ლებანიძე მურმან
გაზიარება

ლექსის მწერალი ხშირდება 

\"ლექსის მწერალი ხშირდება,
სამწუხაროა რაიც!
რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!\" -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: \"მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე\".
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
\"ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!\" -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
\"პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას გვასწავლის შოთაც!\" -
არ დაეთანხმა ირაკლის
და იუარა გოგლამ:
\"სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,
იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!
პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,
მყვირალობა და ბუკი!
ლექსს ვინ მისცაო დიდება
გარეშე სიჭაბუკის!\"
სიმონმა გოგლას ღიმილი
ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:
\"პოეტს სჭირდება ტკივილი,
პოეტს სჭირდება ჯაფა,
სჭირდება ვრცელი გზაშარა,
ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,
ინტელექტი და განსწავლა,
მწიგნობრობა და წიგნი!\"
სუროში შაშვმა დასტვინა,
მზე შუბისტარზე იდგა,
ვრცლად აღარავინ არ ცდილა,
მოკლედ მრავალი ითქვა.
თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,
თან თაკილობდნენ თმობას -
მუხრანმა: \"გრძნობა სიახლის!\"
გრიგოლმა: \"ფორმის გრძნობა!\"
ალიომ: \"მხოლოდ იდეა!\"
(კოლაუ იდგა განზე...)
კარლომ თქვა: \"საქმე ჰკიდია
წერასთან ერთად ფხაზე!\"
სთქვა მარგიანმა: \"მარილი
მთავარიაო სვანში!\"
სთქვა ნონეშვილმა: \"ყვარელი
და სტუდენტობის ტაში!\"
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა.

??????