ტაბიძე ტიციან
გაზიარება

ჩემი წიგნი 

არ ატირდება ჩემს ლექსებზე ქალწული ქალი, 

არ გაუღიმებს თანაგრძნობით მწუხარ სტრიქონებს; 

გადირბენს თვალი დაბნეული, ზარმაცად მალი, 

სასტიკი გული დამწველ სიტყვებს არ მოიგონებს. 

ჩემი ლექსები სხვა წიგნებზე, სხვა წიგნთა გვერდით 

მარტო იქნება, როგორც მარტო მე ვიყავ ხალხში. 

ზოგს ვარდი სუნთქავს, მორთულია ზოგი ხავერდით, 

ჩემი წიგნი კი გახვეულა სულ მტვერის თალხში. 

მაგრამ ვინ იცის, იქნებ ელის მას მეგობარი, 

რომელმაც იგრძნო სიღარიბე სიტყვის სევდისთვის, 

იქნებ იმასაც აწვალებდა გრძნობა ამგვარი, 

რომ დიდი სევდა გაემხილა თრთოლვით სხვებისთვის, 

და, როგორც მკვდარი, გავაცოცხლე მე ქალაქები, 

ჩემ მოკლულ გულსაც გაუჩნდება გამცოცხლებელი, 

ატირდებიან სახელები ჩემგან ნაქები, 

და მარადობის საუკუნოდ მე ვარ მხლებელი. 

??????