ტაბიძე ტიციან
გაზიარება

გულდაგულ 

რომ ვთქვა მართალი, 

მე ეს მაკვირვებს - 

სხვა არაფერი. 

ახალ პოეტებს 

რად აკლიათ 

ლექსის საფენი. 

მე იმას ვამბობ, 

რაც უნდა ითქვას: 

- არ აქვს საზღვარი 

ძარღვიან სიტყვას. 

და თუ სხვა მაინც 

ვიღაცას სწყევლის 

და ხახამშრალი 

ლირიკულ წვიმას 

ელის და ელის... 

ალბათ ეს მხოლოდ 

იმის ბრალია, 

რომ სიტყვით ეძებს 

თანამედროვეს 

და დანახვაზე 

თვალი მწყრალია. 

ბორკავს პოეტებს 

ძველი ოცნება 

და ეშინიათ 

ახალ ცხოვრების 

სიმღერად ქცევა, 

შესისხლხორცება. 


*** 


ძმებო, გადახმა 

ძველი პარნასი, 

დღეს ასეთი მთა 

დგება ათასი. 

თუ სინამდვილე 

არ აგამღერებს 

და გული გრძნობით 

არ აგევსება, 

ნუ გაიკვირვებ - 

გული გაგიხმეს, 

ნურც იმას, თვალი 

რომ დაგევსება. 

ვის უნდა მერე 

შენი გოდება, 

გადმოღვარული 

ცრემლის ლექსებად... 

სიტყვა-ლოზუნგი, 

სიტყვა მჭრელი 

მოკვეთილია, 

ჯერ ჭავჭავაძე 

სცნობდა ილია: 

- „მოვიკლათ წარსულ 

დროებზე დარდი. 

ჩვენ უნდა ვსდიოთ 

ეხლა სხვა ვარსკვლავს, 

ჩვენ უნდა ვშობოთ 

ჩვენი მყობადი. 

ჩვენ უნდა მივცეთ 

მომავალი ხალხს“ 

და გოლიათი 

დაიძრა ხალხი, 

ჩვენ თვითონ მოგვცა 

ეს მომავალი. 

ძმებო, სიმღერის 

გვედება ვალი. 

წავიდა ის დრო, 

როდესაც ჩიტებს 

დასდევდა ხალხი. 

ეხლა სხვა ბორბლის 

ტრიალებს ჩარხი, 

სხვა მდინარეთა 

გაიხსნა არხი. 

თუ რამე დაგრჩა 

ძველი ცოდვისა, 

მოასწარი და 

მაგრად ჩამარხე 

თვითონ უნდა სცე 

შენს თავს პატივი, 

თორემ ტკბილ სიტყვას 

ხალხი არ დასდევს. 

- შეურცხვეს მართლა 

იმას მარჯვენა 

და სასიმღეროც 

გაუხმეს ენა, 

ვინც დაიზოგოს 

სიტყვა მართალი 

იმ გმირებისთვის, 

რომელთაც თავი 

ხალხისთვის დასდვეს. 

შერცხვეს პოეტი 

თუ შეუშინდეს 

ქვეყნის ორგულსა, 

მტერსა და მუხთალს 

და სისხლის ოფლში 

გამოჟანგულ ხალხს 

ამხანაგური 

სიტყვა ვერ უთხრას. 


*** 


მაშ ვთქვათ უბრალოდ 

სიტყვა მართალი, 

სიტყვა ვაჟკაცის 

ხელით ნათალი, 

რომლის სიმტკიცე 

ფოლადს აგავდეს, 

კაცს გულში მოხვდეს 

და გაუხარდეს. 

- ტფილისელებო, 

მარტო თქვენთვის 

არ ვლაპარაკობ. 

დედაქალაქში 

პოეტების 

დაგიდგათ რთველი. 

ჩემ წინ გაშლილი 

რადიო-ქსელით 

გადასერილი 

დგას საქართველო. 

