სალვარიძე მზია
გაზიარება

გეიშა 

დედაჩემი გეიშა იყო,ანუ გეისია.

ისიც პოეტი ყოფილა ჩემსავით. გენები მისგან გამომყოლია.ნეტა ამის ნაცვლად ვინმეს მისი ლექსები ეანდერძა ჩემთვის.მის სულში მაინც ჩავიხედავდი... მაგრამ, დედაჩემის საუნჯე მამაშენმა მიითვისა...

მამაჩემიც მამაშენმა მოკლა. რადგან, წინდადწინ გამოართვა მამაშენს ფული და მიძუაგეს აუქციონზე გამოტანილ დედაჩემის ქალწულობაში მასზე მეტი ფული გადაიხადა.

მამაშენს არ ეყო თანხა...

დედაჩემი ძვირად ფასობდა...

მანამდე მცირედად მოკვეცეს თმა და დასვეს სარკის წინ.იმაზე ადრე კი, ვარდის წყალში აბანავეს,ანუ განბანეს და ახალი ცხოვრებისთვის შეამზადეს.ეს ამბავი ნისუში მოხდა,ვარდობისას.დედაჩემი მაშინ მაიკო იყო,მანამდე კი, ინიციაციის ცერემონიალი ჩაუტარეს და სანამ გეიშა გახდებოდა ხუთჯერ შეუცვალეს ვარცხნილობა.

თითიეული თითო საფეხური იყო გეიშობამდე....

ჰოდა,იმას გიყვებოდი,მამაშენის ნაცვლად მამაჩემმა იყიდა მეთქი, მისი ქალიშვილობა და მეც ჩავისახე...

მამაჩემი ჩაით მოწამლეს...

პირდაპირ საძინებელში შეუგზავნა მამაშენმა მოწამლული ჩაი.დედაჩემს ჯერ კიდევ ეძინა ყვავილების ფურცლებით მოფენილ საწოლზე. კედელზე კი, მამაშენის ნაცვლად, მამაჩემის ხელით გახდილი კიმონო ეკიდა...იმან ყველაფერი დაინახა... მაგრამ, არაფერი უთქვამს.რატომ?კიმონოა და იმიტომ.მერე რა, რომ დიდი ხანი არჩევდნენ და თან ძალიან ძვირიც გადაიხადეს... კიმონოს არ ჰქონდა ენა,არც ყური და მიტომაც ვერ გაიგო დედაჩემის საზარელი კივილი,როცა მამაჩემს პირიდან ქაფები წამოუვიდა...

დაიწყო ქაოსი.

უეცრად კიმონოზე ამოქარგულ გველეშაპსაც კი მოეღრიცა კისერი და საწოლისკენ გადმოიხარა.ლამის დედაჩემს დაბრალდა მისი მოწამლვა,მაგრამ მამაშენმა იხსნა... საგანგებოდ მოაკვლევინა ის, ვისი ხელითაც მოწამლული ჩაი შეაგზავნა საძინებელში.

დედაჩემი დეპრესიაში ჩავარდა.მაგრამ თავის მიზანს მაინც არ უღალატა და ერიკაეს ცერემონიალზე ღირსეულად წარსდგა.იმ დღეს მას პირველად შეუღებეს ორივე ბაგე,მანამდე კი,მხოლოდ ერთ,ზედა ტუჩს უღებავდნენ ყმაწვილქალური უბიწოების ნიშნად...დედა იმ დღეს გეიშა გახდა,ყველაზე ღირსეული გეიშა გეიშათა შორის.მამაშენი კი, მის მფარველ დანნად გადაიქცა.მამაშენი მეცენატი იყო...

დედაჩემი ბებიაჩემმა დაწყევლა,მამაჩემის დედამ.იქნებ ამიტომაც დასნეულდა და გადაყვა ჩემს მშობარობას...არ ვიცი... მხოლოდ ის მითხრეს,რომ ჩემი აღზრდა მამაშენმა ითავა.თუ კი ამას ასე შეიძლება ეწოდოს.უბრალოდ,მიმაბარა ერთ გამზრდელს და სამუდამოდ მიმივიწყა.ან კი, მე რაში ვჭირდებოდი,როცა დედაჩემის უმმთავრესი საუნჯე-ლექსები მას ჰქონდა სულის საამებლად მიტაცებული...

