რატიანი ზვიად
გაზიარება

ზამთრის სიმღერა 

როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო
და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს
და ვასრულებ მოძრაობებს, რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს.
როდესაც მცვია, ბრმავდება სამყარო
და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში,
ჩემი ხელები კი იზრდებიან,
სცივათ და იზრდებიან,
იტოტებიან, როგორც ქუჩები,
ედებიან მთელ ქალაქს, მთელ სამშობლოს, მთელ დედამიწას
და თოვს.

როდესაც მცივა, მე შევრბივარ პირველივე სასადილოში,
სადაც შენ მიცდიდი მუდამ, როცა მე მციოდა,
და მუდამ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი, როცა მე მცივა,
და მერე ვსვამდით ჩაის, ვთბებოდით,
დაორთქლილი მინებიდან მოჩანდა ქუჩა, რომელსაც სციოდა
და ტანზე ეყარა ავტო-ბუსუსები.
შენ ზოგჯერ გრძნობდი, რომ მე ვიტანჯები,
რომ ჩემი ხელები იზრდებიან, იტოტებიან, ედებიან მთელ დედამიწას,
რომ თვლა აღარა აქვს ჩემს თვალებს, ჩემს მუხლებს,
და მეუბნებოდი: ნუ ღელავ, დაწყნარდი,
ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ,
თამამად დავდოთ პირობები, ბოდიშები ადვილად ვიხადოთ,
რადგან, სულერთია, უხერხული პაუზები თქმისთანავე ააშრობენ თვითეულ სიტყვას,
კვალსაც არ დატოვებენ ჩვენი ნათქვამიდან
და შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ.

კარგად ვარ - გეუბნებოდი მე, და ჩემი მოცახცახე მუხლები
აზანზარებდნენ კლდეებს, ნაგებობებს.
მესმის - მპასუხობდი, და ჩემს ათრთოლებულ ხელებზე
თავს ვეღარ იმაგრებდნენ მანქანები, მოქალაქენი.
იშმუშნებოდნენ თბილ საბნებში გახვეული ქალიშვილები.
გარდაცვლილები ხელს იღებდნენ ცხოვრებაში დაბრუნების ფუჭ ოცნებაზე.

ჩვენ ახლაც აქ ვართ,
სასადილოს გრილ კუთხეში მიყუჟულები,
ერთი ჭიქიდან ვწრუპავთ ჩაის, თანდათან ვთბებით,
უხერხული პაუზები იწელებიან,
კიდევ ცოტაც და: ვეღარ გაწვდება იმათ სიგრძეს ჩვენი პირის ჭრილის ზომები -
რომ ღიმილები გადავაფაროთ.

როდესაც მცივა, მე ბევრად მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე შენ გესმის.
მე მინდა, ვცდილობ, მეტი სიტყვა შემოგაწიო,
რათა შენ, როგორც ბავშვობაში, იატაკზე დაჯდე,
სხვა ყველაფერი დაივიწყო
და ჩემი სიტყვებით სახლი ააშენო,
რომელსაც, თუ მოგინდა, თვითონვე დაანგრევ;
რათა შენ, როგორც დიდობაში, ჩემი სიტყვები თაროებზე ჩამოალაგო,
სერვანდების ვიტრინებში გამოფინო,
კედლებზე დაკიდო;
რათა შენ, როგორც სიბერეში, ჩემი სიტყვები ექიმთან წაიღო
და დამშვიდდე, როცა ანალიზის პასუხი გამცნობს,
რომ ამ სიტყვებზე, მართალია, ერთი-ორგან აღინიშნა ნაკბილარები,
მაგრამ ისინი კიდევ დიდხანს გაცოცხლებენო;
რათა შენ, როგორც სიკვდილში, მთელ სამყაროს მიაწერო ჩემი სიტყვები.

როდესაც მცივა, მრავლდებიან ჩემი გულები,
ჩემი სიზმრებით იბერება ყველა ბალიში,
ყველა პოეტი ჩემს ლექსებს დასდევს -
ვინ - პეპლის საჭერით, ვინ - შურდულით, ვინ კიდევ - თოფით,
და ეს არავის უცნაურად არ ეჩვენება,
რადგან არ სმენიათ არცერთი მკვდრისაგან,
სხვის საფლავში ჩამასვენესო.

როდესაც მცივა, ზამთარია.
ან გვიანი შემოდგომა.
ან სიყვარული.
როგორც ტოტები ფოთლებისაგან, ჩემი სიტყვები გრძნობებისგან იძარცვებიან
და ჩვენ ერთმანეთს უხერხული პაუზებით ვესაუბრებით,
და შენც ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც ყოველთვის:
ჩემი მომლოდინე
გრილ სასადილოში,
სადაც მე და შენ აღარ დავდივართ,
სადაც ძვირფასმა რესტორანმა დაიდო ბინა,
სადაც აღარ სვამენ ჩაის.

როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ; და ასე იქნება მუდამ,
ვიდრე ზამთრობით ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან.

??????