ქევანიშვილი ეკა
გაზიარება

მარხვა მოდაშია 

მარხვა მოდაშია.
მოდაშია მარხვა მოდაშია.
ოთხშაბათი და პარასკევი,
თავსაფრები,
მარხვაზე ვარ – წუწუნი მოდაშია,
პოზაა,
სტილია,
შენი მოძღვარი, 
იმის მოძღვარი უფრო მაგარია.
დარდის, ცოდვის გადაღმერთებაა მოდაში.
გიოც მარხვაზეა.
ბავშვობაში, აღდგომა დღეს დავდეთ ნაძლავი,
ვინ მიასწრებდა სირბილით ეკლესიამდე...
დღეს,
დილის ექვსზე, ცოტა გვიანაც,
კედლის აქეთ მესმის მისი ლოცვით ჩურჩული.
გიო არ არის მოდური
მან იცის ლოცვა.
როცა ის მიდის,
იატაკზე ვპოულობ ღმერთის ნაფეხურებს მის ოთახში.
ჩემს ოთახში კი
სანთელიც ქრება, რომც ავანთო.
რაღაცნაირად,
მეც ვმარხულობ.
თუ, ვთხრი და ვმარხავ.
მიწის სუნი ამდის თითებზე.
ჩუმად ვფურცლავ 
საბუტბუტო წიგნებს თაროზე,
ვერ ვიმახსოვრებ სხვის დაწერილს,
ღმერთს ვერ ვუყვები სხვისი ენით,
ჩემი ლოცვა ჩუმია და სამსიტყვიანი: მე შენ მიყვარხარ...
ჩემი ლოცვა მიწვავს ენას, თუ ის ხმამაღლა წამომცდება.
აღვიძებს ჩემი სახლის სუყველა ვულკანს.
ჩემი ლოცვა არ არის მოდაში.

??????