ჩემი გამზრდელი დედაშენის მეგობარი აღმოჩნდა.ისინი ერთად სწავლობდნენ პოეზიის სკოლაში. ჩვენ ერთ კვარტალში ვცხოვრობდით, გვერდიგვერდ და სათამაშო ბაღიც საერთო გვქონდა.იქნებ არც გახსოვს, როგორ გვიკითხავდნენ საიგესა და მაცუო ბასეს პაწაწკინტელა ლექსებს,როგორ გვიმღეროდნენ ყვავილების საგალობელს და გვაძინებდნენ ერთად ფართო ჰამაკში.იქნებ არც მე მხსომებოდა ყოველივე,მაგრამ შენმა ტუჩებმა სამუდამოდ ამიბნიეს თავგზა.მაშინ,ჯერ კიდევ, ძალიან პატარები ვიყავით.ისეთი პატარები,რომ ,კვლავ ერთად გვაძინებდნენ შუადღით ბაღში... ჰოდა,ერთხელ მძინარემ ვიგრძენი შენი ტუჩების შეხება,რას აკეთებ მეთქი,გკითხე და არვიციო,მიპასუხე...მეკი ვიცოდი,რადგან არაერთხელ მინახავს ჩვენს სახლში ჩუმად შემოპარული მამაშენი,რომელიც ჩემს გამზრდელს კოცნიდა... ჰო,მართლა, დამავიწყდა მეთქვა,რომ მამაშენი ჩემს გამზრდელს ყვარობდა ჩუმად...

ეს თუ არა,იქნებ ყვავილებისგან გაკეთებული იკებანები გახსოვდეს მაინც, რომლებზეც ვანთებდით სანთლებს და ნავებივით ვაცურებდით მდინარეში... ან იქნებ ის,როგორ გვიხაროდა ალუბლების აყვავილება და მის თოვაში პეპლებივით ფარფატი?არა?ვაი,როგორი უბედური ვყოფილვარ თურმე... ნუთუ მარტო მე შემოვინახე ასეთი რუდუნებით ნამყო და შენ კი დაივიწყე?არა,არა მჯერავს და შენც ნუ შეეცდები საწინააღმდეგო დამიმტკიცო.

ვერაფრით დავიჯერებ,რომ წლებმა ჩვენი დაცილებაც დაგავიწყა.მაშინ მე შვიდი წლისა ვიყავი,შენ კი ხუთის. დიდხანს იდექი მინის დახურულ კარებთან და საგარეოდ ჩაცმულს მიქნევდი ხელებს.თვალებიდან ცრემლები მოგდიოდა ღაპაღუპით და ეზოში გამოსვლას ლამობდი.დედა კი არ გიშვებდა.მაშინ ისევ მევიმარჯვე და უკან გამოვექეცი გამზრდელს.ხელის კვრით შემოვაღე კარი და ჩაგეხუტე... მერე ისევ დაგვაცილეს,ჯერ ადრეაო,ამბობდა ძიძა და არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცოდით,რა იყო ადრე... ეზოში გასულთ დედაშენი გამოგვყვა უკან, ჩემს წინ ჩაიმუხლა,შუბლზე მეამბორა და მითხრა: -,,მამამისი დედაშენს ყვარობდა,მასაც ეყვარები, ნუ გეშინიაო“... მერე,ძალიან გვიან გავიგე მისი ნათქვამის არსი და მთელი ჩემი მომავალი ამ ერთი სიყვარულისთვის დავგეგმე...

მხოლოდ შენი სიამისთვის შევისწავლე ოკიისას სიასმენზე დაკვრა...

მხოლოდ შენთვის შევისწავლე პოზია და წარმოსახვაშიც ყოველი ღამე შენთან კეკლუცობასა და ლაპარაკში გავათენე...

მხოლოდ შენთან საცეკვაოდ დავიღალე მუხლები ათასგვარი ცეკვის შესწავლისას...

მხოლოდ შენთვის მოვიღერე ყელი და ბულბულსაც კი ვაჯობე გალობაში...

არც ყვავილები დამიტოვია უყურადღებოდ.იკებანების კეთებაც შენმა სიყვარულმა მაიძულა ყველაზე უკეთ...რადგან შენ ყველაზე საუკეთესო გეიშა გეკუთვნოდა და ის,მე უნდა ვყოფილიყავი აუცილებლად...

და აი,მე ვდგავარ ეხლა შენს წინ ჩაის სახლში სხვა გეიშებთან ერთად და ველოდები ვისი ქალწულობა უნდა იყიდო მიძუაგეს აუქციონზე...

