კუხიანიძე ზურაბ
გაზიარება

რიკტაფელას თამაში 

1
რიკს ღონივრად შემოვკრავდი ბზისგან გათლილ ტაფელას,
მერე თვალყურს ვადევნებდი რიკის ხმას და გაფრენას.
ჭახათაში, საკირესთან ამაყნი და ყინჩები
სისწრაფეს და ღონეს ვცდიდით ფეხშიშველა ბიჭები.
`წუ!~ _ და რიკი მიფრინავდა, თან მივდევდით ფრთებგაშლით...
საკირეშიც ჩავარდნილა, _ მზისფერ წყალწითელაშიც.
ეკალბარდსაც შერევია მზეში ნაციმციმები;
მის ძებნაში დაგვსისხლია გაკნაჭული წვივები.
შემოვკრავდი, გაწაფული, მარჯვე ხელით ტაფელას,
მერე მზერას ვადევნებდი რიკის ცაში გაფრენას.

2
ნავარდ-ნავარდ, ღიღინ-ღიღინ, მიჰყვებოდა რიკს რიკი
და გვეგონა ეს ცხოვრება წყაროს ტკბილი ლიკლიკი.
მერე ხმები დაგვიბოხდა, მიჯრით მიჰყვა წელს წელი...
და ცხოვრება თავს დაგვატყდა, ვით ზვავი და მეწყერი.
გავიარე ათასნაირ ჭირში, დარდუბალაში,
მაგრამ მაინც გამიგრძელდა რიკტაფელას თამაში.
ოღონდ გვერდით არ მიდგანან ფეხშიშველა ტოლები,
შეიცვალა, შეიცვალა, შეიცვალა როლები.
ჭახათური ალუბლები დროის წალდმა დაბელა;
რიკი მე ვარ და ცხოვრებას ხელთ უჭირავს ტაფელა.
მარჯვედ მირტყამს: _ აბა,სწრაფად გაფრინდიო, _ მიკივის,
და ვაწყდები ღობე-ყორეს გატყორცნილი რიკივით.
ხან ამღვრეულ მდინარეში გადამაგდებს ტკაცანით,
ხან დედაა, ხან ბოროტი, გულქვა დედინაცვალი.
ხან ჩამაფრენს, სადაც ლურჯი სათიბები ბიბინებს,
ხან თეთნულდის ძირში დამსვამს, ხანაც გამაციმბირებს.
ხან ტუნდრაში მიმაქროლებს, თეთრ ღამეთა სათევად,
ხან დამარჭობს თერგთან, როგორც მამაპაპურ სატევარს.
3
ასე უღვთოდ დამატარებს, ხან მალაღებს, ხან მთელავს...
მე რიკი ვარ, მე რიკი ვარ, სხვას უჭირავს ტაფელა.

??????