ტაბიძე ტიციან
გაზიარება

თამუნია წერეთელს 

რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს, 
ბედი უბედურს სხვას რაღას უზამს, 
ვსტირი სიცოცხლით კუბოს დამარხულს, 
გაუხარებელ დაფლეთილ მუზას. 

რა საჭიროა კითხვა-პასუხი, 
ეს უმისოდაც გახდა აშკარა, 
არ იყო ბედი არასდროს უხვი, 
მოდენის ნაღველს ეხლა ლაშქარად. 

ნუღარ მეტყვიან ”მოდი, ნახეო“, 
უნახავადაც ეს მჯერა ერთ წამს, 
გულის მაგიერ გული არ მოვა, 
არ მოებმება არც ფეხი ლერწამს. 

სხვები მოვლენ და სხვები ნახავენ 
ამ ჯოჯოხეთის ავარდნილ ალმურს, 
მე არ მინდოდა სხვა სიხარული, 
ჩემთვის ლერწმიდან სჭრიან სალამურს. 

მაწუხებს მხოლოდ, ვერ მოვასწარი 
თავის დროს შენთვის მეთქვა, მეამბო, 
თუ როგორ არის დაუვიწყარი 
სხვა პოეტებში უფეხო რემბო.

??????