ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

* * * "სიკვდილთან ყველა შიშველი" 

სიკვდილთან ყველა შიშველი რჩება;
ტანწართმეული და სულშიშველი.
ჯერ წაიშლება სიტყვა - „ღირსება”,
ბოლოს - პირველი სიტყვა - „გიშველი!”
FESTINA LENTE - იჩქარე ნელა,
გადაიარე ბოლობჭის ველი,
სად არაფერი გვეპატიება
ახალგაზრდობით ანდა სიძველით.

სიკვდილთან ყველა შიშველი რჩება;
პირველკაცივით ღმერთიშობილა,
ვისაც ეშმაკმა, მისივე ნეკნით,
მისივ სიშიშვლე შეაცნობინა.
თუ იცის ეჭვი და მოყირჭება
თვითონ სამოთხის მწვანე ლოგინმა
შენ, ვინც ჯვარივით ფიცარზე წვები,
წარმოიდგინე რაღა მოგივა.

სიკვდილთან ყველა შიშველი რჩება;
შენც გაშიშვლდები ბოლოს, სიკვდილო,
შენთან სატირლად ვინ წამომყვება,
შენი ტყვე შენვე უნდა მიტირო.
ვაი, ამ სოფლის წუთიცვალებით
ჩამორღვეულო კლდევ და ქვითკირო,
ღმერთო და ერთო, ყოველთან ერთად,
ეს ერთი გული როგორ ვიტკინო.

სიკვდილთან ყველა შიშველი რჩება;
სიბრძნე ყოველთვის მოდის შიშველი,
როცა არყოფნის სარკეს ჩახედავ
ყოფნა-არყოფნის ზღვართან მიმსვლელი
ამაო რჯაა საფლავის ლოდზე
ამოტანჯული ის დღე, ის წელი.
ეს იმას ნიშნავს - გერგო სიცოცხლე,
მაგრამ შენ იგი ვერ შეიძელი.

??????