ქებურია ბელა
გაზიარება

მონოლოგი 

კალენდრის ეს ფურცელიც ჩამოიხა...აღარ მიხარია, ვსევდიანობ...
თუმც სხვათა გადმოსახედიდან, თითქოსდა კვლავ ვქუდბედიანობ.
დამთავრდა ჩემი გაზაფხული, ტკივილიც უჩვეულოდ მომეჯარა,
ღმერთო,რა ცოტა მაქვს დანახული,ბოლომდე ვეღარ ვაღებ ჩემს ფანჯარას...
იქნებ უცაბედი შემოტევით გინდა,რომ გამთანგო,გამათავო! 
ჩემო აუხსნელო სასწაულო, ჩემო, უნახავო სანახავო!
ჩემი აუსვლელი მწვერვალები კვლავ ასე როგორ მეშორება,
ყრია შემოდგომის გრიგალები, მაისის ბილიკებზე ნეშოებად.
დედამიწავ, ჩემო დედამიწავ, ჩემო სევდიანო მოიმედევ,
შორს ნუ გაუყვები გალაქტიკას,ხანდახან უკანაც მოიხედე.
გაათბე ჩვენი სული არეული, გადაღლილი ცხოვრების ქარტეხილით
და ადამიანს ზიზღის ნაცვლად ასწავლე სიკეთის გაკვეთილი...
უკვე ის საოცრად გულგრილია ყველაფრის მიმართ და ყველასადმი,
ეცვლებათ, ეცვლებათ ძვირფასებო, ასე ჩვენს თბილ გრძნობებს მისამართი...
და ახლა წლების სიმაღლიდან მინდა, რომ ვიყვირო:-დღეა ჩემი!
ეჭვით ნუ უყურებთ სიმაღლეებს, სწრაფვას ბორკილები შეახსენით!
შეხედეთ რიჟრაჟებს და დაისობებს და სხივთა გადატყდომებს ლაჟვარდებში,
ტკივილებს ნუღარ დაიხსომებთ, ჩაებით ბავშვებთან თამაშებში.
იქნებ კვლავ იპოვოთ დაკარგული ჭია-მაიები, ნათელები,
ისევ გაგახსენდეთ ღამეები,ლოცვით და ვედრებით ნათენები.
იქნებ გაგახსენდეთ, რომ არსებობს, მწვანე ოაზისი - თ ა ვ დ ა დ ე ბ ა ,
იჩქარეთ, გული გაიხსენით, თორემ ეს სპექტაკლიც დამთავრდება...
განიძრეთ გველის პერანგივით,( თუმცა წამება და ჯვარცმა არი),
შ ი შ ი , ზ ი ზ ღ ი , შ უ რ ი , გ უ ლ გ რ ი ლ ო ბ ა ,იხსენით სული ზენაარი!
დაუყევით ბავშვობის გზა-ბილიკებს,მოძებნეთ წიქარა და შოშიები 
და გრძნობებს ნაწვალებს თუ ნაქილიკევს,ხელი შეაშველეთ მოშიშებით.
გაგაიხსენეთ,რამდენი სიკეთე გაქვთ ბავშვობაში ოცნებით დანახული,
რომელიც დიდობაში გვავიწყდება, როგორც შუა ზაფხულში გაზაფხული...
გაიხსენეთ პირველი ზმანებები,თქვენი აღტაცების სიანკარე...
და ძველი, გულწრფელი მეგობრები, რომელთაც ,,ვერცნობა"მიაფარეთ.
გაიხსენეთ პირველი ჟრუანტელი,მაგნოლიის თეთრი გვირგვინები,
დამთავრდა მოგონების გაკვეთილი... - თქვენ კვლავ ძველებურად იღიმებით! 

??????