ორბელიანი ვახტანგ
გაზიარება

ძველ მეგობარს (დიმიტრი ყიფიანს)  

დავბერდი, დავჩაჩანაკდი, წვერი შემექმნა ჭაღარა;
შინ ცოლ-შვილს მოვძულებივარ, მოყვასთ უნდივარ აღარა.

წავიდნენ წელნი, დავბერდი, ვეღარ ვნადირობ მთა-ბარში,
ვეღარ მოვექეც მთას წვერზედ ვეღარც ავდარში, ვერც დარში
და ვეღარ ვუმზერ იქიდამ სამშობლო მამულს დახატულს,
ტურფად, ვით სასძლო ასული მშვენიერებით შეკაზმულს!
ძველმა სიმარდემ მიმტყუნა, ძლივსღა შევმჯდარვარ ცხენზედა.
ვეღარ ვნადირობ, ვერ ვმარდობ, ვეღარ დავქროლავ ველზედა.
დავბერდი! აღარ ვარგივარ არც ჩემს სახლს გარე, არც შინა,
აღარც მეჯლისში, არც ლხინში, აღარც ბრძოლაში მტრის წინა!
მოდის კეკლუცი და ტურფა, მშვენიერება ასული:
გაივლის ჩემ-წინ და წავა, ერთს არ მომხედავს წყეული.
ამასაც ვითმენ, - შენ და მე ბევრი რამ მოგვითმენია, -
დიახ, მოვხუცდით! ერთი-ღა მხოლოდ ნუგეში გვრჩენია;
ვისიც თვალს კიდევ ახარებს ბუნების მშვენიერება,
ვინც არ დამშვრალა გულითა და კვლავ სწამს ძმობა, ერთობა,
ვისიც სულს შერჩა ბოლომდის ცის ნაპერწკალი ცხოველი, -
იმისთვის სიტკბოებითა მაინც სავსეა სოფელი.
მაგრამ მარტო ვარ, არვინ მყავს, მე აქ არვისი რა მესმის,
ვინც რომ მიყვარან, ვერ ვხედავ, ამაოდ გული მათ სძებნის!
მოდი, რკინის გზა გვერდით გაქვს, მოსვლა არ გაგიძნელდება,
მოდი, აქ მიძევს თვალთ წინა რუსთველის დიდი ქმნილება, 
იმის ფურჩვნილის ლექსებით სული და გული დავიტკბოთ;
გეტე, შექსპირი, შილერი კვლავ ერტად გადავიკითხოთ.
გული საუბარს მივანდოთ და მოვიგონოთ წარსული,
სამშობლოს ისტორიისა გადავხსნათ დიდი რვეული. 
ერთად შევხედოთ ჩვენს ცასა და ზედ გარდათხმულს ლაჟვარდსა,
მასში მნათობთა ელვარეთ, მთვარეს, დიდებით მავალსა,
და რა გაივლის ზაფხული და დაგვიდგება ზამთარი,
ნისლი მოიცვამს მთა-ბარსა, დაგვძლევენ თოვლი და ქარი, - 
აჰა, გრიალებს ბუხარი, გამდევნი შავი სევდისა,
და ცხოველს ნაღვერდალზედა ტრიალებს მწვადი შველისა;
გავშალე ქეჩა-ხალიჩა, მოვუსხდით; კულა კარკარებს...
მაგრამ რას ვროტავ? ამაოდ გული მეგობარს გულს ეძებს.

1883წ.

??????