- პირველი სიტყვა, 

- პირველი სუნთქვა, 

- პირველი ლექსი 

მშობელ მშრომელ ხალხს 

ქარხნის გუგუნში 

ყურ დაყრუებულს, 

სიმწარის ოფლში 

შვიდჯერ გაბანილს, 

ფაცხის კარავში 

სიცხით აყვანილს, 

წაქცეულ ქოხსა, 

ისლებიან სახლს... 

ამ გაზაფხულზე 

მოვესალმები 

თქვენ ყანის თესვას, 

ყანა თქვენია, 

თქვენი არი 

მისი ნაყოფი, 

არავინა გყავთ 

მოძალადე, 

შრომის გამყოფი. 

- ყოველდღე გესმით 

თქვენ რადიოზე 

სიტყვა-ლექცია, 

- თუ როგორ უნდა 

დათესოთ ყანა, 

თუ როგორ უნდა 

სარჩოს მოყვანა. 

თქვენ უმისოდაც 

ეს კარგად იცით 

და მე რა გითხრათ, 

- გისურვებთ მხოლოდ 

ბედნიერ დარებს 

და, როგორც ჩიტი, 

თქვენ სახლის კარებს 

მეც ჩამოვძახებ: 

გაისარჯენით, 

რომ თქვენი ყანა 

დედის რძესავით 

მადლით აქაფდეს, 

თესეთ და კაფეთ!.. 

ეს ოქროყანა, 

ახალი მცხეთა, 

ხაშური, გომი, 

ვანი, ორპირი, 

ბანძა და გორდი, 

წინანდალი და 

მერე ახმეტა... 

........... 

ვინ დასთვლის სოფლებს, 

სადაც ლექსები 

რადიოს ანძას 

ეალერსება, 

სად შრომის ოფლის 

ადის ალმური, 

სად აპრილია 

და სალამური. 

ვინატრებ მხოლოდ, 

რომ პოეტები 

შრომის გაწევით 

გლეხებს აგავდნენ, 

როგორც მოსავლის 

დადგება ხვავი, 

ისე ლექსებიც 

ხროვად დალაგდნენ. 


*** 


მახსოვს, პირველად 

როცა აპრილი 

ტყემლის სითეთრით 

სოფელს ახარებს, 

გალესდი სახნისს 

და თავდახრილი 

ნაჩალარისკენ 

მისდევდი ხარებს. 

შენ თავზე უფრო 

გეცოდებოდა 

ნიშა და ლაბა, 

მაგრამ რას იზამ... 

ოჯახის რჩენა, 

დავიდარაბა, 

გულზე გედება 

ცეცხლის საკირედ. 

ანდა ვის ჰყავდა 

უღლად ხარები? 

და უფრო ხშირად 

შენ სხვის სახნავში 

იყავი სხვისი 

მოჯამაგირე... 

ის უჟმური დღე 

წავიდა, გაქრა, 

როცა ყოველი 

ბელტის მოხეთქა 

იყო საკუთარ 

საფლავის გათხრა... 

ეხლა კაცი ხარ - 

ადამიანი. 

შენი მარჯვენა 

დღეს მადლიანი 

სხვა ბატონს თვალში 

აღარ უყურებს, 

საკუთარ უღლის 

ხსნის აპეურებს... 

და ნაჩალარის 

მაღალი ცეცხლი 

აღარ აშინებს 

ტურა-კუდიანს 

და სხვა ჯადოქრებს. 

გველეშაპივით 

დადგა ტრაქტორი 

და ფოლადის გულს 

თქვენთვის ატოკებს. 

ყოველი მისი 

ქვეშით გარება, 

ათას ღარიბის 

იქცა ხარებად. 

და სადაც ერთი 

კაცი სუსტია, 

იქ ეხმარება 

ხალხს ინდუსტრია. 

