხილავ და ვერ მიწვდები!

??????