გახსოვს,პატარაობისას რომ გვასწავლიდნენ:,,სრულფასოვნებას არა აქვს საზღვარი... ვარდი არ შეიძლება იყოს ძალიან წითელი,ლილია-ძალიან თეთრი და ბულბულსაც კი არ ძალუძს იგალობოს ყველაზე უკეთ...“ მაგრამ,მე მინდა,რომ დღეს მაინც ვიყო შეუდარებლად კარგი მოსაუბრე,უნაკლო მომღერალი, საუკეთესო მოცეკვავე და მოარაკე...რომ წაგიკითხო ყველაზე საუკეთესო იაპონური ლექსები,რომ დავუკრა სიასმენზე და აკორდებად ავიღო შენი ყოველი ამოსუნთქვა... ეხ,ნეტა წუთით მაინც ჩაგახედა ჩემს გულში და დაგანახა ჩემი თვალუწვდენელი სამყარო, რომელიც მაინც ასე ძალიან მეცოტავება შენთვის...არ მიღალატო! არ გაგიწყრეს ღმერთი და არ აგერიო სხვაში,თორემ ჩემი ხელითვე გავიმზადებ სამსალას და დავლევ.მე დედაჩემზე ძლიერი ვარ...მე არ დავწვები სხვასთან,მე ჩემში ქალი მხოლოდ შენთვის გამოვზარდე,გესმის,მხოლოდ შენთვის...

შენ კი ზიხარ რბილ სავარძელში ჩაფლული და ყვავილების სურნელოვან ჩაის მიირთმევ.იქნებ ჩემს ნიშანს ელოდები?ვიცი,რომ აუცილებლად გიამბობდა დედაშენი ჩემზე. ვიცი,მაგრამ მე არა მსურს საკუთარი თავის გაყიდვა,მე ხომ ღირსეული ქალი ვარ და ამიტომაც ვცდი ჩემს ბედისწერას...

გელოდები...

უკვე მესამე ფინჯანიც დაასრულე და ძლივს ასწიე თავი მაღლა.სუნთქვა შემეკვრა და ისედაც წვრილი თვალები ლამის სულ დამიწვრილდა... მერე არაფერი მახსოვს... როგორც წესი,ბევრი ვისაუბრე და ჩემი ტალანტით აღფთოვანებულთა კომპლიმენტებიც შევიფერე.არც გაწაფულ სხეულს უღალატია ცეკვისას,აი,სიმღერის დროს კი ამითრთოლდა ცოტათი ხმა,მაგრამ მივხვდი,რომ ამან უფრო მეტად სასურველი გამხადა...

მერე ყველანი ოთახებში გაგვანაწილეს...მე ჩემს ოთახში შევედი რათქმაუნდა. ავანთე სურნელოვანი სანთლები და დავიწყე ჩაის მომზადება.ჩემი იკებანები ისეთი თანაგრძნობით მიცქეროდნენ,ვგრძნობდი,რომ ჩემზე მეტად უფრთხოდათ სული... ამ ღამისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი.ყოველ ღამე ვწვებოდი შენთან ოცნებაში და დაუფიქრებლად გეძლეოდი... ახლა კი რატომღაც შემეშინდა...დავიბენი... ჩემივე გაკეთებული ჩაი მოვსვი და და ცოტათი მოვიკეთე.გამოვრთე შუქი და მხოლოდ სანთლებით აციმციმებულ ოთახს შევეფარე.არ მსურდა, მანამ გამსკდომოდა გული, სანამ შენს ნაცვლად სხვას დავინახავდი... მინდოდა საკუთარი ხელით მომეკლა თავი...

კარებმა გაიჭრიალა და დერეფნიდან შემოსულმა სხივმა წუთით გაანათა ჩემი სახელდახელოდ მოჩითული კიმონოს ზურგი.მერე ისევ დაბნელდა.დაჩოქილმა წამოვიწიე და თვალდახუჭული დავდექი მოსულის წინ.არავინ უწყის,როგორ მეშინოდა თვალების გახელა...მაგრა სხვა გზა არ მქონდა და გავახილე.ჯერ წელიდან ავაყოლე მზერა და ნელ-ნელა ავედი მკერდამდე...მკერდთან გავჩევრდი,ძალა აღარ მეყო და გავიტრუნე.სუნთქვას დავუგდე ყური და თან ჩემს წინ მდგომის სურნელი შევისუნთქე... შემეძლო დამეფიცა,რომ ჩემს წინ შენ იდექი.თავი მაღლა ავწიე და ჩემზე უფრო წვრილ თვალებში ჩაგხედე.ოდესღაც, შენზე ერთი თავით მაღალი ვიყავი.ახლა კი ზევიდან მიცქეროდი და მაკვირდებოდი.ალბათ,ისევე,როგორც მე.