სადაც სახნისი 

მიწას ფორჩხიდა, 

ეხლა ხის კავი 

ტრაქტორის მოხნულს 

ვეღარ გაწვდება 

თხრილებზე ხიდად. 

მაგრად გასწიეთ 

ამ ღრმა ნაკვალევს, 

ეს სჭედავს თქვენთვის 

ბედნიერ ხვალეს. 

ღამის მეხრენო, 

რომ დაიბადეთ 

გუთნის დედებად, 

გულს ნუ გაიტეხთ, 

თქვენც ინდუსტრიის 

ცეცხლი გედებათ!... 


*** 


წითელ დროშებით 

დახურულ ცას, 

ლალს და იაგუნდს, 

პიონერების 

დაფდაფებზე 

ამღერებულ გუნდს, 

სოფლის სკოლაში 

გოგო-ბიჭებს 

სკებად შებუდრულს, 

ახალ თაობის 

სიმტკიცისა 

და რკინის ურდულს, 

დილის რიჟრაჟზე 

გაღვიძებულ 

ქარხნის საყვირებს, 

გლეხის მარჯვენას 

და გალესილ 

თოხის საპირეს, 

მიხაკისფერად 

მოელვარე 

წითელ თავსაფრებს, 

რიონში, მტკვარში, 

ალაზანში 

გემების აფრებს, 

უდაბურს სამგორს, 

იორისაგან 

თხრილებით მორწყულს, 

ჭალადიდის ტბას, 

სამეგრელოს 

მოშუშებულ წყლულს, 

ენგურის ხევში 

დაქანებულ 

ფიჭვების ტივებს, 

ტირიფონაზე 

ზღვად მოვარდნილ 

ბზესა და თივებს, 

პურით და ღვინით 

პირამდე სავსე 

ბეღლებს და მარნებს 

და დახვეწილი 

აბრეშუმის 

პარკის ყაზარმებს, 

მუხრანის ველსა, 

თერგის სათავეს, 

თუშებმა ცხვარი 

რომ გაუტყავეს 

შესაწირავად 

ლომისს და ლაშარს, 

სვანეთის მთებში 

გაკაფულ შარას, 

იალბუზს გვერდზე 

რომ დაიტოვებს, 

სვანის ბარ-ნიჩაბს 

და თაფლის კოდებს, 

თურაშაულის 

ვაშლის განთიადს, 

ქარი რომ ხეზე 

აღარ აყენებს, 

წინანდალს ჩაყრილს 

ვაზის ნამყენებს, 

აჭარის ქედზე 

ლანქერებს დამდნარს, 

ჯიქურა ცოცხებს, 

გვიმრას და დაფნას, 

ხევსურის ძროხებს, 

ალაზანში 

ჩაყრილ კამეჩებს, 

მზე რომ უმიზნებს 

საფეთქელში, 

სიცხე ალენჩებს, 

ბათომის პალმებს 

და ჩამოხსნილ 

ქალების ჩადრებს, 

თუთუნის ნეშოთ, 

ოჯალეშით 

სავსე ჩალვადრებს, 

უსულოს, ცოცხალს, 

კაცს, ადამიანს, 

შირაქის ველზე 

ბალახს ნამიანს, 

რასაც ნაყოფით 

მზე ვერ იცილებს, 

ოთარაანთ ქვრივის 

კრიალა ეზოს 

და ფიროსმანის 

კრუხს და წიწილებს, 

თავზე რძიანი 

ქაფად დაღვრილი 

ატმით და ტყემლით 

ადგას აპრილი, 

როცა ბუნება 

უცბად პოეტებს 

ცეცხლის ნაღვერდალს 

გულში ჩაუდებს, 

როცა მერცხალი 

მონახავს ბუდეს, 

სიმღერა გმართებს, 

რომ იყო მკვდარი. 

მეც ამ სიმღერის 

მთუთქავს ღადარი, 

მაგრამ უნდა სთქვა 

რომელი ერთი!.. 

