სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

მსჯავრი 

წინასწარ ვიცი, 
მოვლენ და მთელ ჩემ წუთისოფელს დაგაბრალებენ. 
გამოგიყვანენ პირველ გვერდზე, 
როგორც ტყვიისფერ და 
ხალხით გასუსულ მოედანზე, 
მიგაკრავენ ჩემი სახელის გასწვრივ, 
მიგაჭედებენ დანაღმული ძახილის ნიშნებით და 
ყველაფერს, ყველაფერს 
შენ დაგაბრალებენ: 
ჩემს მარადიულ უგუნებობას, 
ჩემს სისხლნაკლულ განთიადებს და 
ბოდვიან ღამეებს 
რიგრიგობით რომ გვიმარცვლია 
ვარსკვლავების კრიალოსანზე... 
შენ დაგაბრალებენ ჩემს 
ალაგ-ალაგ ჩამქრალ თვალებს, 
ბნელში, უკუნში უმოწყალოდ ჩატრიალებულებს და 
თაფლისფერის სინაზეს მათში... 
დაგაბრალებენ ჩემს დამდნარ თითებს, 
ძირში დამაჭრიან 
უკანასკნელ ლექსს შენზე და 
აი ამ თითებს, მთებგადაგორებულებს, 
თოფის ლულებივით მოგიშვერენ გულზე. 
შენ დაგბრალდება ჩემი უდროოდ დაცლილი დროც, 
წუთები, წამი, რომლებიც 
სხვებს ხანდახან არც მოეკითხებათ... 
მე კი სულ მისხალ-მისხალ, 
წამიწამ უნდა ჩავაბარო, ვისგანაც მერგო 
და ვაი რამდენი სიცარიელე... 
და ვაი რამდენი ვზღოთ... 
შენ დაგბრალდება, თუკი 
პური მეჭირა ხელში და სხვას ვერ მივეცი. 
შენთვის მომქონდა, 
შემეშინდა გაცემა... 
შენ დაგბრალდება, ბავშვები რომ გავიხადე და 
ხეები ჩავიცვი, 
იმათ ფესვები აქვთ, 
ჩაეჭიდები და წახვალ... 
დაგაბრალებენ ჩემს ერთ ოთახ სიმარტოვესაც. 
იჯდა და, სიყვარულით გათვალულ კედლებში 
ისე მღეროდაო!- შემოგიღრენენ... 
ამ სიმღერებსაც შენ მოგათვლიან, 
თვალგახელილში სიზმრებსაც, 
მაისის თაფლივით, ჩემი სულის ფიჭიდან 
ამოღებულ შვებას... 
შენ დაგბრალდება ჩემი შვილიც 
და მთელი მოდგმა, 
ჩვენს შემდეგ, 
ჩვენი გასანთლული სხეულების გადანაჭერზე 
ამონაყარი... 
გამოგიყვანენ-მეთქი 
პირველი გვერდის სინათლეზე, 
გადაგიშლიან მკლავებს და 
ჩემს გასწვრივ მიგაჭედებენ... 
მერე მოვა ის უნაპირო, 
ჩადგება შეყვარებულ ავაზაკებს შორის, 
უნაზესი დარდით გაიღიმებს და 
სამუდამოდ გააყუჩებს 
ბროწეულის ეკლებს ხელისგულებში...

??????