რატიანი ზვიად
გაზიარება

* * * "ბოლოს ლექსებიც გაეცალნენ ადამიანებს" 

ბოლოს ლექსებიც გაეცალნენ ადამიანებს.
შეარჩიეს ძნელი ღამე, ავდრიანი, როცა გარეთ არავინ გადის, 
როცა ფანჯრებს არავინ აღებს,
და საიდუმლოდ აიყარა მათი ბანაკი; და გზადაგზა ივსებოდა 
მგლოვიარე შენაკადებით. 

მგლოვიარენი - რომ ყველაფერი ბოლოს ასე ცუდად დამთავრდა, 
გაბნეულებიც - რომ არც ისე ბევრნი გამოდგნენ, მათ რომ ეგონათ,
როგორც ნაშთი ლეგიონის, წაგებული ბრძოლის შემდეგ, 
 

უწესრიგოდ ბრუნდება სახლში,
მძიმედ დაუყვნენ ავდრიანი ღამის ველებს შორეული ქვეყნისაკენ,
დროის თვალისგან საიმედოდ მიმალული ქვეყნისაკენ,
საიდანაც სხვადასხვა დროს გამოიტყუეს.

ვერავინ შენიშნა მათი წასვლა, რადგან ღამე იყო.
ვერც მათი არყოფნა შენიშნა ვინმემ, 
რადგან დღე იყო..

??????