რომ მოიშველო 

არც არი ღმერთი! 


*** 


სადაც გახედავ 

საქართველოს 

ყველა კუთხეში, 

იბრძვის წერაქვი, 

იღვინთება 

კირი და ხრეში. 

მიდის სინათლე 

ყრუ, მიუვალ 

კლდესა და ღრეში, 

არავინ დარჩა 

ამ გულდაგულ 

ომის გარეშე... 

დაიწყო მცხეთამ, 

გაიგუბა 

პირველად მტკვარი, 

მოედვა რიონს 

და ყველა წყალს 

ეს სატკივარი. 

ყველაზე წინ დგას 

ტბა-ჭაბუკი, 

თავ-ფარავანი, 

სადაც გაიარს 

ელექტრონის 

ეს ქარავანი... 

- ”თავფარავნელი ჭაბუკი 

ასპინძას ქალსა ჰყვარობდა, 

ქალი ანთებდა სანთელსა 

სანთელი კელაპტარობდა, 

ჭაბუკი წყალში შეცურდა, 

მიდის და მიუხაროდა, 

ცალ მკერდზე გელაზი ეცვა, 

მარჯვენას ისე ხმარობდა. 

ქალი ანთებდა სანთელსა, 

სანთელი კელაპტარობდა, 

ერთი სულმყრალი ბებერი 

აქრობდა, აბეზარობდა. 

ჭაბუკი წყალში დაიხრჩო, 

ზედ ნიაღვარი ჩქარობდა, 

ჭაბუკის ძუძუ-მკერდზედა 

ორბი იჯდა და ხარობდა”... 


*** 


ჭაბუკი ისევ გაცოცხლდა, 

მოდის და მოუხარია. 

ცალ მკლავზე ელექტრო აცვამს, 

მარჯვენას რკინის ხარია. 

მხოლოდ სულმყრალი ბებერი 

საფლავში უფრო მყრალია. 

არცა ჩაქრება არასდროს 

გიზგიზა ცეცხლის ქარბუქი, 

ახალი საქართველოა 

თავფარავნელი ჭაბუკი... 


*** 


ეს იყო მაშინ, 

ეს იყო წინათ, 

იმ ივერიას 

მწუხრი ეფინა. 

იმ დროს სიავე 

ეხლაც თან ახლავს, 

მრისხანე სახელს 

აღა-მაჰმად-ხანს. 

ტყვილად ეძებდნენ 

ომისგან საფარს. 

ქარი ბურდავდა 

შამილის ფაფარს. 

რუსის მეფეთაც 

გული იყარეს, 

ისხდნენ სვავებად 

დაპყრობილ მხარეს. 

დააწვა შიში 

ქვეყანას ვერანს, 

ბარათაშვილიც 

ეძახდა მერანს, 

რათ უნდა ამას 

განმეორება, 

ეს ლექსი გულზე 

გვაწევს მორევად. 

ერის მისანმა 

პოეტმა მაინც, 

სხვა გასავალი 

ნახა გზაშარა. 

ბედი ქართლისა 

მის ერთგულ რაინდს 

ასეთი ლექსით 

გადაეშალა: 

- სადაც აქამდე 

ხმლითა და ძალით 

ფლობდა ქართველი, 

მუნ სამშვიდობო 

მოქალაქის 

მართავს აწ ხელი...“ 

ჩვენც ხელმეორედ 

დავიბადენით, - 

ვსთქვათ პოეტებმა 

გულის დადებით. 

- იდოს ქარქაშში 

ხმალი მღელვარე, 

აყვავდეს შრომით 

სამშობლო მხარე. 

ეს მიზანი აქვს 

დღეს საქართველოს, 

შრომით და ოფლით 

გავიტანთ ლელოს. 


აპრილი, 1929 წ. 

ტფილისი - წინანდალი.

??????