ტანში სასიამოდ გამაჟრჟოლა და დავიწყე იმის გაგეკეთება,რაც არაერთხელ გამიკეთებია ფიქრებში.ხელები მაღლა ავწიე და ყელთან შეკრული ღილების გახსნა დავიწყე,მოგიღეღე ყელი და მცირედად აღინღლულ მკერდზე გეამბორე... მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა.ორივეს არაერთხელ გვისწავლია ამ ღამის თითოეული დეტალი,მაგრამ ორივესთვის პირველად ხდებოდა დღეს ყველაფერი და ამიტომაც ვღელავდით.ფრთხილად გაგხადე წელს ზევით და წესისამებრ გავჩერდი.ახლა შენი რიგი იყო და შენც დაიწყე... მერე შიშველები ჩავწექით ვარდის ფურცლებით სავსე ცხელ აბაზანაში და მთელი ცხოვრების ნაგროვები ვნება ერთად ამოვაფრქვიეთ...აბაზანის შემდეგ საწოლში გადავინაცვლეთ და გათენებამდე ვისუბრეთ პოეზიაზე...

მერე იყო ერიკაეს ცერემონია. დედაჩემის მსგავსად შემიღებეს წითლად ტუჩები. მაღლა ამიწიეს თმა და შემიკრეს წითელი ბაფთით... იმ დღეს მე გეიშა გავხდი. ყველაზე ღირსეული და ძვირად ღირებული გეიშა.

მერე შენ ისევ დაიკარგე ჩემი ცხოვრებიდან.გავიგე საზღვარგარეთ წასულხარ სწავლის დასასრულებლად.ერთი წლის შემდეგ ცნობილ პოლიტიკოსად დაუბრუნდი ქვეყანას.მე არც ერთი დღე მიმიტოვებიხარ.ყველა კლიენტის ნაცვლად შენ წარმოგიდგენდი ხოლმე და ამით მაინც ბედნიერი ველოდებოდი შენს დაბრუნებას...

მერე დაბრუნდი...

საუკეთესო გეიშები თქვენს დასახვედრად აეროპორტში წამოგვიყვანეს.იქედან კი პირდაპირ რესტორანში.

საუკეთესო წვეულება იყო....

ეს ესაა დასრულდა.

მე დღეს შენი გეიშა ვიყავი.სულ რაღაც ერთი საღამო გავატარეთ ჩაის სმასა და ლექსების კითხვაში,მერე ათიოდ წუთი ვუკრავდი სიასმენზე და ყვავილების საგალობელს ვმღეროდი.კონფერენციის შემდეგ კი მცირედ წავიხემსეთ და ერთადერთხელ ვიცეკვეთ...

სულ რაღაც ექვსი საათი და თორმეტი წუთი ვიყავით ერთად...

ახლა მივაბიჯებ შინდისფერ დერეფანში ოქროსფერ ხალიჩაზე რეგისტრაციისკენ, სადაც სრულად უნდა ავღნუსხო დრო,რომელიც შენ მოგიძღვენი,რათა თვის ბოლოს უკლებრივ ყველაფერი ამინაზღაურო ფულით.

რა სისულელეა,როგორ უნდა ავუხსნა იმ გამოჩერჩეტებულ ბუღალტერს,ყოფილ გეიშას, რომ მხოლოდ ექვსი საათი და თორმეტი წუთით ვერ შემოვფარგლავ შენთვის ჩემი ცხოვრებიდან გამოყოფილ დროს...

მივაბიჯებ და ძალიან მშურს იმ სასარეცლე გეიშის,რომელიც წვეულების შემდეგ შენს მკლავებში აღმოჩნდება.ყველაზე და ახალგაზრდა და საუკეთესო ავარჩიე შენთვის.შენი შესაფერი...

სამწუხაროა,რომ მე ვეღარასოდეს დავწვები შენთან,ეს ხომ ჩემი ღირსების საკითხია...

??????