ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი
გაზიარება

მთა-პანთეონი 

თვალი შევავლე
დაკიდულ ბილიკს, -
მე ეს აღმართი
მიტაცებს მუდამ;
მოგონებანი
მწარე თუ ტკბილი
წამომეშალნენ
გზადაგზა გუნდად.

აქ ოცნებობდა
ბარათაშვილი,
აქ იქარვებდა
სულის წამებას;
შუბლს უკოცნიდა
სიო ფრთაშლილი,
სწერდა
“მთაწმინდის შემოღამებას".

აქ ასვენია
გრიბოედოვი -
შორს, მოსკოვიდან
ლტოლვილი ჩაცკი,
გაჰქვავებია
მეუღლე გლოვით
და თავს ადგია
ძეგლად ახლაც კი.

აი ილიას
დინჯი აჩრდილი,
თითქოს სისხლი სდის
მის შუბლს ნატყვიარს;
წიწამურისკენ
ხელებგაწვდილი
უხმოდ მოუხმობს
თვის თანაზიარს.

აი აკაკის
შუქბადრი სახეც,
თმათეთრი,
როგორც თოვლიანი მთა;
ქნარს ოდნავადაც
ხელს თუ შეახებს,
მყის დაირხევა
წკრიალი სიმთა.

იქით კი,
ვასილ ბარნოვის იქით,
ქართული სუფრა
მოსჩანს რიჟრაჟად;
“ქოსების” ღვინით
სავსე ჯიხვის რქით
შიო მღვიმელის
ტოსტსა სცლის ვაჟა.

თვალი შემასწრეს,
მიმიპატიჟეს,
ის იყო ვაჟამ
სასმისი მტყორცნა,
რომ “ძია შიო”
გადმომწვდა პირზე,
მაგრამ შევკრთი და...
ჰაერს გაჰკოცნა.

გონს მოველ...
ძვირფას ხილულ აჩრდილებს
დავემშვიდობე,
დავჰყევი ქალაქს;
მთა-პანთეონი
მწუხრით მაცილებს,
ფიქრთა ქარავანს
საზღვარი არ აქვს... 
1936 წ..

??????