ხელაშვილი მიხა
გაზიარება

ჩოლოყაშვილის რაზმელებს 

მაღალი ღმერთი გწყალობდეთ, 
ჩვენი ლაშარის ჯვარია, 
წინათაც ეგრე იბრძოდნენ, 
ის ჩვენი წინაპარნია. 
გაიმარჯვიან მტერთანა, 
ცუდად არ დარჩის ცდანია. 
წაეკიდიან, სძლივიან მცირეთა უთვალავნია. 
თქვენც მათი მიმბაძავი ხართ, 
თუმც ახლა დრონი სხვანია, 
თქვენც გაიმარჯვებთ ბრძოლებში, 
თქვენც გაქვთ დიდების გზანია. 
სიკვდილზე არავინ ფიქრობს, 
ყველა იქ მიმავალია. 
მოვკვდებით, ღია დაგვხვდება 
სასუფეველის კარია. 
იქ მიგვიღებენ, სადაცა 
გმირთა სავანე არია, 
იქ იქნებიან ქართველნი, 
ვინც სამშობლოსთვისს მკვდარია. 
ემაგის მალექსებელი 
ფშავში ფშაველთა გვარია, 
იქაური ვარ, საცა დგა 
გოდერძათ ნაციხარია.

??????