ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ოცდაჩვიდმეტი ექსკლიუზივი

“დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი” 
ბაირონი


ოცდათექვსმეტი გასრულდა უკვე
და მივხვდი, რომელ მოდგმას ვჭირდები,
და მაინც, ღმერთო, და მაინც გნუკევ,
გამომიტოვე ოცდაჩვიდმეტი.

გამომიტოვე, გამომიტოვე,
გამომიზოგე ოფლით ნახარში,
რომ კაცთა მოდგმის ბოროტ ტრიტონებს
არ ჩავუვარდე ცოდვილ ხახაში.

ოცდაჩვიდმეტი-ამ წლის გამოთქმაც
სატანასავით შემაჟრიალებს,
რა საჭიროა ყველას ჩამოთვლა,
ყველა ერთ ტაბლას შევაზიარეთ.

თითქოს გულ-მკერდში გამდის მახვილი
და მესმის ველურ გადაძახებით:
ჯერ გაგათრევენ თათრის ძაღლივით,
მერე ძაღლივით ჩაგაძაღლებენ.

ცა გაწვიმდა თუ ოფლი გაწვიმდა,
ოხრად დაგრჩება ბორგვა ნათების,
რისი დიდუბე, რისი მთაწმინდა, 
სოფლის საყდარსაც მოგანატრებენ.

თითქოს ცხედარი მიაქვთ შინიდან
და მელანდება ცისფერ ნაპირზე
თოფგაწყობილი იაშვილი და 
ბორკილაყრილი ტიტე ტაბიძე.

ისევ გრძელდება სიკვდილის მარში,
ცოლი და სატრფო სანატრიონი,
ცრემლებს ძლივს მალავს აწყვეტილ ქარში 
ატირებული გალაკტიონი.

არადვილია ახლა გამხელა,
უცებ უყელებს ამო იმედებს,
ღმერთო, ამგვარად რომ გაგახელე,
პოეტებიც რომ გამოიმეტე.

არც ცოდვა-მადლი, აღარც შენდობა, 
რაღაცას შენთვის უცნობსვე ხელთობ,
ღმერთო , სადაა შენი ღმერთობა,
შენ კაციც კი არ ყოფილხარ, ღმერთო.

ოცოდათექვსმეტი გასრულდა უკვე,
დღემდე უამრავ ლოცვას ვითმენდი,
რაც იყო, იყო, მე მაინც გნუკევ,
გამომიტოვე ოცდაჩვიდმეტი.

??????